Home რუბრიკები ისტორია მარადიული საფიქრალი: ქართველი ერი, როგორც ისტორიული არსება, ჭეშმარიტი ტრაგიკული გმირი არ არის?

მარადიული საფიქრალი: ქართველი ერი, როგორც ისტორიული არსება, ჭეშმარიტი ტრაგიკული გმირი არ არის?

1484
გერონტი ქიქოძე

ადამიანი, მით უმეტეს, ხალხი უიდეალოდ რაღაც დაუმთავრებელ არსებად მიგვაჩნია, გაუგებრობად, შინაგან წინააღმდეგობად. ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ ადამიანისგან, რომ თავის ყოველ მოქმედებაში ცხოვრების იდეით იხელმძღვანელოს და პირუტყვულად ვთვლით ისეთ ყოფაქცევას, რომელიც მომენტების მოთხოვნებს ვერ გასცილებია. ზნეობრივ პიროვნებასა და ზნეობრივ იდეალს ვეძებთ ადამიანში და მიზანთა წინ დაყენება ადამიანობის ყველაზე დამახასიათებელ თვისებად მიგვაჩნია, მაგრამ, თუ კარგად დავუკვირდებით ამ კეთილშობილ ნიჭს ადამიანისას, ადვილად დავინახავთ, რომ იგი დაფუძნებულია მის მეორე საყურადღებო მხარეზე, რომელიც არანაკლებ გარკვევით არჩევს მას ცხოველისგან: ადამიანი ისტორიული არსებაა

ეს აზრია გატარებული ქართველი მწერლის, პოლიტიკოსის, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის _ გერონტი ქიქოძის ფილოსოფიურ წერილშიცხოვრება და ზნეობრივი იდეალი”. ქვემოთ მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდებს ამ წერილიდან.

დიდი ზნეობრივი ტრაგედიაა კაცობრიობის ისტორია საერთოდ, თუმცა ცალკე პიროვნებათა ცხოვრება უფრო ხშირად უშინაარსო და ზნეობრივად უღირს ფარსს შეიძლება ჰგავდესო.

ჭეშმარიტებას ღაღადებს დიდი გერმანელი ფილოსოფოსიც _ არტურ შოპენჰაუერი, როდესაც ამბობს: ადამიანი იაფფასიანი, მდარე საქონელია, რომელსაც ბუნება, ეს უზარმაზარი ფაბრიკა, ნარდად ისვრის ბაზარზეო; და ორი თვისება ახასიათებს ამ ცოცხალ საქონელს _ დიდი სისულელე და ბოროტება. იშვიათად, ერთხელ მთელი საუკუნეების განმავლობაში, ის ამ ნაგავშიც გამოურევს ხოლმე ობოლ მარგალიტს _ გენიოს პიროვნებას და იმასაც მხოლოდ იმიტომ, რომ ამით კიდევ უფრო თვალნათელი გახადოს ადამიანობის საერთო უნიჭობა და უბადრუკობაო.

ამ უნიჭობისა და უბადრუკობის ეპოქა გვიდგას ჩვენ XXI საუკუნის მეორე ათწლეულში და ხელის გულზე გვიდევს სილაჩრე, სულმოკლეობა, მცონარობა, საკუთარი თავის უპატივცემლობა, წამბაძველობა, “უკუღმართი მსახიობობა შინაც და გარეთაც, მხიარულებაშიც და მწუხარებაშიც, უმოქმედობაშიც და იდეალებისთვის ბრძოლაშიც”, რის გამოც ქართველი ერი, როგორც მთელი, როგორც ისტორიული არსება, ჭეშმარიტი ტრაგიკული გმირია. “რა განსაცვიფრებელი ზნეობრივი ენერგია არ გამოააშკარავა მან საუკუნეთა განმავლობაში თავის დამოუკიდებელ ეროვნულ მეობის შესანახად. განა საფიქრებელია, რომ ეს ენერგია სამუდამოდ გაქრა, რომ ის ეხლა აღარ არსებობს? რასაკვირველია, არა! საჭიროა მხოლოდდაკარგული მთლიანობისაღდგენა, საჭიროა მხოლოდ პაწია, ხშირად სმენისათვის მიუწვდომელი ხმებისმწყობრ მელოდიაშიშეერთება”, მაგრამ როგორ?

აი სწორედ ეს არის დღეს წყევლაკრულვიანი საკითხავი.

* ადამიანი ისტორიული არსებაა და, უწინარეს ყოვლისა, ეს არის საძირკველი მისი განსაკუთრებული ბედისა თუ უბედობისა, საძირკველი მისი ადამიანობისა. ცხოველმა არ იცის ისტორია. ცხოველმა ნაკლებად იცის, თუ რა არის მოტივთა ბრძოლა მოქმედების დროს და ის აუცილებლად იმ ლტოლვებს ექვემდებარება, რომლებსაც მომენტის მოთხოვნილებანი უკარნახებს. თვითნებობას მოქმედებაში კი იგი სავსებით მოკლებულია.

