Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: შტურმში პირადად მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურის...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: შტურმში პირადად მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები და არაერთი მათგანი ამოვიცანი

12426
დიმიტრი ლორთქიფანიძე

26 ივლისს პარტიაგამარჯვებული საქართველოსლიდერისა და დამფუძნებლის _ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებამ პოლიტიკურ სპექტრში შექმნილი დაძაბულობა კიდევ უფრო გაამძაფრა. აგრესიულიოპოზიცია”, “ნაცმოძრაობისხელმძღვანელობით, რომელიც აშკარაა, რომ მთავარ გათვლას არა ხელისუფლების მიმართ ჯანსაღ ოპონირებაზე, არამედ ძალადობრივი გზით ბრძოლასა და არეულობაზე აკეთებს, უკვე საგანგებო რეჟიმშია. რეპრესიები, პოლიტიკური დევნა, დიქტატურა და ტირანია _ ასე შეაფასეს სპეციალურ ბრიფინგზე ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის თავკაცებმა სამართალდამცველების მიერ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის დაკავება, რომელიც 21 ივნისს პარლამენტში ძალადობრივი გზით (პროკურატურის ბრალდება) შეჭრას, შემდეგ კი 2003 წელს ნანახიკინოს სცენარით”, თავმჯდომარის ჩაის დალევას აპირებდა, თუმცა ამ უმწვავეს შეფასებებთან ერთად ზოგიერთ ლიდერს (მაგალითად, გრიგოლ ვაშაძეს), “ტრადიციისამებრ”, რუსეთისკენ თითის გაშვერაც არ დავიწყებია და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაკავება, ისევე, როგორცრუსთავი 2”-ის საქმე, კრემლიდან ნაკარნახევი პოლიტიკის შედეგია.

რაც შეეხება ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილ მიხეილ სააკაშვილს, ექსპრეზიდენტმა ოქრუაშვილის დაკავებიდან მალევე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა (უკვე მერამდენედ), რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებულ ხელისუფლებასთან სამართლებრივი გზით ბრძოლას აზრი არ აქვს. მისი შეფასებით, “ვინც ყვება ზღაპრებს, რომ “ოპოზიციამ” კანონის ყველა წესის დაცვით უნდა იმოქმედოს, “ივანიშვილისთვის სასარგებლო იდიოტია”: “არ გამოგივა, ხიხო, არ გამოგივა, “ბეზპრიძელშიკო!” შენი მმართველობა ძალიან მალე დასრულდება. ძალიან აჩქარებ მოვლენებს და, რახან აჩქარებ, გამოწვევა მიღებულია _ ჩვენც დავაჩქარებთ, ჩვენც დაგიძაბავთ, ჩვენც მოგხედავთ სათანადო დონეზე…” სააკაშვილის შეფასებით, ყველაზე დიდი წარმატება ევროპულ დემოკრატიაში ყოველთვის მოჰყვებოდა კონკრეტული ადამიანების მიერ არსებული წყობილების წინააღმდეგ კონკრეტულ ქმედებებს, თუმცა საზღვარგარეთ მყოფ ექსპრეზიდენტს არ განუმარტავს, კონკრეტულად როგორ და რა გზით წარმოუდგენია “არსებული წყობილების წინააღმდეგ კონკრეტული ქმედებების” განხორციელება და რა არის ეს “კონკრეტული ქმედებები”…

რა სტადიაზეა დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მას უახლოეს მომავალში? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, წინა კვირას სააკაშვილის ხელისუფლების ერთერთი წამყვანი ფიგურის _ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებამ გარკვეულწილად გააჩინა განცდა, რომ ხელისუფლებამ დაიწყო წლების წინათ ხალხისთვის მიცემული დაპირების შესრულება სამართლიანობის აღდგენის შესახებ. თქვენი აზრით, რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს ახლო მომავალში?

