მთავარი პოლიტიკა მილიონამდე ქართველი რუსეთში და “სტრატეგიული პარტნიორები”

მილიონამდე ქართველი რუსეთში და “სტრატეგიული პარტნიორები”

შველა სჭირდება ქვეყანას, შველა!

240
გააზიარეთ
მილიონამდე ქართველი რუსეთში და “სტრატეგიული პარტნიორები”

ბუდაპეშტში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში პლანეტის უძლიერესი ძიუდოისტის ტიტული იაგო აბულაძემ მოიპოვა. იაგო რუსეთის სახელით ჭიდაობს და, შესაბამისად, მისი ოქროც რუსულ ყულაბაში წავიდა. ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ოქროს მედალი ესპანეთის სახელით მოიპოვა, სერბეთის სახელით იჭიდავა ზებედა რეხვიაშვილმა, მესამე ადგილი აიღო პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძემმაგრამ ქართველ გულშემატკივართა ნაწილის გულისწყრომა მაინცდამაინც იაგო აბულაძის ოქროს მედალს მოჰყვა. უფრო მეტიც, სოციალურ ქსელში ის სურათიც გავრცელდა, აბულაძე რუსეთის პრეზიდენტის გვერდით რომ დგას. მერე რა, რომ ვლადიმერ პუტინი ძიუდოს დიდი მოყვარულია და სპორტის ამ სახეობაში დღემდე ვარჯიშობს

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე რუსეთის ეროვნული ნაკრების პირველი ვიცე კაპიტანი გიორგი ჯიქიაა. გიორგი რუსების სახალხო გუნდის, “სპარტაკის”, კაპიტანი გახლავთ და თავის პოზიციაზე რუსულ პრემიერლიგაში საუკეთესოა. ისიც ვთქვათ, რომ ჯიქიას ნებისმიერი წარმატება ქართველ გულშემატკივართა აგრესიას იწვევს და ეს მაშინ, როცა რუსები აბულაძის ოქროთიც ძალიან ხარობენ და ჯიქიას საიმედო თამაშითაც. ამ ბიჭებს საქართველოში ჰყავთ ნათესავები, მეგობრები, აქვთ სახლ-კარი, ჩამოდიან, ცხოვრობენ…

