Home რუბრიკები ისტორია ერთად აღმოსავლეთის ომებში

ერთად აღმოსავლეთის ომებში

წერილი VI

1457
კონსტანტინე დადიანი

ომი თურქეთთან

1856 წლის ოქტომბერში ომერფაშა აფხაზეთიდან სამეგრელოსკენ დაიძრა. ჩვეულებრივ, ამ პერიოდში მდინარე ენგური, წყალდიდობის გამო, თითქმის გაუვალი ხდებოდა, შეუძლებელი იყო ფონის მონახვა, ხოლო ხიდების აგება, სწრაფი დინების გამო, თითქმის შეუძლებელი. მაგრამ იმ წელიწადს გვალვამ დიდხანს გასტანა და ამიტომ მდინარე ისე იყო დაპატარავებული, რომ მისი გადალახვა სიძნელეს აღარ წარმოადგენდა. საჭირო იყო ანაკლიიდან ჯვარამდე ენგურის სანაპიროს გამაგრება, მაგრამ იმ მცირე ძალებით, რომლებიც მუხრანბატონის განკარგულებაში იმყოფებოდა, ამის გაკეთება ყოვლად შეუძლებელი იყო.

მუხრან-ბატონი შეეცადა რამდენიმე უფრო მოხერხებული გადასასვლელის გამაგრებას. ყველაზე უკეთ გაამაგრეს რუხის გადასასვლელი, რომელიც ზუგდიდისკენ მიმავალ მოსახერხებელ გზას კეტავდა. აქ დააყენეს 2 ბატალიონი 4 სამთო ქვემეხით, კაზაკთა 3 ასეული და სამეგრელოს ლაშქრის ცხენოსანთა ორი რაზმი. რუხთან ჩაყენებულ რაზმს მეთაურობდა გრიგოლ დადიანი (1814-1902), სამეგრელოს მთავრის _ ლევან მეხუთის ძე.

გრიგოლ დადიანმა პეტერბურგის პაჟთა კორპუსში სწავლის შემდეგ, 1834 წლიდან, ჯერ პეტერბურგის გრენადერთა, შემდეგ პრეობრაჟენკის პოლკებში იმსახურა, 1844 წელს პოლკოვნიკი გახდა. მამის გარდაცვალების შემდეგ (1845 წელს) კი სამეგრელოში დაბრუნდა. 1854 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ყირიმის ომის შემდეგ დაინიშნა გრენადერთა დივიზიის პირველი ბრიგადის მეთაურად. იბრძოდა შამილის წინააღმდეგაც. რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878) მონაწილეობისთვის მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1880 წელს, სამხედრო სამსახურის 50 წლისთავზე, _ გენერალ-ადიუტანტის წოდება. მთელი თავისი ქონება და ბიბლიოთეკა დადიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა, დაკრძალულია მარტვილის მონასტერში.

სწორედ ეს ღირსეული ადამიანი რუხთან ახლოს ჩაუსაფრდა მტერს, ხოლო რუხის ქვევით, კახათის გადასასვლელთან, იდგა ქვეითი ჯარის 1 ბატალიონი და ლეჩხუმის ცხენოსანთა რაზმი კონსტანტინე ლევანის ძე დადიანის (1818-1889) სარდლობით; კონსტანტინე დადიანმა 1839 წელს დაასრულა პეტერბურგის პაჟთა კორპუსი. 1842-1853 წლებში მონაწილეობდა კავკასიის ომებში, ყირიმის ომის დროს, 1854 წელს, კავკასიის ფრონტზე ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ სამეგრელოს სახალხო ლაშქარს მეთაურობდა. სოფელ კოკთან ბრძოლაში მოიგერია ოსმალთა კორპუსის შეტევა. ყარსის აღების შემდეგ დადიანი თავისი მილიციით გურიის რაზმის შემადგენლობაში შევიდა და წარმატებით იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ. 1858 წლიდან იყო ალექსანდრე მეორის ფლიგელ-ადიუტანტი. 1866 წლიდან გენერალ-მაიორი რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). ამ ომის შემდეგ მალე სამხედრო სამსახურიდან გადადგა.