_ სანამ უშუალოდ ბატონი ოქრუაშვილის პიროვნებას შევეხებოდე, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით ის, რაც ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ დაიწყო, არის მოვლენათა ერთი ჯაჭვი, რომელიც უკვე ხელისგულზე დევს. ეს იყო გარკვეული დასავლურინეოლიბერალურიძალების პირდაპირი, დაუფარავი მცდელობა, რომ ძველი საარჩევნო სისტემით ჩაეტარებინათ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ამ გზით შეეცვალათ რეჟიმი ქვეყანაში. მაგრამ მას შემდეგ, რაც 20 ივნისის პროვოკაცია ჩაფლავდა და ვერ შეძლეს პარლამენტის შტურმით აღება, ცხადი შეიქნა, რომ ვერანაირი ჩანაცვლება ერთი რეჟიმისა მეორეთი ვერ მოხდებოდა. ჩანაფიქრი, რომ “ოცნებისთვის” ერთგვარი პოლიტიკური ბლიცკრიგი ჩაეტარებინათ, ვერ განახორციელეს. შესაბამისად, ამის შემდეგ პროცესი სხვა მიმართულებით წავიდა… სხვათა შორის, იმ დღეს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, შეძლო პარლამენტში შესასვლელი 83 საშვის დაშვება მოქალაქეებზე და ცხადია, ყველა ეს მოქალაქე პარლამენტში უნდა შეეყვანათ იმისთვის, რომ შერწყმოდნენ შიდასაპარლამენტო დესტრუქციულ ძალებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ პროვოკაციისთვის. ახლა წარმოიდგინეთ, მხოლოდ ერთი დეპუტატი თუ შეიყვანდა 83 სამოქალაქო აქტივისტს საკანონმდებლო ორგანოში, შემდგომ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ცხადია, ეს იქნებოდა ფართომასშტაბიანი სასტიკი და სისხლიანი პროცესი, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში მოჰყვებოდა უმძიმესი შედეგები.

გიგი უგულავა

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პირველად განვაცხადო თქვენი გაზეთის მეშვეობით ძალიან მნიშვნელოვანი რამ: 20-21 ივნისის იმ სამწუხარო მოვლენების შემდეგ ბევრს საუბრობდნენ და დღესაც საუბრობენ იმაზე, ვინ იდგა ამ პროვოკაციების უკან და ვინ უმაგრებდა ზურგს ძალადობრივ პოლიტიკურ დაჯგუფებებს. შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ ამ შტურმში პირადად მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები და არაერთი მათგანი ამოვიცანი. მეტსაც გეტყვით: თუ დაინტერესდებიან სპეცსამსახურები, შემიძლია, ამ პიროვნებების სახელები და გვარებიც ვუთხრა, თუმცა ახლა, ბუნებრივია, მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ საუბარია კონკრეტულად საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროს ოფიცერზე, რომელიც შეერთებული შტატების უნიფორმით დადის. საერთოდ, მოგეხსენებათ, ამერიკის საელჩოში უსაფრთხოების ორი ზონაა _ შიდა და გარე. გარე დაცვას ჩვეულებრივი დაცვის პოლიციის ფორმა აცვია, შიდა დაცვას _ ამერიკის სახელმწიფო უნიფორმა. აი, ზუსტად ამ შიდაუსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ანუ ყველაზე მეტი ნდობით აღჭურვილი პირი თანამზრახველებთან ერთად მონაწილეობდა შტურმში

_ ეს ადამიანები სპეციალურად იყვნენ ჩამოყვანილი და ორგანიზებული საელჩოს მიერ?

_ ჩამოყვანილი არა, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ გარკვეული დავალება და, როგორც ჩანს, ისინი ამ დავალების შესაბამისად მოქმედებდნენ… სხვათა შორის, ეს ადამიანები რუსთაველზე შევნიშნე არა მხოლოდ ღამის საათებში, როდესაც უკვე შტურმი ხორციელდებოდა, არამედ მანამდეც, როცა პარლამენტის საშვთა ბიუროსთან მოზღვავებული მასა საკანონმდებლო ორგანოში შეღწევას ცდილობდა. მარტივად რომ ვთქვათ, აშკარა იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც ჩავარდა, და მოდი, პირდაპირ ვთქვათ: რომ არა გიორგი გახარიას პრინციპული, სწორი გადაწყვეტილებები, ეს სცენარი, ალბათ, განხორციელდებოდა.

