Home რუბრიკები საზოგადოება კეთილშობილი დაფნის კულტურა

კეთილშობილი დაფნის კულტურა

2328
დაფნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

კეთილშობილი დაფნა მარადმწვანე მცენარეა დაფნისებრთა ოჯახიდან (Lauraceae). ამ ოჯახში შედის 45 გვარი და ათასზე მეტი სახეობა. დაფნის გვარში მხოლოდ ორი სახეობაა გაერთიანებული: კეთილშობილი დაფნა და კანარიის დაფნა.

გაშენება და მოვლა

დაფნა წარმოადგენს მარადმწვანე ბუჩქს ან ხეს, რომელიც ზრდის პირობების მიხედვით აღწევს 3-5-დან 12-18 მეტრამდე, შტამბის დიამეტრი 10 სმ-მდეა. მცენარე ორსახლიანი და ერთსახლიანია. საქართველოში ყვავილობს აპრილის ბოლოდან, ნაყოფი კურკიანია, მოშავო ფერის, ნაყოფგარემო წვნიანია, მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდია. 120-150 წლიანი და მეტი ასაკის ხეები არსებობს დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში.

ძველ საბერძნეთსა და რომში დაფნა, როგორც ღვთაებრივი მცენარე, საპატიო კულტურად ითვლებოდა. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში, დაფნის გვირგვინით ამკობდნენ დამსახურებულ მეცნიერებს, მწერლებსა და პოეტებს, ეროვნულ გმირებს, აგრეთვე, სპორტში გამარჯვებულებს. ბოტანიკოსმა კარლ ლინეიმ ამ მცენარეს “ლაურუს ნობილის” (კეთილშობილი დაფნა) უწოდა, აქედანაა მიღებული სიტყვა ლაურეატი, რომელიც დაფნის გვირგვინოსანს ნიშნავს.

დაფნის ნედლეულის სასაქონლო პროდუქციის ძირითადი მწარმოებელია იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, იუგოსლავია, სირია და სხვ. საქართველოში დაფნა ველურად მოზარდი დაფნარების სახით უძველესი დროიდანაა ცნობილი. ტყის სხვა ჯიშებთან შერეული, ფართოდ არის გავრცელებული მცირე სიმაღლის (ზღვის დონიდან 100-350 ) მთის კალთებზე.

საქართველოს დასავლეთი რაიონებიდან დაფნა საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებსა და აზერბაიჯანში გავრცელდა.

გასული საუკუნის 50-იან წლებში დაფნის ეთერზეთის წარმოების გაფართოების მიზნით დაფნის ნედლეულზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ამ კულტურაზე კვლევით მუშაობას ეწეოდნენ სოხუმის, ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღები, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი, საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტები, რომლებმაც მეცნიერულად დაამუშავეს დაფნის სარგავი მასალის გამოყვანის, პლანტაციის გაშენებისა და მოვლის აგროტექნიკა, ნედლეულის დამზადების, შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგია.

დაფნის ბიოლოგიური თავისებურებები და გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება

დაფნა ქვეტყის მცენარეა და შედარებით კარგად იტანს ჩრდილს, მაგრამ დაჩრდილვის შემთხვევაში მის ფოთლებში ეთეროვანი ზეთის რაოდენობა იკლებს და ფოთლის ხარისხიც დაბალია, ამიტომ დაფნის ფოთლის მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად გადამწყვეტი მნიშვნელობა, სხვა ფაქტორებთან ერთად, სითბოსა და სინათლეს ენიჭება. დაფნის გაშენება შეიძლება მაღალტანიანი მერქნოვანი ჯიშების ნარგაობაში. დაჩრდილვასთან ერთად დაფნა კარგად იტანს შემჭიდროებულ დარგვასაც. დაფნის ნარგაობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქარსაფარი ზოლების გაშენების საქმეში. ეს ქარსაფრები მცენარის თესლსაც დიდი რაოდენობით იძლევა.

