Home რუბრიკები საზოგადოება “გამარჯვებულთა ფორუმი”

“გამარჯვებულთა ფორუმი”

ლენინგრადის ბლოკადის დასრულებიდან 75 წელი გავიდა

2285
“გამარჯვებულთა ფორუმი”

ჩვენ, გამარჯვებულთა ფორუმის მონაწილეები, ვგმობთ ისტორიით მანიპულირების მცდელობას

ამა წლის 27 იანვარს 75 წელი შესრულდა, რაც . ლენინგრადი ფაშისტების სამხედრო ბლოკადისგან გაათავისუფლეს. საბჭოთა მეომრებმა ბლოკადა 1943 წლის 18 იანვარს გაარღვიეს. ეს იყო საშინელი პერიოდი, რომელიც 872 დღეს გრძელდებოდა და რომელიც ლენინგრადელებმა გმირულად გადაიტანეს.

ლენინგრადის ბლოკადა _ ეს იყო სამხედრო ალყა ქალაქ ლენინგრადისა (ამჟამად სანქტ-პეტერბურგი), რომელსაც დიდი სამამულო ომის პერიოდში ახორციელებდნენ გერმანული, ფინური, ესპანური სამხედრო ქვედანაყოფები, ჩრდილოაფრიკელ სამხედრო მოხალისეებსა და იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად. ბლოკადა დაიწყო 1941 წლის 8 სექტემბერს და დასრულდა 1944 წლის 27 იანვარს.

1940 წლის 18 დეკემბერს ჰიტლერმა ხელი მოაწერა დირექტივა #21-ს, რომელიც ცნობილია, როგორც გეგმა “ბარბაროსა”. ამ გეგმის მიხედვით ფაშისტები არმიების სამი ჯგუფით თავს უნდა დასხმოდნენ საბჭოთა კავშირს სამი მიმართულებით: არმიების ჯგუფი “ჩრდილოეთი” _ ლენინგრადს; არმიების ჯგუფი “ცენტრი” _ მოსკოვს, არმიების ჯგუფი “სამხრეთი” _ კიევს. მოსკოვის ხელში ჩაგდება გათვალისწინებული იყო ლენინგრადის დაპყრობის შემდეგ. 1941 წლის #32-ე დირექტივით ჰიტლერმა “აღმოსავლეთზე ძლევამოსილი ლაშქრობის” დასრულების დროდ შემოდგომა გამოაცხადა.

“გამარჯვებულთა ფორუმი”

დიდი სამამულო ომის დასაწყისში ლენინგრადი იყო მნიშვნელობით მეორე ქალაქი სსრკ–ში 3,2 მლნ მოსახლეობით. ქალაქში მუშაობდა 333 დიდი სამრეწველო საწარმო, რომლებშიც საქმიანობდა 565 ათასი ადამიანი. ძალიან დიდი იყო ქალაქის სამეცნიერო–ტექნიკური პოტენციალი _ ფუნქციონირებდა 130 სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი და საკონსტრუქტორო ბიურო, 60 უმაღლესი სასწავლებელი და 106 ტექნიკუმი.

ბლოკადის დაწყებისას ლენინგრადში არ იყო იმ რაოდენობის პროდუქტები და საწვავი, ალყაშემორტყმულ ქალაქს დიდხანს რომ გაეძლო. ერთადერთი გზა, რომლითაც ლენინგრადი საბჭოთა კავშირის იმ ტერიტორიებს უკავშირდებოდა, რომლებიც ფაშისტებს დაპყრობილი არ ჰქონდათ, იყო ლადოგის ტბა, თუმცა ამ ტბას გერმანელთა არტილერია და ავიაცია ხშირად ბომბავდა.

1943 წლის იანვარში, ბლოკადის გარღვევის შემდეგ, ალყა კვლავ გრძელდებოდა 1944 წლის იანვრამდე, სანამ საბჭოთა ჯარები ოპერაცია “იანვრის მეხს” ჩაატარებდნენ. ამ ოპერაციის შედეგად ფაშისტები უკუაგდეს ლენინგრადის სამხრეთ საზღვრებიდან 220-280 კმ-ის დაშორებით.

დიდ სამამულო ომში გამოჩენილი მასობრივი გმირობისა და სიმამაცისთვის ლენინგრადს მიენიჭა (1965 წელს) გმირი-ქალაქის სტატუსი. 27 იანვარი _ ფაშისტების ბლოკადისგან ლენინგრადის საბოლოო გათავისუფლების დღე _ რუსეთის საბრძოლო დიდების დღეა.

აღსანიშნავია, რომ ლენინგრადის დაცვაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ქართველმა სამხედროებმაც: გენერალმა ვასილ მჟავანაძემ, ოფიცრებმა _ გრიგოლ ბარბაქაძემ, მიხეილ მაჩაბელმა, გიორგი ჯინჭარაძემ, დიმიტრი შანშიაშვილმა და სხვ.

“გამარჯვებულთა ფორუმი”

სწორედ ლენიგრადის ( ამჟამად სანკტ-პეტერბურგის) განთავისუფლების 75-ე წლისთვს მიეძღვნა საერთასორისო ფორუმი “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ამა წლის 25 აპრილს გაიმართა.