მოკლედ, გულშემატკივართა ნაწილის მიდგომა ასეთია: არ უნდა წახვიდე რუსეთში, რადგან რუსი მტერი და ოკუპანტია. არადა, რუსეთი მის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ ზღუდავს. თავად განსაჯეთ, რომელიმე რუსი რომ თამაშობდეს საქართველოს ნაკრებში, პირველ ვიცეკაპიტნობას კი არა, მოედანზე შესვლას სანატრელს გავუხდიდით ან ზუსტად ისე გავაგდებდით, როგორც თავის დროზე ომარ თეთრაძე. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ: საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახა ცხადაძე ჯერ მოსკოვის “სპარტაკის”, შემდეგ კი იმავე მოსკოვის “დინამოში” თამაშის გამო ჯვარზე გააკრეს და ერის მოღალატედ გამოაცხადეს. საქმემ კი აჩვენა, რომ ცხადაძე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო და დღეს თბილისის “დინამოს” თავკაცია. ქართველები არ აპროტესტებენ იმას, რომ რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს და მუშაობს. ეს მილიონამდე ქართველი, სულ ცოტა, ერთ ამდენს საქართველოში არჩენს და, ვინც არ იცის, იმასაც ვეტყვით, რომ საქართველოს ეკონომიკა თავიდან ბოლომდე სწორედ რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული. ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში ექსპორტზე ღვინო 55 ქვეყანაში გავიტანეთ, სულ _ 36.4 მილიონი ბოთლი; ამ ოდენობიდან 22.4 მილიონი _ რუსეთის ფედერაციაში, დანარჩენი 14 მილიონი კი 54-მა ქვეყანამ გადაინაწილა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ის კი არ თქვა, რუსეთში 22.4 მილიონი ბოთლი გავიდაო, არამედ ის, რომ თურმე ჩეხეთში ექსპორტის მხრივ 900%-იანი (ჰო, ცხრააასიანი!) ზრდა გვაქვს. რეალურად კი, ეს 900%-იანი ზრდა მთლიანობაში 53 ათასი ბოთლია. ორი წლის წინათ ქართულ ბაზარზე ირანიდან ცემენტი შემოვიდა. ის იმდენად იაფი ღირდა, რომ ქართული სამშენებლო კომპანიები მიესივნენ და ცემენტის ადგილობრივი წარმოება, პრაქტიკულად, გაჩერდა. მერე იყო, ცემენტს ექსპერტიზა რომ ჩაუტარეს და ექსპერტებმა კატეგორიულად მოითხოვეს, ამით არაფერი ააშენოთ, ერთ წელიწადში დაინგრევა და კატასტროფას ვერ ავცდებითო. არადა, საუბარი მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე იყო. საბოლოოდ, აღნიშნული ცემენტი აიკრძალა, რადგან ნათლად გამოჩნდა, არაფრად ვარგოდა. სამაგიეროდ, შარშან ქართულ ბაზარზე უკვე ირანში ნაწარმოები რძის ფხვნილი შემოვიდა. მას პირობითად თუ ვუწოდებთ რძის ფხვნილს, რადგან რძის ნაწარმთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ისე იაფი ღირს, რომ ქართულმა კომპანიებმა აიტაცეს და მისგან როგორც მაწვნისა და იოგურტის, ისე ყველის წარმოება დაიწყეს. ამან კი, პირველ რიგში, ქართველი ფერმერები დააზარალა და მაშინ, როცა ერთი ლიტრი ნატურალური რძე ბაზარში, სულ ცოტა, 1,50 ლარი ღირს, ფერმებიდან დიდი ქარხნები 90 თეთრზე ძვირად არ იღებენ. ეს არის ერთერთი მიზეზი იმისა, რომ კომპანიაშირაქის ველისმფლობელი ნიკოლოზ ბენიაიძე თავის ფერმას ხურავს და 400-ზე მეტ შვეიცარიულ საქონელს ყიდის. ეს დიდი ტრაგედიაა, რადგან კაცმა ამ ფერმაში 8 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო, ნულიდან დაიწყო და დიდ წარმოებად აქცია, ახლა კი იმ შხამის გამო, რომელიც ირანიდან შემოდის, ყველაფერზე უარს ამბობს. ირანულ რძის ფხვნილს შხამს რომ ვუწოდებთ, ოდნავაც არ ვცოდავთ, რადგან სწორედ ქართველმა ფერმერებმა ჩაუტარეს ექსპერტიზა ამ ფხვნილით მიღებულ ყველს და დაადგინეს, რომ ყველის შემცველობა იქ მხოლოდ 7%-ია, ანუ დანარჩენი 93% გაურკვეველი მასაა და გამოდის, რომ ერთი კილოდან 70 გრამ ყველს ვიღებთ, დანარჩენი კი… უბრალოდ, ნაგავია.

