მთავარი პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: საქართველოს სუვერენიტეტის ნიშანწყალი აღარ შერჩა

გულბაათ რცხილაძე: საქართველოს სუვერენიტეტის ნიშანწყალი აღარ შერჩა

საქართველოში ოფიციალურად გაფორმდა საგარეო მმართველობა

204
გააზიარეთ
გულბაათ რცხილაძე: საქართველოს სუვერენიტეტის ნიშანწყალი აღარ შერჩა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა, საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შესთავაზა დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ითვალისწინებს. აღნიშნულ დოკუმენტში დეტალურად არის ჩამოთვლილი, რა უნდა გააკეთონ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არჩეულმა დეპუტატებმა.

აი აღნიშნული დოკუმენტის რამდენიმე პუნქტი:

* “პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება ამნისტიის კანონისა, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება”.

* “მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით. ამასთანავე, უზენაეს სასამართლოში დანიშვნები უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალი კანდიდატების შესახებ მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა”.

* “პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი სიიდან: 1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; 2. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; 3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; 4. საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი; 5. საგარეო საქმეთა კომიტეტი”.

* თუ “ქართული ოცნება” 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება”.

გულბაათ რცხილაძე

რას ნიშნავს ევროსაბჭოს მიერ წარმოდგენილი ეს დოკუმენტი, ლახავს თუ არა ის საქართველოს სუვერენიტეტს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:

_ ქართველებს არ გვაქვს სახელმწიფო, მაგრამ, ამის თქმა, ლიბერალების აზრით, რუსული ნარატივია… დიახ, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო, ჩვენ ეს ვერ შევძელით. ამის თქმა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ბოლო 30-წლიანმა პრაქტიკამ მაიძულა. საქართველოს მმართველები ე.წ. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდანვე ეძებდნენ გარეშე ძალებს, რათა მათთვის ჩაებარებინათ ქვეყნისა და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ბედი. მსოფლიოში პრობლემად არის ქცეული პატარა ქვეყნების სუვერენიტეტის საკითხი, ყველა პატარა ქვეყანა რომელიღაცა დიდი სახელმწიფოს ან დიდი გაერთიანების სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას, თვითონაც იღებს რჩევებს და ითვალისწინებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, ესა თუ ის ქვეყანა ახერხებს, დაიტოვოს ქვეყნის საშინაო პოლიტიკის მართვის გარკვეული უფლება, რომელიც საქართველოსთვის უცხოა. საქართველოს სუვერენიტეტის ნიშანწყალი აღარ ეტყობა. მაგალითად, ავიღოთ პოლონეთი. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ქვეყნის მმართველები ახერხებენ თავისი დღის წესრიგი მოახვიონ თავს ამა თუ იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ე.წ. პარტნიორ ქვეყნებს.

საქართველოში მოშლილია ყველაფერი, ჩვენი ქვეყნიდან გადახვეწილია მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლებიც, რაც წლები გადის, უფრო და უფრო შორდებიან ფესვებს, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს და ესეც ქმნის დემოგრაფიული განვითარების პრობლემებს.

უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში მოხდა ის, რასაც ამდენი წელიწადი ცდილობდა ჩვენი ე.წ. პოლიტელიტა _ საქართველოში დამყარდა საგარეო მმართველობა.

“შარლ მიშელის გეგმა” სწორედ ამაზე მეტყველებს. დასავლელ პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ, ჩაიხედონ ჩვენი ქვეყნის პრობლემების დეტალებში, ჩვენ კი დაჟინებით მოვითხოვთ მათგან, რომ მოვიდნენ და დაგვილაგონ ქვეყანა, ისინიც ალაგებენ ისე, როგორც სურთ, ცდილობენ, არ აირიოს ქვეყანა და არ დაიწყოს შიდა ომები…

_ დოკუმენტს ცალმხრივად მოაწერა ხელი “ქართულმა ოცნებამ”, არადა, “ნაცებს” უფრო დიდი სიხარულით უნდა მოეწერათ ხელი, რადგან იქ წერია: “უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს ახალი კანდიდატების შესახებ განცხადებების მიღება მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა”, _ ეს სწორედ ის არის, რაც ე.წ. ოპოზიციას სურს. დოკუმენტში ასევე წერია: “ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი”. აღნიშნული ორი პუნქტი კი არჩევნების პროცესში ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია…

_ “ქართულმა ოცნებამ” ევროპელი “კეთილისმსურველების” მითითებით დათმო პოზიციები, მაგრამ ე.წ. ოპოზიციას ეს უკვე აღარ აკმაყოფილებს, მათ სჭირდებათ ცვლილებები _ დღეს, აქვე და ახლავე, მაგრამ ჯერჯერობით, ხაზს ვუსვამ, ჯერჯერობით ეს ასე არ ხდება, მაგრამ მალე მოხდება.

ზოგიერთი ე.წ. პოლიტოლოგი ამბობს, _ “შარლ მიშელის დოკუმენტი” ხელისუფლების გადაბარების მცდელობააო… ჩემი აზრით, ამ წუთას და ამ პოლიტიკურ არენაზე მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ვინ იქნება ხელისუფლებაში.