მცენარის ფოთოლი მარტივია, ფოთლის ზომა 10-დან 20 სმ-მდე აღწევს. ფოთლის ფერი, ზომა და ფორმა გარემო ფაქტორებისა და მოვლის პირობების შესაბამისად მნიშვნელოვნად ცვალებადობს. მცენარე უხვად ყვავილობს. ყვავილი სურნელოვანი და თაფლოვანია, ამიტომ გაზაფხულზე მისი დამტვერიანება უმეტესად თაფლის მოყვარული მწერების საშუალებით ხდება. ხეზე ნაყოფები ერთეულად, ზოგჯერ ჯგუფურად არის წარმოდგენილი. ნაყოფში ერთი თესლია, რომელსაც ყავისფერი თხელი ნაჭუჭი აქვს.

დასავლეთ საქართველოს პირობებში დაფნის ფესვთა სისტემა ზრდას იწყებს მაშინ, როცა ნიადაგის ტემპერატურა 7 oC მიაღწევს, ხოლო ინტენსიურად ზრდა მიმდინარეობს 18-21 oC დროს. საკვები ნივთიერებებით მდიდარ ღრმა ჰუმუსიან ნიადაგზე, სადაც წყლისა და ჰაერის რეჟიმი მოგვარებულია და აგროტექნიკური ღონისძიებებიც თანმიმდევრობით ტარდება, ფესვთა სისტემას ნიადაგის ზედა ფენებში ივითარებს და იგი ერთ მეტრზე ქვემოთ სიღრმეში არ ჩადის. გვალვიან წლებში ასეთ პლანტაციებში მცენარე ძნელად იტანს ტენის დეფიციტს. მისი მორწყვა ან ნიადაგის დამულჩვა კარგ ეფექტს იძლევა.

დაფნის თესლის აღმოცენება მოკრეფისთანავე დათესვისას 85-95%-ს შეადგენს, გაზაფხულზე თესვისას იგი 35-45%-ით მცირდება. შემოდგომაზე დათესილი თესლი აღმოცენებას იწყებს აპრილში +12 ან +14 oC ტემპერატურაზე. დაფნა ნელა მზარდ მცენარეებს მიეკუთვნება. პირველ წელს ნათესარის სიმაღლე, ზრდის პირობების მიხედვით, 20-დან 25 სმ-მდეა.

დაფნას -12 oC ტემპერატურა მცირედ აზიანებს, -16ოჩ-ის დროს საგრძნობლად ზიანდება მიწის ზედა ნაწილები, ხოლო, -22oC-ის დროს მთლიანად იღუპება. ყინვებს შედარებით ცუდად იტანს დაფნის ერთწლიანი ნერგები. ისინი ფესვის ყელამდე იყინება -14-15 oC -ის დროს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ფერდობებსა და მაღლობებზე გაშენებულ სანერგეებში დასავლეთ საქართველოს პირობებში 1 და 2-წლიან ნარგაობებს ყინვა არ აზიანებს.

დაფნისთვის დამახასიათებელია ზრდის სეზონური რითმულობა. დასავლეთ საქართველოს ტენიანი რაიონების პირობებში დაფნის მიწისზედა ნაწილს აქტიური ზრდის სამი პერიოდი გააჩნია: გაზაფხულზაფხულის (აპრილის ბოლოივნისის დასაწყისი), ზაფხულის (ივნისის ბოლოაგვისტო) და შემოდგომის (სექტემბეროქტომბერი).

თავის სამშობლოში _ ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში, დაფნის ყვავილობა და ნაყოფის გამონასკვა შემოდგომაზე ხდება, ჩვენს პირობებში კი მისი გენერაციული პერიოდი გახანგრძლივებულია _ საყვავილე კვირტის ჩასახვიდან თესლის მომწიფებამდე საჭიროა 18-19 თვე. საქართველოში დაფნა მსხმოიარობას იწყებს 4-5 წლიდან. ნაყოფის ინტენსიური ზრდა ივლის-აგვისტოში მიმდინარეობს, მომწიფება კი _ სექტემბერ-ოქტომბერში.

