Home რუბრიკები სამართალი ვინ მოიგებს “ბასიანის” ბრძოლას?

ვინ მოიგებს “ბასიანის” ბრძოლას?

1400
ქართული ოცნება

გასულ კვირას ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე რეზონანსული დანაშაული მოხდა. კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებას შეიძლება მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს.

ხაშურის რაიონში სკოლის ორი მოსწავლე ცივი იარაღით დაჭრეს. რუსთავში ყოფილი დეპუტატი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. თბილისში ყაჩაღებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ერთ-ერთი მარკეტის მეპატრონე ცოლ-ქმარი. ასპინძაში სასტიკად ნაწამები მამაკაცის გვამი იპოვეს, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, მიყენებული ჭრილობის გამო სისხლისგან დაიცალა. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 26 წლის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ამ ფონზე საზოგადოების ყურადღება კლუბ “ბასიანთან” მომხდარმა ინციდენტმა მიიპყრო. 27 წლის თამაზ ქვლივიძეს ბრალს დებენ კლუბის დაცვის ორი თანამშრომლისა და ერთი პოლიციელის დაჭრაში. პირველი ბუნდოვანება ამ საქმეში სწორედ პოლიციელის დაჭრას უკავშირდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ამბობს: “ის დაიჭრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, მაშინ, როდესაც თავდასხმის დროს კლუბის ორ თანამშრომელს იცავდა”. თამაზ ქვილივიძის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა კიტვ პირველისეთერში განაცხადა, რომგამოძიება არ ედავება მას, რომ მან პოლიციელი დაჭრაპოლიციელი არის თუ არა დაჭრილი, ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით, რადგან საქმეში ამის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ დევსარც სამედიცინო ცნობა, არც ფოტოგრაფია დაჭრილის სხეულისა, არც ექსპერტიზის დასკვნა”. “ბასიანის” დაცვის უფროსის ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, როცა ქვლივიძე და მისი მეგობარი კლუბში არ შეუშვეს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. სკანდალი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

ინციდენტი 13 იანვარს მოხდა, მაგრამ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მის შესახებ არაფერი იცოდა იმ მომენტამდე, სანამ “ბასიანის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა “ფეისბუქში” მოსამართლის გადაწყვეტილება არ გააპროტესტა. მხოლოდ ამის შემდეგ გავრცელდა დაზარალებულთა კომენტარები, ერთ-ერთი დაჭრილის ფოტოები და ცნობილი გახდა ბრალდებულის ვინაობა. ამ გარემოების გათვალისწინება მნიშვნელოვანია _ იმ მომენტში, როდესაც მოსამართლე შონიას გადაწყვეტილება გამოჰქონდა, საქმეს ფართო რეზონანსი არ შეუძენია. ძნელი სათქმელია, გააკეთებდა თუ არა ის იმავეს თუ სკანდალი უფრო ადრე დაიწყებოდა.

ფორმალური თვალსაზრისით, ბადრი შონიას გირაოს თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის უფლება ჰქონდა, მაგრამ ქართული მართლმსაჯულების უახლეს ისტორიაში არ მოიძებნება პრეცედენტი, რომ პოლიციელის, ამასთანავე, სხვა პირების დაჭრის შემდეგ, ბრალდებული გირაოთი გამოეშვათ.

ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, ბადრი შონია 2006 წლის მარტიდან 2006 წლის ივლისამდე მუშაობდა დუშეთის რაიონული პროკურატურის პროკურორად; 2006 წლის ივლისიდან 2007 წლის ივნისამდე _ მცხეთა-მთიანეთის, ხოლო 2007 წელს (ივნისიდან ნოემბრამდე) _ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად. 2007-2009 წლებში მუშაობდა სენაკის, ხოლო 2009-2010 წლებში ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში რაიონულ პროკურორად. 2011 წლის ნოემბრიდან ბადრი შონია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

