Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): მადლობა ღმერთს, მოგვეცა შანსი, რაღაც-რაღაცებს თავისი სახელი დაერქვას, ხოლო...

მამა გიორგი (რაზმაძე): მადლობა ღმერთს, მოგვეცა შანსი, რაღაც-რაღაცებს თავისი სახელი დაერქვას, ხოლო ეკლესიას მიეცა შანსი, გაიწმინდოს

267

არჩევნებამდე 10 დღით ადრე, როცა ქვეყანაში დაძაბულობა პიკს აღწევს და მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება, პოლიტიკური დღის წესრიგის (და არა მხოლოდ პოლიტიკურის) მთავარი თემა ისევ და ისევ ფარული ჩანაწერებია. ამ საკითხზე მსჯელობა და მითქმამოთქმა გრძელდება. ვერსია ბევრია, მთავარი სამიზნე კი ისევ ეკლესია, სამღვდელოება და კონკრეტული სასულიერო პირები არიან. .. ლიბერალური მედია, პრაქტიკულად, შანსს არ უშვებს ხელიდან, თემა აქტუალურობის კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე რომ აიყვანოს და ამ გზით პირდაპირ თუ ირიბად საპატრიარქოს დისკრედიტაციისთვის, სიცრუისა და ცილისწამებისთვის გამოიყენოს. ხან შეფარვითა და მინიშნებებით, ხან კი დაუფარავად და ღია ტექსტით აბსურდული ბრალდებები ისმის მაღალი სინოდისა და პირადად უწმინდესის მისამართით. რა ძალები დგანან ქვეყნის ყველაზე სანდო და ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანიის უკან, რა არის ამ ყველაფრის მიზანი და არის თუ არა თუნდაც ნაწილობრივ ეს მიზანი მიღწეული, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი რაზმაძე.

_ მამაო, ეს დღეებია, ფაქტობრივად, ყველაფერი გადაფარა .. ფარული ჩანაწერების თემამ, მედიასა თუ ინტერნეტსივრცეში სხვა სასაუბრო, პრაქტიკულად, არც არის. ნომერი პირველი სამიზნე რომ ეკლესიაა და შეტევა პირდაპირ სამღვდელოებაზე მიდიოდა, იმთავითვე ჩანდა, თუმცა მეორეა, რა მოიტანა რეალურად ამ ბინძურმა კამპანიამ და ვინ რას მიაღწია ამით. თქვენ, როგორც სასულიერო პირი, როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს?

_ დავიწყოთ იმით, რომ ტყუილებით, ცილისწამებით, აბსურდული ბრალდებებითა და სხვა ბინძური მეთოდებით ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი არ არის. ათეულობით წლებია, ამას ვუყურებთ და მოგვწონს თუ არა, ჩვენი რეალობის განუყოფელ ნაწილად იქცა. 25 წელია, მღვდელი ვარ და ამ ხნის განმავლობაში სულ რაღაც ქარტეხილებში, სულ ბრძოლასა და დაპირისპირებაში ვართ მტრულ ძალებთან. სხვათა შორის, ამ დღეებში ვფიქრობდი, რომ ძალიან მადლიერი უნდა ვიყოთ სამღვდელოება იმისთვის, რაც ახლა ხდება. ვგულისხმობ იმას, რომ, ფაქტობრივად, აპოკალიფსი მოუწყვეს გარკვეულ პირებს და მოუწყვეს იმ უზნეობის ტირაჟირებით, რომელსაც ისინი სჩადიოდნენ წლების განმავლობაში…

_ მათ შორის სასულიერო პირებსაც გულისხმობთ?

_ რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ყველას, ვისაც ბევრი აქვს მოსანანიებელი და გამოსასწორებელი. საერთოდ, ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ, ვისაც ამდენი ხანია, დასატოვებელი აქვს მღვდლობა, უნდა დატოვოს; უნდა წავიდეს, ვინც მრუშია, მამათმავალი, ნარკომანირა უნდა ასეთ ხალხს ეკლესიის წიაღში?! ის კი არა, მე რაღაც ორი სიტყვა რომ ვთქვა გადაბრუნებული, მაშინვე საპატრიარქოში მეძახიან და პასუხს მთხოვენყველამ იცის, ვინ არის მრუში, ვინ _ მამათმავალი და .. დაუძახონ ყველას და ერთხელ და სამუდამოდ ამ ადამიანებს ეს ტვირთი მოხსნან, სალაპარაკო არავის არაფერი რომ არ ჰქონდეს. რაც შეეხება ჩანაწერებს, მადლობას ვეუბნები იმ ხალხს, რომელიც გვისმენდა. თუ მე რამე ისეთი მაქვს ჩადენილი, რაც მიუღებელია, კი, ბატონო, მზად ვარ, მღვდლობა დავტოვო და ამ სიტყვებზე 100%-ით ვარ პასუხისმგებელი. პატრიარქსაც ვეტყვი, ვისზე რას ვფიქრობ. კიდევ ვიმეორებ: მადლობა ღმერთს, მოგვეცა შანსი, რაღაც-რაღაცებს თავისი სახელი დაერქვას, ხოლო ეკლესიას მიეცა შანსი, გაიწმინდოს. რადგან მოსმენებსა და ჩანაწერებზე ვსაუბრობთ, ერთ ფაქტს გავიხსენებ: ადრე ჩემთან მოვიდა ერთი ქალი (სახელი არ მახსოვს, და სიმართლე გითხრათ, არც ვცდილობ გახსენებას), რომელიც მოსმენების სამსახურში მუშაობდა. მის ძმისშვილს, პატარა გოგონას, ჰქონდა თავში სიმსივნე, ის ბავშვი გარდაიცვალა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს. და ეს ქალი ამბობდა, ჩემი სამსახურის გამო, ჩემ მიერ წარსულში გაკეთებული ცუდი საქმეების გამო ვისჯებიო. თვითონ მას შვილი არ ჰყავდა… ყვებოდა, ვის როგორ უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ და თან გაიძახოდა, ისეთი სამსახურია, უკან ვერ გამოვალო. სულ მეუბნებოდა ეს ქალბატონი, მამაო, ფრთხილად იყავით, შეიძლება ყველას უსმენენო… ჩვენ, რა თქმა უნდა, ვანუგეშებდით და, რაც შეგვეძლო, ვამხნევებდით სულიერად. სხვათა შორის, ამ ზაფხულს, როცა ლგბტ აღლუმი მზადდებოდა და ეს თემა დაძაბულობას ქმნიდა საზოგადოებაში, პოლიციის სამმართველოს მანქანა დამყვებოდა. გამოვიდოდი სახლიდან, იდგა, გამყვებოდა, მერე გამომყვებოდა…

_ გითვალთვალებდნენ?

_ აბა, რას აკეთებდნენ?! ერთხელაც მოვუხვიე და გავუჩერე, ვუთხარი: რას დამდევ, რა გინდა? სურათებიც მაქვს იმ პოლიციელისთვის გადაღებული და ჩაწერილიც მყავს, თუ საჭირო იქნება, შემიძლია მოგაწოდოთ… ის კი არა, სახელიც ვიცი, გვარიც და სად მუშაობს…

_ რა გიპასუხათ?

_ ვერაფერი. გაშრა. არ ვიცი, შეიძლება არ ელოდა, რომ მივიდოდი. მერე გადმოვიდა მანქანიდან და შემეხვეწა: ოთხი შვილი მყავს, იქნებ არაფერი თქვათ ჩემზე, სამსახურში პრობლემები შემექმნებაო. არ მინდოდა, პრობლემები შექმნოდა, ის კი ვკითხე _ რა გინდა, რატომ დამდევ-მეთქი.

_ თქვენ რას ფიქრობთ, რატომ გითვალთვალებდნენ?

_ დავალება ჰქონდათ ასეთი. აინტერესებდათ, რას ვაპირებდით, მამათმავლების აღლუმის წინააღმდეგ რა გეგმა გვქონდა და ა.შ. ალბათ, გვისმენდნენ კიდეც. ახლა ორი სიტყვით ხელისუფლებაზეც ვიტყვი _ ეს არის აბსოლუტურად უუნარო ხელისუფლება, რომელსაც ელემენტარულის გაკონტროლება არ შეუძლია და ეს არის სრული კოლაფსი, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური და ყველანაირი. აი, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ყველა გარედან მართული ძალა დღეს დასახულ მიზანს აღწევს ამ ქვეყანაში.

_ მათ შორის ფარული ჩანაწერებითაც?

_ რა თქმა უნდა. ამ ყველაფრის მიზანი იყო ის, რომ ეკლესია და ხელისუფლება ერთმანეთს დაჯახებოდა

_ კი მაგრამ, რას მიიღებდნენ ამით?

