Home რუბრიკები პოლიტიკა ვაჟა ოთარაშვილი: ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ გარედან თავსმოხვეული მოჯადოებული პოლიტიკური წრის კომპლექსიდან,...

ვაჟა ოთარაშვილი: ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ გარედან თავსმოხვეული მოჯადოებული პოლიტიკური წრის კომპლექსიდან, რომ “ოკუპანტთან დიალოგი არ შეიძლება”

2602
ვაჟა ოთარაშვილი

28 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში უცხოელ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დადგა დრო, ევროპამ რუსეთს ხელი გაუწოდოს, რათა მხარეები ისევ ცივი ომის რეალობაში არ აღმოჩნდნენ. მისი შეფასებით, კრემლთან უსაფრთხო და სტაბილური ურთიერთობის გარეშე ევროპას უსაფრთხოების გარანტიები არ ექნება: “ვფიქრობ, ევროპაში უსაფრთხოებისა და ნდობის ახალი მოდელი უნდა შევქმნათ. ეს იმიტომ, რომ ევროპის კონტინენტი ვერასდროს იქნება სტაბილური და უსაფრთხო, თუ რუსეთთან ურთიერთობას არ გავარკვევთ და არ მოვაწესრიგებთ…” მისივე შეფასებით, მკვეთრი პოლიტიკა, რომელიც ოფიციალურ მოსკოვზე ზემოქმედების არაგონივრულად მომატებისკენ იქნება მიმართული, მხარეებს ერთმანეთს კიდევ უფრო დააშორებს, რაც რუსეთს სხვა კავშირებისა და ალიანსის ძიებისკენ უბიძგებს. იმავე გამოსვლაში მაკრონმა დასძინა, რომ ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესი მხოლოდ უკრაინის საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაიწყება

მაკრონის განცხადებამდე ორი დღით ადრე (26 აგვისტოს) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც განაცხადა, რომ დიდი შვიდიანის სამიტზე არც ერთი გლობალური საკითხის განხილვას აზრი არ აქვს, სანამ აღნიშნულ ფორმატს რუსეთი არ დაუბრუნდება. მისი შეფასებით, თავის დროზე მსოფლიო პოლიტიკის ლიდერებმა გაუაზრებელი ნაბიჯი გადადგეს, როცა რუსეთს დიდი რვიანი დაატოვებინეს. იმავე შეხვედრის შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალ სამიტზე, რომელიც გაისად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება, ვლადიმერ პუტინიც მიიწვიოს

რა გზავნილია მსოფლიოსთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის მაკრონის განცხადება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობაზე და რა პოლიტიკა შეიძლება გაატაროს ამ გზავნილების კვალდაკვალ თბილისმა კრემლის მიმართ? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოეტი ვაჟა ოთარაშვილი:

_ მაკრონის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ჭრილში. მაკრონი, ცხადია, არ არის ერთადერთი დასავლელი ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ ევროპამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მჭიდრო თანამშრომლობა რუსეთთან, აქამდე ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი განცხადებები გერმანიის, იტალიისა და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ხელმძღვანელებისგან… რატომ არის მათთვის ესოდენ მნიშვნელოვანი კრემლთან დიალოგი? _ მაკრონი, ისევე როგორც სხვა ევროპელი ლიდერები, რომლებიც წლების წინათ დუჟმორეული გაჰყვიროდნენ კრემლის ქმედებებზე და უკრაინაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ სანქციების დაწესებით ცდილობდნენ რუსეთის ეკონომიკის დანგრევას, მიხვდნენ, რომ ვერც სანქციებით, ვერც ნავთობის გაუფასურებითა და სხვა დესტრუქციული ქმედებებით მიზანს ვერ მიაღწევენ. პირიქით _ მათ დაინახეს, რომ ამ გამუდმებული აგრესიული პოლიტიკის შედეგად საგანგებო რეჟიმში გადასული რუსეთი კი არ დასუსტდა და ჩამოიშალა, მისმა წონამ საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე კიდევ უფრო მოიმატა. გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღევანდელ მსოფლიოში რუსეთი არის უდიდესი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანა. განსაკუთრებით დიდია მისი რესურსი ბირთვული შეიარაღების თვალსაზრისით. თანამედროვე მსოფლიოში კი სწორედ ბირთვული შეიარაღებაა ის მთავარი საზომი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფოს ძლიერება… რაც შეეხება საქართველოს, თქვენ მკითხეთ, რას ნიშნავს მაკრონის განცხადება საქართველოსთვის, რომლის დეკლარირებული პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ თურმე ევროპა ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია. მიუხედავად ევროპელი ლიდერების მხრიდან სხვადასხვა პერიოდში გაკეთებული განცხადებებისა, რომ ვერც ნატო, ვერც ევროკავშირი და ვერც ცალკე აღებული რომელიმე დიდი დასავლური სახელმწიფო (მათ შორის _ აშშ) ვერ იქნება ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, რეალობა არის ისევ ტრაგიკომიკური _ ნაც-ქოცური ხელისუფლება განუხრელად განაგრძობს მოღალატეობრივ რიტორიკას, რომ თურმე ნატოს კარი ღიაა და ევროკავშირშიც მალე მიგვიღებენ. არადა, ნატოს კარი არათუ ღია არ არის, ნატოს საქართველოსთვის კარი საერთოდ არ აქვს; ევროკავშირს კი თავისი გასჭირვებია. ჩვენთვის ვის სცალია?! ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკა არასწორად ვითარდება იმ დღიდან, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ვითომ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ. 30 წელია, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა (ყველას ვგულისხმობ), რომ იტყვიან, ტყემალზე ზის და მოწყვეტილია რეალობას… აი, აქედან უნდა დავიწყოთ პრობლემებზე საუბარი და არა დემაგოგიით, რომ ჩვენ ძირძველი ევროპელები ვართ და ჩვენს ისტორიულ ოჯახში უნდა დავბრუნდეთ. იმ “ისტორიული ოჯახიდან” უკვე გარბის ინგლისი და მალე, ალბათ, სხვებიც მიჰყვებიან. ეს ერთი.