ეთერზეთოვანი მცენარეების ნორმალურ ზრდა-განვითარებაზე, მოსავალსა და ეთერზეთის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებზე გარკვეულ გავლენას ახდენს ოროგრაფიული ფაქტორები. ზღვიდან დაშორებით და ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად, იზრდება დაფნის მცენარის ეთერზეთის ხარისხობრივი მაჩვენებლები. ამავე დროს, დაფნის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები უფრო მაღალია სამხრეთის ექსპოზიციაზე.

დაფნის გაშენება, ძირითადად, შემოფარგლულია დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სუბტროპიკული ზონით, მაშინ, როცა შედარებით მაღალი ყინვაგამძლეობისა და გვალვაგამძლეობის გამო იგი შეიძლება გავაშენოთ სხვა სუბტროპიკული კულტურებისთვის ნაკლებად გამოსადეგ ნიადაგებზე და რეგიონებში. იგი კარგად ხარობს ნეშომპალა, გაეწრებულ და ეწერ ნიადაგებზე, ალუვიურ და წითელმიწა ნიადაგებზე, კირიან ქვეთიხნარებსა და კირნარებზე. დაფნისთვის გამოუსადეგარია ჭარბტენიანი ნიადაგები.

დაფნის კულტურის გამოყენება კულინარიასა და ფარმაკოლოგიაში

საზოგადოების განვითარების სხვადასხვა საფეხურზე დაფნის მცენარეს ყოველთვის მრავალმხრივი გამოყენება ჰქონდა. მას, როგორც მთლიანად მცენარეს, ისე ცალკე ფოთოლს და ნაყოფს, სახალხო მეურნეობაში მრავალმნიშვნელოვანი გამოყენება აქვს. მცენარის ყველა ნაწილში, განსაკუთრებით ფოთლებში, სხვადასხვა რაოდენობით წარმოიქმნება და გროვდება კვებითი ღირებულების სასიამოვნო არომატული ეთეროვანი ზეთი, რომლის ქიმიური შედგენილობა და სურნელება აღვიძებს მადას და სასიამოვნო გემოს აძლევს როგორც ცხელ, ისე დაკონსერვებულ საკვებს. დაფნის ხმელი ფოთოლი ისეთივე საკმაზ-სანელებელი მცენარეული პროდუქტია, როგორც, მაგალითად, მიხაკ-დარიჩინი, სურნელოვანი შავი წიწაკა და სხვ. დაფნის ხმელი ფოთოლი ცხელსა და ცივ ხსნარში ხმარებისას არ ფუჭდება, ამიტომ განუსაზღვრელი დროით შეიძლება კერძში მისი დატოვება. ეთეროვანი ზეთი დაფნის ფოთლიდან ხსნარში გადადის და საჭმელს ნაზ არომატს აძლევს. მას, აგრეთვე, იყენებენ ხორცის დაშაშხვისას, თევზის დამარილებისას, ბოსტნეულისა და ხორცეულის დაკონსერვებისას. მისი ფოთოლი იხმარება ხილეულის, ბოსტნეულისა და სოკოს დამარილება-დამწნილების დროსაც. იგი, სასიამოვნო არომატის გარდა, საჭმელს ამდიდრებს ვიტამინებით, ხოლო ფიტოციდური თვისებების გამო ახანგრძლივებს მზა კერძის შენახვის ვადას.

