მთავარი საზოგადოება მე ბრალს ვდებ…

მე ბრალს ვდებ…

124
გააზიარეთ

სოციალური, პოლიტიკური და ეთნიკური დაპირისპირების უამრავი მაგალითია ცნობილი, მაგრამ ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. რაც უნდა საოცრად ჩანდეს, წამქეზებლების როლში წინა პლანზე ჯანდაცვის მესვეურები გამოდიან, შემდეგ _ მათი რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედი ნაირნაირი უაზრო შეზღუდვების, კარანტინების, კომენდანტის საათის, ლოკდაუნების შემომღები მთავრობა და პარლამენტი თავისი ჯანდაცვის კომიტეტიანად. ჩვენში ეს მესვეურები არიან, პირველ რიში, ბატონები: ამირან გამყრელიძე (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი), პაატა იმნაძე (ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი) და თენგიზ ცერცვაძე (მთავარი ინფექციონისტი, “ქართველი ფაუჩი”).

საზოგადოება დაგვყვეს აცრილებად და აუცრელებად და შუღლის ჩამოსაგდები კამპანია გააჩაღეს. დააკვირდით ამ სამ პიროვნებას, მათ რიტორიკას და დაინახავთ, რომ ვაქცინაციისკენ მოწოდება არა ახსნაგანმარტებით დარწმუნებაზეა დამყარებული, არამედ მოსახლეობის დაშინებაზე და იმ ადამიანების ნეგატიური იმიჯის შექმნაზე, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ. მათი ასეთი საძრახისი გამოსვლებიდან გამომდინარეა, რომ სხვებიც ყველაფერს კადრულობენ და კოვიდვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს რას არ გვიწოდებენ: უვიცებს, ბნელებს, ჩამორჩენილებს, აცრილებისთვის საშიშებს, ყველანაირი შეზღუდვების ღირსებს. ერთმა დეპუტატმა, რომელიც უკადრებელი სიტყვა-პასუხით არ გამოირჩევა (ერთი მიზეზის გამო გვარს არ ვასახელებ), ამჯერად უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია: ვირუსები მუსრს გვავლებენ, თქვენ კი ვირუსების (ანუ მკვლელების) მხარეს დგახართ”! ჩვენ მტრის ბანაკში ვართ თურმე, ის კი ხალხის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას ხმალამოღებული (ანუ სახელმწიფო ძალაუფლებით აღჭურვილი), რომლის ძალითაც იგი და მისი თანამოაზრენი ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავენ და თვლიან, რომ აბსოლუტურად სამართლიანია, როცა გვეუბნებიან _ ის უნდა შეიშხაპუნოთ, რასაც ჩვენ ვთვლით საჭიროდო. თანაც, დააყოლებენ: გვენდეთ სიტყვაზე, ჩვენ მხოლოდ კარგი გვინდა თქვენთვის, თორემ… თუ ძალიან გაჯიუტდებით და უარს იტყვით აცრაზე, რესტორანში კი არა, სასურსათო მაღაზიაშიც არ შეგიშვებთ აუცრელებსო.

განსხვავებული აზრის არანაირი პატივისცემა და შემწყნარებლობა, არანაირი არგუმენტი, პაექრობა და სპეციალისტების აზრთა ჭიდილში ჭეშმარიტების ძიება, მხოლოდ მენტორული განცხადებები: გეუბნებით და დაგვიჯერეთ, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს, მორჩა და გათავდა! მოკლედ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ანტივაქსერები საზოგადოებისთვის მიუღებელ ადამიანებად წარმოჩნდნენ.

