Home რუბრიკები ისტორია ერთად აღმოსავლეთის ომებში

ერთად აღმოსავლეთის ომებში

წერილი IV

1249
რუკა

 ომი თურქეთთან

1853 წლის ნოემბერში თურქეთი რუსეთთან ომში ჩაება. თურქეთისათვის კავკასიის ფრონტზე წარმოებული საომარი მოქმედების მთავარი მიზანი თბილისის აღება იყო. რუსეთისათვის კი კავკასიის შესანარჩუნებლად თბილისის დაცვა უპირველეს სტრატეგიულ აუცილებლობას წარმოადგენდა. ახალციხესთან მარხცის შემდეგ, ზამთრის განმავლობაში, თურქებმა ახალციხესთან განადგურებული რაზმის ნაცვლად შეადგინეს 34-ათასკაციანი კორპუსი, რომელიც საუკეთესო მებრძოლებით დააკომპლექტეს. ჯარს სელიმ ფაშა მეთაურობდა. იგი ბათუმიდან უნდა შემოჭრილიყო გურიაში, ხოლო ყარსში დაბანაკებული 60-ათასიანი ანატოლიის კორპუსი ალექსანდროპოლს ემუქრებოდა, ბაიაზეთიდან კი თურქებმა ერევნისკენ ძლიერი რაზმი წამოსწიეს წინ. ამ ჯარებს თბილისში უნდა მოეყარათ თავი, .. კავკასიის კორპუსი იძულებული იყო, 3 მხრით ებრძოლა.

თურქები ბათუმიდან ქობულეთში გადმოვიდნენ, მოკავშირეების ფლოტმა რედუტ-კალეში, ანაკლიაში, სოხუმსა და სხვა მიტოვებულ სიმაგრეებში დესანტი გადმოსხეს. ასეთ პირობებში ანდრონიკაშვილმა ოზურგეთში გაჩერება მიზანშეწონილად არ მიიჩნია და გადაწყვიტა, ვიდრე ციებ-ცხელებისგან განაწამები ჯარი გამოკეთდებოდა, საკვების, ფურაჟისა და ტყვია-წამლის მიწოდების საქმეს წესრიგში მოიყვანდა, დროებით უკან _ რიონისკენ დაეხია. იგი სრულიად სამართლიანად ფიქრობდა, რომ, თუ რუსის ჯარი ოზურგეთში გაჩერდებოდა, სელიმ-ფაშა მოვლითი გზებით ქუთაისისკენ გასწევდა, ხოლო რიონზე მისი დაბანაკების შემთხვევაში, მტერი ოზურგეთში შეჩერდებოდა. ანდრონიკაშვილმა ჯარი რიონის ორივე ნაპირზე დააბანაკა. რეგულარული ჯარის ოზურგეთიდან გამოყვანის შემდეგ თითქმის ნახევარი გურია სახალხო ლაშქრის ამარა რჩებოდა. მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღს ისხამდა და მტრის დასახვედრად ემზადებოდა. გურული თავად-აზნაურები და გლეხები საზეიმო ფიცს დებდნენ, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებდნენ. გურიის სახალხო ლაშქარი, მალაქია გურიელის მეთაურობით, სოფ. მაკვანეთში გურიის საზღვრებთან დაბანაკდა. მალაქია გურიელი შეკვეთილში დაღუპული გიორგი გურიელის ძმა იყო. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში და, როგორც თანამედროვენი გადმოგვცემენ, ძალიან მოხდენილი ვაჟკაციც ყოფილა. კავკასიის მეფისნაცვალი მურავიოვი მას გურული ხალხის მშვენებას უწოდებდა.

