მთავარი პოლიტიკა დამნაშავეთა სახელმწიფო

დამნაშავეთა სახელმწიფო

დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც ჩაყლაპეს

684
გააზიარეთ
დამნაშავეთა სახელმწიფო

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეჩვიდმეტე გამოშვება

თუკი არ ძალგიძთ, ხელი შეუშალოთ მათ, ვინც ჩაყლაპვას გიპირებთ, ის მაინც სცადეთ, რომ ვერ მოგინელონ!”

ჟან ჟაკ რუსო

გვაქვს დამოუკიდებლობის დღე _ 26 მაისი, მაგრამ არ გვაქვს დამოუკიდებლობა.

გვყავს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირთა მთელი პლეადა, მაგრამ არ ჩანს მათი მოპოვებული დამოუკიდებლობა.

მეოცე საუკუნეში დამოუკიდებლობა ორჯერ გამოვაცხადეთ, მაგრამ… ერთხელაც ვერ მივიღეთ.

ასმესამედ გათენდა 1918 წელს ნოე ჟორდანიას მიერ დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადებული 26 მაისი…

ოცდამეათედ გათენდა 1991 წელს ზვიად გამსახურდიას მიერ დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადებული 31 მარტი…

დამოუკიდებლობა კი არ ჩანს.

მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონს კიდევ ერთი ბინადარი შეემატა _ გენერალი კვინიტაძე. ამჟამად იქ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ოთხი ისტორიული პიროვნება განისვენებს _ მერაბ კოსტავა (1989 .); ქაქუცა ჩოლოყაშვილი (2005 .); ზვიად გამსახურდია (2007 .); გიორგი კვინიტაძე (2021 .).

ერთი სიტყვით, ასარჩევად გვაქვს დამოუკიდებლობის დღეები და თავზესაყრელად გვყავს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირები, მაგრამ არ გვაქვს დამოუკიდებლობა.

ახალი და უახლესი ისტორიის საკითხებზე პოლემიკაში შესვლა თვითმკვლელობას ნიშნავს, ვინაიდან ისტორიკოსებს შორის თითოეულ დეტალზე კამათს ბოლო არ უჩანს. ყოველი კონკრეტული საკითხის იმდენი ინტერპრეტაცია არსებობს, რამდენი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და პოლიტიკოსია ამ ქვეყანაში, ამიტომ უმჯობესია, საკითხი ისტორიული დეტალების გარეშე განვიხილოთ და მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების მიხედვით ვიმსჯელოთ.

ისტორიულად საქართველოს, დამოუკიდებლობისთვის კი არა, გადარჩენისთვის უწევდა ბრძოლა. იყო საქართველოს ერთიან, ძლიერ სახელმწიფოდ ყოფნის პერიოდები, მაგრამ იყო მომხვდურთაგან საქართველოს იავარქმნისა და განადგურების ხანგრძლივი პერიოდებიც. მეთხუთმეტე საუკუნიდან საქართველო ოფიციალურად დაიშალა, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან მეოცე საუკუნის 10-იანი წლების მიწურულამდე კი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია გუბერნიის სახით. რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცხადდება. ეს იყო 1918 წლის 26 მაისი, მაგრამ…