კახათის ოდნავ მოშორებით, ე.წ. სანარმანიოს გადასასვლელთან კი იდგა ერთი ბატალიონი 2 ქვემეხით. ამ რაზმს რეზერვად ჰყავდა პოლკოვნიკ . იოსელიანის მეთაურობით ორი ასეული საარტილერიო ქვემეხით. სანარმანიოს გადასასვლელის დაცვას ხელმძღვანელობდა აფხაზი პოდპოლკოვნიკი ზვამბაია. სანარმანიოდან ორი ვერსის დაშორებით, კოკის გადასავლელთან იდგნენ რეგულარული ქვეითი ჯარისა და კაზაკთა ორ-ორი ასეული 2 ქვემეხით. იქვე მახლობლად, ტყეში დაბანაკებული იყო საერთო რეზერვი _ კურინსკის 2 ბატალიონი და იმერეთის ცხენოსანთა 4 რაზმი. კახათის, სანარმანიოსა და კოკის გადასასვლელებზე ჩაყენებული ჯარებისა და რეზერვის სარდლობა ევალებოდა დიმიტრი შარვაშიძეს.

1855 წლის 25 ოქტომბერს მოხდა ენგურის ცნობილი ბრძოლა.

ომერ-ფაშა მთელი თავისი ჯარით პირველად რუხის გადასასვლელს ეკვეთა, მაგრამ აქ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. მაშინ ომერ-ფაშამ გადაწყვიტა, მოწინააღმდეგე მოეტყუებინა: მან რუხის პოზიციებთან ორი ზარბაზანი დატოვა, რომლებიც განუწყვეტლივ ისროდნენ, თვითონ კი მთავარი ძალებით ფარულად დაეშვა ქვევით და სრულიად მოულოდნელად სანარმანიოს გადასასვლელზე მიიტანა იერიში. სანარმანიოს პოზიციებთან გაჩაღდა უთანასწორო სისხლისმღვრელი ბრძოლა, რომელიც თითქმის საღამომდე გაგრძელდა. თურქები იერიშზე გადავიდნენ კოკის რაიონშიც და გარემოცვის მუქარით რუსებისა და ქართველების შეერთებული ჯარები აიძულეს, უკან დაეხიათ. სანარმანიოსთან ბრძოლაში დაიღუპნენ ამ ბრძოლის სარდლები ზვამბაია და შემდეგ მისი შემცვლელი პოლკოვნიკები: იოსელიანი, ივინი და კობელევი.

25-26 ოქტომბრის ღამით რეგულარულმა ჯარებმა და სახალხო ლაშქარმა უკან დაიხიეს, ხოლო ენგურთან ბრძოლის რამდენიმე დღის შემდეგ გენერალმა ივანე მუხრან-ბატონმა სრულიად მოულოდნელად დატოვა სამეგრელო, გურიაში აკეთის პოზიციები და ჯარებს ცხენისწყლის მარცხენა ნაპირთან, სოფელ მარანთან მოუყარა თავი.

რუსის ჯარის წასვლის შემდეგ სამეგრელო ომერფაშას ხელში რჩებოდა. მთელი საქართველო სახიფათო მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ მოსახლეობა ადვილად როდი შეეგუა თურქთა ჯარების მიერ ქვეყნის ოკუპაციას _ სამეგრელოს ტერიტორიაზე ნამდვილი პარტიზანული ბრძოლა გაჩაღდა.

იმ პერიოდში სამეგრელოს სამთავროს დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე (1816-1882) გახლდათ, ასული ალექსანდრე ჭავჭავაძისა, მეუღლე სამეგრელოს მთავრის მემკვიდრის _ დავით ლევანის ძე დადიანსა. სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა-გამგეობაში. 1853 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის, ნიკოს, სრულწლოვანებამდე, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე დადიანი რეგენტად დაამტკიცა.

ყირიმის ომის დროს (1853-1856), როდესაც სამეგრელოს დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიკავეს, ოსმალთა სარდალი ომერ-ფაშა შეეცადა ეკატერინე დადიანის გადმობირებას. იგი სამეგრელოს დედოფალს სწერდა, რომ ოსმალეთი რუსეთის დამპყრობლურ მისწრაფებათა ჩასაშლელად იბრძვის, _ ეკატერინესა და მის მცირეწლოვან შვილს, ლეჩხუმის სოფელ მურში გახიზნულებს, ზუგდიდში ეპატიჟებოდა და ორივეს სამეგრელოს მმართველად აცხადებდა.

მაგრამ ეკატერინე დადიანი შეუდგა სახალხო თავდაცვის ორგანიზებას და პირადად მონაწილეობდა მტრის რაზმებზე თავდასხმაში.

