Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: როგორ შეიძლება, დამოუკიდებელი ქვეყნის მიზანი იყოს რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრება,...

ლევან ჩაჩუა: როგორ შეიძლება, დამოუკიდებელი ქვეყნის მიზანი იყოს რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრება, სახელმწიფოს მიზანი ქვეყნის ძლიერება უნდა იყოს

322

რამდენიმე დღის წინათ დასავლეთისა და ამერიკისგან დახმარების მიღების იმედგადაწურულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურს, მოისმინოს, ნატოში გაწევრების რა პერსპექტივა აქვს უკრაინას. “კონკრეტიკა გვჭირდება. გვითხარით მიზეზებისაჯაროდ გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით. რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს”, _ აღნიშნა ზელენსკიმ. საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინელებს გაუგზავნა მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც აშკარად ზომიერად არის დაწერილი და ნახსენები არ არის რუსეთის აგრესია, რამაც ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და თანამედროვე გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს პერსპექტივაზექართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა გვესაუბრება.

_ უკრაინაში ვითარების დაძაბვა დასავლეთის პროვოცირებულია. რუსეთს არაფერში სჭირდება ევროპის უდიდესი ქვეყნის დაპყრობა და მისი რჩენა.

რუსეთი თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ნატოს ქვეყნებს კი რუსეთის წინააღმდეგ ომის არც სურვილი აქვთ და არც ძალა, მათ შეუძლიათ, ცხელი წერტილები გააჩინონ ე.წ. ფერადი რევოლუციების შედეგად თავიანთი ხელდასმული ადამიანების მოყვანით ხელისუფლებებში. გარდა ამისა, ეკონომიკური ემბარგოები და სანქციებიც მოქმედებს. დასავლეთი რუსეთის დასუსტებას ცდილობს და ამას სანქციებით თითქოს ახერხებს კიდეც, რაც ხალხის უკმაყოფილებაში გამოიხატება.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი მასხარაა, სწორედ ისეთი, როგორი ხელისუფალნიც ჩვენ გვყავს, უკვე 30 წელიწადია. უკრაინაში პოროშენკო მოიყვანეს, ვითომ როგორც რეფორმატორი, ზუსტად ისე, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში გააკეთეს; შემდეგ მოვიდა ზელენსკი, ისე, როგორც “ქართული ოცნება” ჩვენთან. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არსებითი განსხვავება არ არის.

საქართველოს ხელისუფლებამ მთელი რიგი საკონსტიტუციო ცვლილებებისა შეიმუშავა, რათა დამორჩილებოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ასე მოხდა უკრაინაშიც. ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად ამერიკის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში იარაღით ხელში და შემოიყვანოს ის, ვინც სურს, ამერიკელებს რეკომენდაციის გაწევა შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანისთვის, ჩვენი ქვეყანა კი ვალდებულია, მიიღოს. კონსტიტუციაში რომ ჩაიწერა სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირისკენ, საშინელებაა. ნატოში გაწევრება მიზნის მიღწევის საშუალება შეიძლება იყოს და არა მიზანი. როგორ შეიძლება, დამოუკიდებელი ქვეყნის მიზანი იყოს რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრება, სახელმწიფოს მიზანი ქვეყნის ძლიერება უნდა იყოს. ჩვენმა სახელმწიფომ კონსტიტუციაში ჩაწერა ნატოში გაწევრება და ეს ამ ხელისუფლებამ გააკეთა. დაიწყო სააკაშვილმა და ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დაასრულა _ “ქართულმა ოცნებამწერტილი დაუსვა. კარგი იქნება, თუ საქართველოსა და ამერიკას შორის დადებული ხელშეკრულების პუნქტებს გამოაქვეყნებთ.