აქცია

_ შეერთებული შტატების საელჩო ეხმარებოდანაციონალურ მოძრაობასპროვოკაციის განხორციელებაში თუ, უბრალოდ, კონკრეტული თანამშრომლები აქციაზე თავიანთი ინიციატივით მივიდნენ, როგორ ფიქრობთ?

_ როდესაც პოლიტიკასა და პოლიტიკურ პროცესებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაც ზედაპირზე დევს და ყველა ხედავს, არამედ ის, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს და ანალიზს საჭიროებს. ჩემი აზრით, როდესაც შესაბამის სამსახურებს აქვთ საშუალება, დადასტურებულად, ასპროცენტიანი მტკიცებულებების დონეზე მიიღონ ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შიდაუსაფრთხოების ოფიცერთა შემადგენლობა _ საქართველოს მოქალაქეები _ საკანონდებლო ორგანოს შტურმში მონაწილეობდნენ, სულ ცოტა, უშიშროების სამსახური ამ პირთა ვინაობით მაინც უნდა დაინტერესდეს. მე, ჩემი მხრიდან, კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემს სიტყვებზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და მზად ვარ, ნებისმიერ დროს მივაწოდო ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს.

აქცია

რაც შეეხება უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილსა და მის დაკავებას, მესმის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არის სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი; მესმის, რომ ზოგს შეიძლება გაუჩნდა ეს განცდა, მაგრამ მოდი, ობიექტურად შევხედოთ მოვლენებს: ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირდება არაერთი გახმაურებული საქმე და მისი მინისტრობის პერიოდში მოხდა მკვლელობებიცრომელიმე მათგანზე ჩატარდა რეალურად ობიექტური, სამართლიანი გამოძიება? სანამ ამ საქმეების შესწავლა არ მოხდება და დამნაშავეები პასუხს არ აგებენ, შეიძლება, სამართლიანობის აღდგენის პროცესზე ვისაუბროთ?!

_ ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში მოხდა ბუტა რობაქიძის მკვლელობა, შემდეგ _ საქმისშეკერვადა გაყალბებამისი მინისტრობის პერიოდში მოხდა შეჭრა სამაჩაბლოში, რომელიც ჩვენი შეიარაღებული ძალების სრული კრახითა და 50-მდე პოლიციელის ტყვედ ჩავარდნით დასრულდაამ ყველაფერზეც უნდა დაწყებულიყო გამოძიება?

_ ცხადია, უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მე ასევე მახსენდება არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებზეც თვითონ ოქრუაშვილი არ საუბრობდა წლების წინათ თავის საჯარო აღსარებაში…

_ მაგალითად?

_ მაგალითად, ოქრუაშვილის გენერალური პროკურორობის დროს შეიქმნა კერძო სამართლის იურიდიული პირი სახელწოდებით “პენიტენციარული სისტემის განვითარების ფონდი”, რომლის ანგარიშზეც სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ პირებს, საპროცესო შეთანხმების პარალელურად, ეროვნულ ბანკში შეჰქონდათ ე.წ. შემოწირულობები. ოქრუაშვილთან ერთად ამ იდეის ავტორები იყვნენ გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და სხვები. როგორ ფიქრობთ, ამ ფონდში წლების განმავლობაში რამდენი მილიონი იქნა აკუმულირებული?

_ წლების წინათ ოქრუაშვილის სახელი მსხვილმასშტაბიან კორუფციულ გარიგებებშიც ფიგურირებდა, თუმცა ეს უკვე კულუარული ინფორმაცია იყო.

_ რა თქმა უნდა, ეს არის კორუფცია და, ელიტურ კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ, სხვა არაფერია… ოქრუაშვილი, მოგეხსენებათ, “ნაცმოძრაობასთანდაპირისპირების შემდეგ საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ ჩანდა. გაინტერესებთ, როგორ ცხოვრობდა? _ არ აკლდა არაფერი: არც აპარტამენტები და დალხენილი ცხოვრება. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა _ საიდან ეს ყველაფერი? საიდან ამხელა კომფორტი და ფუფუნება, თუ არა სწორედ იმ ფონდში აკუმულირებული თანხების ქვეყნიდან გატანის შედეგად?