სოციალურ ქსელებში გამოითქვა ორი ძირითადი ვერსია, რომ მთავარი როლი გირაოს შეფარდებაში კორუფციამ ან ბრალდებულის ოჯახის გავლენამ შეასრულა. ბრადებულის ბაბუას, მეღვინე თამაზ ქვლივიძეს გარკვეული კავშირები ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ჰქონდა. 1979 წლიდან ხაშმის ღვინის ქარხნის დირექტორი იყო, 1983 წლიდან _ საგარეჯოს ღვინის ქარხნის დირექტორი, შემდეგ _ ფირმა “სამების” საგარეჯოს ღვინის ქარხნის დირექტორი. ოჯახის გავლენის მნიშვნელოვანი ზრდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაიწყო და 2012 წლის შემდეგაც გაგრძელდა.

ბრალდებულის მამა პაატა ქვლივიძე “ქართუ-უნივერსალის” 3%-იანი წილის მფლობელია, რომელიც “ქართუ ჯგუფის” ქოლგის ქვეშ ცნობილი “თოლიას” საწარმოს ამუშავებისთვის შეიქმნა. ის “თოლიაში” მას შემდეგაც დარჩა, რაც საწარმო გოგი თოფაძის ხელში გადავიდა (თოფაძის თქმით, ივანიშვილმა მას “თოლია” ძალიან შეღავათიან ფასში მიჰყიდა, პრაქტიკულად აჩუქა). საზოგადოებისთვის პაატა ქვლივიძე, აგრეთვე, ცნობილია, როგორც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული შპს “თბილგვირაბმშენის” დირექტორი (ამ ფირმის კომერციული დირექტორის მოადგილე 2013-ში ქრთამის აღებაზე დააკავეს). სოცქსელებში, აგრეთვე, ბევრს წერდნენ პაატა ქვლივიძის ახლო ურთიერთობაზე ცნობილ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან (მეტსახელად “ზარალა”) და მის ძველ სამეგობროსთან.

პაატა ქვლიძემ “პალიტრანიუსთან” საუბარში საკუთარი მდგომარეობა ასე აღწერა: “არ მყავს პატრონი, რომ ვიღაცები ჩამერია. მე თვითონ უმუშევარი ვარ. რაღაც “თოლიას” წილი მაქვს, თუმცა ვალებისკენ მიდის ყველაფერი. მე არც ოლიგარქი ვარ, არც “ოცნების” წევრი ვარ”. რაც შეეხება “ბასიანთან” მომხდარ ინციდენტს, მასზე პაატა ქვლივიძე ამბობს: ამათგან არ არის დაწყებული, დაწყებულია იმათი მხრიდან. გვაპატიონ, ვეუნებით და შევუთვალე კიდეც. ამ ბიჭმაც თქვა, რომ არ უნდა მომექნიაო, მაგრამ მოხდა. ხდება ყველაფერი, თუმცა არ არის ჩემი შვილი მკვლელი და ნაძირალა. ის არც კლუბებში დადის(ინტერპრესნიუსი).

პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და 17 იანვარს, მას შემდეგ, რაც ამ საქმის გარშემო მკვეთრად ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თამაზ ქვლივიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მაგრამ ვნებათაღელვა გაგრძელდა, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ მივიდა დასკვნამდე, რომ ქვეყანაში ორი სამართალი არსებობს, ერთი _ მდიდრებისთვის, რომელთაც გავლენიანი მფარველები ჰყავთ, და მეორე ჩვეულებრივი ადამიანებისთვის.

თამაზ ქვლივიძის საქმესთან დაკავშირებულ ფართო რეზონანსს, შესაძლოა, სოციალური ქვეტექსტიც ჰქონდა. ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როდესაც ღარიბმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, მდიდრებს (ქვლივიძის ოჯახს) კანონიერების სახელით დაპირისპირებოდნენ და ნაკლებად სავარაუდოა, ეს შანსი ხელიდან გაეშვათ.