როგორც კი დაიშალა რუსეთის იმპერია, საქართველოს ხახადაღებული ოსმალეთი დაეძგერა. ქართული ტერიტორიების მიტაცება მისი საუკუნოვანი ოცნება იყო. 1918 წლის 3 მარტს ხელმოწერილი ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომელიც, ერთი მხრივ, საბჭოთა რუსეთსა და, მეორე მხრივ, გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის გაფორმდა, ომის შეჩერებას კი ითვალისწინებდა, მაგრამ თურქეთს უტოვებდა ბათუმის, ყარსისა და არდაღანის ოლქებს. ზავს, რომელსაც ბოლშევიკები გვთავაზობენ, ჩვენ ხელს არ მოვაწერთ. უმჯობესია, დავიხოცოთ, ვიდრე შთამომავლობას თავი მუდმივი წყევლაკრულვისთვის მივცეთ”, _ განაცხადა ნოე ჟორდანიამ. ამ განცხადებაში უთუოდ იყო პატრიოტული სულისკვეთება, ყოველ შემთხვევაში, მენშევიკთა გაგებით, მაგრამ პატრიოტული სულისკვეთება ყოველთვის არ ნიშნავს გონივრულ სულისკვეთებას. ბრესტის ზავის პირობების მიუღებლობაზე არ მოგახსენებთ, საერთოდ, ასეა: ის, რაც პატრიოტულად გამოიყურება, ხშირად სულაც არაა ასეთი, და პირიქით: ის, რაც გონივრულია, შესაძლებელია, ერთი შეხედვით სულაც არ გამოიყურებოდეს პატრიოტულად. ეს რთული საკითხია. უმრავლესობას მყვირალა და ემოციური ურაპატრიოტიზმი ხიბლავს, რის გამოც გონივრული, ანუ ნამდვილი პატრიოტიზმი უკანა პლანზე გადადის ხოლმე. ქართველ მენშევიკთა პატრიოტიზმი ემოციას ეფუძნებოდა. ხუთი საუკუნის განმავლობაში სახელმწიფოებრიობადაკარგული ერი სახელმწიფოს აღდგენის მიჯნასთან დადგა და, ბუნებრივია, რომ ხალხის დიდი ნაწილი პოლიტიკურმა აღტყინებამ მოიცვა. პატარა ერების ხვედრი ასეთია. შიდა რესურსის უკმარისობა ხალხს ქვეყნის გარეთ გახედვისკენ უბიძგებს. თუ ადრე არჩევანის გაკეთება აღმოსავლურ იმპერიებსა და რუსეთს შორის უწევდათ, ისტორიული მოკავშირის ძებნაში დაღლილი ქართველები იმხანად რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ. მენშევიკებმა, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის მარქსიზმი უცხო არ იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ფსონი დასავლეთზე დადეს, რადგან ვერც მარქსისტულ ფილოსოფიას ჩასწვდნენ ბოლომდე და ვერც ისტორიის კანონზომიერებას. მათ ვერ დაინახეს ის კოლოსალური განსხვავება, რომელიც დასავლურ სოციალ-დემოკრატიასა და კომუნისტურ მსოფლმხედველობას შორის არსებობდა. სამაგიეროდ, გამოჩნდნენ სხვა ქართველები, რომლებმაც, მენშევიკებისგან განსხვავებით, გეზი არა დასავლეთისკენ, არამედ ბოლშევიკური (კომუნისტური) რუსეთისკენ აიღეს. ეს ის ეპოქა იყო, როდესაც უკლასო საზოგადოების იდეა ისე მძლავრად მოაბიჯებდა, რომ წინ ვერაფერი აღუდგებოდა. 1917 წლის სოციალისტური რევოლუცია კაცობრიობის განვითარების გზაზე ის უზარმაზარი ნახტომი იყო, რომლის მსგავსი მანამდე არაფერი მომხდარა. მიუხედავად ამისა, მენშევიკური მთავრობა დასავლეთს სახავდა მხსნელად და მას შესციცინებდა თვალებში. კაპიტალისტური დასავლეთი კი უპატრონოდ დარჩენილ პატარა და უმწეო საქართველოს ისევე უპირებდა ჩაყლაპვას, როგორც მეზობელი თურქეთი. განსხვავება ის იყო მხოლოდ, რომ თურქეთი სამხედრო ძალის გამოყენებით თუ აპირებდა ამის გაკეთებას, დასავლეთი ყველაფერს ყიდულობდა. საქართველოსთვის შედეგი ორივე შემთხვევაში ერთნაირად კატასტროფული იქნებოდა. საქართველოს ტოტალური გაყიდვის ტენდენცია არსად ისე მხატვრულად და შთამბეჭდავად არ ასახულა, როგორც ნიკო ლორთქიფანიძის იმ მინიატურულ ჩანახატში, რომლის მსგავსი გოდება სამშობლოს ისტორიული ხვედრის გამო მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათად თუ მოიძებნება:

იყიდება საქართველო!

იყიდება საქართველო. მინდორველით, მთაგორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვებედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩახავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართმოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილმოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავმოყვრებით.

ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.

იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარპატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.

იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!

ნიკო ლორთქიფანიძე

1910 წელი”.

