მთავარი პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველო, ისევე, როგორც უკრაინა, ამ მიდგომებით ყველაფერს წააგებს

დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველო, ისევე, როგორც უკრაინა, ამ მიდგომებით ყველაფერს წააგებს

“საბოლოოდ მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა სავაჭრო და სალაპარაკო არათუ რუსეთთან, არავისთან არ გვექნება”

246
გააზიარეთ

7 დეკემბერს ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ორსაათიანი ონლაინსაუბრის დასრულების შემდეგ როგორც კრემლში, ისე ვაშინგტონში საერთაშორისო თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე გაკეთებულმა მკაფიო განცხადებებმა წერტილი დაუსვა პოლიტიკურ სპეკულაციებს. ზესახელმწიფოთა ლიდერების გზავნილებმა ისეთ თემებს, როგორიცაა ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით, აშშისა თუ ევროკავშირის მზადყოფნა რუსეთისაგრესიული პოლიტიკისშესაჩერებლად და .., კიდევ უფრო მეტი სიცხადე შესძინა.

ცხადი შეიქნა ისიც, რომ თვალსაზრისი, თითქოს “ცივილიზებული სამყარო” მზადაა, ძალით დაიცვას ნებისმიერი სახელმწიფო, სადაც მათ თავისი ინტერესი აქვთ, ჩვეულებრივი პოლიტიკური ილუზიაა. პოლიტიკურ ილუზიაზე საუბარს უკვე დასავლელი ლიდერებიც არ ერიდებიან და ამბობენ, რომ როგორც ამერიკამ, ისე ევროპამ რუსეთთან ურთიერთობების რეგულირება მხოლოდ დიპლომატიური გზებით და პრაგმატული მიდგომებით, ე.ი., მოლაპარაკებების საშუალებით უნდა შეძლონ. რაც შეეხება პუტინისა და ბაიდენის ონლაინსაუბრის მთავარ თემას _ უკრაინას, რომლის მიმართაც იყო მოლოდინი, რომ ვაშინგტონის პოზიცია მკაცრი და შეუვალი იქნებოდა, საუბრის შემდეგ ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არც კი განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხს. “ეს საკითხი მაგიდაზე არ დევს”, _ განუცხადა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინს ურთიერთობის დიპლომატიური გზით დარეგულირებისკენ მოუწოდა. ის, რომ ურთიერთობები მსოფლიო პოლიტიკის უმსხვილეს მოთამაშეებს შორის ყოველთვის დიპლომატიური გზებით ირკვევა და თანამედროვე ეპოქაში მათ შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, მით უმეტეს მესამე ქვეყნის დაცვის იდეით, უბრალოდ, გამორიცხულია, ცხადია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკითხი, ალბათ, ასე უნდა დავაყენოთ: რას იღებენ დასავლეთის მიერ ერთ კონიუქტურულ ჭრილში განხილული საქართველო და უკრაინა (მათი მონაწილეობის გარეშე) ვექტორებს შორის მათ შესახებ(აც) მიღწეული შეთანხმებით, როცა ერთიც და მეორეც (საქართველოც და უკრაინაც) მათ მიერვე წლების განმავლობაში განხორციელებული არასახელმწიფოებრივი მისწრაფებების გამო პოლიტიკურ თამაშგარე მდგომარეობაში არიან?! ამას დრო კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთს.

ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ან საერთოდ არ განიხილება, ან თუ განიხილება _ არაადეკვატურ კონტექსტში: 10 დეკემბერს მოსკოვში “3+3” ფორმატის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი + რუსეთი, თურქეთი, ირანი) პირველი შეხვედრა გაიმართა, ოღონდ საქართველო იქ წარმოდგენილი არ იყო (თუნდაც მესამე პირის მეშვეობით, რაც დიპლომატიაში მიღებული პრაქტიკაა. ხომ წარმოადგენს რუსეთს საქართველოში შვეიცარია, რატომ არ შეიძლებოდა, ისევ შვეიცარიას საქართველო წარმოედგინა რუსეთში?). რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა რეგიონში თანამშრომლობის, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მეორე დღეს, 11 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ხუთი ქვეყნის წარმომადგენლობებმა გამოთქვეს დაინტერესება, ფორმატში საქართველოც ჩაერთოს. მეტიც, განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ხაზგასმული იყო, რომ პლატფორმაში საქართველოსთვის კარი ღია რჩება… ცხადია, ნებისმიერი ქვეყნის ადეკვატური ხელისუფლება, რომლის საგარეო ორიენტირებიც საკუთარი სტრატეგიული ინტერესებით განისაზღვრება და არა გარე ძალების დირექტივებით, ამ განცხადებას შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დატოვებდა, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში წინადადებას უცვლელი რიტორიკით უპასუხეს: რუსეთი ოკუპანტია და საქართველო ოკუპანთან ერთად რამე თანამშრომლობაში ვერ ჩაერთვება, სანამ დეოკუპაცია არ მოხდება. რას მოგვიტანს მსგავსი რიტორიკა და მიდგომები, როცა რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება ძირეულად იცვლება, დრო გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ უკვე ამთავითვე ცხადია, საქართველო, ისევე, როგორც უკრაინა, რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ ბანაკში ყოფნამ მიიყვანა კრიზისამდე, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა თვალსაზრისით, და ეს კრიზისი სულ უფრო და უფრო მწვავდება.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან და შეიძლება თუ არა ამ გამოსავლის პოვნა არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, პუტინისა და ბაიდენის ორსაათიანმა ონლაინსაუბარმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი და წერტილი დაუსვა პოლიტიკურ სპეკულაციებს. ითქვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარების გაგზავნას არც კი განიხილავს. საუბარი იყო ურთიერთობების მხოლოდ მოლაპარაკებების გზით დარეგულირებაზე. როგორ შეაფასებთ ამ საუბარსა და გზავნილებს, რომლებიც შემდგომ გაკეთდა? და საერთოდ, რეალურია კი რუსეთის მზადება უკრაინაში სამხედრო შეჭრისათვის? თუ ეს დასავლური პროპაგანდის ნაყოფია?

_ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია შემდგომ გაკეთებული შეფასებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ჩვენთვისაა ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ საუბრიდან მეორე დღეს გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმების აუცილებლობაზე. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა არგუმენტი, რომლითაც რუსეთი ასაბუთებს ამ ნაბიჯის აუცილებლობას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამით საფრთხის ქვეშ დგება ევროპის უსაფრთხოება. ნატო-ს პოზიცია _ საკუთარი უსაფრთოების მიღწევა სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე, ძირშივე ეწინააღმდეგება თვითონ ევროპის უსაფრთხოების კონცეფციას და საჭიროა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფრონტაციული ფონის განმუხტვას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება ბაიდენის შერბილებულ რიტორიკას, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ განიხილება, რა თქმა უნდა, არც არავის ჰქონდა ილუზია, რომ ამერიკელები უკრაინას ფიზიკურად დაიცავდნენ, ეს გამორიცხულია, რადგან მეორე მხარეს რუსეთი დგას. ვფიქრობ, ეს, უწინარესად, უკრაინის ხელმძღვანელობისთვის უნდა იყოს მკაფიო სიგნალი

რაც შეეხება რუსეთის მზადებას სამხედრო შეჭრისათვის: ეს ტყუილია, უფრო უკრაინა ემზადება დონბასში სამხედრო ოპერაციისათვის (ისევ დასავლეთის კონფრონტაციული ძალების წაქეზებით) და რაკი რუსეთს ოფიციალურად აქვს გაცხადებული, რომ ასეთ შემთხვევაშითვით უკრაინის სახელმწიფოებრიობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ”, რუსეთის დადანაშაულებაგაღმა შედავებაა”, რომგამოღმა შერჩეთ”.

_ უკრაინა გამალებით განაგრძობს შეიარაღებასა და საომარ რიტორიკას

_ გეთანხმებით და ეს არის ზუსტად ის, რაც ქმნის განწყობას, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. რას შეიძლება, ნიშნავდეს ეს? მე ასე ვიტყოდი: შეერთებული შტატები ოფიციალურად იცილებს უკრაინაზე პასუხისმგებლობას, რაც გასაგებია, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით მძიმე ტვირთია მისთვის, მაგრამ რამდენადაც რბილია ბაიდენის რიტორიკა საომარი მოქმედებების საკითხში, იმდენად საპირისპიროზე მეტყველებს რეალობა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ამერიკელების ინტერესებში კვლავ არის რეგიონში ცხელი კერების არსებობა და ამისთვის საჭიროა არა მშვიდი, სტაბილური გარემო, არამედ ქაოსი და მუდმივი დაძაბულობა. საბოლოოდ აქ საკითხი ასე უნდა დაისვას _ რას იღებს უკრაინა? უკრაინა იღებს იმას, რომ, პრაქტიკულად, გადაქცეულია პოლიგონად, ხოლო იმის დაბრუნების შანსი, რაც დაკარგა, ნულია.