_ მიიღებდნენ დაძაბულობას, დაპირისპირებას და, საზოგადოდ, არეულობას, რომელიც, ყველამ ვიცით, ვისთვისაა ხელსაყრელი. თანაც არ დაგავიწყდეთ, ახლოსაა არჩევნები, ხოლო არჩევნების წინ დაძაბულობა ვის აძლევს ხელს, ყველამ ვიცით. საერთოდ, ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ესენი, “ნაციონალურ მოძრაობასადა მის განაყოფებს ვგულისხმობ, ემზადებიან არა 2 ოქტომრისთვის, არამედ 3-ისთვის.

_ რას გულისხმობთ?

_ იმას, რომ მათი მიზანი არა ნორმალურ არჩევნებში მონაწილეობა და ამ გზით გამარჯვებაა, არამედ არჩევნების შემდეგ არეულობა და დესტაბილიზაცია. სააკაშვილი თავის დროზეც ასე მოვიდა, ის მოვიდა ინსცენირებული რევოლუციით. აი, ამიტომაა, რომ ის დღეს წინდაწინვე გაყალბებულად აცხადებს არჩევნებს და ამბობს: აბა, ხალხო, საბრძოლველად ვემზადოთო. მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომ მათი დაბრუნების მსურველთა მთავარი მიზანი და მოტივაცია არის ერთი _ თუ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, თუ დაბრუნდებიან, შური იძიონ.

_ სააკაშვილი ხშირად მიანიშნებს ხოლმე თავის ფეისბუკჩართვებში, რომ ბევრი რამ გადააფასა და შეცდომებს აღარ გაიმეორებს

_ აბსურდია, თუ დაბრუნდებიან ათმაგად იყრიან ჯავრს იმ ხალხზე, რომლის დახოცვა, წამება, გაუპატიურება და სხვა უბედურება ვერ მოასწრეს. არავინ არ დაიჯეროს, რომ ისინი შეიცვალნენ, არა, უფრო გაუარესდნენ და კიდევ უფრო საშინელ რეპრესიებს ჩაატარებენ. ახლა უფრო გაბოროტებულნი არიან. დააკვირდით სააკაშვილს, რა დაბოღმილი ლაპარაკობს ხოლმე თავის ჩართვებში, ან დააკვირდით მათ მედიებს, რამხელა ღვარძლი და სიძულვილია მათში. ეს ყველაფერი გადმოინთხევა და გადმოინთხევა უმძიმეს რეპრესიებად, ამიტომ ღმერთმა ნუ ქნას, ისინი მობრუნდნენ, თორემ ის ცხრა წელი, რომელიც გადავიტანეთ, მონაგონი იქნება

_ გამოსავალს თუ ხედავთ, რა გზით შეიძლება, ქვეყანა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან?

_ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ საქართველოს ისტორიიდან: როცა დავით აღმაშენებელმა რეფორმები დაიწყო, მათ შორის ეკლესიაშიც, თავის სულიერ მოძღვარს, გიორგი ჭყონდიდელს, ჰკითხა, _ რას მირჩევო. ჭყონდიდელმა რა ურჩია, იცით? ხალხს დაუბრუნე ღირსებაო. ეს ძალიან ღრმა შინაარსის შემცველი სიტყვებია ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ _ 90-იანები, უშუქობა, უწყლობა, შიმშილი, ომი, გაჭირვება და ა.შ., მაგრამ დღეს ყველაზე მეტად რა აწუხებს ხალხს, იცით? ის, რომ ღირსებას ულახავენ. “ნაცმოძრაობის” მსგავსმა ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიქართულმა ძალებმა სწორედ აქ დაგვარტყეს, ამიტომ ელოდება საზოგადოება ყველაზე მეტად ღირსების აღდგენას…

_ რა ფორმით წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი?

_ ამაზე დეტალურად საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, ძალიან ბევრი რამ, თითქმის ყველაფერი ძირეულად არის შესაცვლელი, თუმცა არის რაღაც, რაც მარტივად შეიძლება საწყის ეტაპზევე გაკეთდეს.

_ მაგალითად?

_ მაგალითად, გაუქმდეს .. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდაა მიღებული; გაუქმდეს .. ბავშვის უფლებათა კოდექსი და .. ანუ, ცისფერ კომისრებს რაც მოეწონებათ, ის კი არ უნდა აკეთონ, არამედ ის, რაც ხალხს უნდა და სახელმწიფოს სჭირდება, აი, ეს თუ მიიღწევა და დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებელია, ვერც ერთი დესტრუქციული ძალა, ვისგანაც უნდა იყოს მხარდაჭერილი და დაფინანსებული, ვერაფერს ვერ მიაღწევს, პირიქით, ძალიან მალე ჩაიძირება; თუ არადა, ვხედავთ, რა რეალობაც გვაქვს და უარესი გვექნება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here