მედიკოსების აბსურდს პოლიტიკოსებიც იმეორებენ: “თქვენ საფრთხეს უქმნით აცრილებს!” ამას კიდევ არა უშავს, მთქმელის უვიცობით ახსნი, მაგრამ, როდესაც არაექიმისთვისაც კი შეუფერებელ, ანტიჰუმანურ წინადადებებს 73 წლის პროფესორი წამოაყენებს, ეს უკვე უბედურებაა. ვგულისხმობ ბატონ თენგიზ ცერცვაძის “მარგალიტებს”: “თუ ვაქცინაციის პროცესი მომავალშიც დაბალი ინტენსივობით გაგრძელდება, სახელმწიფომ შეიძლება მოქალაქეთა იძულების გარკვეულ ფორმებზე იფიქროს”. ამის მკადრებელი ექიმისგან უკვე აღარც მეორე “მარგალიტია” გასაკვირი, რუსული ვაქცინა “სპუტნიკ V”-ის სავარაუდო შემოტანაზე ნათქვამი: “კარგიც რომ იყოს რუსეთის ვაქცინა, იგი პოლიტიკურად მიუღებელია ჩვენთვის”. თურმე ხორბალი, მზესუმზირის ზეთი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, წამლები და უამრავი სხვაც, რუსეთში წარმოებული, ასეულობით მილიონ დოლარ ნაღდ ფულთან ერთად სავსებით მისაღებია, აი, ვაქცინა კი მიუღებელია პოლიტიკურად. რა გამოდის, ექიმი, რომელიც მოწოდებით ვალდებულია, მტერსაც კი უმკურნალოს, პოლიტიკური მოტივით უარს ამბობს საკუთარი ხალხისთვის საჭირო სამედიცინო პრეპარატზე. ექიმს, როგორც ადამიანს, ზოგჯერ დაშვებული უნებლიე შეცდომა, უყურადღებობა, უხეშობა, იატროგენული ლაფსუსიც შეიძლება აპატიო, მაგრამ მსგავსი განცხადებების მიტევება ადამიანისთვის, რომელსაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული, თავად თუ არ მოინანია, შეუძლებელია. პანდემიის გამოცხადებიდან (2020 წლის მარტი) მოსახლეობა ითხოვს ზოგიერთ საკითხში გარკვევას, ახსნა-განმარტებას, ინფორმაციას კოვიდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ, დამატებით სტატისტიკურ მონაცემებს, მაგრამ კონკრეტული პასუხის მსგავსიც კი არავის არაფერი სმენია. გვესმის მხოლოდ მენტორული ტონით მოწოდებული უარგუმენტო “შეგონებანი” და ვაწყდებით კონსტიტუციის დარღვევით შემოღებულ უკანონო და თან უაზრო შეზღუდვებს, როგორებიცაა: “პირბადეები _ ყოველთვის, ყველგან და ყველასთვის”, “ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, დაიმუშავეთ სადეზინფექციო საშუალებებით”, “დაიწმინდეთ ფეხები დეზობარიერზე”, “ღამის 9-დან დილის 6 საათამდე ქუჩაში ყოფნა მკაცრად ისჯება”, “შეგიძლიათ მუშტებით, იდაყვებით და ტერფებით “მისალმება”, “სადეზინფექციო ხსნარებით სისტემატურად დაამუშავეთ ყველა ზედაპირი”.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა “კოვიდსაწინააღმდეგო ზომა” ძალიან შორს არის საღი აზრისგან _ ხალხისთვის ან არაფრის, ან კიდევ ზიანის მომტანია, სახელმწიფოსთვის კი _ არამიზნობრივი, უაზრო კოლოსალური ხარჯების.

ცილისწამება რომ არ გამოგვივიდეს, შევეცდები მათ დასაბუთებას:

