Home რუბრიკები ისტორია ერთად აღმოსავლეთის ომებში

ერთად აღმოსავლეთის ომებში

წერილი V

1319
ივანე მუხრან-ბატონი

ომი თურქეთთან

შავ ზღვაზე მოკავშირეთა ფლოტი ბატონობდა, ხოლო რუსეთის ფლოტი სევასტოპოლთან იყო ჩაკეტილი. შავი ზღვის მთელი სანაპირო კი, რუსეთის გარნიზონების ევაკუაციის შემდეგ, მოწინააღმდეგეთა ფლოტისა და ჯარებისთვის გაშიშვლებულ პლაცდარმს წარმოადგენდა და მოსალოდნელი იყო მტრის შემოსევა ერთდროულად ან ნაწილნაწილ ქობულეთის, რედუტკალესა და აფხაზეთის მხრიდან. ამიტომ ჯარს უნდა დაეკავებია ისეთი პოზიციები, რომლებიდანაც უფრო ადვილად შეაჩერებდა მოწინააღმდეგის შემოტევას.

1854 წლის ივლისში გურიის რაზმის უფროსად გენერალი ივანე მუხრანბატონი დანიშნეს.

ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი (1812-1895) გახლდათ ქართველი მემამულე, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, რომელმაც სწავლა-განათლება პეტერბურგის პაჟთა კორპუსში მიიღო, აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში შამილის წინააღმდეგ. ამ დროს იგი ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში ირიცხებოდა. 1848 წელს დაინიშნა ერევნის პოლკის მეთაურად. იბრძოდა ყირიმის 1853-1856 წლების ომში. 1881 წელს, სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ, აირჩიეს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად (მარშლად). მუხრანბატონი ფლობდა 25 ათას დესეტინა მიწას. მას ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა რაციონალიზატორ მემამულეთა შორის; დიდ წარმატებას მიაღწია მეურნეობის კაპიტალისტურად გარდაქმნის საქმეში. 1876 მუხრანბატონმა საფრანგეთიდან გამოიწვია მეღვინეობის სპეციალისტები. დაიხმარა ცნობილი ქართველი მეღვინე ზ. ჯორჯაძე და მუხრანში ააგო დაახლოებით 1 მლნ. 200 ათასი ლიტრი ტევადობის ქარხანა, რომელშიც ღვინოს ევროპის წესით აყენებდა. 1882 წელს მუხრანბატონის ღვინომ მოსკოვის გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო _ სახელმწიფო გერბი, ხოლო 1889 წელს პარიზში გამართულ Exposition Universelle Internationale-ზე ოქროს მედალი დაიმსახურა. თავად მუხრანბატონს კი საფრანგეთის მმართველობამ უმაღლესი ჯილდო Officier du merite agricole უბოძა.

როგორც აღვნიშნეთ, 1854 წელს მას ჩააბარეს ე.წ. რიონის რაზმი, რომელიც ებრძოდა სამეგრელოში შემოჭრილ ომერფაშას ლაშქარს. მუხრან-ბატონმა შეადგინა საბრძოლო გეგმა, გაითვალისწინა, რომ თურქეთსა და მოკავშირე სახელმწიფოებს ყოველთვის ადვილად შეეძლოთ ძლიერი დესანტის გადმოსხმა გურია-სამეგრელოს საზღვარზე.

მუხრან-ბატონმა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქცია სამურზაყანოს, რათა გაეძნელებინა მტრისთვის აფხაზეთიდან ენგურზე გადმოსვლა. იქაური მოსახლეობისგან ჩამოყალიბდა სახალხო ლაშქარი და აფხაზეთიდან მომავალი გზები დაიკეტა. გეგმის მიხედვით, სამეგრელოს წინა ხაზი დაიკავა ადგილობრივმა სახალხო ლაშქარმა, რეგულარული ჯარები კი განლაგდნენ ზუგდიდში, ხეთასა და ხობის მონასტერთან. თუ მტერი შემოუტევდა ერთდროულად რედუტ-კალედან და ენგურიდან, ჯარი უნდა შეგროვილიყო ხეთაში. ეს პოზიცია რედუტ-კალესა და ენგურიდან გადმოსულ მტრის ჯარს შუაზე ყოფდა.

