მთავარი პოლიტიკა ბუმბერაზი კაცის ძღვენი

ბუმბერაზი კაცის ძღვენი

შავი ზღვის სისხლით შეღებვის კიდევ ერთი მცდელობა

312
გააზიარეთ

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

ოცდამეჩვიდმეტე გამოშვება

შეკარით კავშირი, ვისთანაც გსურთ, წამოიწყეთ ნებისმიერი ომი, ოღონდ არასოდეს შეეხოთ რუსეთს!”

ოტო ფონ ბისმარკი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთსა და აშშ შორის ვითარება მშვიდი იყო მანამდე, სანამ რუსეთი ყველა დათმობაზე მიდიოდა. ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა 2000 წლის დადგომამდე, სანამ რუსეთის ხელისუფლების სათავეში ბორის ელცინი ბოგინებდა. 2000 წლის 1 იანვრიდან კი, როდესაც ელცინის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას იმხანად რუსეთის პრემიერმინისტრი პუტინი შეუდგა, ვითარება თანდათან დაიძაბა. ბოლო პერიოდში კი დაპირისპირებამ პიკს მიაღწია.

დასავლეთს არ მოსწონს პუტინის პოლიტიკა, რომელიც რუსეთს აძლიერებს;

რუსეთის ირგვლივ ნატოს ყულფი იკვრება;

დაწყებულია ნატოს მიერ შავი ზღვის ოკუპაციის პროცესი;

ამერიკელები რუსეთზე შტურმისთვის ემზადებიან;

პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა მოაწყო ტურნე _ საქართველო-უკრაინა-რუმინეთი.

ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა ეშინოდეს უკრაინისა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსში გაერთიანების და, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს რომელიმე სახელმწიფოს მიერთების შესახებ ნატოს გადაწყვეტილებას. ჯერ ერთი, იმ დონის ჩინოსანმა, როგორიც ნატოს გენერალური მდივანია, უნდა იცოდეს, რომ ვეტოს უფლება წევრის უფლებაა და იგი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ ორგანიზაციის რომელიმე არაწევრ სახელმწიფოს. ასე რომ, რუსეთი ნატოს შიგნით ვერანაირი ვეტოს უფლებით ვერ ისარგებლებს. რასაც ბატონი სტოლტენბერგი გულისხმობს, იმას ვეტო არ ჰქვია, მას სხვა სახელი აქვს. მას შეიძლება რეაქცია, გამოძახილი ან პასუხი ვუწოდოთ. ხოლო რა შეიძლება დასავლეთმა და ნატომ რუსეთისგან პასუხად მიიღონ _ მოწონების ტაში თუ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვება რომელიმე მიმართულებით, ამას მოგვიანებით იხილავენ და მიხვდებიან.