სელიმ-ფაშა მოუახლოვდა გურიის საზღვრებს, მაგრამ დიდხანს ვერ ბედავდა მდ. ჩოლოქის გადმოლახვას. ბოლოს მის ყურამდე მიაღწია ივანე ანდრონიკაშვილის მიერ განზრახ მის შემოსატყუებლად დარხეულმა ხმებმა, რომ თითქოს ინგლის-საფრანგეთის ომში ჩაბმით შეშინებული რუსები გურია-სამეგრელო-იმერეთიდან აპირებდნენ ჯარის გაყვანას და თბილისთან თავმოყრას. გათამამებული სელიმ-ფაშა გურიაში შემოიჭრა და ოზურგეთში დაბანაკდა. გურიის მოსახლეობამ, მალაქია გურიელის მეთაურობით, რომლის რაზმი დღითიდღე იზრდებოდა, თურქების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა გააჩაღა და მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სასაზღვრო ზოლის დაცვა თურქების მხრიდან გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს ლაშქრის საშუალებით ხორციელდებოდა. ის რეგულარულად აწვდიდა სარდლობას ცნობებს თურქთა ჯარების განლაგების შესახებ. გურიის ლაშქარმა შეატყობინა სარდლობას, რომ თურქების 12-ათასიანმა რაზმმა მდინარე სუფსა გადმოლახა. რაზმი უმთავრესად ბაში-ბუზუკებისგან შედგებოდა. იგი მოჰყავდა რენეგატ ჰასან-ბეი თავდგირიძეს. სოფ. ნიგოეთთან ქუთაისისკენ მიმავალ გზას იცავდა ნიკოლოზ ერისთავი 2 ბატალიონით და 4 ქვემეხით. ერისთავის დასახმარებლად ანდრონიკაშვილმა 12-მდე ცხენოსანი და ქვეითთა ასეული გაგზავნა. 27 მაისს განთიადისას სოფ. ნიგოეთთან ლანჩხუთის ტყეში ნიკოლოზ ერისთავი თავს დაესხა თურქებს. ერისთავმა იცოდა, რომ კაჟიანი თოფებით შეიარაღებული ჯარით მოწინააღმდეგის შორსმსროლელ შაშხანებთან ვერაფერს გახდებოდა და ჯარი ხელჩართულ ბრძოლაზე გადაიყვანა. მტერმა დიდხანს ვერ გაუძლო შეტევას და უკან დახევა დაიწყო. თავადი ერისთავი ქვეითი ჯარითა და სახალხო ლაშქრით ფეხდაფეხ მიჰყვებოდა მტერს. მან ტყიდან გასასვლელი ბილიკები ჩაკეტა და უკანდასახევი გზა მოუჭრა. მტრის დევნაში გართულ მეომრებს მხედველობიდან გამორჩათ, რომ ჰასან-ბეი ბაში-ბუზუკების რაზმით ჩუმად ხელიდან დაუსხლტათ. ჰასან-ბეიმ ზურგიდან შემოუარა ერისთავის რაზმს და რუსთა ბანაკს დაეცა, მაგრამ ერისთავი დროზე მიხვდა მტრის ფანდს და სასწრაფოდ გაეშურა ბანაკში მყოფი ჯარის დასახმარებლად. ჰასან-ბეის რაზმი სასტიკად დამარცხდა. თვით ჰასანბეი გაქცევას ლამობდა, მაგრამ გურულმა აზნაურმა ერასტი ჭყონიამ მას ხმლის ერთი მოქნევით მოჰკვეთა თავი და გენერალ ანდრონიკაშვილს მიართვა.

ნიგოეთთან თურქების დამარცხების მერე ანდრონიკაშვილმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო, ოზურგეთში თურქების მთავარი კორპუსისთვის შეეტია და ოზურგეთისკენ გასწია, მაგრამ სელიმ-ფაშას ოზურგეთი დაეტოვებინა, მდ. ჩოლოქზე გადასულიყო და გურიის საზღვართან დაბანაკებულა.

ოზურგეთში მისვლისთანავე ანდრონიკაშვილმა გენერლები შეკრიბა და მომავალი ბრძოლის შესახებ თათბირი გამართა. ურჩიეს, შეტევა რამდენიმე დღით გადაედოთ, სანამ მტერს კარგად დაზვერავდნენ და მის სიძლიერე-სისუსტეებს დაადგენდნენ. ანდრონიკაშვილმა ეს რჩევა არ მიიღო და, სანამ მტერი ბოლო მარცხის სიმწარეს თავს დააღწევდა, მასთან შებმა და შეტევა ამჯობინა.

ანდრონიკაშვილის განკარგულებაში იყო 11 ბატალიონი ქვეითი რეგულარული ჯარით, დონელი კაზაკების 4 ასეული, გურიის ექვსი ქვეითი რაზმი, იმერეთის სახალხო ლაშქრის 6 ქვეითი და 5 ცხენოსანი ასეული, რომლის ერთ-ერთ ასეულს ხელმძღვანელობდა 75 წლის ქაიხოსრო მიქელაძე. ქაიხოსრო მთელ იმერეთში განთქმული იყო თავისი ვაჟკაცობითა და გარეგნობით. მან მიქელაძეების გვარის თავადებისგან შეადგინა მთელი ასეული და, როგორც თანამედროვე გადმოგვცემს, საბრძოლოდ ამხედრებულმა ქაიხოსრომ სახალხოდ გამოაცხადა, რომ იგი მტრის საბოლოოდ დამარცხებამდე და უკანასკნელ გასროლამდე თავდადებით იბრძოლებდა.