და მეორე, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია: იმ 30-წლიანი პერიოდის გააზრებისას უნდა დავფიქრდეთ და დეტალურად გავაანალიზოთ, როგორ მოხდა, რომ მართლმადიდებელი რუსეთი ემტერება მართლმადიდებელ საქართველოს და პირიქით, მართლმადიდებელი საქართველო პირველ მტრად თვლის მართლმადიდებელ რუსეთს, რომლისგანაც თურმე მსოფლიო გლობალისტურმა ძალებმა უნდა გვიხსნან…

_ მაკრონის განცხადებამდე ორი დღით ადრე, 26 აგვისტოს დიდი შვიდიანის სამიტზე დონალდ ტრამპმაც განაცხადა, რომ არც ერთ გლობალურ საკითხზე, მათ შორის, არც სირიის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის თემაზე, მსჯელობას აზრი არ აქვს, სანამ ფორუმს რუსეთი არ დაუბრუნდება

_ სხვათა შორის, ტრამპმა ისიც თქვა, რომ მომავალ სამიტზე, რომელიც, მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩატარდეს, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც მიიწვიოს. ერთი მხრივ, მსოფლიო პოლიტიკის ლიდერები გამუდმებით საუბრობენ კრემლთან ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობაზე და უკვე დაუფარავად აცხადებენ, ამის გარეშე ევროპის კონტინენტზე მშვიდობა ვერ იქნებაო; მეორე მხრივ, იმავე ლიდერებს საქართველოს ხელისუფლება, პრაქტიკულად, დაკომპლექსებული ჰყავთ “ოკუპანტთან პირდაპირი დიალოგის მიუღებლობით”. რა გამოდის: საფრანგეთის პრეზიდენტს თუ მიაჩნია, რომ დასავლეთმა უსაფრთხოების ახალი მოდელი უნდა შექმნას რუსეთის მონაწილეობით, რადგან ამის გარეშე ევროპას მშვიდობა არ უწერია, ხოლო ამერიკის პრეზიდენტს კრემლის მესვეურების მონაწილეობის გარეშე გლობალური საკითხების გადაწყვეტა ვერ წარმოუდგენია, ეს სწორი მიდგომაა და საქართველოს რომელიმე პოლიტიკური ძალა, პარტია ან გაერთიანება რომ ჩავიდეს მოსკოვში მოსალაპარაკებლად, მოღალატეა? ამაზე დიდი მოღალატეობრივი პოლიტიკა, ამაზე დიდი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა შეიძლება არსებობდეს?!

_ დასავლეთი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს, როცა, ერთი მხრივ, დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს მოსკოვთან და, მეორე მხრივ, თავის სატელიტ ქვეყნებს (მათ შორის საქართველოსაც) არ აძლევს კრემლთან ურთიერთობების რეალურად მოგვარების საშუალებას?