1. პირბადე ვირუსებისგან არათუ 95%-ით, როგორც გვარწმუნებენ, არამედ 5%-ითაც კი ვერ გვიცავს. 95%-ით იგი ორგანიზმიდან გამოყოფილ მხოლოდ იმ ვირუსებს აკავებს, რომლებიც ხველების ან ლაპარაკისას გამოფრქვეულ მსხვილ წვეთებს მოჰყვება. ჩვეულებრივი სუნთქვისას აეროზოლის სახით გამოყოფილ ვირუსებს პირბადე ერთი პროცენტითაც ვერ აკავებს (95 %-იანი ეფექტიანობა მხოლოდ ევროპულ FFP-2, ამერიკულ N-95 და ჩინურ KN-95 ხუთშრიან რესპირატორებს აქვთ და არა ერთჯერად სამფენიან პირბადეებს). პირბადის მნიშვნელობის შესახებ ამ არასწორმა ინფორმაციამ ხალხს უსაფრთხოების ცრუ განცდა გაუჩინა და გაათამამა _ პირბადიან ადამიანს ჰგონია, რომ თავი ქუდში აქვს, აღარ ერიდება სხვა პირბადიან ადამიანს და ნაკლებად იცავს ან, საერთოდ, აღარ იცავს .. სოციალურ დისტანციას, კოვიდის გავრცელების საწინააღმდეგო ამ ყველაზე მნიშვნელოვან ზომას ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების მოსაცდელ სივრცეში იმდენ და ერთმანეთთან ისე ახლოს მდგომ პაციენტს ნახავ, რომ, შეიძლება ითქვას, ისინი ერთმანეთის ამონასუნთქი ჰაერით სუნთქავენ! მაგრამ ეს არავის აღელვებს _ არც სამედიცინო პერსონალს და არც პაციენტებს, რადგანაც მათ სჯერათ და კარგად ახსოვთ სამეულის შეგონება: ცხვირზე აფარებული პირბადე 95%-ით გიცავთ კორონავირუსისგან. შედეგიც სრულიად კანონზომიერია _ მიუხედავად იმისა, რომ პირბადეს თითქმის ყველა პატიოსნად ატარებს დახურულ სივრცეში, კოვიდის გავრცელებამ კატასტროფულად მოიმატა. პარადოქსია, რომ გასულ წელს, პანდემიის დასაწყისში, სოციალური დისტანციის დაცვა საკმაოდ მკაცრად კონტროლდებოდა, ახლა კი რა მოხდა, რაიმე ახალი შეიტყვეს? არ ყოფილა საჭირო? შეუძლებელია, სამეულმა არ იცოდეს, რომ, ვირუსის გადადების თვალსაზრისით, სოციალური დისტანციის დაუცველობა და ორი პირბადიანი ადამიანის ერთმანეთის პირისპირ ნახევარ მეტრში დგომა გაცილებით საშიშია, ვიდრე პირბადის გარეშე, ოღონდ ორ მეტრში ყოფნა. მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, დისტანციის დაცვა არათუ აღარ კონტროლდება, მოწოდება-შეხსენებასაც იშვიათად მოისმენთ რომელიმესგან, მხოლოდ პირბადეები მიაჩნიათ პანაცეად. ამის დასტურია, თუნდაც, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელ ივანე ჩხაიძის 22 აგვისტოს განცხადებაც: “ნიღბის ტარებას თუ მივაღწიეთ ღია და დახურულ სივრცეში, არანაირი დამატებითი ღონისძიება არ იქნება საჭირო”. უბედურება არის ის, რომ ამასაც ყასიდად ამბობენ. ასე რომ არ იყოს, მაშინ პირბადის რეგულარულ ცვლასაც (ყოველ 2-3 საათში, ზაფხულში კი _ 20-30 წუთში) აუცილებლად გააკონტროლებდნენ, მაგრამ იციან, რომ ეს ფუჭი საქმეა, რომ თითქმის ვერავინ ვერ გამოიცვლის 5-10 პირბადეს ყოველდღიურად, ამიტომ, სარგებლის ნაცვლად, უკვე აშკარა ზიანს ვიღებთ _ სუნთქვის კიდევ უფრო გაძნელებასთან ერთად, ნამიან პირბადეზე ბაქტერიების, ვირუსების, მტვრის ნაწილაკების დაგროვებას, რის შესახებაც მშვენივრად მოეხსენება სამეულს.

პირბადის დამძალებელს უნდა მოეთხოვოს პასუხი იმის გამო, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ცხვირზე აფარებას ექცეოდა განსაკუთრებული ყურადღება (კონფლიქტებიც ხშირი იყო), ხოლო პირბადის ცვლის წესს კი _ არავითარი!

