Home რუბრიკები საზოგადოება გამორიცხულია, გყავდეს კარგი საფეხბურთო ნაკრები, როცა პრაქტიკულად არ გაქვს ეროვნული ჩემპიონატი

გამორიცხულია, გყავდეს კარგი საფეხბურთო ნაკრები, როცა პრაქტიკულად არ გაქვს ეროვნული ჩემპიონატი

841
ფეხბურთი

ქართულ სპორტში არსებულ პრობლემებზე ცოტა ხნის წინათ რამდენიმე წერილი გამოვაქვეყნეთ და ლამის სამშობლოს მოღალატეებად გამოგვაცხადეს _ როგორ ბედავთ და პრობლემებზე წერთ, სპორტის პრაქტიკულად ყველა სახეობა არნახულად ფინანსდება და ყვავისო. განსაკუთრებით ფეხბურთისა და რაგბის ქომაგები აქტიურობდნენ და ჩვენს ვარაუდს, რომ დიდი დაფინანსება ავტომატურად შედეგს არ ნიშნავს, არც კი განიხილეს. არადა, ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ფინანსებს სათანადოდ უნდა გამოყენება, თორემ უმიზნოდ დახარჯულ თანხებს შედეგი არ მოაქვს, მაგრამ ოპონენტები მაინც ვერ დავარწმუნეთ

მას შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ორი მატჩი ითამაშა: ერთი _ ოფიციალური _ სერბეთთან და მეორე _ ამხანაგური _ ლატვიასთან. სერბეთთან შეხვედრაში მაყურებელმა “დინამო არენა” ბოლომდე შეავსო და შეავსო იმ იმედით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მოახერხებდა და პრინციპულ მატჩს მოიგებდა. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში წაგება ჩვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის თეორიული შანსის დაკარგვის ტოლფასი იყო. ასე თუ ისე, ნორმალურად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში საინტერესო სურათი ვიხილეთ _ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და იმ გუნდს სერბეთი ერქვა. მათ მშვიდად მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე და, შეიძლება ითქვას, ისე, რომ ოფლიც არ გამოიდინეს, კლასის ხარჯზე დაგვამარცხეს. შემდეგ დაიწყო მიზეზებზე საუბარი, განხილვა, მწვრთნელისა და ფეხბურთელების კრიტიკა, მაგრამ მთავარ თემას მაინც წაუყრუეს _ გამორიცხულია, გყავდეს კარგი ნაკრები, როცა პრაქტიკულად არ გაქვს ეროვნული ჩემპიონატი. სწორედ ამაზე ვწერდით მაშინ, როცა ლამის ჯვარზე გაგვაკრეს. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია მოვიძიეთ, რომელიც, ასევე, ეხება ფინანსებს.

მიმდინარე სეზონის წინ ფეხბურთის ფედერაციამ განვითარების ხუთწლიანი გეგმა წარადგინა და ითქვა, რომ ამ საქმისთვის 250 მილიონი დაიხარჯებოდა. ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს დაფინანსება გაუზარდეს და მათაც ახალი ფეხბურთელები თამამად დაიმატეს, ხელფასებიც მოუმატეს დაზედ ჩემპიონატის სტარტზე გაირკვა, რომ იმავე ფედერაციამ, რომელმაც კლუბებს დაფინანსება გაუზარდა, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის თანხა გაუორმაგა. რა გამოდის? ფედერაციამ კლუბებს ფული მისცა, _ მოძლიერდითო და შემდეგ ეს ფული უკანვე გამოართვა. შედეგად მივიღეთ ის, რომ, თუ კლუბები აქამდე ჩემპიონატში მონაწილეობისთვის 40 ათასს იხდიდნენ, ახლა 80 ათასის გადახდა მოუწიათ.

“ფედერაციამ თანხები რომ მოიძია და მოგვცა, ძალიან კარგია. ასევე დადებითი იყო, როდესაც ბურთებით და პროგრამით მომარაგება გადაწყვიტა. მაგრამ საბაზისო თანხა მთლიანად ჩვენ უნდა მოგვხმარებოდა. ამიტომ კლუბებისთვის საწევროს გაზრდის წინააღმდეგი ვარ. არც ეს და არც ფონდის დარიცხული ფულის ფედერაციისთვის მიცემა სასიამოვნო ფაქტი არ არის. ჩვენ უსპონსორო კლუბი ვართ და კიდევ 100 ათასის დაკლება წელში გაგვტეხავს. სხვათა შორის, ქულაზე ასაღები თანხებიც შემცირდა. თავიდან ითქვა, რომ ქულის აღებისთვის 11 ათას ლარს მივიღებდით, ანუ მოგებისთვის _ 33 ათასს. ახლა კი მოგების პრემია 21 ათასამდე შემცირდა. ფეხბურთელებთანაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი და მათთვის ხელფასების ლამის განახევრება მოგვიწია. ბიჭებს ვაიმედებ, რომ სპონსორი გამოჩნდება, ქულებისთვის თანხებს ავიღებთ და დანაკლისს ამით ავუნაზღაურებ. მაგრამ, ათასი პრობლემა რომ გვაქვს, როგორ მოვაგვარო? ნორმალურ ფორმასაც ვერ ვყიდულობდით და “ლიდერბეთის” ხელმძღვანელებმა გვიშველეს. კაცები არიან და მათი დახმარებით ერთი არასრული ეკიპირება შევიძინეთ. “ადიდასის” წარმომადგენელი გიორგი გოგოლაძე დაგვეხმარა და ფორმები, ფაქტობრივად, ნახევარ ფასში გვაჩუქა. ამ ყველაფერზე ფედერაციასა და სახელმწიფოს კი არ ვსაყვედურობ, მესმის, რომ ქართული ფეხბურთის განვითარება ყველას უნდა და რომ ქვეყანაში გაჭირვებაა. მაგრამ ეს დაფინანსება მწირი და არასაკმარისია და იმაზე ვდარდობ, გუნდი როგორ შევინარჩუნო და გავაძლიერო”, _ განგვიცხადა ქობულეთის “შუქურას” პრეზიდენტმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ.