დავანებოთ თავი სტოლტენბერგის განათლების საკითხს და დავუბრუნდეთ იმას, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ნუთუ ამერიკელები რუსეთთან ფართომასშტაბიან კონფრონტაციაზე წასვლას გეგმავენ? ეს ის შეკითხვაა, რომელიც მსოფლიოში აქტუალურია, ვინაიდან ამაზე პლანეტის მომავალია დამოკიდებული. პარალელურად სხვა შეკითხვებიც ჩნდება: გააჩნია თუ არა რუსეთს წინააღმდეგობის გაწევისა და დასავლური აგრესიის ალაგმვაშეკავების შესაძლებლობა? რუსეთი იძულებული ხომ არ იქნება, ნელნელა დათმოს პოზიციები ან ისეთივე კრახი განიცადოს, როგორიც ოცდაათი წლის წინათ საბჭოთა კავშირმა? ყოველი ასეთი შეკითხვა ახალ შეკითხვებს აჩენს: რა დარჩენია და რას დაეძებს შავ ზღვაში აშშ? ან რა უნდა მას უკრაინაში, საქართველოში, ბელარუსში, საერთოდ, პოსტსაბჭოთა სივრცეში? ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: აშშ სადაც მოქმედებს (პოსტსაბჭოთა სივრცეში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა თუ ავღანეთში), ყველგან რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს; პირველ რიგში, რუსეთის წინააღმდეგ და შემდეგ ყველა დანარჩენის _ ჩინეთის, ირანის, სირიის, ჩრდილოეთ კორეის და ა.შ. ამერიკელებმა, რა თქმა უნდა, იციან, რომ მათ ფერად ოცნებას მსოფლიოში ერთპიროვნულ გაბატონებაზე, პირველ რიგში, რუსეთი ამუხრუჭებს, რომელსაც საამისო პოტენციალი აქვს, ამიტომ რუსეთის განეიტრალება მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. როგორი პარადოქსულიც უნდა ჩანდეს, მრავალმხრივ კრიზისში ჩაფლული აშშ-ის გადარჩენის ერთადერთი გზა მსოფლიოზე გაბატონებაა. ყველა სხვა შემთხვევაში, იგი დაკარგავს პრობლემებთან და კრიზისებთან გამკლავების უნარს და საკუთარ წინააღმდეგობებში ჩაიხრჩვება. მას ბოლო ჟამი უდგას, რის გამოც რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას ცდილობს, რათა დააჩოქოს რუსეთი, საფუძველი შეურყიოს ჩინეთის სულ უფრო მზარდ პროგრესს და თავი მსოფლიოს მბრძანებლად გამოაცხადოს. იგი მსოფლიო ომის პროვოცირებას ცდილობს იმ იმედით, რომ ამ ბინძურ თამაშში რუსეთი არ აჰყვება და დათმობებზე წავა ისევე, როგორც ეს დღემდე ხდებოდა ნატოს უკიდეგანო გაფართოებისა და რუსეთის ირგვლივ რკალის შეკვრის პასუხად. ასე დათმო რუსეთმა პოზიციები აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, საქართველოში, უკრაინაში; ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც ნატომ ამა თუ იმ ფორმით ფეხი მოიკიდა. ანტირუსული ღერძის გამაგრების მცდელობა იყო პენტაგონის შეფის, ლოიდ ოსტინის, მიერ რამდენიმე დღის წინათ მოწყობილი ტურნე _ საქართველო-უკრაინა- რუმინეთი. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამ ტურნეთი არა მხოლოდ მოკავშირეთა პოზიციების განმტკიცებას, არამედ რეგიონში მოსალოდნელი ახალი ალიანსის მცდელობას აღუდგა წინ, რომელიც აშკარად არ ჯდება მათ გეგმებში. საუბარია ექვსეულის ფორმატზე, რომლის შემადგენლობაში რუსეთი-ირანი-თურქეთი და ამიერკავკასიის სამი სახელმწიფო _ საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი განიხილება. ექვსეულის ეს ფორმატი პრინციპულად განსხვავდება იმ ხელოვნური ფორმატებისგან, როგორიც იყო, ვთქვათ, 1997 წელს შექმნილი სუუამი (საქართველოს უკრაინის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის კავშირი). რამდენიმე წლის შემდეგ ამ კავშირიდან უზბეკეთი ამოვარდა და დარჩა _ სუამი. როგორც ვთქვი, ეს იყო პოსტსაბჭოთა სივრცში ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებისგან რუსეთის წინააღმდეგ ხელოვნურად შეკოწიწებული პროამერიკული კავშირი, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, სიცოცხლისუუნარო გამოდგა და შარშანდელი თოვლივით გაქრა. ამგვარი ხელოვნური კავშირებისგან განსხვავებით, ექვსეულის ფორმატი არათუ ხელოვნური არ არის, პირიქით, ძალიან ბუნებრივი და ყოველი შემავალი სახელმწიფოსთვის ეგზისტენციური მნიშვნელობის მქონეა. რუსეთისთვის ეს ფორმატი ნატოს ალყაში მოქცევისგან თავის დაღწევის საშუალებაა, ირანისთვის _ მარტო დარჩენისგან თავის არიდებისა და რეგიონულ კონტექსტში ჩაწერის საშუალება; საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის _ მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის გრძელვადიანი მოწესრიგების საშუალება; თურქეთისთვის კი _ მისი გაცხადებული თუ ფარული ზრახვების განხორციელების გზაზე მეზობლებთან ერთიან კონტექსტში დიალოგისა და რეგულარული კონტაქტების გზა, რომელიც მას აშშთან და ნატოსთან ფორმალური დისტანცირებისა და ვაჭრობის საშუალებას მისცემს. სწორედ იმიტომ, რომ ეს ფორმატი თავიდანვე სიცოცხლისუნარიანი და საინტერესო ჩანს, მოსალოდნელი იყო, რომ ამერიკელები მის დაბლოკვას შეეცდებოდნენ.