სულ სხვაა ადამიანი: რაც უნდა განუვითარებელი იყოს იგი, რაც უნდა დაბალ საფეხურზე იდგეს გონებრივად, მხოლოდ მას შეუძლია ამაღლდეს თავის თანაგრძნობაში წუთიერობაზე, გასცილდეს მახლობელთა ვიწრო წრეს, იტანჯოს და იმხიარულოს შორეულ წინაპართა ტანჯვით და სიხარულით. შეუდარებელია გაფართოება პიროვნებისა, რასაც ცხოველი მოკლებულია!

წარსულის შეუგნებლად შეუძლებელია შეგნება მომავლისა.

* ადამიანის ცნობიერებაში მომავალი ყოველთვის და აუცილებლად არსებობს, როგორც შესაძლებლობა და არა როგორც ობიექტური რეალობა. ამიტომ ის არსება, რომელიც მოკლებულია წარსულის ცნობიერებას, თავისუფალია დროის წარმოდგენისაგან საზოგადოდ, იმიტომ, რომ აწმყო მხოლოდ მომენტია, ერთიმეორისაგან სრულიად დამოუკიდებელი მომენტებისაგან კი დროის წარმოდგენის შედგენა ყოვლად შეუძლებელია.

* დრო მიმდინარეობაა და, ვინც ამ მიმდინარეობას თავის უკან ვერ ხედავს, ის აუცილებლად ბრმაა მომავლისათვის, იმიტომ, რომ მაშინ მის შეგნებაში მხოლოდ აწმყო არსებობს რეალურად: როგორც მომენტი, როგორც დამოუკიდებელი წერტილი.

ხშირად ხდება ხოლმე, რომ ის მჭიდრო კავშირი, რომელიც არსებობს აწმყოსა და ისტორიულ წარსულს შორის, სუსტდება ან თითქმის სრულიად ქრება სოციალურ და ინდივიდუალურ შეგნებაში. ორი ავადმყოფობა იკიდებს მაშინ ფეხს საზოგადოებაში: “ზეკაცთა” “წუთის ყლაპიობა” და დონკიხოტობა ჭიქისფეხებიანი ბუმბერაზებისა.

* მდიდარი და საგმირო მომავალი იმას უღიმის, ვისაც მდიდარი და საგმირო წარსული აქვს; ფილისტერები არც კი ოცნებობენ სხვა რამეზე, გარდა თბილი ხალათისა და სრული ფოსტლებისა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ის, ვინც თავისი არარაობა წარსულში საკმაოდ შეურყევლად დაამტკიცა, ვერც მომავალში შესძლებს მთების გადაბრუნებას. უძლიერესი ზნეობრივი, სოციალური და ესთეტიკური იდეალები მდიდარ და მრავალმხრივ ისტორიულ ნიადაგზე აღმოცენდა…

* რაც უფრო ძვირფასია ცხოვრება, მით უფრო გარდაუვალი და მწვავეა წინააღმდეგობა ყოფნასა და არყოფნას შორის. თუ კაცობრიობის კულტურას მომავალში სიბერე და მოქანცულობა მოელის, როგორც ეს ბევრსა ჰგონია, მაშინ მისი ბედი სრულიადაც არა ყოფილა ტრაგიკული. როგორც ბებერი მნათე ძველ სამრეკლოზე, იგი მშვიდობიანად მიიძინებს დაფლეთილ სავარძელზე და ზარს აღარავინ ჩამოჰკრავს იმის საცნობად, რომ შეწყდა ფრიად მოსაწყენი, ფრიად ერთფეროვანი და სისხლგაყინული ცხოვრება ღვთისმოსავ არსებისა. კაცობრიობის ტრაგედია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის არასოდეს გადაიქცევაბებერ მნათეთ”, ხოლო მისი სულიერი კულტურა _ “გახუნებულ სავარძლად”.

სულიერმა კულტურამ არ იცის, რა არის დაბერება: მუდმივ ზრდაშია იგი, თავის ძალთა და შესაძლებლობათა დაუსრულებელ გაშლაში და ამ განვითარებას, წინსვლას, “სინთეტიკურ შემოქმედებას” არა აქვს სხვა საზღვარი, გარდა სიკვდილისა. განა შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ, მაგალითად, ელინთა მიერ ნაანდერძევმა ხელოვნებამ, პოეზიამ და ფილოსოფიამ დაჰკარგოს თავისი მუდმივი ახალგაზრდული მშვენიერება, ჯანსაღობა და მიმზიდველობა, ან დაბერდეს დანტე, შექსპირი, ბეთჰოვენი, მიქელ-ანჯელო, რემბრანტი _ მარად განუყრელი მესაიდუმლენი ადამიანობისა?! შეიძლება ისინი კიდევ უფრო ძვირფასნი გახდნენ მომავალ თაობათათვის, ვიდრე ჩვენთვის არიან!..

