Home რუბრიკები საზოგადოება მამადავითობას გილოცავთ, ქართველნო!

მამადავითობას გილოცავთ, ქართველნო!

173
მამადავითობას გილოცავთ, ქართველნო!

ყოველ წელიწადს, წმინდა დავით გარეჯელის გარდაცვალების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში მამადავითობა აღინიშნება. იგი თბილისელთა ერთერთი გამორჩეული დღესასწაული იყო _ დილაადრიან იწყებოდა მთაწმინდისაკენ ხალხის საზეიმო სვლა. მლოცველები მამადავითის ეკლესიას ფეხშიშველნი სამჯერ უვლიდნენ გარს. ზეიმის დროს ქალაქის ახლომახლო სოფლებიდანაც ჩამოდიოდნენ ღამისმთევლები. დღესასწაული გვიან ღამემდე გრძელდებოდა.

მამა დავითის თბილისში მოღვაწეობის ხანა მრავალ ლეგენდაშია ასახული. დავით გარეჯელს დაუარსებია ქრისტიანული სამლოცველო, რომელიც დღესაც მამა დავითის ეკლესიის სახელითაა ცნობილი; შემორჩენილია ცნობები ქაშვეთის დაარსებაზეც, დავითის ცხარე შეტაკებებზე სპარსელ მოგვებთან, რომლებიც ცეცხლთაყვანისცემის დანერგვას ცდილობდნენ.

დავითის მოღვაწეობას დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია თანამედროვეებსა და შემდგომ თაობებზე, ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. ვინც ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელის საფლავს სარწმუნოებით თაყვანს სცემს, დღესაც იკურნება სულიერი და ხორციელი ტკივილებისაგან. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ, ისევე, როგორც დავით გარეჯელის გვამმა ბრმას თვალის ჩინი დაუბრუნა, წმინდანი საქართველოსაც დაუბრუნებს თავის წილ ტერიტორიას.

ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელი შუამდინარეთის ასურეთიდან იყო. მისი დაბადების ზუსტი თარიღი და მშობელთა ვინაობა უცნობია. იგი, ჯერ კიდევ ყრმა, სულიერი შვილი გახდა თანამემამულის, წმიდა მამა იოანე ზედაზნელისა. განერიდა რა კაცთა დიდებას საკვირველმოქმედი ღირსი მამა იოანე, თავის მოწაფეებიანად მცხეთას წამოვიდა და პატიოსანი სვეტის თაყვანისცემის შემდეგ დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე მთაზე შეჩერდა. აქედან, მასწავლებლის კურთხევით, მოწაფეთაგან ზოგმა კახეთის საზღვრებს მიაშურა, ზოგმა კი _ დვალეთს.

მამა დავითმა თავიდან სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. ბერ ლუკიანესთან, თავის მოწაფესთან და სულიერ შვილთან, ერთად ქალაქის დასავლეთ მთის ფერდობზე გამოქვებულში დასახლდა და პატარა სამლოცველო მოაწყო. ბერები მხოლოდ მთის მცენარეებით იკვებებოდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.

წმინდა მამათა საცხოვრისი ანდამატივით იზიდავდა თბილისისა და მისი შემოგარენის მკვიდრთ. ბერებთან უამრავი ხალხი მიდიოდა აღსარებისთვის. მამა დავითი უსმენდა მათ, სინანულისა და შენდობისაკენ მოუწოდებდა, ხუთშაბათობით კი ქალაქში ჩადიოდა, ქადაგებით ამხნევებდა ხალხს და რწმენას განუმტკიცებდა.

მამა დავითის ლოცვით მისი გამოქვებულის ახლოს სასწაულმოქმედმა წყალმა ამოხეთქა. ამ წყაროს წყალობით მრავალი მართლმორწმუნე განიკურნა უშვილობისგან.

იმდროინდელი თბილისი ცეცხლმსახურებს ეპყრათ. მამა დავითმა ბევრი ცეცხლმსახური მოაქცია ქრისტეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რჯულზე.

