Home რუბრიკები საზოგადოება მოგვიტევე, საბჭოთა სამშობლოვ!

მოგვიტევე, საბჭოთა სამშობლოვ!

208

შარშან გარდაიცვალა ცნობილი რუსი მწერალი, სატირიკოსი და ფილოსოფოსი მიხაილ ჟვანეცკი. გთავაზობთ მის ესეს, რომელიც მან, მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი თვითირონიისა და მწუხარების ნიშნით საბჭოთა სამშობლოს მიუძღვნა. შეიძლება ეპიტაფიაც დავარქვათ. ღირს წაკითხვად. გასახსენებლად ჩვენი ისტორიის _ ძველებისთვის, ახალგაზრდებისთვის _ ტერა ინკოგნიტოს გასაცნობად თვალის ერთი გადავლებით. და, საერთოდ, ყველა თაობის მკითხველისთვის იმის დასანახად, როგორია ჭეშმარიტი პუბლიცისტიკა. თუნდაც ხარვეზებით გადმოქართულებული.

იგი იყო მკაცრი, შესახედავად არცთუ თბილი, არც გლამურული გახლდათ, არც მოჩვენებით კეთილგანწყობილი. ამისთვის დრო არ ჰქონდა და არც სურვილი გასჩენია. უბრალო იყო.

მთელი ცხოვრება, რაც მახსოვს, სულ მუშაობდა. ბევრს, ძალიან ბევრს. ერთბაშად ყველაფრით იყო დაკავებული. უწინარეს ყოვლისა კი _ ჩვენით. შტერებით. გვკვებავდა, როგორც შეეძლო. არც ტრიუფელებით, ლანგუსტებით, არც პარმიზანით, არც მოცარელათი. გვაჭმევდა ჩვეულებრივ ყველს, ჩვეულებრივ ძეხვს, რომელიც გახვეული იყო უხეშ, ნაცრისფერ ქაღალდში.

გვასწავლიდა. ცხვირში გვჩრიდა წიგნებს, გვტენიდა წრეებსა და სპორტულ სექციებში; დავყვავდით კინოში დილის სეანსებზე ათკაპიკიანი ბილეთებით; თოჯინების თეატრში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მოგვიანებით, დრამის სანახავად _ ოპერის, ბალეტის.

გვასწავლიდა ფიქრს. გვასწავლიდა დასკვნების გაკეთებას, დაეჭვებასა და მიზნის მიღწევას. ჩვენც ვცდილობდით, როგორც შეგვეძლო.

და ვიბზუებდით ცხვირს. და ვიზრდებოდით, ვჭკვიანდებოდით, სიბრძნეს ვიკრებდით. გვანიჭებდნენ ხარისხებს, წოდებებს, გვაჯილდოებდნენ ორდენებით და არაფერი არ ვიცოდით, თუმცა გვეგონა, რომ ვიცოდით ყველაფერი.

და ისიც კვლავ და კვლავ გვაგზავნიდა ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, ქარხნებსა და სტადიონებზე, კოლმეურნეობებში, სამშენებლო რაზმებში, შორეულ მშენებლობებზე.

კოსმოსში.

იგი ყოველთვის გვამზადებდა, მიზანს გვისახავდა. ჩვენი ნების საწინააღმდეგოდაც კი. ჩაგვჭიდებდა ხელს და მივყავდით. რბილად გვიბიძგებდა კიდეც. შემდეგ დაგვიქნევდა ხელს და წავიდოდა.

ყურადღებით გვაკვირდებოდა შორიდან.

იგი არ ყოფილა თვითკმაყოფილი, განზრახ უხვი და ხელგაშლილი. იგი ხელმომჭირნე იყო და არ გვანებივრებდა ოკეანისგაღმისეულ სიკეთეთა სიმრავლით. უპირატესობას საკუთარს ანიჭებდა, ოჯახისას. მაგრამ ზოგჯერ მოულოდნელად გვაჩუქებდა ამერიკულ ფილმებს, ფრანგულ სუნამოებს, გერმანულ ფეხსაცმელს და ფინურ ქურთუკებს. არცთუ ხშირად, არცთუ ბევრს. სამაგიეროდ, ეს ყველაფერი საუკეთესო ხარისხისა იყო. კინოსურათებიც, ტანსაცმელიც, კოსმეტიკაც, ბავშვების სათამაშოებიც, როგორიც უნდა იყოს ახლობელი ადამიანების მიერ მორთმეული საჩუქრები.

