Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი შერვაშიძე: კარგად ვიცნობ აფხაზ ხალხს და ეჭვი მეპარება, დღევანდელი ლიბერალური ევროპა...

გიორგი შერვაშიძე: კარგად ვიცნობ აფხაზ ხალხს და ეჭვი მეპარება, დღევანდელი ლიბერალური ევროპა თავისი ფასეულობებით მისთვის მისაღები იყოს

202
გიორგი შერვაშიძე: კარგად ვიცნობ აფხაზ ხალხს და ეჭვი მეპარება, დღევანდელი ლიბერალური ევროპა თავისი ფასეულობებით მისთვის მისაღები იყოს

 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფლიქტურ რეგიონებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო, ყველაფერს გააკეთებს, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყანა შეძლებს, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ძლიერი, ევროატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მოქალაქეები გახადოს. მისივე შეფასებით, რაც უფრო გააღრმავებს საქართველო თანამშრომლობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და დაუახლოვდება მის წევრობას, მით სასურველი იქნება კონფლიქტური რეგიონებისთვის მასთან ურთიერთობების აღდგენა. პრემიერის აზრით, დასავლეთის მხარდაჭერა, რომელიც ურყევია, ერთადერთი გზაა დეოკუპაციის დასასულებლად.

მოგვიანებით ღარიბაშვილის გამოსვლას და კონკრეტულად მის გზავნილებს კონფლიქტური რეგიონებისადმი უმრავლესობის რიგებშიც მოჰყვა შეფასებები. კერძოდ, არჩილ თალაკვაძის, ირაკლი კობახიძისა და სხვების მიერ გაკეთდა განცხადებები, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა მხოლოდ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვასა და ქვეყნის დასავლური ოჯახის სრულფასოვან წევრობაშია (დაახლოებით მსგავსი შინაარსის იყო ე.წ. პროდასავლური ოპოზიციის შეფასებებიც), თუმცა არც ღარიბაშვილს თავის გამოსვლაში და არც სხვებს არ განუმარტავთ, რატომ უნდა სურდეთ აფხაზებსა და ოსებს დასავლური, ლიბერალური ორიენტაციისა და, შესაბამისად, რუსეთთან კონფრონტაციაში მყოფი საქართველო.

ცნობისთვის: აფხაზებისა და ოსებისთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებული საქართველოს მიმზიდველობაზე სააკაშვილის ხელისუფლება ჯერ კიდევ 15 წლის წინათ საუბრობდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერც ერთ რეგიონთან, დიალოგის თვალსაზრისით, ნაბიჯები ვერ გადაიდგა. პირიქით, მანამდე არსებული ურთიერთობები გაწყდა და რეალური მოლაპარაკების შანსიც დაიკარგა.

რამდენად რეალურია პრემიერის შეფასება ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ორიენტირებულ საქართველოსთან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაახლოების თაობაზე და როგორ იღებენ თვით კონფლიქტური რეგიონები ამ გზავნილებს, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალლეიტენანტი გიორგი შერვაშიძე.

_ ბატონო გიორგი, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, შევძლებთ, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ძლიერი, ევროატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მოქალაქეები გავხადოთ. და ამას საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორების აქტიური დახმარებით შევძლებთრეალურია ეს შეფასება და, საერთოდ, დღევანდელ ვითარებაში რამდენად მისაღებია აფხაზებისა და ოსებისთვის მსგავსი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე საქართველო?

_ დავიწყოთ იმით, რომ ის, რაც ბატონმა პრემიერმა თქვა, სიახლე ნამდვილად არ არის. მსგავს განცხადებებს ვისმენთ, უკვე 20 წელიწადზე მეტია, და მივეჩვიეთ. მივეჩვიეთ იმას, რომ, როგორც წესი, ამ გზავნილებით მოდის ყველა ძალა სათავეში. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პრაქტიკაა და ქართული პოლიტიკის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. შედეგი, მარტივად რომ ვთქვათ, არის ზუსტად იმის შესაბამისი, როგორიცაა ობიექტური მოცემულობა. მხედველობაში მაქვს როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკური ფაქტორები… საქართველო _ ნატოში და აფხაზეთი და ოსეთი _ ნატოს წევრ საქართველოში, გასაგებია, რომ ვიღაცისთვის კარგი ფორმულირებაა, თუმცა შევხედოთ რეალობას და დასკვნები ისე გამოვიტანოთ: მხოლოდ საქართველოს სურვილებსა და პოლიტიკურ მისწრაფებებზე არის დამოკიდებული, გახდება თუ არა ის ნატოს წევრი? არ მგონია. ისევე, როგორც მხოლოდ აფხაზებისა და ოსების კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული, სად იქნებიან ან ვისთანისეთი მაღალი რანგის პოლიტიკურმა ფიგურამ, როგორიც პრემიერია, რაღაცით მაინც უნდა დაასაბუთოს თავისი მოსაზრება, როცა აცხადებს, რომ “დარწმუნებულია…” ეჭვი მეპარება, დღეს ასეთი მტკიცე რწმენის საფუძველი გვქონდეს. ეს უფრო მცდელობაა, სურვილები და იდეები რეალურად წარმოჩნდეს…

