Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი ოთხმეზური: არავითარი ხაჩკარი სალოცავის ეზოში, კუმურდოს ტაძარი ქართული მართლმადიდებლური მემკვიდრეობაა!

გიორგი ოთხმეზური: არავითარი ხაჩკარი სალოცავის ეზოში, კუმურდოს ტაძარი ქართული მართლმადიდებლური მემკვიდრეობაა!

4426
კუმურდოს ტაძარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ეთნიკური სომხები ცხოვრობენ. აქ მდებარეობს X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი _ კუმურდოს ტაძარი. ტექნიკური შესრულების ხარისხით, მისი მხატვრული ღირსებებით ამ ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ხუროთმოძღვრების ისტორიაში. მას, როგორც ეროვნულ ძეგლს, “კულტურული მემკვიდრებისკანონი იცავს.

2016 წლის ზაფხულში ტაძრის რესტავრაცია დაიწყო.

უგუმბათო, უსახურავო და მიტოვებულ ტაძარს იქაური მოსახლეობა, ეჩმიაძინის წაქეზებით, სომხურ ეკლესიად მიიჩნევს. 30 სექტემბერს ადგილობრივებმა სცადეს, შესულიყვნენ ტაძრის ტერიტორიაზე და აღემართათ სომხური ქვის ჯვარი (ხაჩკარი), რომელიც, მათი თქმით, დაიცავდა წინაპრების საფლავებს, მაგრამ სამართალდამცველებმა მოსახლეობას ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც მოჰყვა პროვოკაციები ადგილობრივების მხრიდან და საჭირო შეიქნა შემთხვევის ადგილას სპეცრაზმის მობილიზება. დაპირისპირების შედეგად 4 პოლიციელი დაშავდა და საავადმყოფოში მოათავსეს. კუმურდოში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სიტუაციის მოსაგვარებლად ადგილობრივებს შეხვდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ ინციდენტი პროვოცირებული იყო. მისი თქმით, გადაწყდა, რომ ტაძრის გარეთ გამოიყოფა სპეციალური ადგილი, რომელზეც ქვის ჯვარს აღმართავენ.

ამ საკითხზე თავისი აზრი გაგვიზიარა ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა. მან თქვა, რომ “კუმურდოს ტაძარზე 21 წარწერაა და ყველა მათგანი ქართული ასომთავრულითაა შესრულებული. ერთ-ერთ წარწერაში მითითებულია აშენების თარიღი _ 964 წელი, ამავე წარწერაში მოხსენიებულია მხარის ერისთავი ზვიადი, რომელსაც ბალავარის ქვის დამუშავების ხარჯები გაუღია; ასევე მოხსენიებულია დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე ლეონ მესამე.

ალექსანდრე ჯავახიშვილმა კუმურდოს ეზოში მიაკვლია ნასოფლარს სახელწოდებით არეში, რომელიც გურგენ კურაპალატის ძემ შესწირა კუმურდოს საყდარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადრე იქ საყდარი არსებულა და სწორედ იმ ადგილას აშენებულა ახალი ტაძარი. კუმურდოელი ეპისკოპოსი პირველად 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზეა მოხსენიებული, ანუ იმ დროიდან უკვე არსებობდა კუმურდოს ეპისკოპოსის თანამდებობა. როგორც ჩანს, ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდს უკავშირდება საეპისკოპოსოების დაარსება. კუმურდოს ეპარქიაც სწორედ მაშინ დაარსებულა. სამწუხაროდ, ის წარწერა დაზიანებულია და სახელები არ იკითხება. ამ ადგილის სახელის გამოცვლა დაიწყო XIX საუკუნეში, როდესაც თურქეთიდან, ანატოლიიდან და სხვა ადგილებიდან დევნილი სომხური მოსახლეობა დასახლდა ამ ტერიტორიაზე.

_ ბატონო გიორგი, კუმურდოს ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივები არ ერიდებიან პროვოკაციებს და საქართველოს ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციისთვის სპეცრაზმის მობილიზება გვიწევს

_ დაახლოებით 40 წლის წინათ, XX საუკუნის 70-იან წლებში დავდიოდი ექსპედიციაში ჯავახეთში, კუმურდოს ტაძარშიც ვიყავი. თავიდანვე ძალიან მძიმე და დაძაბული სიტუაცია იყო _ ადგილობრივი მოსახლეობა ტელევიზიის სიგნალს ერევნიდან იღებდა, სომხეთთან უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდათ, ვიდრე თბილისთან და, საერთოდ, საქართველოსთან. როდესაც პირველად ექსპედიციაში მივდიოდი, გაგვაფრთხილეს, _ ადგილობრივ მოსახლეობას არ უთხრათ, რომ ეს ქართული ძეგლია, თორემ შეიძლება ქვა ქვაზე არ დატოვონო. უნდა დამთავრდეს ეს სიტუაცია. არავითან შემთხვევაში არ შეიძლება იქ სომხური ხაჩკარის დადგმა. ტაძარს საერთო არაფერი აქვს სომხურთან. იქ ეთნიკური სომხები ცხოვრობენ და იცხოვრონ, ბატონო, მაგრამ, არავითარი ხაჩკარი სალოცავის ეზოში არ უნდა დაიდგას, რადგან კუმურდოს ტაძარი ქართული მართლმადიდებლური მემკვიდრეობაა, რომელიც უნდა დაიცვას სახელმწიფომ. მოსახლეობას უნდა გააგებინონ და შეაგნებინონ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება და აღკვეთონ მათი უმსგავსო საქციელი. ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არის პროვოკაცია ქართველებისა და სომხების დასაპირისპირებლად.

_ სამართალდამცველები ერთგვარ დათმობაზე წავიდნენ და ხაჩკარის დასადგმელად ტაძრის გარეთ არჩევენ ადგილს, რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

_ ეკლესიისგან მოშორებით რას გააკეთებენ, სხვა საკითხია. ტაძარი არის გალავნით გარშემორტყმული. გალავნის გარეთ, სადაც უნდათ, იქ დადგან ხაჩკარი, მაგრამ მათი წინაპრები ტაძრის ეზოში ნამდვილად არ არიან დაკრძალული. მათი წინაპრების სასაფლაო იქ არ ყოფილა!

ესაუბრა გვანცა ნამიჭეიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here