მთავარი პოლიტიკა დიდი ხანია, ხელისუფლებამ “პური და სანახაობიდან” პური ამოიღო და მხოლოდ სანახაობით კვებავს...

დიდი ხანია, ხელისუფლებამ “პური და სანახაობიდან” პური ამოიღო და მხოლოდ სანახაობით კვებავს ხალხს

163
გააზიარეთ
დიდი ხანია, ხელისუფლებამ “პური და სანახაობიდან” პური ამოიღო და მხოლოდ სანახაობით კვებავს ხალხს

საქართველოს საფონდო ბირჟა ფასიანი ქაღალდების ერთადერთი ორგანიზებული ბაზარია საქართველოში. ის სრულად აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას. ჰოდა, როგორ გგონიათ, გასულ თვეში ამ ფასიანი ქაღალდების ერთადერთ ბაზარზე ბრუნვა რამდენი იყო? ოფიციალური მონაცემებით, ეს მონაცემი ასე გამოისახება _ 0! ჰო, მარტში საქართველოს საფონდო ბირჟის ბრუნვამ ნული ლარი შეადგინა, ანუ არავის არაფერი გაუყიდია და არავის არაფერი უყიდია.

12 აპრილს საქართველოს მთავრობას 10 წლის წინათ გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა _ 500 მილიონი დოლარი _ უნდა გადაეხადა. სამწუხაროდ, არ ვიცით, რა მოახერხა სახელმწიფომ, რადგან მონაცემები თვის ბოლოს გვექნება, მაგრამ ვალის მომსახურება მისი რეფინანსებით უნდა მოხდეს, რაც მის სანაცვლოდ ახალი 500-მილიონიანი ევროობლიგაციების გამოშვებას ნიშნავს. ახალი ევრობონდის გამოშვების თარიღის შესახებ მთავრობას საჯაროდ ინფორმაცია აქამდე არ გაუვრცელებია. შესაბამისად, იზრდება ალბათობა, რომ ამ სესხის მომსახურებისთვის არა ახალ სესხს, არამედ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე არსებული ბიუჯეტის ნაშთს გამოიყენებს და დანაკლისი მხოლოდ ახალი 500-მილიონიანი ვალის აღების შემდეგ შეივსოს. და ვინ მოგვცემს ახალ ვალს?

“2021-23 წლებში საქართველო აზიის განვითარების ბანკთან არსებული სასესხო შეთანხმებების ფარგლებში 1 მლრდ დოლარის დაფინანსებას მიიღებს”, _ განაცხადა საქართველოში ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა. ოფიციალურად ეს დაფინანსება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოფლის მეურნეობას, ენერგოსისტემასა და განათლებას უნდა მოხმარდეს. ოფიციალურად იმიტომ, რომ ადრეც გვსმენია კონკრეტული მიმართულებით აღებული მილიონობით სესხი, მაგრამ სფეროს არაფერი დატყობია.

მარტში საქართველოს საფონდო ბირჟაზე ნულოვანი ბრუნვა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა, უბრალოდ, აღარ არსებობს, გარდაიცვალა, განულდა. ამის მთავარ მიზეზად ექსპერტები ასახელებენ იმას, რომ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა იანვრის დასაწყისში, 3-15 იანვარი დასვენების დღეებად გამოაცხადა. ამით პანდემიის გავრცელება შეამცირა, მაგრამ სწორედ იანვარში, ეკონომიკის დაცემამ რეკორდულ 11,3%- მიაღწია. ეს იცის ხელისუფლებამაც და, ამის მიუხედავად, 4-11 მაისი კვლავ უქმე დღეებად გამოცხადდა.

ამ უქმეებმა პანდემიის გავრცელების მასშტაბი უნდა შეამციროს, მაგრამ, თუ ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელი კვლავ რეკორდული იქნება, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წლის ბოლოს, რეგიონში კი არა, მთელ მსოფლიოში ეკონომიკის შემცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვიქნებით.