_ მოდი, სხვა კუთხით შევხედოთ ამ ყველაფერს. ხელისუფლება, გასაგებია, რომ ატარებს გარკვეულ კონიუქტურულ პოლიტიკას, რომელიც ვალდებულებებსაც გულისხმობს იმავე დასავლეთთან, მაგრამ გზავნილი, რომ ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ ნატოს სრულფასოვანი წევრობის კონტექსტში განიხილება, შეესაბამება ჩვენს ობიექტურ ინტერესებს?

_ ინტერესები ხშირად იცვლება, ამიტომ მე უფრო სხვა რამეზე გავამახვილებდი ყურადღებას. რეალობა არის ის, რომ ნატოსკენ სწრაფვის დეკლარირებული პოლიტიკა უკვე ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში ვერ დაასახელებს ვერავინ თუნდაც ერთ უმნიშვნელო ფაქტს, რომელიც რამე პოლიტიკურ გამობრწყინებად, იმედის რაღაც ნაპერწკლად შეიძლებოდა ამ გზაზე ჩაგვეთვალა. ნატოში ჩვენ ვერ გვიღებენ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც, ხოლო კონფლიქტების მოგვარების რეალური გასაღები სადაც არის, ყველამ ვიცით სწორად გამიგეთ, აქ საუბარი არ არის იმაზე, ვის რა უნდა ან ურჩევნია; საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული პრობლემები რუსეთთან კონფრონტაციული პოლიტიკის შედეგია. ეს არის პოლიტიკა, რომელიც დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა, არც ერთ ეტაპზე საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან თავსებადი არ ყოფილა. არ ყოფილა და ვერც იქნება იმის გამო, რომ შეუძლებელია, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის, ჩვენისთანა მცირე რესურსებისა და შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოსთვის რამე თვალსაზრისით დადებით შედეგს იძლეოდეს იმპერიასთან, თანაც მეზობელ იმპერიასთან ღია კონფლიქტი. ისე, აქ, რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ პრობლემების მიზეზი არ არის მარტო ჩვენი პოლიტიკა. შეცდომები იქითა მხრიდანაც დაუშვეს და, ცხადია, ამაზეც უნდა ვისაუბროთ… რაც შეეხება პრემიერის გზავნილებს, ვფიქრობ, ის საკმაოდ ჭკვიანი და გონიერი ადამიანია იმისთვის, რომ რეალობას თვალი გაუსწოროს, მაგრამ, როგორც დასაწყისში გითხარით, პიროვნებებში არ არის საქმე. ეს უკვე დამკვიდრებული პოლიტიკური დღის წესრიგია, ამიტომ, ვინც უნდა იყოს ხვალზეგ მთავრობის მეთაური, მას აუცილებლად მოუწევს იმავე რიტორიკის გამეორება.

_ აფხაზებსა და ოსებზეც ვისაუბროთ, მათთვის მისაღებია ამ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე საქართველო? როგორ უყურებენ ისინი იმავე ევროკავშირს?

