საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კანონში ცვლილება შედის და ამიერიდან, ნებისმიერ დოკუმენტში მშობლების გრაფაში დედისა და მამის ნაცვლად იქნება აღნიშვნა მშობელი #1 და მშობელი #2. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს შეეძლებათ სახლშიც დანომრონ მშობლები და პირველი და მეორე დაუძახონ. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა რაღა ხუმრობით, თურმე, ბავშვებს ფსიქოლოგიური ტრავმა რომ არ მიადგეთ, იმიტომ მიიღეს აღნიშნული კანონი. თურმე საფრანგეთში ძალიან მომრავლდა ოჯახები, რომლებშიც მშობლები ან მხოლოდ კაცები არიან, ან მხოლოდ ქალები. რა თქმა უნდა, ასეთი ოჯახები საკუთარ შვილებს ვერ იყოლიებენ და ამიტომ მათ აქვთ უფლება, ბავშვთა სახლებიდან აიყვანონ შვილი . ჰოდა, სწორედ ამ აყვანილმა ბავშვებმა ფსიქოლოგიური ტრავმა რომ არ მიიღონ, კანონში შესწორება შედის.
ყველა მედალს ორი მხარე აქვს და ამ კანონის მეორე მხარეც ვნახოთ. პრაქტიკულად, საფრანგეთის ხელისუფლება აღიარებს, რომ, როცა ბავშვს ანკეტის შევსება მოუწევს, დაიბნევა, შერცხვება იმის, რომ სახლში ან მარტო დედები ჰყავს, ან მამები და ამიტომ, დავალება გაუმარტივეს.
ფრანგი კანონმდებლები დაუფარავად ამბობენ, რომ ეს არ არის ნორმალური, რადგან ამან შეიძლება ბავშვს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაღებინოს, მაგრამ ეს არანორმალურობა დაკანონებული აქვთ. რა გამოდის?! ერთი ხელით ფრანგი კანონმდებლები, ლიბერალიზმის სახელით, ლესბოსელებსა თუ ჰომოსექსუალებს აძლევენ უფლებას, შექმნან ოჯახები, აღზარდონ ბავშვები, მეორე ხელით კი აღიარებენ, რომ ეს მთლად კარგი არ არის და ამიტომ, ამ ადამიანებს საქონელივით ნომრავენ. ჰო, სწორედ საქონელივით, თორემ რას ნიშნავს #1 და #2 ახსნა ჩვენც გვიჭირს.
თანაც, იმას არავინ ფიქრობს, რომ იმავე ბავშვს შესაძლოა ფსიქოლოგიური ტრავმა მაშინაც მიადგეს, როცა საძინებელში მხოლოდ ქალები (დედები) ან მხოლოდ კაცები (მამები) შევლენ და, რაც მთავარია, ბავშვს ისიც არ ეცოდინება, ორივეს დედა ან მამა უნდა დაუძახოს, თუ დააკვირდეს და აქტიურობის მიხედვით განსაზღვროს, რომელია დედა და რომელი _ მამა. ეს ყველაფერი არანორმალური რომ არის, სწორედ ამ კანონით აღიარეს ფრანგებმა, მაგრამ როგორც ბევრი სხვა რამ, ესეც ლიბერალიზმისა და ბავშვებზე ზრუნვის სახელით შენიღბეს.
სხვათა შორის, ეს კანონი უკვე მიღებული იყო, როცა საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით სწორედ საფრანგეთს ეწვია. ემანუელ მაკრონმა ქართველი კოლეგა დიდის ამბით მიიღო და ისიც თქვა: ქალბატონო სალომე, თქვენ სრულიად ქართველი და სრულიად ფრანგი ბრძანდებითო. ამით მაკრონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ზურაბიშვილი ფრანგული პოლიტიკური სკოლის აღზრდილია, საფრანგეთი მისი მეორე (ან პირველი) სამშობლოა და აკი პრეზიდენტად მისი არჩევის შემდეგ იზეიმეს ფრანგებმა, _ ჩვენი ქვეყნის შვილი სხვა ქვეყნის პრეზიდენტი გახდაო.