წინა ხელისუფლების მიერ ტურიზმზე აწყობილი ქვეყანა (ეს კურსი ახალმაცწარმატებითგააგრძელა) არანორმალურად დაეცა მას შემდეგ, რაც ტურიზმი, უბრალოდ, გაჩერდა. სამწუხაროდ, ტურისტების ნაკადს არც წელს ველოდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი უცხოური ვალუტის შემოდინება არ იქნება. სატირალია (სასაცილოს შეგნებულად არ ვამბობთ) ის, რომ ქართული ეკონომიკა ახლა მთლიანად ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზეა დამოკიდებული. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უახლოეს პერიოდში არ არის მოსალოდნელი და ერთადერთი, რაზეც სახელმწიფოს გათვლა აქვს, “ნამოხვანჰესისპროექტია, რომელსაც ლამის მთელი საქართველო ეწინააღმდეგება. იმ კაბალური პირობებით, რომლებიც ცნობილი შეიქნა, “ნამოხვანჰესისკი არა, ნებისმიერი რამის მშენებლობა აბსურდული იქნებოდა, მაგრამ დიდი ხანია, აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ და ესეც მორიგი სპექტაკლია.

სწორედ ამიტომ გვგონია, რომ სახელმწიფო შეგნებულად ცდილობს, მოსახლეობა მიიყვანოს იმ ზომამდე, რომ გადარჩენის ერთადერთ გზად და წყაროდ “ნამოხვანჰესის” მშენებლობა დაანახვოს, პროტესტი მორჩეს და ქვეყანაში შემოსასვლელი 400 მილიონის ინვესტიცია როგორმე “გააპრავოს”. ცოდვა გამხელილი ჯობიაო და ისიც გვგონია, ამ პროექტში კონკრეტული ადამიანების ინტერესები დევს და პროცესებსაც ისინი მართავენ თავის და არა ქვეყნის სასიკეთოდ. სასაცილოა, როცა სახელმწიფო გადარჩენის გზად 400 მილიონი დოლარის შემოსვლას ხედავს მაშინ, როცა 500 მილიონი 12 აპრილს უნდა გადაეხადა დამაისში გვეტყვიან, ახალი ვალი ვისგან და რა პირობებით ავიღეთ, თორემ, 500 მილიონი დოლარის გადამხდელები რომ არ ვართ, რა მისახვედრია.

საინტერესო, იცით, რა არის? როცა პრემიერები მოდიან, მუდმივად აქვთ პრეტენზია, რომ საქართველოს განვითარების საიდუმლო იციან და მრავალწლიან გეგმებსაც სახავენ (სხვათა შორის, იგივე ხდება განათლების სისტემაში, ყველა მინისტრი ახალ, 10-წლიან გეგმას წერს და ახლიდან იწყებს კეთებას, ამიტომაცაა, განათლება ერთ ადგილს რომ ტკეპნის) და მერე მისი შემცვლელი ისევ ახლიდან იწყებს, იმიტომ, რომ “რაღაც” არ მოსწონს. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი პირველად რომ გახდა, მაშინვე თქვა: განვითარების 10-წლიანი გეგმა მაქვს და ნახავთ, ათი წლის შემდეგ სად ვიქნებითო. მერე იყო კვირიკაშვილი, მერე _ გახარია და დავიწყებას მიეცა ღარიბაშვილის 10-წლიანი გეგმა. სამაგიეროდ, პრემიერის სავარძელში კვლავ ჩაბრძანებულმა ბატონმა ირაკლიმ გაიმეორა, _ განვითარების 10-წლიანი გეგმა უნდა შევიმუშაოთო და იქვე დააყოლა: საქართველოს სჭირდება ახალი ეროვნული იდეა, რომელიც ადამიანებს გააერთიანებს-ო. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, დაბეჯითებით ვიტყვით: ბატონო ირაკლი, გარწმუნებთ, 10 წლის განმავლობაში თქვენ პრემიერი არ და ვერ იქნებით. თქვენ მიერ შემუშავებული ათწლედის გეგმა კვლავ დავიწყებას მიეცემა, კვლავ ჩაილურის წყალს დალევს და არავის ემახსოვრება. ჰოდა, მისი შემუშავებისთვის ადამინური და ფინანსური რესურსის დახარჯვა მართებული არ გვგონია, თორემ აგერ თქვენ და აგერ ჩვენ, აუცილებლად გაგახსენებთ ამას.