დამნაშავეთა სახელმწიფო

ჩნდება შეკითხვა: ვის შეეძლო ასე ერთიანად და ტოტალურად გაყიდული საქართველოს უკან გამოსყიდვა და გადარჩენა _ მენშევიკურ ხელისუფლებას, რომელიც იმ დასავლეთს ელაქუცებოდა და მის წინაშე თავდადრეკილი იდგა, რომელსაც მთელი საქართველო ნაყიდი ჰქონდა? არა, მენშევიკურ ხელისუფლებას, გულითაც რომ სდომოდა, ამის გაკეთების რესურსი არ ჰქონდა. გაყიდულგანიავებული საქართველო კომუნისტურმა ხელისუფლებამ იხსნა, რომელმაც საყოველთაო ნაციონალიზაცია გამოაცხადა და ყველაფერი, რაც შინაურებს თუ გარეშეებს ჰქონდათ ნაყიდი და მითვისებული, ქართველ ხალხს დაუბრუნა. ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) ჩამომყალიბებელ კომუნისტებს შეეძლოთ და ამგვარი მეგაპროექტის განხორციელების რესურსიც მხოლოდ მათ ჰქონდათ. მათ გადაარჩინეს საქართველო. კომუნისტებმა თურქეთისგან საქართველოს დაუბრუნეს ის, რისი დაბრუნებაც შეძლეს. თურქებს, რომლებსაც წაღებული ჰქონდათ არამხოლოდ ბათუმი, არამედ სხვა რაიონები და დასახლებული პუნქტები, მათ შორის, ოზურგეთი, ახალციხე და აღმოსავლეთისკენ მოიწევდნენ, კომუნისტებმა ეს ტერიტორიები დაატოვებინეს და ყარსის 1921 წლის ხელშეკრულებით აჭარა საქართველოს შემოუმტკიცეს. ვითომ პატრიოტ ქართველებს კომუნისტების მიმართ დღემდე აქვთ პრეტენზია _ რატომ მეტი არ გააკეთეს და საქართველოს მთელი ისტორიული ტერიტორიები არ შემოუერთესო. რამდენად ობიექტური და სამართლიანია ასეთი პრეტენზიები, თავად განსაჯეთ. ისიც საკითხავია, ქართველი ხალხის ამ პრეტენზიული ნაწილის საყვარელმა მენშევიკურმა მთავრობამ რა ისტორიული სიკეთე მოუტანა საქართველოს, გარდა იმისა, რომ, თუ რამ სიმდიდრე, ქონება და საგანძური არსებობდა საქართველოში (სამუზეუმო თუ საეკლესიო), რისი ადგილიდან დაძვრა და წაღება შეიძლებოდა, საზღვარგარეთ გაიტაცა?! წარმოგიდგენიათ, “ეროვნულმა მთავრობამ”, ნაცვლად იმისა, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლა და, სხვა გზა თუ არ რჩებოდა, სამშობლოსთვის თავი გაეწირა, ეროვნულ განძს ტომრებსა და ყუთებში უკრა თავი, მერე მოჰხვია ხელი და საზღვარგარეთ გააქანა, რომლის უდიდესი ნაწილი (248 ყუთიდან საბოლოოდ მხოლოდ 39 ყუთი გადარჩა), როგორც მოეპრიანა, ისე მოიხმარა _ გაყიდა, გაფლანგა და ა.შ. ის 39 ყუთიც პრაქტიკულად დაკარგული იყო, ვინაიდან საფრანგეთის ბანკმა, შენახვის თანხის გადაუხდელობის გამო, მისი კონფისკაცია მოახდინა და თავის ქონებად გამოაცხადა. ძალად პატრიოტი ქართველები კი პირში წყალს იგუბებენ, ეროვნული განძის ნამდვილი გადამრჩენელის სახელსაც არ ახსენებენ და პატივს ექვთიმე თაყაიშვილს მიაგებენ, რომელიც სამშობლოდან განძის გამტაცებელ მენშევიკურ მთავრობასთან ერთად გაიქცა. ეროვნული განძის ის ნაწილი, რომელიც ფიზიკურად გადარჩენილი იყო, მაგრამ ბანკს ჰქონდა ჩამორთმეული, თაყაიშვილმა კი არა, საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა დაუბრუნა საქართველოს, რა თქმა უნდა, სტალინის თხოვნით. ასეთია განსხვავება ამ საკითხთან დაკავშირებულ რეალობასა და, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, მუცლით მეზღაპრეთა მონაჩმახს შორის (უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ შეიტყოთ ბატონ გრიგოლ ონიანის ექვსტომეულშისტალინი”). რაც შეეხება საფრანგეთიდან გადმოსვენებულ ჩვენს თანამემამულე გენერალ კვინიტაძეს, ისიც ერთ-ერთი გაქცეულთაგანია, რომლის “გმირობის” შესახებ ვიკიპედია შემდეგი სახის ცნობას გვაწვდის:

გიორგი კვინიტაძე რუსეთის იმპერიის არმიაში დაჯილდოებული იყო წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაფთით, წმინდა ანას მე-4 და მე-3 ხარისხის, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენებით.