ეკატერინე დადიანი, როგორც თვით ომერფაშას წერილიდან ირკვევა, მას საყოველთაოდ აჯანყებული სამეგრელოს მოსახლეობის დასამორჩილებლად სჭირდებოდა, მაგრამ ეკატერინე მტკიცედ იდგა რუსეთის ორიენტაციაზე _ იგი ომერფაშას მიერ გამოგზავნილ წერილებს რუსეთის სარდლობას უგზავნიდა, ფაშას კი დუმილით პასუხობდა.

რუსეთის რეგულარული ჯარების სარდლობამ სათანადოდ ვერ შეაფასა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოებული ბრძოლა და სახალხო ლაშქრის დარაზმვას არ მოჰკიდა ხელი. მიუხედავად ამისა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ოსმალთა განდევნის საქმეში დიდი როლი შეასრულა. მათ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა ეკატერინეს მაზლი, გენერალი გრიგოლ დადიანი. სწორედ ის ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ომებს სამეგრელოში შემოჭრილი ომერ-ფაშას წინააღმდეგ.

გრიგოლ ლევანის ძე დადიანი (კოლხიდელი) (1814-1901) გახლდათ სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, გენერალ-ადიუტანტი და ინფანტერიის გენერალი, ასევე, მონაწილეობდა “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენი კომისიის მუშაობაში… იყო ქველმოქმედი. გრიგოლ დადიანს სამხედრო განათლება მიღებული ჰქონდა პეტერბურგში, სადაც დაუახლოვდა იქ მცხოვრებ ქართველ ბატონიშვილებს, განსაკუთრებით მეგობრობდა თეიმურაზ ბატონიშვილთან. პეტერბურგშივე დაიწყო ლექსების წერა, 22 წლისამ დაწერა პოემა “რუხის ბრძოლა (ცხოვრება დიდისა მეფის სოლომონისა)” იოანე გეგეჭკორის ფსევდონიმით. ეს პოემა დავით ჩუბინიშვილმა შეიტანა თავისი “ქართული ქრესტომატიის” 1863 წლის გამოცემაში.

გრიგოლ დადიანის მეუღლე იყო გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია V გურიელის, ასული ტერეზია (ჯვარი დაიწერეს პეტერბურგში, 1845 წელს. ჯვრისწერასა და ქორწილს დაესწრო იმპერატორი ნიკოლოზ I).

გრიგოლ დადიანის სახალხო ლაშქარი ყოველგვარ პირობებში _ ავდარსა თუ დარში, დღისით თუ ღამით, მოსვენებას არ აძლევდა სამეგრელოს “დაუპატიჟებელ სტუმრებს”. იმ ხანებში კოკისპირული წვიმები დაიწყო. ადიდდა და სრულიად გადაულახავი შეიქნა მდინარეები; გზები და მინდვრები ერთიან, გაუვალ ჭაობებად იქცა. პარტიზანული ბრძოლის გაშლისთვის საუკეთესო პირობები შეიქმნა. ომერფაშამ ვერც დაპირებებით, ვერც მოსყიდვით და ვერც რეპრესიებით შეძლო მოსახლეობის მიმხრობადამშვიდება.

ოსმალები სასტიკად უსწორდებოდნენ მათ წინააღმდეგ მებრძოლ მოსახლეობას _ წვავდნენ სახლებსა და სოფლებს. მარტო სენაკში, თეკლათსა და ზუბში გაანადგურეს 700 სახლი, ზუგდიდის მაზრაში 22 სოფელი დაინგრა.

ამავე ხანებში ყარსის ციხესიმაგრის აღებისთვის წარმოებული ბრძოლა დასასრულს უახლოვდებოდა. ყარსში მომწყვდეულ თურქეთის ჯარებსა და მათ მთავარსარდალ ვილიამსს ომერ-ფაშასაგან დახმარების მიღების იმედი აღარ ჰქონდათ. ციხესიმაგრეს გარშემორტყმულმა რუსეთის არმიამ კი სრულიად დაუხშო გარნიზონს გარესამყაროსთან ურთიერთობის ყოველგვარი საშუალება. თურქეთის ჯარს გამოელია სურსათი; წყაროებისა და მდინარეების გაყინვის გამო, სასმელი წყლის კრიზისსაც განიცდიდნენ, გავრცელდა ეპიდემიები და სხვ.