მართლაც ასე მოხდა. თბილისში ჩამოსულმა პენტაგონის შეფმა ამ ფორმატის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა: “რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების ოცი პროცენტი, პატივს უნდა სცემდეს 2008 წლის ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სანამ რამე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებდეს”. ეს იყო ღია სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მან უარი უნდა განაცხადოს ფორმატში მონაწილეობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი “3+3” ფორმატზე მანამდე ასე მსჯელობდა: “ოკუპაციის პირობებში ძალიან ძნელია, დაჯდე ამ ფორმატში რუსეთთან ერთად, თუმცა აუცილებელია, რომ საქართველო ჩართული იყოს ყველა მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტში”. ვერ დავუკარგავთ, საგარეო საქმეთა მინისტრს უგრძვნია პროექტში მონაწილეობის აუცილებლობა, მაგრამ არ იცის, როგორ შეხედავს ამ ფაქტს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი, რის გამოც ცდილობს, ისე ილაპარაკოს, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური. ამ თემაზე ლოიდ ოსტინის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, როგორც ასეთ შემთხვევებში იტყვიან, ხელი დაიბანა: “არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ განვიხილავთ ე.წ. 3+3 ფორმატში მონაწილეობას რუსეთთან ერთად”. აი, ასე, მხოლოდ ერთი “ნამიოკით” გადაუსვა ხაზი პენტაგონის შეფმა საქართველოს დიალოგისა და კონტაქტის ყოველგვარ პერსპექტივას არამხოლოდ რუსეთთან, არამედ, საერთოდ, მეზობელ სახელმწიფოებთან. საქართველოს ხელისუფლება პენტაგონის შეფს არამხოლოდ მიუხვდა “ნამიოკს”, არამედ ზედმიწევნით კარგადაც შეასრულა იგი, მაგრამ რას მოუტანს ეს საქართველოს? ფორმატი “3+3”-ის ნაცვლად შედგება ფორმატი “3+2”, ანუ რუსეთი, ირანი და თურქეთი სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად (საქართველოს გარეშე) ილაპარაკებენ რეგიონის პრობლემებზე და თამაშის წესებსაც ისინი შეიმუშავებენ, საქართველო კი კონტექსტიდან ამოვარდნილი და, ფეხბურთის ენით რომ ვთქვათ, თამაშგარეშე მდგომარეობაში აღმოჩნდება. საფრთხე იმისა, რომ ეს ნამდვილად ასე მოხდება, დიდია, თუმცა საქართველოს პროამერიკულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას ეს არაფრად მიაჩნიათ, ვინაიდან დღე-დღეზე ნატოს წევრობას ელიან. პენტაგონის შეფის სტუმრობა თბილისში და მისი ტურნე კიევსა და ბუქარესტში ნატოს გენერალური მდივნის ბოლო განცხადებამ უკრაინის ნატოში წევრად მიღების პერსპექტივის შესახებ, ისე დააგვირგვინა, რომ პროამერიკულ ძალებს სიხარულისგან თავგზა საბოლოოდ აებნათ. მისი ნათქვამი, რომ უკრაინა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც სრული უფლება აქვს, თავისი გზა თვითონ აირჩიოს, დიდებულია. ამ მიდგომას ვერაფერში შეედავები, რომ არა მისი ერთი უაღრესად სუსტი ადგილი. აი, ისეთი, აქილევსს რომ ჰქონდა _ ქუსლი. უკრაინა, ისევე, როგორც ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფო, უფლებამოსილია, საითაც მოესურვება იქით შეტრიალდეს, და რომელ ალიანსშიც მოისურვებს, იმ ალიანსის წევრი