1918 წელს გახდა გენერალი. 1918 წლის მაის-სექტემბერში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. შეიარაღებული ძალების შექმნის საკითხში რესპუბლიკის მთავრობასთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა.

1918 წლის დეკემბერში, სომხეთ-საქართველოს ომის დროს დაინიშნა სადახლო-შულავერის ფრონტის საველე შტაბის უფროსად. 1919 წლის მარტიდან იყო ახალციხე-ახალქალაქის მაზრების გენერალ-გუბერნატორი და რეგიონის ქართული გარნიზონის სარდალი, მეთაურობდა მაზრაში სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლას და დაამარცხა ისინი. შემდეგ იბრძოდა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ და მათთან ბრძოლისას, 1919 წლის აპრილში გაათავისუფლა არტაანი. 1919 წლის სექტემბრიდან იყო ქართული სამხედრო სკოლის უფროსი. 1920 წლის 29 აპრილს ხელახლა დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე. 1920 წლის მაისში დაამარცხა აზერბაიჯანის სსრ-ის მხრიდან საქართველოში შემოჭრილი წითელი არმიის ნაწილები. სურდა შეტევის გაგრძელება და ბრძოლის გადატანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რათა სრულად გაენადგურებინა იქ არსებული წითელი არმია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ამის ნება არ მისცა. 8 სექტემბერს დატოვა მთავარსარდლის თანამდებობა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაუბრუნდა სამხედრო სკოლას. 1921 წლის 16 თებერვალს მესამედ დაინიშნა მთავარსარდლის პოსტზე. რუსეთ-საქართველოს ომის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თბილისის დაცვას, რასაც წარმატებით ახერხებდა 18-24 თებერვლის განმავლობაში. 24 თებერვალს მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება თბილისის დატოვების შესახებ. მისი გეგმით, უნდა გამაგრებულიყვნენ მცხეთასთან და შემდეგ კონტრშეტევით დაემარცხებინათ მტერი, მაგრამ კვინიტაძის გეგმამ არ იმუშავა. კვინიტაძემ ვერც ოსიაურის ბრძოლაში მოახერხა წითელი არმიის შეჩერება. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. მუშაობდა გრამფირფიტების კომპანიაში. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ერთი პერიოდი თავს ირჩენდა მაწვნის წარმოებით და გაყიდვით”.

მთაწმინდის პანთეონისთვის მიბარებულ ქართველზე ძვირის თქმას რა მრჯის, მაგრამ იმაში, რაც აქ წერია, არათუ გმირობის დამადასტურებელი, გმირობაზე მიმანიშნებელიც კი არაფერია. გმირი ისაა, ვინც თავს წირავს, ვინც ბრძოლის ველზე დაეცემა, არა აქვს მნიშვნელობა, გენერალია თუ რიგითი. ბრძოლის ველიდან და სამშობლოდან გაქცეულებს გმირებად რატომ წარმოვაჩენთ, გაუგებარია.

საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი მენშევიკების შთამომავალი რომ არის და სამშობლოდან გაქცეულ ერთ-ერთ ოჯახშია დაბადებული, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი გმირების შთამომავალია და არც იმას, რომ მთელი მენშევიკური მთავრობა, ქაქუცა ჩოლოყაშვილით დაწყებული და გიორგი კვინიტაძით დამთავრებული, მთაწმინდის აწ უკვე ჩვეულებრივ სასაფლაოდ ქცეულ პანთეონში უნდა დაიკრძალოს. ის, თუ რა დაარტყამთ თავში სააკაშვილს, ზურაბიშვილსა და მათი ყაიდის დანარჩენ პრეზიდენტებს, არ გამოდგება იმის კრიტერიუმად, ვინ სად უნდა დაიკრძალოს და რა პატივით. ვერც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გენერალ კვინიტაძისთვის მიცემული დახასიათებაა დამაჯერებელი: “გენერალ კვინიტაძის სახელი ოკუპაციასთან შეურიგებლობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს და მისი საქართველოში გადმოსვენება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის”. ეს შეიძლება ხელისუფლებისგან ნაღალატევ იმ იუნკრებზე თქვა, რომლებიც მეთერთმეტე არმიასთან შეტაკებისას დაეცნენ. ეს შეიძლება გიორგი ანწუხელიძეზე თქვა, რომელმაც ღირსების შესანარჩუნებლად თავი გაწირა, მაგრამ გაქცეული მენშევიკები და მათთან ერთად საქართველოდან აბარგებული გენერლები გმირები რატომ არიან? 2008 წელს რუსებს რომ თბილისი აეღოთ, სააკაშვილი და მისი მთავრობის წევრები, ჩემოდნებით ხელში საზღვარგარეთ რომ მიიძურწებოდნენ, გმირებად უნდა გვეღიარებინა? ნონსენსია! წარსულის გაიდეალებაც მესმის და მისი პატრიოტული მითოლოგიზებაც, მაგრამ ამგვარი წრეგადასულობა პატრიოტიზმზე კი არა, უკიდეგანო პროვინციალიზმზე მეტყველებს. პროვინციალიზმია დამოუკიდებლობის დღით ამდენი კეკლუცობაც, მაშინ, როდესაც, დამოუკიდებლობა კი არა, მისი ნასახიც არ გაგვაჩნია

დღეს ჩვენ თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოგვიდგენია, მაგრამ სინამდვილეში დამნაშავეთა სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით. ამ ქვეყანაში დამნაშავეა ისიც, ვინც ქვეყნის ნგრევისა და გაუბედურების ჟამს ფული იშოვა და გამდიდრდა; დამნაშავეა ისიც, ვინც გაღატაკდა, რადგან წინაპრების ის უდიდესი მონაპოვარი, რომელსაც სოციალისტური სისტემა ერქვა, დამოუკიდებლობის იდეით მოსული შარლატანების ხელყოფისგან არ დაიცვა; დამნაშავეა ის მეცნიერიცა თუ ხელოვანიც, რომელიც ფეხის ხმას აჰყვა და სოციალისტურ სისტემას ლაჩრულად ზურგში ხანჯალი ჩასცა; დამნაშავეა ისიც, ვინც ქურდობით გამოიჩინა თავი, და ისიც, ვისაც არაფერი მიუთვისებია, მაგრამ საერთო სახალხო დოვლათის ერთეულების მიერ მიტაცების პროცესს, სხვა თუ არაფერი, შინაგანი პროტესტით მაინც არ აღუდგა წინ; დამნაშავეა ისიც, ვინც ისტორიის ამ ოცდაათწლიან მონაკვეთში საარჩევნო მოსყიდვები აწარმოა, და ისიც, ვინც მომსყიდველებს მიეყიდა; დამნაშავეა ყველა, ვინც ერთმანეთის სისხლში გაისვარა ხელი; დამნაშავეა, ვინც ნატოსა და ევროკავშირის სატყუარათი გააბრუა ხალხი, და დამნაშავეა ისიც, ვინც ამ სატყუარაზე წამოეგო; დამნაშავეა ისიც, ვინც ისტორიული მოკავშირე რუსეთისგან ისტორიული მტრის ხატი შექმნა, და ისიც, ვინც ხელოვნურად შექმნილი ამ ხატის არსებობა დაიჯერა; დამნაშავეა, ვინც იქ ლაპარაკობდა, სადაც ჩუმად უნდა ყოფილიყო, და ისიც, ვინც იქ ჩუმდებოდა, სადაც ხმამაღლა უნდა ეთქვა სათქმელი; ჩვენ თავიდან ბოლომდე დამნაშავეთა სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით. ჩვენ დასავლეთმა ისე გადაგვყლაპა, რომ ამ საშინელ საქმეში ხელის შეშლა არც გვიცდია, პირიქით, მონუსხული გავექანეთ მისი დაღებული ხახისკენ. ახლა კი იმის თავიც არ გვაქვს, რომ, ჟან ჟაკ რუსოს რჩევის თანახმად, ჩვენი გადახარშვა-მონელების პროცესს მაინც გავუწიოთ წინააღმდეგობა. აი, ესა ვართ დღევანდელი ქართველები და აი, ეს არის დღევანდელი საქართველო.