* სადაც მოქმედებას წინ არჩევანი არ მიუძღვის, იქ არ არსებობს შეგნება თავისუფლებისა და, სადაც თავისუფლების შეგნება არ არის, იქ არ არის განსხვავებაც ბოროტებასა და სიკეთეს შორის.

* არა უმიზეზობა, არამედ მიზეზთა და მოტივთა ბრძოლა და არჩევაა წყარო იმ თავისებური განცდისა, რომელსაც ჩვენ შეგნებული პიროვნების და მისი ნების თავისუფლებას ვუწოდებთ.

* არვის შეუძლია თავისი უზნეობა იმით გაამართლოს, თითქო მისი ბუნება და ხასიათი ერთხელ და სამუდამოდ ისეა მოწყობილი, რომ აუცილებლად დასაძრახისი და უარყოფითი ინსტინქტები დღესასწაულობენ იდეალურსა და კეთილშობილზე.

* არ შეიძლება პასუხისმგებელი გავხადოთ ვინმე ისეთი მოქმედებისათვის, რომლის მიზეზი მის შინაგან ბუნებაში არა დევს. ფსიქიკურად გაბრუებული ადამიანის ნებისყოფა და მოქმედება სწორედ იმიტომ რჩება ეთიკური განსჯის გარეშე, რომ მათი მიზეზი, უწინარეს ყოვლისა, არა შინაგან ხასიათში უნდა ვეძებოთ, არამედ რაიმე გარეგან ძალაში: ჰიპნოზში, ნარკოზში ან ალკოჰოლში.

* უბადრუკია და შესაბრალისი ის პიროვნება და ხალხი, რომელსაც თავისი თავი ვერ უპოვნია ან დაუკარგავს თავისი ისტორიულად შემუშავებული ინდივიდუალური თუ სოციალური ხასიათი.

მისი თავისუფლება, მისი ზნეობრივი ძალა შემცირებული და დაკნინებულია, მისი ნიჭი დამოუკიდებელი შემოქმედებისა ძლიერ საეჭვოა, მისი მორალური ღირებულებანი და კულტურა _ უფერული და უგავლენო…

* ცხოვრების გარეშე და მასზე მაღლა არარა არსებობს, რაც შეიძლება მის მართებულ მიზნად ჩაითვალოს, მას შემდეგ არარა მოსდევს, რაც შეიძლება მის ზნეობრივ დამთავრებად გადაიქცეს: მხოლოდ სიკვდილია სიცოცხლის უახლოესი მემკვიდრე და დასასრული, სიკვდილი კი უდიდესი ბოროტებაა, უდიდესი ცოდვა და შეჩვენება. ამიტომ უდიდესი ღირებულება, უდიდესი ზნეობრივი სიკეთე თვით ცხოვრებაა.

* ცხოვრება შეუჩერებელი ცვალებადობაა. თვით ცხოვრების არსში ძევს პრინციპი განვითარებისა, წინსვლისა, გაფართოებისა. ცხოვრების დედააზრს შეადგენს განვითარება, განვითარებისას კი _ ყოველი უკვე მოღწეული საფეხურის უარყოფა, შემდგომი, უფრო მაღალი საფეხურის სახელით. აქ არი ძირითადი წყარო სიკეთის და ბოროტების გათიშვის, ზნეობრივად სავალდებულოს გამოყოფისა;

* რაც უფრო განვითარებული ხდება ადამიანი, რაც უფრო მაღლა ადის იგი გონებრივად და ზნეობრივად, მით უფრო შესამჩნევი და გადამწყვეტი ხდება მისი ბუნებისთვის ისტორიული წარსულის გავლენა.

 * კაცობრიობა მეტია, ვიდრე უბრალო გროვა ხშირად უმნიშვნელო, ერთი მეორისაგან დამოუკიდებელ ელემენტთა.

* პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი არი, უწინარეს ყოვლისა, სიყვარული და მოკრძალება დიად ეროვნულ და კაცობრიულ გენიოსობის წინაშე, იმ ისტორიული სულის წინაშე, რომელიც ობიექტურ კულტურულ შემოქმედებაში თავისი უკვდავების ძეგლს იდგამს. საკუთარი თავის ცნობა ამ ისტორიული ძალის ნაწილად, საკუთარი პიროვნების, ე.ი. სუბიექტური სულის მის ქვემდებარე ნაწილად აღიარება და შემოქმედება იმ მხრივ, რა მხრივაც ის უნდა ვითარდებოდეს, _ აი, ნამდვილი შინაარსი ნათლად გაგებული ნაციონალური და ჰუმანიტარული გრძნობისა, რომელიც ხშირად ადამიანთა და მათ სისუსტეთა სიძულვილით და მხილებით საზრდოობს.

გაზეთიდროება”, 1910 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here