Home რუბრიკები პოლიტიკა გამოცხადებული მონობის ქრონიკა

გამოცხადებული მონობის ქრონიკა

5178
გამოცხადებული მონობის ქრონიკა

ჩვენმა ხელისუფლებამ კი იკადრა და გვაკადრა _ ქედმოხრილი და თავის მართლებით ეახლა ამერიკელ კონგრესმენებს და ისიც წარმოგვიდგენია, რა სახით და დანაშაულის განცდით უხსნიან ახლა ამერიკელებს, რა გააკეთეს, როგორ გააკეთეს და კიდევ რა აქვთ გასაკეთებელი

გასულ ზაფხულს საქართველოს ჩემპიონმასაბურთალომ” “არარატ არმენიასთანჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასანანი მარცხი იწვნია. დასანანსაც ვერ ვიტყვით, ეს გულშემატკივრის შეურაცხყოფა იყო და, თუ სტაჟიანი გულშემატკივარიდინამო”- “არარატისპრინციპულ დაპირისპირებებსაც გაიხსენებს, აუცილებლად მიხვდება, მარცხის სიმწარეში რას ვგულისხმობ.

“საბურთალო” ახალი სეზონისთვის ემზადება და 6 თებერვალს ამხანაგურ მატჩში სანქტ-პეტერბურგის “ზენიტთან” დამარცხდა _ 0:4. ატყდა ერთი ვაი-უშველებელი: რატომ ეთამაშა “საბურთალო” “ზენიტს”, რომელი ჩვენი ამხანაგები ეგენი არიანო. ბევრმა ისიც თქვა: თავმოყვარეობა არ აქვს ჩვენს გუნდს, რუსებთან ოთხბურთიანი უპირატესობით როგორ წააგოო. მოკლედ, ისეთი ამბავი მოჰყვა ამ ამხანაგურ მატჩს, ამის ნახევარიარარატთანოფიციალურ შეხვედრაში წაგებას რომ მოჰყოლოდა, თბილისური კლუბის ხელმძღვანელებს ეგებ მართლა შერცხვენოდათ. ჰო, ის არავის უხსენებია, რომზენიტი”, დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის ჩემპიონატის ლიდერი და პირველობის მთავარი კანდიდატია, რომ კლუბის ბიუჯეტი იმაზე მეტია, ვიდრე ყველა ქართული კლუბის ბიუჯეტი ერთად აღებული (ყველაში საქართველოს ყველა ლიგას ვგულისხმობ), რომზენიტისრიგებში ბრაზილიის, სერბეთის, ესპანეთის ნაკრების წევრები თამაშობენ, რომ გუნდი ტრანსფერებში თითო ფეხბურთელში 25-30 მილიონ დოლარს იხდის (საქართველოს რანგით მეორე გუნდი ქუთაისისტორპედომას შემდეგ გაკოტრდა, რაც 3 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა) და, ამის მიუხედავად, თურმე რატომ დავმარცხდით და, რაც მთავარია, საერთოდ, რატომ ვეთამაშეთ რუსულ კლუბს?! ხო, ისიც ვთქვათ, რომ ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც პოლიტიკასა და სპორტს ერთმანეთისგან ვმიჯნავთ და ეს მაშინ, როცა სპორტი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი პოლიტიკაა.

საფეხბურთო ამბავი კი იმ მარტივი მიზეზით გავიხსენე, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმსგავსო საქციელის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების დამამცირებელ ნაბიჯზე მოგიყვეთ. საკმარისი იყო, რიგით კონგრესმენებს წერილები დაეჯღაბნათ და საქართველოში გამოეგზავნათ _ თქვენი პოლიტიკა არ მოგვწონსო, ხელისუფლებამ პარლამენტის თავმჯდომარე აფრინა შტატებში სოლიდური დელეგაციით: არიქა, სტრატეგიული პარტნიორი არ გაგვინაწყენდესო. ჩავიდა ამერიკაში არჩილ თალაკვაძე და იქიდან ტაშის კვრით გვამცნობს: ყველაფერი მოგვარებულია, ამერიკელი კონგრესმენები ბედნიერები არიან, რომ ჩვენ ჩამოვედით და ინფორმაციას პირადად იღებენო. ამას თალაკვაძე ამბობს, თორემ კონგრესმენებს ჯერ საინტერესო არაფერი უთქვამთ და, ალბათ, იმიტომ, რომ გაოცებულნი არიან ქართული მხარის ვიზიტით: ჩვენს წერილებს თურმე რამხელა ძალა ჰქონიაო. ახლა მაგათ წერას ვეღარავინ აუკრძალავს და, თუ თალაკვაძე თვეში ერთხელ შტატებში არ არბენინეს და დასჯილი ბავშვივით თავი არ ამართლებინეს, ნახავთ.