_ ზელენსკი თითქოს გონს მოდის, მისი განცხადებებიდან ჩანს, რომ ნატოსა და ამერიკის იმედი აღარ აქვს. მის განცხადებას თქვენ ასე გამოეხმაურეთ: “პოზდნა, რიტა, ტი პალიუბილა ვორა”…

_ უკრაინა ისეთ მდგომარეობაშია, როგორიც ჩვენ, ქართველებმა, უკვე გავიარეთ. ერთი შეხედვით, ზელენსკის თითქოს გონება გაუნათდა და ამერიკისა და ნატოს იმედი აღარ აქვს, ამაზე საჯაროდ საუბრობს კიდეც, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია

ყირიმზე არავინ აღარ საუბრობს, უმაღლესი დონის შეხვედრებზე ყირიმს აღარ ახსენებენ. თემა დაიხურა, ყირიმი რუსეთს ეკუთვნის. არც დონეცკისა და ლუგანსკის საკითხებზე აღარ საუბრობენ. უბრალოდ, რუსეთის შეკავებაზე ლაპარაკობენ, რათა ფართომასშტაბიანი შეჭრა არ მოხდეს და ეს არ მოხდება. ეს უფრო ნერვების ჭიდილია, კუნთების თამაში და, რაც მთავარია, უკრაინა ვაჭრობის თემად გადაიქცა დიდ პოლიტიკაში, მეტი როლი და ფუნქცია არ აქვს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდასთანაც კი არ დაისვა. ისე წყვეტენ უკრაინის ბედს, არც ეკითხებიან და არც ასწრებენ შეხვედრას რამდენიმე ქვეყნის მმართველები. მათ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს უკრაინის ხელისუფლება… არადა, უკრაინა პატარა ქვეყანა არ არის.

უკრაინის ასეთი დეგრადაცია სათავეს შორიდან იღებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინას ჰქონდა შანსი, ყოფილიყო ნომერი მესამე ბირთვული სახელმწიფო, ამ ქვეყანას უდიდესი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ რუსეთის იმჟამინდელი მმართველებისა და ამერიკის დაჟინებული მოთხოვნით, უკრაინის ატომური პოტენციალი რუსეთსა და ამერიკაზე გადანაწილდა. ახალგაზრდა ვიყავი იმხანად, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ უკრაინელები ამბობდნენ, ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიააო. ამერიკელებიც დაჰპირდნენ, ჩვენ და რუსეთს მოგვეცით ბირთვული იარაღი და ჩვენ ვიქნებით თქვენი უსაფრთხოების გარანტიო, ისინიც დათანხმდნენ…

დრო გავიდა და ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ამერიკისა და ევროპის გარანტია არაფერს ნიშნავს, ამხელა საფრთხის წინაშე დგანან უკრაინელები და არავინ ეხმარება. დარწმუნებული ვარ, აღმოსავლეთ უკრაინა გამოეყოფა უკრაინას. მოკლედ, გაინაწილებენ ამხელა ტერიტორიას და მარტივ მამრავლებად დაშლიან. უკრაინის ეკონომიკა, ფაქტობრივად, დანგრეულია. არც ერთი ჭკუათმყოფელი უკრაინაში ინვესტიციას არ ჩადებს. უშველებელი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ სწრაფვამ დააქცია. ზელენსკის ეს გედის სიმღერა ნიშნავს იმას, რომ იმედი გადაეწურა და მიხვდა, რომ უკრაინისთვის არავინ იბრძოლებს. გერმანიამ ჩაფხუტები და საველე კარვები გაუგზავნა, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გამოგვიგზავნეს ამერიკელებმა დახმარების სახით პამპერსები და წყალი 2008 წელს.

დასავლეთისკენ მკვეთრად გადახრილმა საგარეო ვექტორმა უკრაინა დაღუპა. თუ ქართველები გონს არ მოვეგებით, ჩვენც იგივე გველოდება. თუმცა, ჩვენ ისედაც დაშლილები ვართ, ორი დიდი რეგიონი საქართველოს იურისდიქციის ქვეშ აღარ არის, ჩვენი ქვეყნის მჭიდროდ დასახლებულ რამდენიმე რეგიონს დიდი საფრთხე ემუქრება. თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ პრობლემა შექმნას, უმარტივესად გამოუვა _ საქართველოს მარტივ მამრავლებად დაშლიან. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, სამწუხაროდ, არ ესმის…

_ ამაში ვერ დაგეთანხმებით, რადგან ძალიან გონივრული და წინდახედული რეზოლუცია გაგზავნეს უკრაინაში. არც ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი რუსულ აგრესიაზე, მიუხედავად იმისა, რომ .. ოპოზიცია საწინააღმდეგოს ცდილობდა

_ კი, იყო ეს ზომიერი წერილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება გონს მოეგო, ესენიც ისეთივე მარიონეტები არიან, როგორც უკრაინის ხელისუფლება. უბრალოდ, “ოცნება” ნაცების ფონზე კარგად გამოიყურება. ხელისუფლებამ, რომელმაც კონსტიტუციაში უპირველეს მიზნად ჩაწერა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, არ შეიძლება იყოს გონიერი. საქართველომ გადაკვეთა წითელი ხაზები, რადგან რუსეთი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე განთავსებული ნატოს ჯარები წითელი ხაზების გადაკვეთას ნიშნავს.