აქვე ორიოდე სიტყვით უნდა შევჩერდეთ ანდრონიკაშვილის განკარგულებაში მყოფ ქართული ნაკრები ცხენოსანი ლაშქრის აღწერაზე. ეს ლაშქარი 1854 წლის გაზაფხულზე ჩამოყალიბდა და სპეციალური სამხედრო სწავლება გაიარა. იგი შედგებოდა რჩეული ვაჟკაცებისგან. ლაშქრის უფროსი იყო სიმამაცით განთქმული გიორგი ჯანდიერი, რომელსაც მეტსახელად დროშაგიორგისუწოდებდნენ.

ლაშქრის პირველ ასეულში იყვნენ მხოლოდ ოსები, რომლებიც სხვა ასეულებისგან გამოსარჩევად წითელ ნიშანს ატარებდნენ და წითელი ფაფახები ეხურათ. მათი მეთაური იყო თავადი გიორგი მაჩაბელი.

მეორე ასეული სიღნაღის მაზრის მცხოვრებთაგან იყო შედგენილი, ჰქონდათ თეთრი ნიშანი და თეთრი ფაფახები. მათ მეთაურობდა თავადი ზაქარია ანდრონიკაშვილი.

მესამე ასეულში თელავის მაზრის მცხოვრებლები იყვნენ, მეთაურობდა ნიკო ჭავჭავაძე, ჰქონდათ მოყვითალო-ოქროსფერი ნიშანი.

მეოთხე ასეული შედგენილი იყო თბილისისა და გორის მაზრის მცხოვრებლებისგან, მეთაურად ჰყავდათ თავადი დავით ვახვახიშვილი, ატარებდნენ ცისფერ ნიშანს.

მეხუთე ასეულში იყვნენ თუშები და ფშავები შავი ნიშნით და შავი თუშური ქუდებით, მათ მეთაურობდა ვაჟკაცობით განთქმული ელისა ბერიძე, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, მთელი სხეული ჭრილობებით ჰქონდა დაფარული.

მეექვსე ასეული მწვანე ნიშნით გამოდიოდა და მის შემადგენლობაში მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს უძველესი გვარების თავადაზნაურობის წარმომადგენლები შედიოდნენ, მეთაური იყო თავადი გიორგი ერისთავი. ლაშქარს მიუძღვებოდა თეთრ ცხენზე ამხედრებული გოლიათი, ბოდბისხეველი ნატროშვილი, რომელსაც შავი დროშა მოჰქონდა.

გენერალმა ივანე ანდრონიკაშვილმა ბრძანა და ჯარი საომრად დალაგდა:

სულ ერთად ნაკრები რუსნი და ქართველნი მოითვლებოდნენ 10 ათასამდე, ხოლო ჩოლოქს გაღმა სელიმ ფაშას 35 ათასი თურქი მეომარი იდგა ნახევარმთვარე გამოსახული დროშებით.

მაშ, ასე: 1854 წლის 4 ივნისი. ბრძოლა მდინარე ჩოლოქზე.

გათენებისას გურიის რაზმმა დატოვა ოზურგეთი და გაემართა გურიის საზღვრებისკენ, სადაც მდინარე ჩოლოქს გაღმა, მისთვის ხელსაყრელ პოზიციებზე იყო განლაგებული ბათუმის 35-ათასიანი კორპუსი, სელიმ-ფაშას მეთაურობით.

ავანგარდში მიდიოდა გურულთა სახალხო ლაშქარი, მაჭავარიანისა და თავდგირიძის მეთაურობით, რომელიც გზაში თურქების მოწინავე რაზმს გადაეყარა. გურულებმა სასტიკად დაამარცხეს თურქები.