დავითგარეჯის ლავრაში მამადავითობის დღესასწაული და წირვა
დავითგარეჯის ლავრაში მამადავითობის დღესასწაული და წირვა

მოგვები ხედავდნენ, რომ დავითი უფრო და უფრო დიდ სიყვარულს იხვეჭდა ხალხში და ყოველნაირად ცდილობდნენ, შეებღალათ მისი სახელი. ერთ კვირა დღეს საქადაგებლად ქალაქში ჩამოსულ წმიდა მამას მასზე წინასწარ შეთხზული ცილისწამების მოწმედ მეძავი ქალი მოუყვანეს. მეძავმა შეკრებილი ხალხის წინაშე მამა დავითს მრუშობა დააბრალა. უფლის მსასოებელმა მოძღვარმა ქალის მუცელს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი შეახო და ნაყოფს უბრძანა, ეთქვა ნამდვილი მშობლის ვინაობა. მანაც სასწაულებრივად თავის მამად ვინმე მჭედელი აღიარა. ამბის მოთავე შერცხვენილმა მოგვებმა ქალს ქვები დაუშინეს. მათ ხალხიც აჰყვა. ღირსმა დავითმა ვერ შეძლო მათი შეჩერება და ცილისმწამებელი ქვებით ჩაქოლეს.

ამ ამბის შემდეგ, გულგატეხილმა, ბერ ლუკიანესთან ერთად დატოვა თბილისი, ქალაქის მკვიდრთ კი მისდამი მოწიწება და სიყვარული არ განელებიათ, უსახელო მთას მამადავითი უწოდეს, ხოლო იმ ადგილზე, სადაც წმიდა მამას უყვარდა ქადაგება, ამჟამად აღმართულია ქაშვეთად წოდებული წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია.

განდეგილთა წესისამებრ, ღირსი მამა ხალხისგან მოშორებით დამკვიდრდა _ კახეთში, ყარაიას ველზე გადაშლილ გარეჯის უდაბნოში, მზისგან გადამწვარ, ქვეწარმავლებით სავსე, კლდოვან ადგილას, და ლუკიანესთან ერთად კლდეში გამოკვეთილ პატარა ქვაბულში მოაწყო სენაკი. სიცხეში უწყლობით შეწუხებული ლუკიანე მამა დავითმა ღვთის სასოებით ანუგეშა. ღირს მამებს საკვებად იქვე ამოსული მწვანილეულობა ჰქონდათ, მაგრამ ზაფხულში მათი საკვები გადახმა და ლუკიანეც შეშფოთდა. წმიდა მოძღვარმა კვლავ ანუგეშა იგი ღვთის შემწეობის იმედით და მართლაც მალე მათ წინ ორი ირემი გაჩნდა ნუკრთან ერთად. ლუკიანემ ირმები მოწველა და რძიანი ჯამი მამა დავითს გაუწოდა. მან ზედ ჯვარი გამოსახა და რძე ყველად იქცა.

ოთხშაბათსა და პარასკევს ისინი საზრდელს სულ არ იღებდნენ და მხოლოდ ლოცულობდნენ, ირმებიც კვირის ამ დღეებში მათთან არ მოდიოდნენ. იმ სენაკის ქვემოთ, რომელშიც მოღვაწენი ცხოვრობდნენ, ერთი გამოქვაბული იყო. ამ გამოქვაბულში აჯაგრული, უზარმაზარრქიანი საზარელი მხეცი ბინადრობდა. ერთ დღეს ირმებმა, რომლებიც ჩვეულებისამებრ მოდიოდნენ მამებთან სამსახურის გასაწევად, მხეცის გამოქვაბულის წინ გაიარეს, რომელმაც მათ ნუკრი მოსტაცა და შეჭამა. შეშინებულმა ირმებმა მამა დავითთან მიირბინეს. წმიდა მამამ ქრისტეს ჯვრის ნიშნიანი რკინის კვერთხი აიღო და საზარელი მხეცის საპოვნელად ირემთა კვალს გაჰყვა. მან კვერთხი ზე აღაპყრო და მხეცს იმ ადგილიდან შორს გადახვეწა უბრძანა. მხეცი წმინდანის ბრძანებას დაემორჩილა, მაგრამ ის-ის იყო მტკვარში უნდა ჩასულიყო, რომ ციდან ჩამოტყორცნილმა მეხმა მეყსეულად დაწვა. ანგელოსმა აუწყა დავითს, რომ მხეცი მდინარიდან ზღვაში შესვლას აპირებდა, სადაც იგი ხალხს დიდ ზიანს მოუტანდა, ამიტომაც მასზე მოწეული რისხვა ღვთის განგება იყო.