გახდეს, მაგრამ უკრაინის ამ სურვილების განხორციელებით მსოფლიო გეოპლიტიკური ბალანსი თუ ირღვევა და პლანეტა გლობალური ომის საფრთხის წინაშე დგება, ამ შემთხვევაში რომელია უფრო მთავარი: უკრაინის ფაშისტური ხელისუფლებისა და მას აყოლილი მოსახლეობის ერთი ნაწილის სამხედრო-პოლიტიკური ხუშტურები თუ პლანეტაზე მშვიდობის შენარჩუნება? სტოლტენბერგი ამაზე პასუხს არ გვაძლევს, ვინაიდან, როგორც ეტყობა, ამგვარი ფიქრით თავის შეწუხება არ უყვარს. რუსეთი სტრატეგიული შეიარაღებით სერიოზულად უსწრებს აშშ-ს. ასეთ ვითარებაში რუსეთის კუთხეში მიმწყვდევა და მისთვის გადარჩენის ერთადერთ გზად ომის დატოვება მათთვისაც ხომ დამღუპველია, ვინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქმე სწორედ ამ მიმართულებით წაიყვანოს. იციან მათ ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ამ გზას ადგანან და ამ გზიდან გადახვევას არ აპირებენ. საქმე ის არის, რომ, როგორც უკვე ვთქვი, მათაც არ შეუძლიათ ამ პროექტზე (მსოფლიოში გაბატონება) ხელის აღება, ვინაიდან მათ კრიზისისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა დარჩენიათ _ომი. მათ ერთი რამის იმედი აქვთ: რუსეთმა იქნებ ვერ გაბედოს იმ პასუხის გაცემა, რომელსაც იმსახურებენ. ასეთ შემთხვევაში აშშ მოასწრებს რუსეთისთვის ნატოს ალყის შემოვლებას, შავი ზღვის აუზის ოკუპირებას, პოსტსაბჭოთა სივრცეში (ბელარუსის ჩათვლით) სრულად გაბატონებას და ამის შემდეგ რუსეთის ნებისმიერი მოძრაობა უკვე დაგვიანებული და თვითონ რუსეთისთვის საზიანო აღმოჩნდება. რატომ ფიქრობენ ისინი, რომ რუსეთმა, შესაძლებელია, მათი უბოროტესი აგრესიისგან ღირსეულად თავის დაცვას ჩაყოლა და თავის დამცირება ამჯობინოს? საქმე ის არის, რომ აშშ-ს თავის გადასარჩენად, ვა-ბანკზე წასვლის გარდა, სხვა გზა თუ არ რჩება, რუსეთმა პლანეტარულ კატასტროფას (მესამე მსოფლიო ომს) შეიძლება თავის დადრეკა ამჯობინოს, ვინაიდან ჩათვალოს, რომ თვითონ მას ვერც ბანდიტური ეკონომიკური სანქციებით, ვერც აღვირახსნილი საინფორმაციო ომით და ვერც ნამდვილი ომის მუქარით ვერ დააჩოქებენ. ძნელი სათქმელია, რა გათვლებს ეყრდნობა ამერიკელთა რწმენა, რომ რუსეთი სწორედ ამ გზას აირჩევს. პუტინის ცნობილი გამონათქვამები, როგორიცაა, მაგალითად, “ერთპოლუსიანი მსოფლიო ვერ შედგა” (მიუნხენი); “ახლა მაინც ხვდებით, რა ჩაიდინეთ?!” (გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა); “ტაიგის ერთადერთი კანონიერი პატრონი დათვია, რომელიც თავის ტაიგას არავის არ დაუთმობს” (პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი); “რად გვინდა ისეთი მსოფლიო, სადაც რუსეთი არ იქნება?!” (სატელევიზიო ინტერვიუ) და სხვა მრავალი, იმის საფუძველს არ იძლევა, რა რწმენაც ამერიკელებს გასჩენიათ. ეს, რაც შეეხება გამონათქვამებს, რომლებიც საკმარისად მწვავეა, მაგრამ გაცილებით მწვავეა ვლადიმერ პუტინის მოქმედება, რომელიც რუსეთის ყველა მიმართულებით (პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, სოციალური, სამეცნიერო, სამხედრო) გაძლიერებაში გამოიხატა. 2000 წლიდან დღემდე რუსეთის მიერ გამოვლილი გზა ესაა გზა წაქცეული, დაქცეული და მიწასთან გასწორებული რუსეთიდან უძლიერეს რუსეთამდე.