მაგრამ მთავარი ეს არ არის. ზურაბიშვილი ამბობს, ქართველი პატრიოტი ვარ და საფრანგეთიც სამშობლოსავით მიყვარსო და რა უფლება გვაქვს, არ დავუჯეროთ. მთავარი სხვა რამ არის _ მაკრონთან შეხვედრისას ჩვენმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ჩვენი არჩევანი ევროპა და ამერიკაა, რუსეთთან საუბარს არ ვაპირებთო. სიმართლე გითხრათ, რეალურად არავინ იცის (სავარაუდოდ, არც უცხოელმა პარტნიორებმა), რატომ უსვამს ხაზს საქართველოს პრეზიდენტი მუდმივად იმას, რომ რუსეთთან საუბარს არ აპირებს. და ეს იმის ფონზე, რომ ყველა აღიარებს, არსებული ტერიტორიული პრობლემის მოგვარების ერთადერთი (და არა ერთ-ერთი) გზა სწორედ რუსეთთან საუბარია. მაგრამ არა _ ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე, შემდეგ კი პრეზიდენტობის პირველივე კვირას, ზურაბიშვილმა ჯიუტად განაცხადა, რომ რუსეთთან საუბარს არ აპირებს.
სხვათა შორის, როცა რუსეთმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით ყველა რელიგიური სექტა აიკრძალა, ლგბტ თემის წევრები პრაქტიკულად კანონგარეშედ გამოცხადდნენ, რადგან ყველანაირი აქტივობა კანონის დონეზე აეკრძალათ, საქართველოში ტაში დაუკრეს. უფრო კონკრეტულად კი, ყველა აღიარებდა, ეს რუსეთისთვის გადარჩენისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯიაო. გესმით, ხალხო? რუსეთის გადარჩენისკენო, ქვეყნის, რომლის მოსახლეობაც 140 მილიონია, ანუ ჩვენზე თითქმის 50-ჯერ მეტი და ვაღიარებთ, რომ ეს მათი გადარჩენისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. საფრთხე იმისა, რომ ლიბერალურმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ერი გადააშენოს, ამ მასშტაბების ქვეყანამაც კი იგრძნო. ჩვენ ვერ ვგრძნობთო, რომ ვთქვათ, არ ვიქნებით მართალი _ ვგრძნობთ და მერე როგორ, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე ეს საკითხი დღემდე არ დასმულა. რატომ? იმიტომ, რომ საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის დაყენება იმ ევროპასა და ამერიკას გაანაწყენებს, რომლებისკენაც ვისწრაფვით და გვინდა, რომ მათი ოჯახის წევრი გავხდეთ. იმ ოჯახის, რომლის მშობლებს ნომრავენ და თურმე მომავალი თაობის ფსიქოლოგიას უფრთხილდებიან.
მოვლენებს რეალურად რომ შევხედოთ, ლესბოსელებსა და გეებს, რომლებსაც ოჯახის შექმნისა და ბავშვების აღზრდის უფლებას აძლევენ, პრაქტიკულად სადიზმს უკანონებენ. სადიზმია ის, როცა 4-5 წლის ბავშვი აცნობიერებს, რომ მისი თანატოლების უმრავლესობას ქალი და კაცი ჰყავს მშობლად, ამას კი… და პირველი დიდი კითხვის ნიშანიც სწორედ აქ ჩნდება და არა მაშინ, როცა ანკეტის შევსების დრო მოვა, რომელშიც დანომრილი მშობლები უნდა ჩაწეროს. ბავშვთა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვის ფსიქოლოგია 4-6 წლის ასაკში ყალიბდება და სწორედ მაშინ მიღებული შთაბეჭდილებებით იწყებს ცხოვრებას პიროვნება. ჰოდა, როგორ გგონიათ, რა შთაბეჭდილების ქვეშ იქნება ბავშვი, როცა ამას დაინახავს და მიხვდება, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს?!