_ “ქართული ოცნებაარ არის აგრესიული რუსეთისადმი. მისი წარმომადგენლები პროვოკაციაზე არ მიდიან, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით

_ საქართველოსთვის არ არის საკმარისი ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს ამ შემთხვევაში. ასე ეკონომიკური სტაგნაციიდან ვერ გამოვალთ. “ქართულ ოცნებას” ჰქონდა ორი დაპირება _ სამართლიანობის აღდგენა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება. ეს არ შეასრულა. სააკაშვილივით თუ ცხინვალს არ ბომბავს, შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ აკეთებს ვლადიმერ პუტინის მისამართით, არაფერს ნიშნავს და ეს გონიერებაში არ ჩაეთვლება.

_ რა იქნებოდა ამ შემთხვევაში გონივრული ნაბიჯი?

_ რუსეთის მხარემ რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ ქართველები და ოსები, ქართველები და აფხაზები ერთმანეთს დაელაპარაკეთ, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, ოღონდ გაითვალისწინეთ ჩვენი ინტერესებიო, მაგრამ არ აღმოჩნდა ამ ხელისუფლებაში გონიერი ადამიანი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან ამერიკის მარიონეტები არიან. არც ისეთი ფიგურა გვყავს ხელისუფლებაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს დაუჯდება სალაპარაკოდ. სურვილიც არ აქვთ ამისა.

ერთხელ ჟურნალისტმა მკითხა: ლეგიტიმაცია რომ გქონდეთ რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის, რას იზამდით? ვუპასუხე, რომ ჩავიდოდი და ვკითხავდი ვლადიმერ პუტინს: ჩვენ ვისაუბრებთ ოსებთანაც და აფხაზებთანაც, მაგრამ, თქვენ რომ ამბობთ, ჩვენი ინტერესები გაითვალისწინეთ, რას გულისხმობთ-მეთქი?! რასაც მიპასუხებდა, იმ პასუხს აქ ჩამოვიტანდი, საჯაროდ ვიტყოდი ყველაფერს, არც საჯილდაო ქვად ვაქცევდი პასუხს ამერიკელებისთვის _ ოღონდ აქ თანამდებობაზე დამტოვეთ, გრანტები მომეცით, თორემ რუსებთან წავალო… ასე არ ხდება, როგორც ეს მარიონეტები აკეთებენ, ასე არ შენდება სუვერენული სახელმწიფო. უნდა შეხვდეს ქვეყნის პირველი პირი რუსეთის პრეზიდენტს, საჯარო განხილვის თემად უნდა იქცეს იქიდან ჩამოტანილი პასუხიც და ხალხს უნდა ვკითხოთ, რას ფიქრობს. ხალხი ბრძენია და გადაწყვეტილებასაც შესაბამისს მიიღებს, მაგრამ საქართველოში ამერიკის ელჩი წყვეტს, ვინ სად წავიდეს და მოლაპარაკების მაგიდასთან ვინ დაჯდეს, რა თქვას. ტექსტებიც კი ამერიკის ელჩის დაწერილია.ჩვენი მთავრობის მაღალი ეშელონების წარმომადგენლები ტრაბახობენ: “გამოვთქვი მადლიერება, ნატოს მხრიდან საქართველოსთვის მშვიდობიანი მომავლის მხარდაჭერისთვისდა საინტერესოა, რომელ მშვიდობას გულისხმობენ და რა არის პერსპექტივაში, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ, თუ საქართველო ნატოში შევა, ომს დაიწყებს?!

დამცირებული ქვეყნები ვართ ჩვენც და უკრაინაც _ ხან ღია კარში ვგდავართ, ხან _ ფანჯარაში. აგერ ზელენსკი უკვე ყვირის, რომ დამცირებულია. საბოლოოდ, ორივე დაშლილი ქვეყანა ვართ. ერთადერთი გამოსავალი რუსეთთან პირდაპირი დიალოგია. დღეს სწორედ ამ დიალოგისთვის ალექსანდრე ლუკაშენკოს დონის მმართველი გვჭირდება და არა ვიღაცის ხელის ბიჭი.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here