_ ვერ ვიტყვი, რომ დასავლეთი პირდაპირ უკრძალავს საქართველოს რუსეთთან დიალოგს და მოლაპარაკებას, მაგრამ ის, რომ გარკვეულწილად კონფრონტაციის ინსპირირება ხდება და ცალკეული დასავლელი მაღალჩინოსნების მხრიდან ამას ზოგჯერ საკმაოდ პროვოკაციული ხასიათიც აქვს, აშკარაა. მაგრამ ობიექტურად თუ შევხედავთ, ისინი ამას თავიანთი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ და ამ ინტერესების გათვალისწინებით ეს სრულიად ადეკვატურია. არაადეკვატური და მოღალატეობრივია ნაც-ქოცების მაამებლური პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საერთოდ არ ითვალისწინებს და აგებულია დასავლეთის ამოცანებზე. ზუსტად ამიტომ არის საჭირო და აუცილებელი ამ ხელისუფლების რაც შეიძლება მალე გასტუმრება, თორემ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნაც-ქოცების პოლიტიკური დღეგრძელობის ერთადერთი გარანტი დასავლეთის ნეოლიბერალური ელიტისადმი მონური მორჩილებაა, ესენი მალე საქართველოსგან აღარაფერს დატოვებენ. “ქალები მეძავებად წავიდნენ საზღვარგარეთ, კაცები _ შავ მუშებადო”, _ ამბობდა ბენდუქიძე და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ამას აგვიხდენენ. აი, ეს არის საქართველო, რომელსაც სიცილ-თამაშით გვიშენებენ და მერე გვეუბნებიან, რომ თურმე ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გვეჩვენება. მე ნამდვილად არ მეჩვენება, რომ 1992 წელს ხუთი მილიონ-ნახევარი ვიყავით და დღეს სამი მილიონი ვართ; ნამდვილად არ მეჩვენება ის, რომ გაყიდეს და უცხოელებს გადასცეს ყველაფერი, ყველა სტრატეგიული ობიექტი, დაწყებული საყდრისის უნიკალური საბადოებით, დამთავრებული ჭიათურის მარგანეცითა და ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნით. კიდევ ვიმეორებ: დღევანდელ საქართველოში ყველა ჯურის უცხოელი ბედნიერად გრძნობს თავს, ქართველი კი _ არა.

_ გამოსავალს ხედავთ?

_ ჩვენ, უწინარესად, უნდა მივიდეთ დასკვნამდე, რომ ამ პოლიტიკის პირობებში შემოტრიალების პროცესზე საუბარიც ზედმეტია; იმიტომ, რომ არსებულ ხელისუფლებას, მის მიერ ხელოვნურად შექმნილ ნაცსექტანტურ პოლიტიკურ სპექტრთან ერთად, ამის არც ნება აქვს და არც უნარი. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ გარედან თავსმოხვეული მოჯადოებული პოლიტიკური წრის კომპლექსიდან, რომ “ოკუპანტთან დიალოგი არ შეიძლება”. ასე რომ ეხელმძღვანელათ ჩვენს მეფეებს, საქართველოს ნაწილი დღეს ირანის იქნებოდა, მეორე ნაწილი თურქეთის და ქართველი საერთოდ აღარ იარსებებდა. ეს ერთი. მეორე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს სამხედრო მიუმხრობლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ქვეყნები, ის ჩვენი “კეთილისმსურველი” ევროპელი “ძმები” თუ “დები”, რომლებიც თავიანთი ქვეყნებისთვის მშვიდობასა და მოლაპარაკებებს ამჯობინებენ, ჩვენ გვაქეზებენ და გვეუბნებიან, რომ ერთი ნაბიჯით უკან არ უნდა დავიხიოთ რუსეთთან. აი ამ პოლიტიკური ცინიზმით ქვას ქვაზე არ დატოვებენ ჩვენს მიწაზე. ამას რუსეთს გააკეთებინებენ და თვითონ მერე შეშფოთებულები დაწერენ სოციალურ ქსელებში, როგორ ფეხქვეშ გათელა კრემლმა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები. არადა, სასაცილოდაც არ ჰყოფნის ოფიციალურ მოსკოვს მათი შეშფოთება და გულისწყრომა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. გეთანხმებით ბატონო ვაჟა,არავინ არ უნდა მიიმწყვდიო კუთხეში,მით უმეტეს ძლიერი ქვეყანა რადგან ის კიდევ უფრო აგრესიული და საშიში ხდება პოლიტიკოსებმა უნდა გამონახონ დიპლომატიური გზები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here