და, საერთოდ, რატომ არის, რომ კულუარულად ვიწონებთ იმას, რაც მეზობელ სახელმწიფოში ხდება და ხმამაღლა კი სხვა რამეს ვამბობთ. რატომაა, რომ ეკლესიის მსახურნი ამბიონიდან ქადაგებენ, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, წინააღმდეგობას არ უწევენ ათასგვარ სექტას, რომლებიც საქართველოში უკვე ყვავის და რომელთა ნაწილის “პროგრამა” მსხვერპლთშეწირვაც არის. ჰო, მსხვერპლთშეწირვა, რომელიც, ძირითადად, სასაფლაოებზე ხორციელდება. ეს თუ არ იცით, მესაფლავეებს ჰკითხეთ, რამდენ საფლავზე უნახავთ ჩამომხრჩვალი თუ დამწვარი კატა. რამდენი უსახლკარო ბავშვია ჩართული ამ სექტებში და რამდენი კიდევ ჩაერთვება, ითვლის ვინმე? ხმის ამოღებას კი არავინ აპირებს, _ ევროპა–ამერიკას არ ეწყინოსო. ან ის პოლიტიკოსები რატომ არიან ჩუმად, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრისას კულუარულად, დაბალ ხმაზე ამბობენ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, რომ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების მომხრეები საკანონმდებლო ორგანოშიც კი ძალიან მომრავლდნენ, რაც ერის დაღუპვისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია… მაგრამ ეს ჩუმად, ხმადაბლა, რომ არავინ გაიგოს, თორემ ხმამაღლა ტაშს უკრავენ ყველა ევროპულ ინიციატივას და არასამთავრობოებსაც მხოლოდ მაშინ აკრიტიკებენ, როცა მათ პოლიტიკურ კურსს და შესაბამისად, სავარძელს ემუქრება საფრთხე.
სად არის საშველი? საშველი იქნება ის, რომ, რასაც რეალურად ვფიქრობთ, რაზეც ჩურჩულით ვსაუბრობთ, ხმამაღლა ვთქვათ. მიკიბვ–მოკიბვის გარეშე ვაღიაროთ, რომ, რასაც ევროპელები და ამერიკელები გვტენიან (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), ცუდია და აგერ, ის შეზღუდვები, რომლებიც რუსეთმა დააწესა, კარგია. ერისთვის არის კარგი, გადარჩენისთვის, რადგან კულუარულად თუ პირდაპირ, ერიც და ბერიც აღიარებს, რომ ერის გადარჩენის პრობლემა ყოველდღიურად უფრო მწვავდება.
მანამდე კი, სანამ ყველას კარზე არ დაურისხებიათ განგაშის ზარი, ვისმინოთ პრეზიდენტის კატეგორიული განცხადება: რუსეთს არ დაველაპარაკებიო; ვუსმინოთ ევროპელი ლიდერების მოწოდებას: რუსეთს ეომეთ, ევროკავშირის კარზე აკაკუნეთ, მაგრამ გაღების იმედი არ გქონდეთო. ამერიკასაც ვუსმინოთ, ხმამაღლა რომ გაჰყვირის: ნატოს გაფართოება უახლოეს ათ წელიწადში წარმოუდგენელია, მაგრამ საქართველომ მაინც აკაკუნოს, რადგან ეს კაკუნი ქართველი საჯიშე ვაჟკაცების გასაწვევად გვჭირდება საერთაშორისო მისიებშიო. და ვიქნებით ასე, კაკუნ-კაკუნში, სანამ თავში არ ჩაგვიკაკუნებენ და გვეტყვიან, რომ უნდა დავინომროთ. მერე, ალბათ, შვილებიც დაგვჭყივლებენ დილით: _ სწორდი! სმენა! პირველ-მეორეზე გაითვააა-ლეთ! ჰო, ვიცინოთ და კი მივდივართ აქეთ.
ბესო ბარბაქაძე
P.S. ისე, კულუარებში ხუმრობენ, როცა ჩვენი პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას ხვდებოდა, მაკრონის მეუღლე ეჭვიანობისგან კინაღამ გაგიჟდაო. მუსიე ემანუელი 42 წლის გახლავთ, მისი მეორე ნახევარი, მისივე ყოფილი მასწავლებელი _ ბრიჯიტ ტორნიე 66-ის აპრილში გახდება, ჩვენი პრეზიდენტი კი 66-ის ახლა არის. ჰოდა, მხოლოდ ასაკით თუ ვიმსჯელებთ, კი ჰქონია საეჭვიანო ქალბატონ ბრიჯიტს…