საერთაშორისო ფორუმის “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება” ორგანიზატორები იყვნენ: პოლიტოლოგიური ცენტრი “სევერ-იუგი” (რუსეთის ფედერაცია), განვითარების ფონდი “ევრაზიული კვლევების ინსტიტუტი”, რომლებსაც მხარს უჭერს და პროექტის განხორციელებაში ეხმარება საზღვარგარეთის ქვეყნებთან ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფონდი.

საერთაშორისო ფორუმს, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით ტარდება,  დსთ-ის სახელმწიფოებიდან, საქართველოდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან 250 დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, ისტორიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ექსპერტები, სტუდენტები… საერთაშორისო ღონისძიების მთავარი თემა დიდ სამამულო ომში ლენინგრადელების თავგანწირული ბრძოლები და გმირობა იყო.

ფორუმის დელეგატებმა 25 აპრილს, დილის ცხრა საათზე პისკარევსკის მემორიალურ სასაფლაოზე, მარადიულ ცეცხლი მიხაკებით შეამკეს. ორგანიზატორების თხოვნით დიდი სამამულო ომის ვეტერანმა, ქართველმა ვალერიან კაციტაძემ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელ ვეტერანთან ერთად გახსნა ლენინგრადელთა გმირობის უკვდავსაყოფი მემორიალური ქვა.

„გამარჯვებულთა ფორუმის“ მონაწილეებმა მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ ბორის ელცინის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გადაინაცვლეს, სადაც ღონისძიება გაგრძელდა.

სანკტ-პეტერბურგის ფორუმი  _ „ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება“, ოფიციალურად გახსნა რუსეთის ფედერაციის საზღვარგარეთის ქვეყნებთან ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფონდის თავმჯდომარემ მიხაილ შვიდკოიმ.  საერთო პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონული და კულტურული კავშირების სამმართველოს ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩერნოვი, რომელმაც მონაწილეებს რუსეთის პრეზიდენტის მილოცვა გააცნო. ამავე ღონისძიებაზე სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ბეგლოვის შემდეგ სიტყვა მიეცა  საქართველოს დელეგაციეს ხელმძღვანელს, აკადემიკოს ალექსანდრე ჭაჭიას, რომლის გამოსვლა, როგორც ყოველთვის, დამსწრეთა სრული ოვაციების ფონზე წარიმართა. ალექსანდრე ჭაჭიამ ისაუბრა იმ საინფორმაციო ომზე, რომელიც დიდი სამამულო ომის წინააღმდეგ არის მიმართული, აღნიშნა, რომ ისტორიას მიზანმიმართულად ამახინჯებენ… ისაუბრა ასევე იმ დეტალებზე, თუ როგორ თავგანწირვით იბრძოდნენ საბჭოთა ხალხები სამშობლოსა და სტალინის სახელით ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ…

ვალერი ტურსუნოვი, ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი:

_ მეცხრე წელიწადია, ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვებისღონისძიებას ვატარებთ, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად იქცა.

ძალიან მიხარია, რომ ყოველ წელიწადს ჩვენს ღონისძიებას უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ესწრება. „ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება“ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ წარსულს პატივი არ მივაგეთ, მომავალს ვერ შევქმნით. არავის არ უნდა მივცეთ უფლება, გონება გამოგვირეცხოს; უნდა ვიმეგობროთ, ისტორია შემოვინახოთ და პატივი ვცეთ ჩვენი გამარჯვებული წინაპრების ხსოვნას.

ფორუმის დასკვნით რეზოლუციაში ეწერა შემდეგი:

„ფაშისტური გერმანიისგან ლენინგრადის (პეტერბურგის) განთავისუფლების 75-ე წლისთავზე ლენინგრადის მიწაზე შეიკრიბა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, რათა პატივი მიაგონ ბლოკადაში დაღუპულთა ხსოვნას თავდადებისთვის, მამაცობისთვის, რომლებმაც ჩვენს ქვეყნებს შეუნარჩუნეს მშვიდობა და თავისუფლება.

გამარჯვების დღესასწაული გვაიძულებს, დავფიქრდეთ იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს წინაშე გვაკისრია. ჩვენ გამარჯვებულთა შთამომავლები ვართ, ვართ ისტორიული სიმართლის, ისტორიული ფასეულობის მქონენი, რომლისთვისაც იბრძოდნენ და გაიმარჯვეს ჩვენმა წინაპრებმა.

სამწუხაროდ, თვალს ვადევნებთ, როგორ ცდილობენ გარეშე ძალები გააყალბონ ისტორია და დიდი სამამულო ომის შედეგები; ვუყურებთ, როგორ ცდილობენ, შეურაცხყონ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნა. ჩვენ, „გამარჯვებულთა ფორუმის“ მონაწილეები, ვგმობთ ისტორიით მანიპულირების მცდელობას, მტკიცედ ვდგავართ ისტორიის სადარაჯოზე და მომხრენი ვართ მშვიდობიანი მსოფლიოსი.

ფორუმი _ ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება, როგორც ყოველთვის, გრანდიოზული საზეიმო კოცერტითა და ვახშამით დასრულდა, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here