გულბაათ რცხილაძე: საქართველოს სუვერენიტეტის ნიშანწყალი აღარ შერჩა

ჩვენ დავარქვით სახელები _ ოპოზიცია და ხელისუფლება, მაგრამ რეალურად რა სხვაობაა?! ე.წ. ოპოზიციას აქვს ყველანაირი ბერკეტი სახელმწიფოს მართვაში, მათ აქვთ უფლება, თავისუფლად ხარჯონ მიტაცებული ფული, მოიხმარონ მიტაცებული მიწები და ბიზნესები, ასევე, ე.წ. ლობისტებისგან უცხო ქვეყნებიდან გამოგზავნილი ფულიც ჰქონდეთ… ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითომ ოპოზიცია არ არის ოპოზიცია. ის არის ბანდა, რომელიც შეზრდილია სახელმწიფო სტუქტურასთან, სახელმწიფოს სათავეში კი კრიმინალები სხედან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კორუფცია, რომელიც იყო შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, გაასამმაგა სააკაშვილმა და დღეს კორუფცია საარაკო მასშტაბს აღწევს, თანაც ისე, რომ არც კი რცხვენიათ. უფრო მეტიც, დეპუტატებად გვევლინებიან ადამიანები, რომლებიც ფულისა და ქონების გამოძალვაში იყვნენ მხილებულნი. გადახედავ ამ ყველაფერს ადამიანი და ფიქრობ, რომ შენს ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება, ან როგორ უნდა დაარქვა ხელისუფლება, როდესაც წლების განმავლობაში ერთი და იგივე ე.წ. პოლიტელიტას უყურებ?!

სამწუხაროდ, არც ივანიშვილს აღმოაჩნდა პატრიოტული სულისკვეთება, ვერც პოლიტიკური ველის გაწმენდა შეძლო, ვერც სახელმწიფოებრივად იაზროვნა, მაგრამ არც მას ჰყავს ალტერნატივა, არც ფინანსების მხრივ, არც ინტელექტის მხრივ. საქართველო უღარიბესი ქვეყანაა ყოველმხრივ. ჩვენ არაპროფესიონალების ქვეყანა ვართ, ვინც ცოტა ჭკვიანია, ნაყიდია დასავლეთისგან. ქართველები ფუქსავატები ვართ, ასე ვიყავით ყოველთვის, მაგრამ დღეს ჩვენი თანამემამულეები დაემსგავსნენ ალბანელ მოხეტიალეებს, რომლებიც კრიმინალით არიან განთქმულნი ევროპაში.

_ საღად მოაზროვნე ქართველისთვის “დანიელსონის დოკუმენტი” შეურაცხმყოფელია… ხელისუფლებაც და ე.წ. ოპოზიციაც შეეცდებიან, რომ აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილი ყველა პუნქტი შეასრულონ და ასეთ შემთხვევაში, სადაა გამოსავალი რიგითი ქართველისთვის, რომელსაც “დოკუმენტის” არც ერთი პუნქტი არ მოსწონს?

_ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე ასე დრამატულად აღარ აღვიქვამ ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ბოდიშის მოხდით გეტყვით, რომ ფეხებზე მკიდია, კობახიძე იქნება წამყვანი ძალა თუ სერგი კაპანაძე. სანამ ამ ქვეყანაში არ მოხდება დიდი წმენდა, სანამ არ მოხდება ისე, როგორც ქართველთა უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რასაც ყველა სოციოლოგიური კვლევა ასე გულმოდგინედ მალავს, არაფერი გვეშველება.

_ რას ფიქრობს ქართველთა დიდი ნაწილი?

_ ხალხი სტალინს ნატრობს. ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ეს ასეა. ხალხს წესრიგი ენატრება, სამართლიანობა ენატრება, შრომა უნდა. სტალინის პერიოდის ნოსტალგია ხალხს მოეძალა იმიტომ, რომ თვლის, ძლიერი ხელი სჭირდება ქვეყანას, ხელი, რომელიც, თუკი საჭირო იქნება, ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, მსხვერპლსაც გაიღებს. ფაქტია, რომ მსხვერპლი საჭიროა და აუცილებლად იქნება გასაღები, რადგან ქართველთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ქვეყანა არასწორად იმართება, იყიდება მიწები, წყლები, შენდება მეჩეთები და ეს ხდება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.

_ ე.წ. პოლიტელიტას სამშობლო არ უყვარს?

_ ღმერთმა იცის, მათ რა უყვართ, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანა დაღუპეს…

_ ბატონო გულბაათ, სანამ მე და თქვენ ინტერვიუს ჩაწერას დავასრულებდით, გზაში მოგვეწია “დანიელსონის დოკუმენტზე” ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ დამატებული კიდევ ერთი პუნქტი: “ახალი წინადადების თანახმად, თუ “ქართული ოცნება” 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება”…

_ ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, ყველანაირ ზღვარს გადასული თავხედობა ევროპის მხრიდან, რაც ძალიან კარგია, რადგან დაფარული აღარაფერი აღარ არის _ ევროპელებმა ქართველი ამომრჩევლების სურვილი ფეხქვეშ გათელეს. ჩვენ კმაყოფილი უნდა ვიყოთ ამ გადაწყვეტილებით, რადგან ნათლად დავინახეთ, რომ ქვეყანა სუვერენული არ არის და გადაწყვეტილებას ვიღაცები იღებენ, ვითომ რეკომენდაციის სახით… აღშფოთებულებმა ცივი წყალი დალიონ, რადგან ეს ფაქტი მართლაც ძალიან კარგია გამოსაფხიზლებლად.

_ რატომ უნდა ვიყოთ კმაყოფილი?

_ ე.წ. პოლიტელიტა ხომ გამუდმებით საუბრობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი კარგი იყო, რადგან რუსეთის სახე დავინახეთო?! ჰოდა, მეც ვამბობ: კარგია, რაც მოხდა, რადგან ევროკავშირისა და ევროსაბჭოს სახე დავინახეთ, გავიგეთ, თუ როგორი კეთილისმსურველებიც არიან.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here