დღეს 26 მაისია და რუსთაველის პროსპექტზე კვლავაც ძველებური შემართებით გაჰყვირიან:

_ დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს!

ვალერი კვარაცხელია

P.S. 22 მაისს ტელეკომპანიამთავარისეთერში დიდი ხმაური იყო, თბილისის ერთერთი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ბოლო ზარის შემდეგ ერთმანეთს პერანგებზე კრიმინალური სამყაროს ძველი ლოზუნგი დააწერესო: “ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი!”. მართალი გითხრათ, არ ვიცი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოტივით იყო განპირობებული ახალგაზრდების ეს საქციელი, მაგრამ სრულიად ვეთანხმებიმთავარსიმ პათოსში, რომ ფაქტი საგანგაშოა. თუმცა, ესეც უნდა ვთქვა: “მთავარისმტკიცება, რომ ეს საბჭოთა ან რუსული რეციდივია, მეტისმეტად ტენდენციური და უსუსურია. სად, რომელ ქვეყანაში არ არსებობდა და არ არსებობს კრიმინალი, ქურდი, განგსტერი, მაფია?… “მთავარისმესვეურებს თუ იმის თქმა სურთ, რომ დასავლეთი თავისუფალია კრიმინალისგან, მათი ეს პოზიცია ღიმილის მომგვრელია. მნიშვნელოვანი აქ ისაა, რისი შედეგია ეს ყველაფერი. ჟანჟაკ რუსოს ნათქვამი, თუ ჩაგყლაპეს, იმას მაინც შეეცადე, ვერ მოგინელონო, ზუსტად ამ სიტუაციაზეა მორგებული. ჩვენ ის ვასალები ვართ, რომლებიც დასავლეთის პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური და სამხედრო დღის წესრიგით ვცხოვრობთ, ანუ მათ მიერ გადაყლაპული ობიექტი ვართ, რომელიც უნდა მოინელონ. მონელება ჩვენი ღირებულებების თავიანთი ღირებულებებით ჩანაცვლებას ნიშნავს; ჩვენი ცხოვრების წესის უარყოფასა და მათ მიერ შემოთავაზებული ცხოვრების წესის დანერგვას ნიშნავს; ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციის შესახებ კანონის მიღებას ნიშნავს; დედისა და მამის ცნებების უარყოფასა დამშობელი #1”-ისა დამშობელი #2”-ის შემოღებას, ანუ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას ნიშნავს. ამ მიმართულებითმთავარისადა მისი შეფის პოზიციაც დანაღვაწიცგვახსოვს. ბატონი გვარამიას უხამსი და უწმაწური ლექსიკაც გვახსოვს, რომელსაც იგი გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს; მისი ინიციატივაც გვახსოვს ტელეეკრანზე გეი და ლესბოსელი წამყვანების დასმის შესახებ და ამ თემაზე მის მიერ გამოქვეყნებული ეს განცხადებაც: “მეგობრებო, სატელევიზიო მიზნებისთვის, მირჩიეთ LGBTQ ორგანიზაციები, რომლებიც აგვარჩევინებენ ხსენებული აბრევიატურიდან L და G წამყვანებს და ასევე კონსულტანტებს”.

არ გამოვრიცხავ, რომ ახალგაზრდების აბსოლუტურად მიუღებელი გამოსვლები ლოზუნგით: “ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი!”, დასავლეთიდან ნიაღვარივით მოვარდნილ და გვარამიას მსგავსთა მიერ ატაცებულ .. ლგბტ პროპაგანდაზე თავისებური რეაქცია იყოს. არ შეიძლება, კრიმინალის მოძალებას ებრძოდე და გაცილებით უფრო დიდ ცოდვასა და სიბილწეს, როგორიცაა ნარკომანია და სექსუალურ უმცირესობათა ცხოვრების წესი, პროპაგანდას უწევდე. მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ მტერმა უკვე ჩაგვყლაპა და ამ ეტაპზე იმ აუცილებელ რეცეპტებს გვთავაზობს, რომლებიც გადაყლაპულის ადვილად მონელებასა და გადამუშავებას უწყობს ხელს.

. .

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here