_ პუტინთან საუბრის შემდეგ ბაიდენმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს რუსეთს, ამერიკას, ევროპასა და ნატოს შორის. საინტერესოა, რომ მან ნატო ცალკე გამოყო და აშშ _ ცალკე. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

_ ესეც გარკვეული რიტორიკის ნაწილია, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ ქვეტექსტებს შეიცავს. აქ მინიშნება არის იმაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე პროცესში ერთვება სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, თუმცა ეს ყველაფერი, შესაძლოა, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდეს და რეალურად ისინი რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაზე არ წავლენ… რაც შეეხება საქართველოს, პოზიცია, რომელიც არსებობს უკრაინის მიმართ, ჩვენთვის პირდაპირი სიგნალი უნდა იყოს, ანუ ის, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხი არც კი განიხილება, ნიშნავს, რომ ჩვენ შემთხვევაში საკითხის ამ ჭრილში დასმა ფანტასტიკის სფეროდანაა.

_ 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა “3+3” ფორმატის პირველი შეხვედრა, რომელშიც რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი და აზერბაიჯანი მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მოგეხსენებათ, შეხვედრაში მონაწილეობაზე საქართველომ უარი განაცხადა, მაგრამ მეორე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოსთვის პლატფორმის კარი ღიაა. რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ ამ საკითხში?

_ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის და მით უმეტეს პოლიტიკოსისთვის გასაგებია: რეგიონში მიმდინარეობს ძირეული გეოპოლიტიკური გარდაქმნები, რომლებშიც ჩართულია ამ რეგიონის ყველა სახელმწიფო, მათ შორის, ჩვენი მეზობელი ორი ქვეყანა, რომლებსაც რამდენიმე თვის წინათ ომი ჰქონდათ ერთმანეთში და ეს ომი დღესაც არ არის დასრულებული. ჩნდება შეკითხვა _ რატომ არიან ეს ქვეყნები ამ პროცესში? იმიტომ, რომ იდეალური ურთიერთობა აქვთ? არა, ისინი თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და ყველას ესმის ერთი მარტივი რამ _ თუ შენი ბედი შენი მონაწილეობის გარეშე გადაწყდება და თანაც მონაწილეობაზე უარის თქმა შენი გადაწყვეტილებაა, მაშინ ყველაფერი გადაწყდება შენს საზიანოდ; ყველა მეტნაკლებად მიიღებს თავისას შენი ინტერესების ხარჯზე, ბოლოს კი შენ მაინც ვერ ასცდები ამ ქვეყნებთან ურთიერთობას. სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია ხაზს უსვამს, ეს არის ფორმატი “3+3 “და იქ სეპარატისტული რეგიონების ხსენებაც არ არის, ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს არის სიგნალი ჩვენთვის გარკვეულ შესაძლებლობებზე. სხვათა შორის, გროზნოსკავკასიურ დიალოგში”, სადაც მიმიწვიეს, ასევე არ იმყოფებოდნენ აფხაზები და ოსები. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ შეიქმნას კომფორტული გარემო საქართველოს ხელისუფლებისთვის.

_ ამის მიუხედავად, ჩვენი ხელმძღვანელობის პოზიცია უცვლელია _ სანამ ტერიტორიული მთლიანობა ხელყოფილია, საქართველო რუსეთთან ერთად არ მონაწილეობს არანაირ ფორმატში, რომელშიც დასავლელი პარტნიორების მედიაცია არ არის.

_ მაინც მინდა მჯეროდეს ერთი რამ: სახელისუფლო გუნდშიც არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით მდგომარეობის არსი და ისინი რაღაც ფორმით შეძლებენ პოზიტიური როლის შესრულებას ქვეყნის ნორმალურ რელსებზე გადაყვანის პროცესში…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here