1855 წლის 12 ნოემბერს ყარსის გარნიზონის უფროსმა მუშირ ვასიფფაშამ და ინგლისის გენერალმა ვილიამსმა გადაწყვიტეს, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა და 14 ნოემბერს ყარსის ციხესიმაგრე დანებდა რუსებს. ყარსის აღებამ დააჩქარა ყირიმის ომის დამთავრება. რუსების ხელში აღმოჩნდა კარგად გამაგრებული და თავისი გეოგრაფიული მდებარეობით თურქეთის დაცვისთვის მეტად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე ყარსი და ყარსის საფაშო. მომავალი საზავო მოლაპარაკების დროს რუსებს საშუალება ექნებოდათ, ყარსის საკომპენსაციოდ ყირიმისა და სევასტოპოლის გათავისუფლება მოეთხოვათ.

ყარსის გარნიზონის კაპიტულაციის შემდეგ ომერ-ფაშამ გასცა განკარგულება საექსპედიციო ჯარების უკანდახევის შესახებ. ამავე დროს, დასავლეთ საქართველოში სახალხო ბრძოლა კიდევ უფრო გაძლიერდა. ეკატერინე დადიანი პარტიზანულ ბრძოლებში პირადად მონაწილეობდა. დასავლეთ საქართველოში რუსეთის რეგულარული ჯარების დამატებითი ნაწილები გადმოვიდა. დაიწყო ომერფაშას ჯარების წინააღმდეგ შეტევა. სამეგრელოს სახალხო ლაშქარი მოწინავე პოზიციებზე იბრძოდა. ოსმალები ზღვისპირისკენ იხევდნენ და გზადაგზა ყველაფერს ანადგურებდნენ. მათ გაძარცვეს და დაწვეს სამეგრელოს მთავრის სასახლეები, უმოწყალოდ გაჩეხეს ეკატერინე დადიანის მიერ ზუგდიდში გაშენებული იშვიათი პარკი და სხვ.

თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის მუხრანბატონი დაჯილდოვდა წმ. გიორგის მესამე ხარისხის ორდენით.

1856 წელს ეკატერინე დადიანი მიიწვიეს ალექსანდრე მეორის მეფედ კურთხევის ცერემონიაზე; პეტერბურგში იგი დიდი პატივით მიიღეს, მიანიჭეს “სტატს დამის” წოდება და წმ. გიორგის მედლით დააჯილდოეს.

ოსმალთა ჯარებს ყირიმის ომის საზავო მოლაპარაკებამ ყულევში მოუსწრო. 1856 წლის 18 მარტს დადებული ზავის საფუძველზე მებრძოლ მხარეებს ერთმანეთისთვის უნდა დაებრუნებინათ დაპყრობილი ტერიტორიები. ყარსის ნაცვლად, რუსეთმა დაიბრუნა ყირიმში დაკარგული ქალაქები, სამეგრელოს ნაწილი (ყულევის მიდამოები) და აფხაზეთი. სოხუმი ოსმალებმა 27 მაისს დაცალეს. დასავლეთ საქართველოში მშვიდობიანობა დამყარდა, მაგრამ ომიანობის გამო ქვეყნის მეურნეობა საფუძვლიანად შეირყა.

ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი პოლკოვნიკი კოლუბიაკინი წერდა: “ომმა მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოავლინა ადგილობრივი თავადაზნაურობის გულადობა. 1854 წელს ადგილობრივი მილიციის ჩინებულმა იერიშმა გადაწყვიტა ჩოლოქის ბრძოლის ბედი. ძლევამოსილად დაამთავრა პირველი კამპანია და დიდი ხნით უზრუნველყო ამიერკავკასიის საზღვაო სანაპირო ზოლი. 1855 წელს იმერეთის მწყობრმა ლაშქარმა თავისი მონაწილეობით ენგურზე, ისეთი მონაწილეობით, რომელიც მოწინააღმდეგეს დაუნდობელი სახალხო ომით ემუქრებოდა, დიდხანს შეაკავა ომერფაშა შემოჭრისაგან. ბოლო დროს თავისი ყოველდღიური პარტიზანული თავდასხმებით სამეგრელოში მან დაამტკიცა ენერგიულობა, შეუპოვრობა და ქედმოუხრელი ერთგულება.

ყარსის აღებას რუსეთი ადგილობრივ თავადაზნაურობას უნდა უმადლოდეს, რადგან იმერეთი, ასე ვთქვათ, მოალყე კორპუსის კონტრვალაციურ ხაზს წარმოადგენდა. მთავარსარდალს, მხოლოდ იმერლების სიმტკიცით სრულიად დაიმედებულს, შეეძლო, არ შეშფოთებულიყო ომერ-ფაშას შემოტევით ან ჩვენი გენერლების წარუმატებლობით ალყა არ მოეხსნა”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here