ასევე იყო შედგენილი გურიის დასაცავი გეგმა. ქობულეთის საზღვარი და ზღვისპირი დაკავშირებული იყო ძლიერი სახალხო ლაშქრით, რომელიც მტერს უშუალოდ საზღვრის გადმოლახვის შემდეგ უნდა შეხვედროდა. მუხრანბატონის გეგმის დედააზრი იმაში მდგომარეობდა, რომ მტერთან შეხვედრას მორიდებოდა, არ მიეცა მისთვის გადამწყვეტი მოქმედების საშუალება. საჭირო იყო, მოეგოთ დრო, სანამ აღმოსავლეთ საქართველოდან რეზერვი მოვიდოდა, რომელსაც უნდა შეეტია ბრძოლით დასუსტებული მტრისთვის.

ზამთრის დაწყებამდე გურია-სამეგრელო-იმერეთის საზღვრებზე სახალხო ლაშქარი და პარტიზანები იგერიებდნენ თურქების დივერსიულ შემოტევებს.

მთელი ზამთრის განმავლობაში თურქეთი გამალებული ემზადებოდა 1855 წლის კამპანიისთვის. მათ მთავარი ყურადღება დაუთმეს მიუვალი ყარსის ციხის გამაგრებას. ინგლისელი სპეციალისტების ზედამხედველობით აიგო საფორტიფიკაციო ზღუდეები და ბასტიონები, რომელთაც ყარსი მრისხანე ციტადელად აქცია. ყარსში განლაგებულ თურქეთის ძლიერ არმიას მეთაურობდა ინგლისელი გენერალი ვილიამსი. თურქეთი ყოველმხრივ ცდილობდა, დაეყოლიებინა მოკავშირეები დასავლეთ საქართველოში ძლიერი დესანტის გადასხმაზე, მაგრამ მოკავშირე სახელმწიფოებს შორის გარკვეულ უთანხმოებას ჰქონდა ადგილი. საფრანგეთი არ იყო დაინტერესებული საქართველოამიერკავკასიით, მის უპირველეს ამოცანას სევასტოპოლყირიმის აღება წარმოადგენდა.

ზამთრის განმავლობაში თურქები და რუსები ერთმანეთს უთვალთვალებდნენ და არც ერთი მხარე აპირებდა გადამწყვეტი მოქმედების დაწყებას.

1855 წლის გაზაფხულზე ხანში შესული და სერიოზულად დაავადმყოფებული მეფისნაცვალი ვორონცოვი გენერალმა ნიკოლოზ მურავიოვმა შეცვალა. ივნისის დასაწყისში მურავიოვი ყარსის ასაღებად გაეშურა. მან თანდათან დაიწყო ყარსისთვის ალყის შემორტყმა _ ყარსისა და არზრუმის დამაკავშირებელი ყველა გზა ჩაკეტა და მჭიდრო მარყუჟში მოაქცია ციხესიმაგრე.

ყარსის ციხის ასაღებად მურავიოვს ჰყავდა 21 200 ქვეითი, 3000 კავალერისტი და ამდენივე კაზაკი, 400-კაციანი ქართული და სომხური სახალხო ლაშქარი, ჰქონდა 88 ქვემეხი,  ყარსის გარნიზონი კი შედგებოდა 33 ათასამდე მეომრისგან.