ამ საქმის ყველა დეტალს საზოგადოება, ალბათ, ვერასდროს გაიგებს _ უცნობია, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე კომუნიკაციას მხარეებს შორის სკანდალური გადაწყვეტილების გამოტანამდე, ფარული შეთანხმებისა და საქმის ჩაფარცხვის მცდელობას და ვინ რა გავლენას ახდენდა სასამართლოზე. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ის კლუბ “ბასიანის” რეპუტაციაზე დადებითად აისახოს _ პირველად ხმაური მის გარშემო მას შემდეგ დაიწყო, რაც “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა: “ სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, _ ეს კლუბი, ეს გარყვნილების ბუდე და ნარკო პრიტონი, ნაწილობრივ ეკუთვნის ჩვენი პირველი ვიცეპრემიერის მეუღლეს (მეწილეა)”. იყო სხვა უსიამოვნო ეპიზოდები და ბრალდებები, ახლა კი სისხლიანი ინციდენტი მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიმბოლურად გაუსვა ხაზი თავის დამოკიდებულებას ამ საქმის მიმართ, როდესაც ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელის დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, უნდოდა თუ არა ეს ახალ მინისტრს, გიორგი გახარიას, დამნაშავის სათანადო დასჯა მისთვისღირსების საქმეგახდა, რადგან, რბილი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, გამოვა, რომ ხელისუფლება პოლიციელების ინტერესებს სათანადოდ ვერ იცავს, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს მათ ლოიალურობაზე. როდესაც გახარია მინისტრად დანიშნეს, ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს თანამდებობა მისთვის შეიძლება ტრამპლინი გახდეს და მალევე პრემიერმინისტრის პოსტზე ვიხილოთო, მაგრამ ეს, ალბათ, არ მოხდება თუ კრიმინოგენული მდგომარეობა კვლავინდებურად გაუარესდება, ხოლო თავდასხმა პოლიციელებზე არ დაისჯება.

ღატაკ ქვეყანაში დანაშაულითავისითარ შემცირდება; მძიმე შემთხვევები სულ უფრო ხშირია, პრევენციის მექანიზმები ძალიან ცუდად მუშაობს. არსებობს პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე გზა, რომელთაგან საუკეთესოა საყოველთაო თანასწორობა კანონის წინაშე, მაგრამ ხელისუფლება მას ვერ უზრუნველყოფს. არსებობს პოლიციური ტერორის გზა, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება მიმართავდა, აგრეთვე, ხელისუფლების ორგანიზებულ დანაშაულთან თანამშრომლობის გზა _ მაფია იქნება თუ ქურდული სამყარო _ რომელიც, გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ, მთავრობას წვრილი დანაშაულის კონტროლში ეხმარება. “ქართული ოცნებაარც ამ მანკიერ სტრატეგიებს იყენებს, ამასობაში კი დანაშაული სულ უფრო ხშირი და სასტიკი ხდება.

თუ არსებული ტენდენციები გაძლიერდება, ალბათ, არ უნდა გამოვრიცხოთ პოლიციური ტერორის დაბრუნება, მითუმეტეს რომ ახალ ხელისუფლებას არ განუხორციელებია რეფორმა, რომელიც ამის შესაძლებლობას შეზღუდავდა. “საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იწყება გამოძიება, ის მიმდინარეობს ისეთი მუხლებით, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებს, მაგალითად, “სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება” და იშვიათად დგება გამამტყუნებელი განაჩენები. შესაბამისი ორგანოები მომჩივნებს ხშირად არ ანიჭებენ მსხვერპლის სტატუსს, რაც მათ შესაძლებლობას ართმევს, შეისწავლონ გამოძიების მასალები”, _ ნათქვამია “ჰიუმან რაიტ უოტჩის” ანგარიშში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა.

სიტუაცია უარესდება და ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება დანაშაულთან ბრძოლაში გარდატეხის შეტანას მოახერხებს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here