დაფნის ეთერზეთი წარმოადგენს მოყვითალო ან მომწვანო ფერის სითხეს, რომლის შემადგენლობაში შედის ცინეოლი, პინენი გერანიოლი, ტერპინეოლი, მეთილევგენოლი, ვალერიანისა და კაპრონის მჟავები და სხვ. ეთერზეთის შემცველობა დაფნის ჰაერმშრალ ფოთლებში 0,5-0,6%-მდე მერყეობს, ტოტებში _ 0,3-დან 0,65%-მდე. აღსანიშნავია, რომ დაფნას საკონდიტრო წარმოებაშიც ფართო გამოყენება აქვს. ეთეროვანი ზეთისგან დამზადებულ ესენციას ხმარობენ ნამცხვრების, კანფეტებისა და სხვა ტკბილეულის დამზადებისას. დაფნა სასიამოვნო სუნს და გემოს აძლევს ნაყინს, კისელს, სიროფს, გამაგრილებელ წყლებსა და ფართო მოხმარების სხვა პროდუქტებს. ფოთლების გარდა, ეთეროვანი ზეთი არის, აგრეთვე, ახალგაზრდა ტოტებში, რომლებსაც მოსავლის აღებისას ჭრიან. დაფნის ტოტებიდან მიღებული ეთეროვანი ზეთი სრულფასოვანია და ის არაფრით ჩამოუვარდება ფოთლიდან მიღებულ ზეთს.

დაფნის ნაყოფის ცხიმზეთი, დაფნის ეთეროვანი ზეთის მსგავსად, სურნელოვანია. ნაყოფის გულის ცხიმისაგან დამზადებული საპონი კარგად ქაფდება და ანტისეპტიკური თვისებებიც გააჩნია, ამიტომ მას სამედიცინო საპონს უწოდებენ. მედიცინაში ცნობილია, აგრეთვე, ნაყოფისგან გამოხდილი წვენი. დაფნის ნაყოფი მცირე რაოდენობით შეიცავს ეთეროვან ზეთსა და პინენის ჯგუფის ნივთიერებას, ამიტომ მას სამკურნალოდ იყენებენ ნევრასტენიის დროს, როგორც დასაამებელ საუკეთესო საშუალებას.

ზაზა ფანასკერტელის ძველ ქართულ კარაბადინში, სხვა მცენარეულ წამლებთან ერთად, მოხსენიებულია დაფნის თესლიც, რომელსაც თავის ტკივილის დროს ხმარობდნენ, იქვე ნახსენებია დაფნის ფოთლის ნახარში, როგორც თავის ტკივილის დროს გარეგანად წასასმელი დასამშვიდებელი საშუალება. დაფნის მცენარის სხვადასხვა ნაწილისგან დამზადებული წამლები ცნობილი ყოფილა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში დიოსკორიდის სამკურნალო რეცეპტებში. მისგან დამზადებული მალამო და ფოთლების ნახარში გამოიყენებოდა სახსრების ტკივილის დროს შესაზელად, ხველების და გაცივების დროს, თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. ძველი სამკურნალო ჩანაწერებიდან ჩანს, რომ დაფნის ხმელ ნაყოფს იყენებდნენ საჭმელად, როგორც სადეზინფექციო საშუალებას, ნაწლავების გასაწმენდად და საჭმლის მონელების გასაძლიერებლად. მცენარის ეთეროვან და ცხიმოვან ზეთებს ფართოდ იყენებენ ვეტერინარიაშიც. დაფნის მალამოს ცხოველების სამკურნალოდაც ხმარობენ. ფოთლის ნახარშს, როგორც ანტისეპტიკურ საშუალებას, იყენებენ ცხოველებისთვის ტკიპების მოსაშორებლად.

ცნობილია, რომ დაფნას აქვს ფიტოცინდური თვისებები. ჰაერზე კარგად გამომშრალი ფოთოლი ადვილად ლპობადი ხილეულის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იტალიაში ნაზ ხილეულს ყუთებში დაფნის ხმელი ფოთლებით ფუთავენ. შემჩნეულია, რომ მისი ფოთლის სუნს გაურბიან ოთახის ბუზები და კოღოები. ყოველივე ამის გამო დაფნა მიზანშეწონილია გაშენდეს კასრებში შენობებისა და საცხოვრებელი ფართობების გასამწვანებლად.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

რეზო ჯაბნიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here