ოსმალეთი ყარსის ალყამ ძალზე შეაშფოთა, რადგან მისი აღებით რუსებს მცირე აზიაანატოლიისკენ გზა გახსნილი ექნებოდათ. ოსმალეთი ევროპული მოკავშირეებისგან დაუყოვნებლივ მოითხოვდა ყარსის გადასარჩენად ზომების მიღებას, მაგრამ ინგლისსაფრანგეთი სევასტოპოლის აღებამდე არ აპირებდა ყარსის გადარჩენისთვის მაშველი არმიის გამოგზავნას.

ოსმალთა ჯარების სარდლობამ გადაწყვიტა მრავალრიცხოვანი არმიის გადმოსხმა სამეგრელოში. ამით იძულებულს გახდიდნენ რუსებს, ყარსის ალყა მოეხსნათ. ოსმალთა ჯარების გადმოსხმა საქართველოში მხოლოდ სევასტოპოლის აღების შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1855 წლის 2 სექტემბერს ბათუმში 8-ათასიანი ჯარი შემოვიდა. ბათუმში, ყულევსა და ტრაპიზონში სექტემბრის განმავლობაში გრძელდებოდა ოსმალთა ჯარების გადმოსხმა. ჯარების მთავარსარდალმა ომერფაშამ ყარსისკენ გაჭრა სცადა, მაგრამ ეს მოსატყუებელი მანევრი უფრო იყო, რადგან ომერ-ფაშას არ შესწევდა ძალა ბათუმიდან ყარსამდე უამრავი დაბრკოლებებით აღსავსე მანძილის გადასალახად და ალყაშემორტყმულ ყარსის გარნიზონის მისაშველებლად, მითუმეტეს, რომ ყარსის ციხესიმაგრისა და მისი გარნიზონისთვის ნამდვილი დახმარების აღმოჩენა სულაც არ შედიოდა ომერფაშასა და მისი ევროპელი უფროსების გეგმებში. მათი ყურადღების ცენტრში ამიერიდან საქართველოსა და ამიერკავკასიის დაპყრობისა და დანაწევრების პრაქტიკული ამოცანა იდგა.

ცნობები ომერ-ფაშას მოქმედებისა და სევასტოპოლის დაცემის შესახებ ალყაშემორყმულმა ყარსის გარნიზონმა თითქმის ერთდროულად მიიღო, რამაც ისინი სულიერად გაამხნევა. მურავიოვმა კი გადაწყვიტა, თურქთა დამხმარე კორპუსის მოსვლისთვის დაესწრო და იერიშით აეღო ყარსის ციხესიმაგრე.

17 სექტემბერს ყარსის გარშემო განლაგებულმა ჯარებმა იერიში მიიტანეს ციხეზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსი და ქართველი ჯარები არნახული თავგამოდებითა და შეუპოვრობით იბრძოდნენ, ყარსის აღება მაინც ვერ მოხერხდა. იერიში განსაკუთრებით სისხლისმღვრელი გამოდგა რუსებისთვის. ბრძოლაში დაიჭრა და დაიღუპა რუსების 4 გენერალი, 248 ოფიცერი და 7 226 ჯარისკაცი.

ომერ-ფაშამ 1856 წლის სექტემბერ-ოქტომბერში 36-ათასიანი არმია გადასხა აფხაზეთში. აშკარა იყო, რომ ომერფაშას ალყაშემორტყმული ყარსისთვის დახმარებაზე მეტად, მთელი დასავლეთ საქართველოს თუ არა, აფხაზეთსამეგრელოს ხელში ჩაგდება აინტერესებდა.

აფხაზეთში დიდი არმიის გადასხმის შემდეგ ომერ-ფაშას სამეგრელოში შემოჭრას დღე-დღეზე ელოდებოდნენ. გურიის რაზმის უფროსი, მუხრან-ბატონი, გამალებული ემზადებოდა გადამწყვეტი შეტაკებისთვის, მაგრამ მის განკარგულებაში მყოფი მცირერიცხოვანი რაზმით სამეგრელოს გაჭიმული საზღვრის დაცვა თითქმის შეუძლებელი იყო.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here