ახლა რაც შეეხება “ახალ ეროვნულ იდეას, რომელიც ადამიანებს გააერთიანებს”. დიდი ხანია, ხელისუფლებამ “პური და სანახაობიდან” პური ამოიღო და მხოლოდ სანახაობით კვებავს ხალხს. ახალი ეროვნული იდეა კი არა, უწინარესად, პური სჭირდება ხალხს, “პური ჩვენი არსობისა” და მერე _ ყველაფერი დანარჩენი. ისიც ვთქვათ, რომ გამორიცხულია, დასავლეთის ზეწოლის პირობებში რომელიმე “ეროვნული იდეის” ხორცშესხმა მოხდეს. ამას სწორედ დასავლეთი არ დაგვანებებს და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ადამიანთა ერთობა ან ევროპას აძლევს ხელს, ან ამერიკას, ძალიან ცდება. დაყავი და იბატონეს პრინციპით ვიმართებით, აგერ უკვე მერამდენე ათეული წელია, და, აბა, გაიხსენეთ იდეა, რომელმაც მთელი ერი ერთხელ მაინც გააერთიანა. არა, ბატონებო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველებმა ძალაუფლების გემო გაიგეს, სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრება ისწავლეს და ამის დათმობა არანაირი ეროვნული იდეის გამო არავის არ სურს.

აგერ, იდეის გარშემო “ნამოხვანჰესის” საწინააღმდეგოდ გაერთიანდა ხალხი და ამ იდეის ჩაკვლას ცდილობთ. სამწუხაროდ, ეკონომიკის გაცოცხლება-გადარჩენის ერთადერთ გზად სწორედ “ნამოხვანჰესის” მშენებლობას განიხილავს ხელისუფლება და, თუ იდეის გარშემო გსურთ ხალხის გაერთიანება, ასეთი მასშტაბური პროექტები უნდა შეუთანხომთ ხოლმე, პირობები გააცნოთ და მერე მოაწეროთ ხელი. საქართველოს ტერიტორიების განკარგვა მხოლოდ თქვენი პრეროგატივა და უფლება რომ არ არის, ეს უნდა იცოდეთ, თუმცა სათავეში, ძალაუფლების ზენიტში მყოფთ სხვანაირად ეჩვენებათ ყველაფერი.

ეჭვი გვაქვს, მესამე ტალღის დაანონსებას კვლავ მოჰყვება მკაცრი შეზღუდვები და ისედაც გაღატაკებული მოსახლეობა შიმშილს ოფიციალურად დაიწყებს. მშიერ კუჭზე იდეის გარშემო გაერთიანება ძალიან ძნელი იქნება და უმარტივეს გზას შემოგთავაზებთ, რომლის გარშემო გაერთიანებაც შეიძლება: ბაზარზე ქათმის კვერცხზე მონოპოლიის მოხსნის შემდეგ ორ თვეში ადგილობრივი წარმოება17%-დან 98%-მდე გაიზარდა. გამოდის, გვქონია იმის შესაძლებლობა, რომ კვერცხი ჩვენ გვეწარმოებინა სრულად, მაგრამ კონკრეტული ადამიანები არ გვანებებდნენ და ერთეულები მდიდრდებოდნენ. ამის ბრალია, სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, კვერცხი რომ არ გაიაფდა. იგივე შეიძლება მოხდეს რძის პროდუქტებზეც, აკრძალეთ აზიიდან რძის ფხვნილის შემოტანა, ადგილობრივ, ნატურალურ პროდუქციას მიეცით გასაქანი და ისიც გაიაფდება. გაეცით ლიცენზიები კერძო საკუთრებაში არსებულ ტბებში თევზჭერაზე და თევზიც გაიაფდება (ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ტბის მფლობელებს მოშენებული თევზის დიდი ოდენობით ჭერასა და რეალიზაციაზე შეზღუდვები აქვთ დაწესებული). ჰოდა, ეგ არის პროდუქტის გაიაფება. ეგ არის იდეაც, საქართველოზე, ადგილობრივ მოსახლეობაზე იფიქრეთ და არა იმაზე, რა ესიამოვნება დანიელსონს თუ მიშელს ან ნებისმიერ სხვას. ყოველი არჩევნების პარალელურად, ჩაატარეთ პლებისციტი ამა თუ იმ საკითხზე, მხოლოდ ბიულეტენების ბეჭდვის ფასი დაგიჯდებათ და გაიგებთ, სურს თუ არა საქართველოს ნატო, სურს თუ არა საქართველოს ევროკავშირი და, საზოგადოდ, რა სურს ქვეყნის მოსახლეობას. მერე იდეების მოფიქრებაც არ გაგიჭირდებათ, ხალხის გაერთიანებაც და მართვაც.

10-წლიანი გეგმა კი… ჩანასახშივე განწირულია, ბატონო ირაკლი, და ფურცელზე დაწერილი ლამაზი სიტყვებით კუჭს ვერავის ამოუვსებთ.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here