ერთხელ უდაბნოში კახელი მონადირეები ირმებს დაედევნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იხილეს წმინდა ბერის წინ ცხვრებივით მშვიდად მდგომი ირმები. ისინი ფერხთით ჩაუვარდნენ მამა დავითს და შეევედრნენ, ნება მიეცა, რომ მასთან დარჩენილიყვნენ. წმინდანმა, როგორც შვილებსა და ძმებს, სთხოვა, შინ დაბრუნებულიყვნენ და იქიდან ემსახურათ უფლისთვის. უკან დაბრუნებულმა მონადირეებმა კი მამა დავითის ამბავი ხალხში გაავრცელეს. ასე გაემართნენ ქრისტეს ტკბილი უღელის ტვირთვას მოწადინებული ადამიანები მოღვაწეთა უდაბნოსაკენ…

როცა ღირსსა და სანატრელ დავითს უფლის მიერ ეუწყა, რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა, კეთილმა მწყემსმა მოიხმო უდაბნოში მცხოვრები ძმები და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი: “ნუ შეძრწუნდებით და ნუცა აღშფოთდებით, არამედ უფროსღა განმტკიცდით და განმძლავრდით და სცანით ამაოებაი ესე საწუთოსა დაუდგრომლისა, რამეთუ ყოველნივე წარმავალ ვართ წერილისაებრ და არა რაი სოფლისა პირს მდგომად შერაცხილთაგანი დადგრების, ხოლო სული, ვითარ უკვდავისა მიმღებელი, ღვთისაგან საუკუნოდ დაადგრების და გუეგულვების მიღება კეთილთა გინა ბოროტთა, რომელიც ასევე ვიმოქმედეთ ცხოვრებასა ამას შინა”.

იგი ეზიარა უფლის წმინდა ხორცსა და პატიოსან სისხლს, ღვთის მიმართ ხელნი აღაპყრო და მადლობის შემწირველმა დაუტევა მრავალმოღვაწე გვამი.

გარდაცვლილი წმიდანის სხეულიდან მადლი გამოკრთოდა. მათ შორის, ვინც ცხედარს ემთხვია, ერთი დაბადებიდან ბრმა იყო. უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილის შემდეგაც ადიდა მისი მსახური _ წმინდანის გვამმა ბრმას თვალის ჩინი დაუბრუნა.

წმინდა დავით გარეჯელი მოწაფეებმა იმავე სენაკში დაკრძალეს, რომელშიც მრავალი წელი გაატარა. მის საფლავზე დიდხანს იდო იერუსალიმიდან ჩამოტანილი ქვა და სასწაულმოქმედი მადლით კურნავდა რწმენით მიახლებულთ.

ვინც ღირსი და საკვირველმოქმედი მამა დავით გარეჯელის საფლავს სარწმუნოებით თაყვანს სცემს, დღესაც იკურნება სულიერი და ხორციელი ტკივილებისაგან.

* * *

მამადავითის პირველი ეკლესიის შესახებ მატიანეს ზუსტი ცნობები არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, ამიტომაც, ათონის მთის მსგავსად, მამადავითს მეორე სახელი _ მთაწმინდა დაერქვა.

დამპყრობლებმა საუკუნეთა მანძილზე არაერთგზის დაანგრიეს ეკლესია, მაგრამ ღირსი დავითის ლოცვის მეოხებით მთის ეს ფერდობი უკვე უფლის მადლით იყო ცხებული, ამიტომაც იოლად აღდგებოდა ხოლმე ნანგრევებიდან.