ვერ გეტყვით, რას ნიშნავს საქართველოს მთავრობის ქმედება. იმიტომ ვერ გეტყვით, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია, სხვა, თავმოყვარე ქვეყნის ხელისუფლებამ ანალოგიური რამ გააკეთოს. მაგალითად, როცა დონალდ ტრამპმა (და არა ვიღაც კონგრესმენმა) საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა, მაკრონმა დაახლოებით ასეთი ტექსტით უპასუხა, _ ნეტავ ერთი, მოგცლიაო და დაიხურა თემა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, საფრანგეთს ამერიკაში ოფიციალური დელეგაცია რომ გაეშვა, რატომ გაბრაზდით, აგერ, ბატონო, პირისპირ აგიხსნით, რა ხდება და რას ვაპირებ ჩემი ქვეყნის შიგნითო… ამას საფრანგეთის ხელისუფლება არც საკუთარ თავს აკადრებდა და არც მოსახლეობას. ჩვენმა ხელისუფლებამ კი იკადრა და გვაკადრა _ ქედმოხრილი და თავის მართლებით ეახლა ამერიკელ კონგრესმენებს და ისიც წარმოგვიდგენია, რა სახით და დანაშაულის განცდით უხსნიან ახლა ამერიკელებს, რა გააკეთეს, როგორ გააკეთეს და კიდევ რა აქვთ გასაკეთებელი. ცალკე ოპოზიცია ზეიმობს, _ ნახავთ, მთავრობის დელეგაციას ყურს როგორ აუწევენ შტატებშიო, იმას კი არ ამბობენ, _ ეს რა იკადრა ხელისუფლებამ, ამერიკაში როგორ გაუშვა პარლამენტის თავმჯდომარე პატაკის ჩასაბარებლადო. პირიქით, იმედი აქვთ, რომ ხელისუფლებას “უფროსი ძმა” დასჯის.

ორიოდე თვის წინათ ვლადიმერ ჟირინოვსკიმაც თქვა საქართველოზე “რაღაც”, ზუსტად ისეთი “რაღაც”, რაც ამერიკელმა კონგრესმენებმა, მაგრამ ეს განცხადება ერთ ყურში შეუშვეს და მეორიდან გამოუშვეს, ერთმა თუ ორმა დეპუტატმა აღნიშნა: რუსეთის დუმის წარმომადგენელი ჩვენს საშინაო საქმეებში რატომ ერევაო და მორჩა. მოიცა, რუსეთის დეპუტატი თუ ამბობს რამეს, სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევაა, ხოლო ამერიკელი კონგრესმენები კანონებს მუხლობრივად რომ მიჰყვებიან, ჩაჰკირკიტებენ და, პრაქტიკულად, ქართული სამართლის კანონმდებლები არიან, ეგ ნორმალურია? ეგაა დამოუკიდებლობა? ვინმემ ჰკითხა ამომრჩეველს, აინტერესებს თუ არა რიგითი კონგრესმენების აზრი და, საზოგადოდ, თანახმაა თუ არა საქართველოს მოსახლეობა იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სოლიდურ დელეგაციასთან ერთად, დაუგეგმავად წავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენი ფული ხარჯოს? ხომ დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ვოიაჟი ასი ათასზე მეტი დაჯდება და ეს ასი ათასი იმის ფონზე, როცა ექვსი კუბო გაიტანეს რამდენიმე დღის წინათ ბაღდათის ეკლესიიდან და ამ ექვსი კუბოდან ოთხში მშიერი ბავშვი იწვა? იქნებ, მოსახლეობა იმაზე ყოფილიყო თანახმა, რომ ამ ექვსი ადამიანისთვის მიეცათ თალაკვაძის სამგზავრო და მოსასვენებელი ფული, სახლი ჰქონოდათ, საკვები ჰქონოდათ და არ ჩამწვარიყვნენ მიწურში?! საქართველოს პარლამენტი არ იყო, წუთიერი დუმილით რომ დაიწყო საგაზაფხულო სესია და ამ გარდაცვლილებს პატივი რომ მიაგო? და სხვა რა გააკეთეს კანონმდებლებმა? იმავე საღამოს ძვირად ღირებული ვისკი მიირთვეს, გულზე შემოწოლილი დარდი რომ გაექარვებინათ და იმ ვისკის საფასური საქართველოში ოჯახების უმრავლესობისთვის ერთი თვის სამყოფი სარჩოს ფული რომ არის, არც კი გახსენებიათ. არც ის გახსენებიათ, ათასობით ოჯახი სიღატაკეში რომ ცხოვრობს და ახლა მხოლოდ დროის საკითხია, რომელ სახლში წაიქცევა სანთელი, სად გაჩნდება მორიგი ხანძარი და რომელ სხდომას გახსნიან წუთიერი დუმილით.