საინტერესო კიდევ ის არის, როცა ბენიაიძემ წარმოების აწყობა დაიწყო, გამოვიდა შალვა ნათელაშვილი და მაგიდაზე მუშტები აბრახუნა: ეგ კაციკაგებეშნიკია”, ფული რუსეთში იშოვა და ახლა აქ ჩამოვიდაო. ნამდვილად ვერ გეტყვით, სად და როგორ იშოვა ფული ამ ადამიანმა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, სასაცილოა ნათელაშვილის განცხადება. რას ჰქვიაკაგებეშნიკი”?! ლამის ნახევარი საქართველო რუსეთში შოულობს ფულს და ყველანი უშიშროების თანამშრომლები ყოფილან?! თავის დროზე ბატონი შალვაც რუსეთში ცხოვრობდა და მასზეც მივიტანოთ ეჭვი? ბოლო ხანს ქართულ პოლიტიკასა თუ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ერთგვარი ტრადიცია დამკვიდრდა _ არაფერს რომ არ წარმოადგენდე, რუსეთს თუ აგინებ და აკრიტიკებ, უკვეკაი ტიპიხარ. ყველა კარგად ხვდება, რომ ამით ცეცხლს ეთამაშება, მაგრამ პოლიტიკოსებისთვის სულერთია, რა მოხდება, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ ან მოიპოვონ. რიგითი ადამინები კი… ასე ცდილობენ საზოგადოებაში დამკვიდრებას, _ აქაოდა, ხომ ხედავთ, რა მაგრები ვართ, რუსეთს რამდენს ვუბედავთო. არადა, რუსულმა მხარემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მათთვის სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, შანსს აძლევენ ნებისმიერს, ვისაც კი ნიჭი და შესაძლებლობა აქვს. თუნდაც გიორგი ჯიქიასი ძალიან კარგად გვესმის, რადგან მას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე სურს თამაში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ქართულ კლუბსა და ნაკრებში კი ამის გაკეთება ჯერჯერობით წარმოუდგენელია. ადამიანის უფლებების დაცვაზე როცა ვსაუბრობთ, არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ქართველების უფლებებს ფეხქვეშ ვთელავთ. ეს ხომ მათი არჩევანია, ისინი ხომ ზრდასრული ადამიანები არიან და თვითონ წყვეტენ, სად და როგორ იასპარეზონ. არ ჰყოლიათ არასდროს ესპანელებს ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი და ახლა ნიკო შერაზადიშვილი ორგზის ჩემპიონია, არ ჰყოლიათ ბერძნებს ჯარჯი ზვიადაურამდე ოლიმპიური ჩემპიონი და ჩვენებური პირველია, რომელმაც ძიუდოში ელადელებს ოლიმპიური ოქრო მოუტანა, თუმცა ილიას ილიადისის სახელით. რუსები კი არც სახელს უცვლიან, არც გვარს და ამას შემთხვევით არ ვამბობთ. მაგალითისთვის ბეთქილ შუკვანი ავიღოთ, რომელიც თურქეთის სახელით ჭიდაობს და, ამის უფლება რომ მიეცათ, ბეკირ ოზლუ გახდა. ისევ პოლიტიკასა და ქართულ ფერმას დავუბრუნდეთ. მანახეთ ოპოზიციურ სპექტრში ადამიანი, რომელმაც ფული ევროპა-ამერიკაში იშოვა და ქართულ საქმეში ჩადო. ვერ მანახებთ, იმიტომ, რომ არ არსებობს. კეთილი, ისეთი აპოლიტიკური ადამიანი მანახეთ, რომელმაც დასავლეთში იშოვა დიდი ფული და ქართულ საქმეში ჩადო. ისევ ვერ მანახებთ. სამაგიეროდ, ძალიან ბევრია ისეთი პოლიტიკაშიც და მის გარეთაც, ვინც ფინანსურად სწორედ რუსეთში იხეირა და იქ ნაშოვნი კაპიტალით საქართველოში არაერთი ბიზნესი წამოიწყო, ათასობით ადამიანი დაასაქმა და ნაწარმოები პროდუქციის უდიდესი ნაწილი ისევ რუსეთში გააქვს.

ამიტომ ვამბობთ, რომ, სანამ სიტყვა გაგვისწრებს, სანამ ვინმესკაგებეშნიკისიარლიყს მივაწებებთ, ეგებ, თავს ვკითხოთ: სწორად ვიქცევით თუ არა? “შირაქის ველის” გარდა, ირანიდან შემოტანილი რძის ფხვნილის გამო კიდევ ორი ფერმა დაიხურა და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება. გარდა იმისა, რომ არაერთი ადამიანი უმუშევარი დარჩება, მეორე უბედურება ის არის, რომ ალტერნატივა აღარ გვექნება ბაზარზე და იძულებული ვიქნებით, ვჭამოთ ის, რასაც გაყიდიან, ანუ 93%-იანი გაურკვეველი შემცველობის თეთრი მასა, რომელიც ჯანმრთელობას აუცილებლად დაარტყამს. ჰო, ირანი ამ შემთხვევაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია (ირანი!), რუსეთი კი _ მტერი. თურქეთიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია (თურქეთი!), რუსეთი კი _ მტერი. ეს აღარც სასაცილოა და აღარც სატირალი, შველა სჭირდება ქვეყანას, შველა!

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here