არც ერთი კლუბის შეფი ფედერაციის ხათრით საჯაროდ არ ამბობს, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებისთვის ის ბურთები შეიძინა, რომლითაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, _ ანუ ხარისხიან ბურთებს მიეჩვიონ ჩვენი ფეხბურთელებიო. ჰოდა, ეს ბურთები ყველა კლუბს შეაძენინეს და თითოში 700 ლარი გადაახდევინეს, არადა, ბურთი, ოფიციალურად 109 დოლარი ღირს.

აბა, როგორ გინდა? ფედერაცია მოცემულ ფულს უკან ასე, ოფიციალური გზებით იბრუნებს. არადა, ჩემპიონთა ლიგაზე არც ერთი ქართული კლუბი არ თამაშობს, ვერც ითამაშებს კაი ხანს და რისთვის გვჭირდება ამ ბურთებზე მიჩვევა, ვერ ვხვდები”, _ გვითხრა ერთ-ერთი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა.

ნაკრების თამაშს დავუბრუნდეთ. სერბეთის შემდეგ ლატვიას გავეჯიბრეთ ამხანაგურად და ხუთბურთიანი სხვაობით მოვიგეთ. ატყდა ერთი ამბავი, _ სწორ გზაზე ვდგავართ, აგერ, ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიას მოვუგეთო და ფედერაციამ სასწრაფოდ დაგეგმა კიდევ ერთი მოსაგები ამხანაგური მატჩი _ 7 ივნისს თბილისში სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებს შევხვდებით. ყოფილა ასეთი ქვეყანა და ნაკრებიც ჰყოლია თურმე. ვინც არ იცის (ჩვენც არ ვიცოდით), ეს არის ორი კუნძულისგან _ სენტ კიტსისა და ნევისისგან _ შემდგარი ფედერაციული სახელმწიფო კარიბის ზღვაში. ქვეყნის მეთაურია დიდი ბრიტანეთის დედოფალი. დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქია ბასტერი. ქვეყნის მოსახლეობა 54 ათასია, ხოლო ფართობი _ 261 კვ კმ. რაც შეეხება ფეხბურთს, ამ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაცია დაარსდა 1932 წელს. ფიფას წევრი მხოლოდ 1992 წელს გახდა, ორი წლით ადრე კი რეგიონულ (კონკაკაფი) ასოციაციაში გაერთიანდა. ნაკრებს საერთაშორისო ასპარეზზე არაოფიციალური დებიუტი ჰქონდა 1979 წელს, როცა იამაიკასთან 1:2 დამარცხდა. თამაშობს 5-ათასიან სტადიონ “უორნერ პარკზე”.

მოვუგებთ სენტ კიტსს? _ აუცილებლად მოვუგებთ და ისევ ატყდება ამბავი, ხომ ხედავთ, რა მაგრები ვართო, მაგრამ იმას კი არავინ ამბობს, რომ ევროპის ერთერთ უსუსტეს ნაკრებთან, ანუ ჩვენთან ამხანაგური მატჩის გამართვა, უბრალოდ, არავინ ისურვა და სენტ კიტსი და ნევისი ამიტომ ვიპოვეთ, ისინიც ჩვენ დღეში არიან.

რაც შეეხება რაგბის, როცა დავწერეთ, რომ კარგი ნაკრები გვყავს, მაგრამ ახალ თაობას ამ დონეზე თამაში და ძველების სრულფასოვანი ჩანაცვლება გაუჭირდება-თქო, ლამის რედაქციაში მოგვივარდა გულშემატკივარი. შედეგად მივიღეთ ის, რომ გადამწყვეტ მატჩი რუმინეთთან, ძირითადად, ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა ჩვენმა ნაკრებმა წააგო და, ანთიმოზ ივერიელის თასის გარდა, ევროპის ერთა თასიც დაკარგა. რაგბიში არსებულ პრობლემებზე ნაკრების ლიდერებიც დაუფარავად საუბრობენ, იმასაც არ მალავენ, რომ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან გაუჭირდებათ და… ექვს ერში საქართველოს დამატების თემამ რუმინეთთან წაგების შემდეგ გაურკვეველი ვადით რომ გადაიწია, ესეც ფაქტია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here