2. გვარწმუნებენ, რომ აუცილებელია ყველანაირი ზედაპირის (ნივთების, ავეჯის, სახელურების, კარ-ფანჯრების, იატაკის, კედლების, ქუჩების, ტროტუარებისა და ა.შ.) რეგულარული დეზინფექცია, თითქოს კოვიდის გავრცელება-გადადება არა მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით, არამედ დაინფიცირებულ ზედაპირთან შეხებითაც ხდებოდეს, მაგრამ ასეთი ერთი შემთხვევაც არ არის აღწერილი. ზედაპირებთან კონტაქტის მოშიშარი (უფრო ჯანმოს მოშიშარი) ჯანდაცვის მესვეურები თვალს ხუჭავენ (თუ არ იციან, მით უარესი) ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ბონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგების კვლევებით (ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე) დადგენილ ფაქტზე: “კორონავირუსი უკიდურესად მგრძნობიარეა სიმშრალის მიმართ _ ძალიან სწრაფად იღუპება, ამიტომ დაინფიცირება, პრაქტიკულად, მხოლოდ წვეთოვანი გზითაა შესაძლებელი ავადმყოფთან კონტაქტისას. ვირუსი ბევრ ზედაპირზე იპოვეს, მაგრამ მისიგაცოცხლება”, ანუ აქტივაცია არ ხერხდება იდეალურ ლაბორატორიულ პირობებშიც კი”. ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას: კარგა ხანია, ქუჩებისთვის, შენობებისა და ჰაერისთვისაც დეზინფექცია აღარ ჩაუტარებიათ. როგორც ჩანს, “მოტვინეს” ამ ზომების აბსურდულობა, მაგრამ ბიუჯეტიდან ფულის ფუჭ ხარჯვას სახელმწიფო თანხების გაფლანგვა ეწოდება. ყოველივე ამის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის (ჯანმო) გადაბრალება და მისი რეკომენდაციების მოშველიება ბრმად გადადგმული ნაბიჯების გასამართლებლად არ გამოდგება. აი, ახლაც წინასაარჩევნო გამოსვლებში ქალაქის მერი რიხით გვპირდება, რომ ყველა ტრანსპორტი დღეში რამდენიმეჯერ იქნება დეზინფექცირებული, _ ესეც სამეულის რეკომენდაციით, რა თქმა უნდა.