გურიის რაზმმა გადალახა რა ჩოლოქი, საბრძოლოდ განლაგებული მტრის პირისპირ აღმოჩნდა. ბრძოლა საარტილერიო ცეცხლით დაიწყო. შემდეგ, ანდრონიკაშვილის განკარგულებით, ბრძოლაში უნდა ჩაბმულიყო 2 კოლონა, გენერლების _ მეიდელისა და ბრუნერის მეთაურობით. მეიდელის კოლონა პირდაპირ ეკვეთა მტერს, ხოლო ბრუნერის კოლონასა და ქვეით სახალხო ლაშქარს მტრისთვის მარჯვენა ფლანგიდან უნდა შემოევლო და შემდეგ მეიდელსა და მას ერთდროულად უნდა დაეცხოთ მტრისთვის. გენერალმა მეიდელმა ხელჩართული ბრძოლა გამართა და ისე შეავიწროვა თურქები, ამ მომენტში ბრუნერის კოლონასაც რომ დაერტყა, ბრძოლის ბედი გადაწყვეტილი იქნებოდა, მაგრამ ბრუნერი გაუგებარი მიზეზის გამო იგვიანებდა. მეიდელის კოლონა თავისიანებისაგან მოწყვეტილი აღმოჩნდა და ბრძოლის ბედი ბეწვზე ეკიდა. გათამამებული თურქები მთელი ფრონტით შეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ ანდრონიკაშვილი არ დაიბნა. მან უბრძანა კავალერიას, ჩაბმულიყო ბრძოლაში. როგორც ამ ბრძოლის უშუალო მონაწილე, ქართული ლაშქრის ინსტრუქტორი ივანე ამილახვარი მოგვითხრობს, კავალერია, იმერეთის ცხენოსანი სახალხო ლაშქარი, ქართული ლაშქარი გააფთრებული ეკვეთნენ მტერს. დონელი კაზაკების ასეულები, პოლკოვნიკ ხარიტონოვის მეთაურობით, და იმერეთის ცხენოსნები, ქაიხოსრო მიქელაძის მეთაურობით, მტრის მოწინავე პოზიციებში შეიჭრნენ, ხოლო ქართულმა ლაშქარმა მარჯვენა ფლანგიდან შემოუარა და ზურგიდან დაესხა თავს მტერს. შეტევაზე გადასული ქართული ლაშქარი ისეთი ელვის სისწრაფით მიაგელვებდა ცხენებს, რომ წინა რიგებში მყოფი ასეულის მეთაურები _ დავით ვახვახიშვილი და ზაქარია ანდრონიკაშვილი _ ღრმად შეიჭრნენ თურქების რიგებში და მტრის ხიშტებზე წამოგებულებმა ბრძოლის ველზე განუტევეს სული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დავითი ამ ომში დაღუპული 4 ძმა ვახვახიშვილის მეხუთე ძმა იყო. ლაშქარმა ამ ბრძოლაში 120 კაცი დაკარგა, მაგრამ თითქმის მთლიანად გაანადგურა მტრის რეგულარული ჯარის გვარდიის ბატალიონი. ამ ბრძოლაშივე დაიღუპა იმერეთის სახალხო ლაშქრის სახელოვანი მეთაური ქაიხოსრო მიქელაძე.

შეტევაზე გადასულ კავალერიას ანდრონიკაშვილმა ფეხდაფეხ მიაყოლა ჯარის დანარჩენი ნაწილები და შეტევაზე გადავიდა.

სისხლისმღვრელი ხელჩართული ბრძოლის შემდეგ თურქები იძულებული შეიქნენ, უკან დაეხიათ, მაგრამ რუსმა და ქართველმა ცხენოსნებმა მათ ფეხდაფეხ იქამდე სდიეს, სანამ სელიმ-ფაშას ჯარების გზააბნეული ნაშთები შორს არ გადაკარგეს. თვით სელიმ-ფაშა რამდენიმე მხლებლით ქობულეთს გაიქცა. ჩოლოქთან ბრძოლაში თითქმის მთლიანად განადგურდა თურქთა ბათუმის კორპუსი.

ჩოლოქთან გამარჯვებამ ბოლო მოუღო უცხოელი გენერლების მიერ შედგენილ გეგმას, რომლის მიხედვით ახალციხე-ახალქალაქის მიმართულებით წამოსული თურქთა რაზმი სურამის უღელტეხილის გადავლით უნდა შეერთებოდა სელიმ-ფაშას ბათუმის კორპუსს, რათა შემდეგ გაშლილი კომბინირებული შეტევა დაეწყო, რომელსაც, მათი აზრით, უნდა მოჰყოლოდა რუსეთის ბატონობის დასასრული ამ მხარეში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here