ჩვენ ვჩხუბობდით მათ საშოვნელად მდგარ რიგებში. ხმაურით. და ბავშვურად აღვფრთოვანდებოდით.

იგი ჩუმად ამოიოხრებდა. მას მეტის მოცემა არ შეეძლო და ამიტომ ხმას არ იღებდა. და ისევ მუშაობდა.

აშენებდა, აგებდა, უშვებდა, მწყობრში აყენებდა, გვკვებავდა, გვასწავლიდა.

ჩვენ არ გვყოფნიდა და ვწუწუნებდით განებივრებული ბავშვები, რომლებმაც ჯერ არ ვიცოდით, რა იყო დარდი და მწუხარება. ვბუზღუნებდით, ვჩიოდით, უკმაყოფილონი ვიყავით.

არ გვყოფნიდა.

და ერთხელაც აღვშფოთდით. ხმამაღლა. სერიოზულად.

მას არ გაჰკვირვებია. მას ყველაფერი ესმოდა და ამიტომაც არაფერი უთქვამს. მძიმედ ამოიოხრა და წავიდა.

სამუდამოდ.

არ წყენია. მთელი თავისი ხანგრძლივი და მძიმე ცხოვრების განმავლობაში იგი ყველაფერს მიეჩვია.

არ იყო იდეალური და თავადაც იცოდა, რომ ასეა.

იგი იყო ცოცხალი, იმიტომ, რომ ცდებოდა. ზოგჯერ სერიოზულად. მაგრამ უმეტესად ტრაგიკულად.

ჩვენს სასარგებლოდ.

მას მეტისმეტად ვუყვარდით. თუმცა ცდილობდა, განსაკუთრებით არ გაემჟღავნებინა, რომ ასეა. ზედმეტად კარგებად მივაჩნდით, უფრო უკეთესებად, ვიდრე სინამდვილეში ვიყავით. და გვიცავდა, როგორც შეეძლო, ყველაფერ ცუდისგან.

ჩვენ გვეგონა, რომ გავიზარდეთ დიდი ხნის წინათ. დარწმუნებული ვიყავით, რომ მისი მზრუნველობის გარეშეც ვიცხოვრებდით, მისი ზედამხედველობის გარეშე.

დარწმუნებულები ვიყავით.

ვცდებოდით.

იგი კი _ არა! იგი მართალი აღმოჩნდა. ამჯერადაც. თითქმის ისევე, როგორც ყოველთვის.

მაგრამ ჩვენი საყვედურები რომ მოისმინა, არ შეგვკამათებია.

წავიდა.

ისე, რომ ერთხელაც არ გაუსვრია, სისხლი არ დაუღვრია. კარი არ გაუჯახუნებია. შეურაცხყოფა არ მოუყენებია დამშვიდობებისას.

წავიდა და დაგვტოვა, რათა გვეცხოვრა ისე, როგორც მაშინ გვსურდა.

ასეც ვცხოვრობთ მას შემდეგ.

სამაგიეროდ ახლა ვიცით ყველაფერი: ისიც, თუ რა არის სიუხვე და რა არის მწუხარება.

ვართ ბედნიერები? არ ვიცი, სამაგიეროდ ზუსტად ვიცი, რა სიტყვებიც არ უთხრეს მას ადამიანებმა მაშინ.

ჩვენ სრულად გადავიხადეთ საზღაური ჩვენი ყმაწვილური თავხედობის გამო.

ახლა ყველაფერი გავიგეთ, რისი გაცნობიერებაც ვერაფრით მოვახერხეთ იმ წლების განებივრებული, უღრუბლო ბავშვობის უმწიფარი ტვინით.

მადლობელი ვართ შენი, ავად ნუ მოგვიხსენიებ და მოგვიტევე ყველაფრისთვის, საბჭოთა სამშობლოვ!

მიხაილ ჟვანეცკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here