_ როგორ ფიქრობთ, ასეთი მტკიცებულებების არსებობის პირობებში რატომ არ იწყება გამოძიება?

_ ეს არის ზუტად ის ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც ააშკარავებს იმას, რომ რეალურად აქ სამართლიანობის აღდგენის პროცესზე საუბარი ნაადრევია. კიდევ ვიმეორებ: ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა ამ დღეებში ოქრუაშვილის დაკავებაზე, მის საჯარო პოლიტიკურ აღსარებასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, მაგრამ ეს ყველაფერი გამიზნული იყო მისი პოლიტიკური აქტივობის წამოწევაზე. თვითონ კიდევ ისეთ რაღაცებზე იძლეოდა ჩვენებებს, რომლებიც ბრალის წარდგენის სამართლებრივ საფუძველს არ ქმნიდა სხვა მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში; ხოლო, რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ, არის პირდაპირი საფუძველი იმისა, რომ არათუ მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის, არამედ მთელი იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა. სანამ იმაზე ვისაუბრებთ, რატომ არ იწყება ეს პროცესი, კონკრეტული საქმეების მტკიცებულებები განვიხილოთ. მახსენდება ივანიშვილის მიერ, თუ არ ვცდები, 2013 წელს გაკეთებული ძალიან მკაცრი და კრიტიკული განცხადება გიგა ბოკერიას მიმართ, რომელიც უშიშროების საბჭოდან ლობისტური საქმიანობისთვის გამოყოფილი მილიონების ხარჯვის შესწავლას შეეხებოდა. შემდეგ ამას მოჰყვა საგამოძიებო პროცესი და გარკვეული საქმე დამოკლეს მახვილივით დაეკიდა ბოკერიას თავზე, მაგრამ ბოლოს მოხდა ის, რაც დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა _ ეს ყველაფერი შეიქნა იმის საფუძველი, რომ ბატონი ბოკერია გამხდარიყო ანგარიშგასაწევი ძალა ივანიშვილის კარის თამაშებში.

ბოკერია-უგულავა-ბაქრაძე

ახლა სხვებზე ვთქვათ: ბატონ დავით ბაქრაძეს, სააკაშვილის პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და ამჟამად პარტიაევროპული საქართველოსერთერთ ლიდერს, ლონდონის ბანკში აღმოაჩნდა არადეკლარირებული 350 ათასი გირვანქა სტერლინგი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც დეპუტატს მანდატის მოქმედებას უჩერებს და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის საფუძველს ქმნის. დაიწყო გამოძიება ბაქრაძის მიმართ? _ რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს, რომ დაიწყო. რით დამთავრდა? _ დამთავრდა გარკვეული პოლიტიკური ლავირებით, ბატონ ბოკერიას გუნდში მისი გადაბარგებით და იქიდან კიდევ უფრო საინტერესო პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობით. სხვათა შორის, ანალოგიური პრინციპით მოხდა გიგი უგულავას გადაბარგებაც მათ გუნდში… უგულავას, რომ იტყვიან, ხახვივით შერჩა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დატაცებული 48 მილიონი ლარი. არაფერს ვამბობ იმ დანაშაულებრივ ოპერაციებზე, რომლებიც პოლიტიკურ კორუფციას უკავშირდებოდამარტივად რომ ვთქვათ, მთელი ეს პროცესები ქმნიდა ერთ ჯაჭვს, რომელიც უკავშირდებოდა ბოკერიას აქტიურობას; და, როგორც ჩანს, ჯამში, ამ ყველაფრის საფუძველს წარმოადგენდა შეერთებული შტატების საელჩოდან წამოსული დირექტივა, რომ შემდგომი არჩევნების შედეგად სწორედ გიგა ბოკერია უნდა გამხდარიყო პრემიერი. აი, ასეთი სცენარი უნდა განეხორციელებინათ 20 ივნისამდე, მაგრამ 20 ივნისის შემდეგ უკვე დაჩქარებული მეთოდებით ხდება ამ ყველაფრის განხორციელება. რატომ? იმიტომ რომ, როგორც ჩანს, 2020 წელი, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, არასაიმედო წლადაა მიჩნეული ჩვენი ამერიკელიპარტნიორებისმიერ და ისინი უკვე ერევიან პროცესებში. ამას ადასტურებს საელჩოს უსაფრთხოების თანამშრომლების უშუალო მონაწილეობა 20-21 ივნისის შტურმში და ვფიქრობ, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება. მე სიტყვებს ჰაერში არ ვისვრი. ამ სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ! მერე ამ ყველაფერს მიება თბილისი პრაიდი, რომელიც უნდა ყოფილიყო დესტაბილიზაციის მთავარი მაპროვოცირებელი ქვეყანაში, თუმცა ეს უკვე სხვა საკითხია და ამაზე ადრეც ბევრი ითქვა…

