Home რუბრიკები საზოგადოება მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენის კვალზე

მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენის კვალზე

8406
ნიაზ ბოლქვაძე

ეს უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენა, რომლითაც კიდევ ერთხელ (და საბოლოოდ) დადასტურდა, რომ კოლხეთი რკინის წარმოების უპირველესი კერაა, სამშობლოა და სწორედ ამიტომ უწოდებდნენ ძველი ბერძნები ჩვენს წინაპრებს ხალიბებს _ რკინის გამომგონებლებს, 2000 წელს მოხდა. არქეოლოგთა ექსპედიციამ, რომელსაც პროფესორი გია თავამაიშვილი ხელმძღვანელობდა (ექსპედიციის წევრები: ნანა ხახუტაიშვილი, ნარგიზ სურმანიძე, ანზორ ჯაველიძე), ჩაქვის ხეობის სოფელ ჩაისუბნის ტერიტორიაზე, უძველესი კოლხური ნამოსახლარის გათხრების დროს, შავი ზღვის სანაპიროდან 3,5-4 კილომეტრის დაშორებით, ჩაის პლანტაციით დაფარულ ბორცვზე მიაგნო რკინის წარმოების ერთერთ უძველეს და უდიდეს წინაანტიკურ კოლხურ ცენტრს.

მაშინ ეს აღმოჩენა ჩვენს საზოგადოებრიობას, რბილად რომ ვთქვათ, სათანადოდ არ შეუფასებია: “ვერთობოდით” დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის, სახურავებზე სირბილის ცქერით, ნაძალადევი იმედით ველოდებოდით ოპოზიციის ლიდერ ზურაბ ჟვანიას დაპირებულ 250-დოლარიან პენსიასა და “კმარას”, “ვარდების რევოლუციას”.

მოკლედ, ხალიბური წარსულისთვის არ გვეცალა.

დღეს ამ უყურადღებობის გამოსწორების შესაძლებლობა გვაქვს. ცხადია, არა იმიტომ, რომ ერთმა “ტელე-კულტ-მასავიკმა” ქართულ მეცნიერებასთან ასე თუ ისე დაკავშირებული სიუჟეტების გადაღება დაიწყო და, მით უფრო, არც იმიტომ, რომ “ნაცმოძრაობის” კოაბიტირებული ნარჩენები ყაჩაღანის ოქროს საბადოს გადარჩენაზე ალაპარაკდნენ, იმ საბადოსი, რომელსაც მათი ბატონობის წლებში მატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი გაუუქმეს, რის შედეგადაც ეს უმნიშვნელოვანესი არტეფაქტი, საყდრისად წოდებული, პირისაგან მიწისა აღიგავა.

საქართველო და მსოფლიოსსტუმარია აჭარის მამულიშვილთა კავშირის თავმჯდომარე, მწერალი და მეცნიერი ნიაზ ბოლქვაძე.

_ “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებს, მინდა, შევახსენო საქვეყნოდ ცნობილი დებულება: ებრაელმა ხალხმა კაცობრიობას მისცა ბიბლია _ ღმერთის რწმენა, ბერძნებმა _ ფილოსოფია, ქართველმა ერმა კი _ რკინა, ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთი პირობა. და ეს არ უნდა დაიკარგოს. მსოფლიოს მუზეუმებში უხვად არის წარმოდგენილი კოლხური რკინის წარმოების ნიმუშები _ საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, საყოფაცხოვრებო ნივთები.

1960-იანი წლებიდან წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად უძველეს კოლხთა ნამოსახლარებში _ სამეგრელოს, გურიისა და აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა რკინის წარმოების ქურასახელოსნოები. მეცნიერულად დადასტურდა, რომ აქ არსებობდა რკინის უდიდესი წინაანტიკური ცენტრები. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ წლების განმავლობაში რკინის წარმოების ეს კერები მიზეზთა გამო განადგურდა. ეს ადგილები მოსახლეობამ გამოიყენა, როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები _ მოხნა და აითვისა.

დღეს ჩაისუბნის აღმოჩენარკინის წარმოებისკოლხური სისტემიდანერთადერთი გადარჩენილი ძველი კოლხური ცენტრია, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულით, ანუ ძვ.. აღ. X-VIII საუკუნეებით თარიღდება. დადასტურებულია, რომ იგი რკინის მწარმოებელი ერთერთი ძველი საამქროა მსოფლიოში, რკინის წარმოების საფუძვლის დამდები. აქ შემონახულია რკინის დასამუშავებელი ორი ქურა და რკინის ნარჩენები.

ამიტომ ამ უნიკალური ადგილის გადარჩენას ჩვენი ერის ისტორიისთვის, განსაკუთრებით, მომავალი თაობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

_ გადასარჩენად გაკეთდა რამე?