XVI საუკუნეში ათონის მთიდან ჩამოსულმა ორმა ბერმა, დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა, დაზიანებული ეკლესიის ადგილას ღვთისმშობლის სახელზე მონასტერი ააგეს და ახალ ტაძარს მთაწმინდის ძირას მდებარე მიწები შესწირეს. ქართველი მეფენი და დიდებულნი დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ ამ მადლმოსილ ადგილს. ქართლის მეფე დავით მეათეს, შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ, მიუტოვებია ტახტი და მამადავითის ეკლესიაში ბერად აღკვეცილა. დავითი აქვე გარდაიცვალა და დაუკრძალავთ ფერიცვალების ეკლესიაში, მამადავითის დიდი ეკლესიის გვერდით.

აქ გარდაიცვალა რუისის ეპისკოპოსი ნიკოლოზიც, რომელმაც ხანდაზმულობის გამო უარი თქვა ეპარქიის მართვაზე და მთაწმინდაზე დასახლდა.

მეფე ერეკლე მეორეს შვილის, სოლომონის, გარდაცვალებით მიღებული ტრავმის მოშუშებაში მამადავითის ეკლესია დახმარებია. მამადავითის ეკლესიაში სალოცავად ხშირად ადიოდა თურმე საქართველოს უკანასკნელი მეფე _ გიორგი მეთორმეტე.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII საუკუნის ბოლოს მონასტერი მიტოვებული და გაჩანაგებული ყოფილა. არემარე ისეთ ხშირ ჯაგნარს დაეფარა, რის გამოც მლოცველებს თურმე მასთან მიახლოებაც უჭირდათ.

კათოლიკოსმა ანტონ II-მ ყურადღება მიაქცია მამადავითის დანგრეულ ტაძარს და მისი აღდგენა ქაშვეთის მღვდელს, თომა გრიგორიევს, დაავალა. მამა თომა გულისხმიერებით მოეკიდა საქმეს და ერთი წლის შემდეგ, 1810 წელს, თბილისელთა შემოწირულობებით აიგო ტაძარი “სახელსა ზედა ღირსისა მამისა დავით გარეჯელისასა”. ეკლესია აგურით აშენდა და უგუმბათო ხის სახურავი ჰქონდა. კათალიკოს ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით, ეკლესია ფერისცვალების სახელზე აკურთხა არქიმანდრიტმა ტრიფოლიმ. სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ _ გარეჯის უდაბნოში ღირსი მამა დავითი სწორედ ფერისცვალების მონასტერშია დაკრძალული.

კათალიკოსპატრიარქ ანტონ მეორისა და მეფე გიორგი მეთორმეტეს დროს, ტაძრის აგებისას და დედათა მონასტრის დაარსებისას, შეკეთდა წმინდა დავითის სენაკმღვიმე. XX საუკუნის 30-წლებში, როცა ეს წმინდა ადგილი პანთეონად გადააქციეს, კეთილმოწყობის დროს წმინდა დავითის მღვიმე აგურის კედლით მთლიანად დაიფარა, დარჩა მხოლოდ მცირე სადგომი, რომელშიც მხოლოდ მილები იყო გამოყვანილი, რომლებიდანაც შეიძლებოდა წყლის აღება. 2002 წლის აპრილში ამოშენებული კედელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის _ ილია მეორეს კურთხევით გაიხსნა და გამოჩნდა მღვიმე, რომელშიც ამჟამად ყოველი მხრიდან წყალი მოჟონავს და სენაკის ძირში მდებარე აუზში გროვდება.

მოგვიანებით, XX საუკუნის დასაწყისში, ძველი სამრეკლოს ადგილას ფერისცვალების პატარა ეკლესიაც აიგო.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ეკლესიის ეზოში უკვე იყო დასაფლავებული რამდენიმე ღირსეული მამულიშვილი. 1915 წელს კი, აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში, დაიბადა აზრი, რომ მთაწმინდაზე ერის წინაშე განსაკუთრებით ღვაწლმოსილ პიროვნებათა სასაფლაო მოეწყოთ. 30-იან წლებში დიდუბიდან მთაწმინდაზე გადმოასვენეს მრავალი ძვირფასი ადამიანის ნეშტი და აქ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი დაარსდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here