_ ოქრუაშვილის დაკავებიდან მალევე სააკაშვილმა ინტერნეტში ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომივანიშვილისთვის სასარგებლო იდიოტიაყველა, ვინც ხელისუფლებასთან სამართლებრივი გზით ბრძოლას ემხრობა. ეს უკვე მერამდენე რევოლუციური მოწოდება იყო საზღვარგარეთ გაქცეული ექსპრეზიდენტისროგორ ფიქრობთ, რეალურად არსებობს ქვეყნაში არეულობისა და დესტაბილიზაციის საფრთხე?

_ დესტაბილიზაციის საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს და მე ვიტყოდი, რომ დღევანდელ ვითარებაში ის განსაკუთრებით დიდია. შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა “ლიბერალური” ოპოზიცია რუსეთში, გააქტიურდა ასევე ანტიტერორისტულ ზონაში უკრაინული არმიაც, რომლის შედეგადაც დონბასის მიმართულებით საზავო ხელშეკრულება, ფაქტობრივად, დარღვეულია და შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული დაძაბულობაა მოლდოვაშიც. აი, ზუსტად ამ პროცესების ჭრილში უნდა განვიხილოთ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება… რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, ჩემი აზრით, ის კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ 20 ივნისიდან დღემდე ჩაშლილი ყველა სპეცპოლიტიკური ოპერაციის გაგრძელებას ისტერიკულად ცდილობენ. მაგრამ ვფიქრობ, დღეს ჩვენი საზოგადოება საკმაოდ გაიზარდა იმისთვის, რომ მსგავს სიბინძურეებს ბრმად არ აჰყვეს. ამას ხედავს ყველა და ხედავენ მათ შორის ეს მოძალადე პოლიტიკური ჯგუფებიც, ამიტომ აქვთ ასეთი უსაშველო პოლიტიკური აშლილობა და მოუსვენრობა, რომელიც თავისთავად საფრთხეს ქმნის, მაგრამ, დიდი ალბათობით, ამ ყველაფერს საბოლოოდ თვითონ გადაჰყვებიან…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. არა ასეთი გზით ქვეყანას განვითარება არ უწერია ეს სისტემა უნდა შეიცვალოს თუ ხელისუფლება არღვევს ადამიანის უფლებებს და არაფრად აგდებს მას ის ხელისუფლება უნდა გადადგეს უფრო მეტიც თურმე ისლანდიაში ხალხის უფლებაა ასეთი ხელისუფლება უნდ შეიცვალო ძალის გამოყენებით

  2. ამ უუნარო ხელისუფლების ხელში კიდევ ბევრი კატაკლიზმებია მოსალოდნელი. ერთი სიტყვით, არავინ არ ფიქრობს სამართლიანობის აღდგენას და ჩვენი წართმეული ქონების დაბრუნებას, რომელი პოლიტიკური ძალაც დაგვპირდება ქვეყანაში შემოთესლილების გაყრას და სამართლიანობის აღდგენას ქვეყნის გამთლიანებას არა ნატოს! და რუსეთთან მეგობრობის მოგვარებას დევნილების უპირობოდ დაბრუნებას ის ძალა მოვა ხელისუფლებაში. თუ შეგვპირდა და მოგვატყუა სიკვდილი არ აცდებათ, ამას თვითონ ხალხი მოუვლის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here