ისევ სახელმწიფოსა და მის ინტერესებს დავუბრუნდეთ. თითქოს ორი პოლუსია ჩვენი ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის _ რუსეთი, რომლისგანაც არაფერი არ გვინდა (გარდა ენერგომატარებლებისა, ხორბლისა, რუსეთში დასაქმებული მილიონი ქართველისა, იქიდან გადმორიცხული ფულისა, რუსული ბაზრისა) და ამერიკა, რომელსაც ყველაფერს ვუჯერებთ და ნებისმიერი კონგრესმენის ფეხის დაბაკუნებაზე “დამოუკიდებელი” საპარლამენტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე დაოთხილი გარბის შტატებში, ქედმოხრილი ეახლება კონგრესმენებს (რომლებიც რანგით მასთან ახლოსაც ვერ მივლენ) და ბოდიშის მოხდით უხსნის, რა ხდება და სთხოვს, სხვა დროს სათუთი ნერვები არ აიშალონ. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით და რაც გვინდა? ეს არის გამოცხადებული მონობის უღელი!

“კონგრესმენები მადლიერები არიან იმისთვის, რომ პირადად იღებენ ჩვენგან იმ ინფორმაციას, რომელიც მათ აინტერესებთ”, _ განაცხადა ამერიკაში თალაკვაძესთან ერთად მყოფმა ვიცესპიკერმა კახა კუჭავამ და დაადასტურა, რომ პირადად აბარებენ კონგრესმენებს ანგარიშს. რაც მთავარია, ამით ორივე მხარე კმაყოფილია. ამერიკა კმაყოფილი რომ იქნება, ადვილი მისახვედრია, კიდევ ერთხელ მიიღო მონობის დასტური, აი, ჩვენი დელეგაცია რატომ არის კმაყოფილი, ვერ ვხვდები. ამერიკა ნახეს ბიჭებმა და უხარიათ, თუ მერე ვარსკვლავების ხეივანში აპირებენ გასეირნებას და ამიტომ არიან აჟიტირებულები? როგორ დავიჯერო, ზრდასრული ადამიანები ვერ ხვდებიან იმას, რომ ჩვეულებრივი მონებივით უყურებენ მათ და ზუსტად ისეთივე პატივისცემა აქვთ მათი, როგორ პატივსაც, საზოგადოდ, მონებს სცემენ. გამორიცხულია, ეს არ იცოდნენ; გამორიცხულია, ამას ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ თავზე იყრიან ნაცარს, ჩვენ კი თვალებში გვაყრიან და ცდილობენ, შეგვიქმნან შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი რიგზეა.

თავის მხრივ, ოპოზიციაბოლომდე აწვება”, სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა სურს და ამბობს, რომ, თუქართული ოცნებაარ დათმობს ხელისუფლებას, მაშინ საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში გამოვლენ და შტურმით აიღებენ მთავრობის სახლსა და პარლამენტს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის გამო ხალხი თავს გაწირავს. თავის მხრივ, ხელისუფლებაც ანალოგიურშია დარწმუნებული და სასაცილო ის არის, რომ ორივე იმ ხალხის მხარდაჭერის იმედად არის, რომელიც ადრეც ცალ ფეხზე ეკიდათ და ახლაც ჰკიდიათ, ოღონდ მეორე ფეხზე.

იმაზე თუ გიფიქრიათ, ბატონებო, რომ ერთ დღეს ხალხი ქუჩაში გავა და, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას ერთიანად წაგლეკავთ? იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ეს თავსმოხვეული მონობა ხალხს ყელში აქვს ამოსული? ამ რეალობისთვის არ გსურთ თვალის გასწორება და სწორედ ეს არის თქვენი პრობლემა…

მანამდე კი “არარატ არმენიასთან” ოფიციალურ ტურნირში წაგება შეირგეთ და “ზენიტთან” ამხანაგურ მატჩში მარცხი გააპროტესტეთ. მოდურია ახლა ყველაფერი რუსულის პროტესტი, მო-დუ-რი!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here