_ რა თქმა უნდა. აჭარის მამულიშვილთა კავშირის ინიციატივითა და ადგილობრივი მოსახლეობის უანგარო მონაწილეობით შემოიღობა 2274 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ერთი ქურა ტრაქტორმა დააზიანა სოფლის მკვიდრთა მიერ მიწის დამუშავების დროს, ამიტომ ამ ძეგლის გადარჩენის მიზნით, შემოღობვისას მოგვიწია მისი გათხრა, მეორე ქურა ზუსტად ისეთად წარმოგვიდგა, როგორიც სამი ათასი წლის წინათ იყო.

დარწმუნებული ვართ, რომ, თუ აჭარის ხელისუფლება, რომელსაც წერილობით მივმართეთ, მხარს დაგვიჭერს და ამ ადგილზე დაარსდება მუზეუმი პირობითი სახელწოდებითუძველეს კოლხთა ეზო”, აქაურობა საქართველოს ტურისტული ქსელის მნიშვნელოვან ობიექტად იქცევა.

მადლიერებით უნდა მოვიხსენიო ჩაქვის ხეობისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, რომელმაც დიდი ყურადღებით აღიქვა ეს ფაქტი და დაგვპირდა, რომ მხარს დაუჭერს აჭარის მამულიშვილთა კავშირის, ინტელიგენციის, სასულიერო მოღვაწეთა და ადგილობრივი მოსახლეობის მამულიშვილურ ინიციატივას.

დაახლოებით 11-14 აპრილს გადაწყვეტილი გვაქვს ამ ადგილზე ფართო საზოგადოებისთვის პრეზენტაციის გამართვა, რომელზეც საგნობრივად ვისაუბრებთ “ჩაქვის აღმოჩენის” მნიშვნელობასა და ჩვენი ინიციატივის განხორციელების სარგებლიანობაზე.

_ ბატონო ნიაზ, თქვით, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მოიწონა თქვენი წინადადება და უანგაროდ ამოუდგა მხარში აჭარის მამულიშვილთა კავშირს. ეგებ გაშიფროთ, უანგარობა რაში გამოიხატა?

_ საერთო ენთუზიაზმში, ყოველდღიურ საქმიანობაში. დაბა ჩაქვის ადმინისტრაციულ ცენტრში შედგა პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, წარმოვადგინეთ ძეგლის გადარჩენის აუცილებლობისა და იქ მუზეუმის მოწყობის იდეა, რომელსაც დამსწრე საზოგადოებამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია ისეთი მნიშვნელოვანი სიკეთის გაღება, როგორიც მიწით მოსარგებლეთა მიერ მათთვის დასამუშავებლად შემოსაზღვრული ნაკვეთების მომავალი მუზეუმითვის დათმობაა. რეზო ყურშუბაძე და ამირან ბოლქვაძე არიან ეს სანიმუშო მამულიშვილები.

იმთავითვე მხარში ამოგვიდგა ჩაქვის ხეობის ხელმძღვანელობა _ ბატონები: გელა ქებულაძე და გელა ბერიძე, სოფლის დეპუტატი გურამ აბაშიძე და სხვა ღირსეული ადამიანები.

უძველეს პერიოდში, მაშინ, როცა ამ მიდამოში რკინას ამუშავებდნენ ჩვენი წინაპრები, აქაურობა, ძირითადად, წაბლის, წყავისა და შკერის ტყით იყო დაფარული, რომელსაც რკინის გამოსადნობად საჭირო საწვავ მასალად იყენებდნენ. ჩაქვის მოსახლეობამ, კერძოდ, შაქრო კონცელიძემ, თამაზ დარჩიძემ, ზურაბ ბოლქვაძემ და სხვებმა უკვე მოიძიეს წაბლისა და სხვა ფოთლოვანების აქა-იქ შემორჩენილი ნერგები, ისინი მზად არიან, საჩუქრად გადმოგვცენ და აქაურობას ძველ ლანდშაფტთან მიახლოებული სახე დაუბრუნონ.

ამ პროექტზე მუშაობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ მიქელაძე და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი დუგლას ზამთარაძე, რა თქმა უნდა, სრულიად უსასყიდლოდ.

აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერი-სპეციალისტები, პროფესორ ამირან კახიძის ხელმძღვანელობით, სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ ამ მამულიშვილური პროექტის განხორციელების მხარდასაჭერად.

არმაზ სანებლიძე

P.S. აი, ასე: სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საშვილიშვილო საქმის გასაკეთებლად დაირაზმება, ქვეყნის სულიერ განწმენდასაც შეუწყობს ხელს და ადამიანების კეთილშობილურ პოტენციალსაც გამოამჟღავნებს.

რაც ასე აუცილებელია დღევანდელი საქართველოსთვის.

მთავარია ამ საქმის წარმატებით დასრულება, რაც, უეჭველია, შესანიშნავად ესმის აჭარის მთავრობას და მის ხელმძღვანელ ზურაბ პატარაძეს

და, შემდეგ, ბატონო ზურაბ, დავსხდეთ ამ მამულიშვილური საქმის ინიციატორებთან, შემსრულებლებთან ერთად ბათუმის რომელიმე ქართულ რესტორანში და ჩაქველების ნაქებიჩაქვური ღვინითვთქვათ გამარჯვების სადღეგრძელო.

ესეც ხომ ქართული ტრადიციაა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here