3. აბსურდული კოვიდსაწინააღმდეგო ზომებით გაჯერებულია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. მუშტებით, იდაყვებით (ფეხებითაც კი) “მისალმება” ხელის ჩამორთმევის ნაცვლად _ ზიანის მომტანი ნამდვილად არ არის, მაგრამ სასაცილოზე მეტია და მასაც შეიძლება მიეცეს ხალხის მასობრივი გაბრიყვებისა და მასხრად აგდების კვალიფიკაცია. ხელის ჩამორთმევით ვირუსის გადადება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი _ თუკი ინფიცირებული ადამიანი დახველების ან დაცემინებისას პირზე აიფარებს ხელს და იმ ხელს იმავ წუთს ჩამოართმევს სხვას, ის კი, თავის მხრივ, მაშინვე პირში გააქანებს თითს, რაც წარმოუდგენელია, გამორიცხულია. აბსურდულობის თვალსაზრისით, ვერც ერთი ღონისძიება ვერ შეედრება ყველასთვის ცნობილ ე.წ. დეზობარიერს. ბინაში შესვლისას ფეხები რომ უნდა დავიწმინდოთ და ზოგჯერ შესასვლელშივე ფეხზე გავიხადოთ, კოვიდამდეც ვიცოდით, მაგრამ, ჯანმოს ნებისმიერი მითითების ფრიადზე აღმსრულებელი ჩვენი ჯანდაცვის მესვეურების აზრით, ქუჩები და ტროტუარები თურმე მოფენილი ყოფილა უხილავი ვირუსებით, რომლებიც ფეხსაცმლის ძირებზე გვეკრობა და, დეზობარიერზე ფეხების კარგად გასმით თუ არ მივასრისეთ, სადეზინფექციო ხსნარითაც არ მივასიკვდილეთ, გამოძვრებიან და… მეყოლეთ მერე კარგად _ უხილავი ჭიანჭველებივით მოედებიან მთელ შენობას, კოვიდი გავრცელდება და დედაც გვეტირება.დაშინებული ადამიანი რომ შეიძლება გამოათაყვანო და აბსოლუტურ სისულელეებში დაარწმუნო, ისე გასაოცარი არ არის, როგორც ის, რომ ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ვირუსი მხოლოდ ცოცხალი ადამიანის უჯრედებში მრავლდება და არა ასფალტზე. მათ ძალიან მოკლე დროში კიდევ ბევრი რამ “დაადგინეს” ვირუსზე და მისი გავრცელების საწინააღმდეგო “სათანადო” ზომებიც, ცხადია, ოპერატიულად შემოიღეს: კორონავირუსს, თურმე, განდაგან მოძრაობა “ნაყვარება” და ამიტომ მძღოლის გვერდით ჯდომა “ტაქსიში” აიკრძალა, უკან მჯდომი და მძღოლი კი, თურმე, დაცულია _ წინ და უკან “სირბილი” ვირუსს არ “ნაყვარება”. ისიც “დაუდგენიათ”, რომ ვირუსი, თურმე, ძალიან აგრესიული ხდება ღამის საათებში და ამიტომ იყო საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე შინიდან ცხვირის გამოყოფის ნებასაც რომ არ გვაძლევდნენ. ყველაზე სამარცხვინო და მიუტევებელი კი იყო ის, აღდგომის მეორე დღეს, მიცვალებულთა ხსენების დღეს, ღია სივრცეში სასაფლაოზე გასვლა რომ აგვიკრძალეს, სადაც რამდენიმე საფლავიდან მხოლოდ ერთზე თუა მისული ოჯახის რამდენიმე წევრი და, სადაც საფლავებს შორის არა 2-მეტრიანი, არამედ 10-15-მეტრიანი სოციალური დისტანცია თავისთავად დაცულია. დაჯარიმების გარდა, ოჯახებიდან კუბოების გატანითაც რომ გვემუქრებოდნენ, ყველას გვახსოვს, მაგრამ ამისთვის ბოდიში არავის მოუხდია, თურმე ყველაფერი ჩვენი კეთილდღეობისთვის კეთდებოდა და კეთდება დღესაც, 2 000-ლარიანი ჯარიმების შემოღებაც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვით იყო განპირობებული, ჩვენ კი უმადურები და დაუნახავები ვართ. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებელი ერთი ახალი მახვილგონივრული (როგორც სხვა ყველა) ზომაც უნდა ვახსენო: ლიფტებში თვალსაჩინოებისთვის გაკრულია ფოტოსურათები, როგორ უნდა დადგნენ კაბინაში შესული ადამიანები _ ყველა პირით კედლისკენ. არც ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა არ შეიძლება და არც სხვის დასანახავად ამოსუნთქვა-ჩასუნთქვა.

4. ხილული დაბინძურების გარეშეც ხელები აუცილებლად რომ უნდა დავიბანოთ ყოველთვის _ ჭამის წინ, ქუჩიდან შინ დაბრუნებისას, საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, დილისა და საღამოს ტუალეტის დროს და, ბუნებრივია, მაშინაც, როცა დაგვესვრება, ეს კოვიდამდეც იყო ცნობილი. რაც შეეხება საპნით ხშირ დაბანვას და გამუდმებით სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებას, მას მხოლოდ ზიანი მოაქვს _ კანის დაავადება. ასეთივე ზიანის მომტანია რეზინის ხელთათმანების ხანგრძლივად ტარებაც.

პირდაპირ გასაოცარია, ამდენი და ასეთი “ღონისძიებებისგან” კიდევ როგორ უდგას ვირუსს პირში სული.

იაკობ ლეჟავა

P.S. ბრალდებების გაგრძელება _ მომდევნო წერილში.

. .

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here