_ ვინც შემხვედრია და ვისთანაც ურთიერთობა მქონია აფხაზებიდან, ზოგი ამ ყველაფერს დადებითად უყურებს, თუმცა არიან ისეთებიც, და საკმაოდ ბევრი, რომელთათვის ეს კურსი კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება კონკრეტულად ევროკავშირს, მე კარგად ვიცნობ აფხაზ ხალხს და ეჭვი მეპარება, რომ დღევანდელი ლიბერალური ევროპა, თავისი ფასეულობებით, მათთვის მისაღები იყოს. სხვათა შორის, ისინი ყურადღებით აკვირდებიან იმას, რაც საქართველოში ხდება და, ცხადია, ყველაფერს ხედავენ. აფხაზები და ოსები ხედავენ, როგორ კარნახობენ ქვეყანას მისი მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელ მთელ რიგ კანონებს, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებული მცირე ჯგუფების ინტერესებს ემსახურება. ცხადია, ეს მათთვის, ისევე, როგორც ჩვენთვის, მიუღებელია, ამიტომ, თუ არჩევანზე მიდგება საქმე, რა თქმა უნდა, ისინი არასოდეს ისურვებენ იქ ცხოვრებას, სადაც გარედან ხელდასხმული მარგინალური უმცირესობა მათი მრავალსაუკუნოვანი ადათწესებისთვის შეუფერებელ, ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს დაამყარებს

_ გამოდის, რომ სწრაფვა ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ აფხაზებისა და ოსებისთვის კიდევ უფრო მიუღებელს ხდის საქართველოს

_ მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოს ნუ დავაბრალებთ ყველაფერს. საერთოდ, იდეოლოგიაა აქ ასეთი, რომ ქართველი ხალხი, მისი ინტერესები იჩაგრება. არ მინდა, თემას გადავუხვიო, მაგრამ დააკვირდით, რა ხდება ნამოხვანჰესის გარშემო: ნახევარ წელიწადზე მეტია, ხალხი გარეთაა და ხელისუფლება მათ, ფაქტობრივად, დასცინის. პანკისის ხეობაში იყო ადრე დაახლოებით მსგავსი ვითარება და გახსოვთ, ალბათ, რა მოხდა _ თავზე დაალეწეს პოლიციას ყველაფერი, მანქანები დაუწვეს და დაუმტვრიეს… წარმოგიდგენიათ, ნამოხვანის აქციაზე რომ გააკეთოს ვინმემ მსგავსი რამ, რას უზამენ?! აი, ეს არის ის, რაც ყველასთვის ცხადყოფს და მათ შორის გვერდიდან მომზირალი თვალისთვისაც, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე დაბლა, ყველაზე ბოლოს დგას ქართველი ხალხის ინტერესები. ყველას შეიძლება, ყველაფერი გაუვიდეს და ეპატიოს, ქართველის გარდა. ეს უკვე თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, რომელიც ჩვენც მივიღეთ რაღაცნაირად

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ მუდმივად ერთ პოლიტიკურ კარუსელზე არ ვიტრიალოთ იმავე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე?

_ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე და არჩევნებზე, ე.ი., იმაზე, ვის ავირჩევთ. ფაქტია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვისაც ვირჩევდით, მათი სიტყვა და საქმე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. შედეგიც აშკარაა… ეს ერთი. და მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია: დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ, პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ყველა პარტია, ერთიორი გამონაკლისის გარდა, გაცხადებულად იმ იდეოლოგიურ ხაზს ატარებს, რომელსაც ყველასათვის კარგად ცნობილი გარე ძალები მათ მიერვე დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების პირით გვკარნახობენ. აი, ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს. რაც შეეხება ისევ კონფლიქტებს და მათი მოგვარების გზებს, ამ გზაზე რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა მესმის ისიც, რომ თვითონ რუსეთისგანაც აუცილებელია შემხვედრი ნაბიჯები. უბრალოდ, მათ ხელმძღვანელობაშიც უნდა გაითავისონ, რომ როგორც საქართველოსთვისაა რუსეთი მნიშვნელოვანი, ისეა საქართველოც მათთვის ძალიან დიდი დატვირთვის მქონე. არიან კიდეც, ალბათ, ადამიანები, რომლებსაც ეს ესმით, მაგრამ, როგორც ჩანს, იქაც გარკვეულ ძალებს არ უნდათ რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგება. ფაქტი არის ის, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის დიდი ბარიერია, რომელიც საბოლოოდ სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის და ცუდის მეტი არაფერი მოაქვს… ერთი რამ ცხადია: რამე მნიშვნელოვან პროგრესს, იმავე კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით, ამ პოლიტიკით არ უნდა ველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში ეს არ მოხდება და, სამწუხაროდ, ამაში დარწმუნებული ვარ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here