დასავლეთი მსოფლიოში არსებული ყველა პრობლემისა და უბედურების წყაროდ და საფუძვლად რუსეთის წარმოსაჩენად აღვირახსნილ კამპანიას აწარმოებს. ამ ბინძურ კამპანიაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან განსაკუთრებით უკრაინა და საქართველო ჩაითრიეს, რასაც ამ სახელმწიფოებისთვის უბედურების გარდა არაფერი მოუტანია და, როგორც ჩანს, მომავალშიც უკეთესს არაფერს ჰპირდება. დღესაც კი, როდესაც აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავებულია, საქართველოსთვის მხოლოდ ძველი საკენკი ჩამოაქვთ და ისე უყრიან წინ, თითქოს მასში რამე ახალი ერიოს. აი, რა ძღვენით გვეწვია ქართველებს პენტაგონის შეფი: დღეს მაქვს პატივი, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადო საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივა. ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური აშშის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისთვის”. ხომ გვახსოვს, ჩვენს ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორს რამდენი ასეთი ინიციატივა ჰქონია, რომლებსაც ჩვენთვის მათთან ერთად სხვადასხვა გაუგებარ სამხედრო მისიებში მონაწილეობისას, 35 დაღუპულისა და ასეულობით დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის გარდა, სხვა სიკეთე არ მოუტანია; ტერიტორიული რღვევისა და ეკონომიკური კატასტროფის გარდა არაფერი მოჰყოლია. რა არის ეს “ახალი ინიციატივა” და რას მოგვიტანს იგი იმაზე უკეთესს, ვიდრე სხვა რომელიმე ინიციატივას მოჰქონდა. თვითონ ლოიდ ოსტინი ამ “ახალ ინიციატივას” ასე აღწერს: ეს აღნიშნავს მართლაც ახალ, ამაღელვებელ ფაზას ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ორმხრივ თანამშრომლობაში”. კეთილი და პატიოსანი. ავღელდეთ და გავიხაროთ ამახალი ინიციატივით”, სხვა რა გზა გვაქვს, მაგრამ ის ხომ მაინც უნდა ვკითხოთ ჩვენს უძვირფასეს სტუმარს, თუ რა არის ჩვენთვის ახალი ამ “ახალ ინიციატივაში”. თუმცა, შეკითხვა რა საჭიროა, თუკი სტუმარი შეკითხვის გარეშეც შესანიშნავად გვიხსნის ამ სიახლეს: ეს ხაზს უსვამს აშშის თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, დაეხმაროს საქართველოს, რომ მან წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”. ეს დემაგოგიის კლასიკური მაგალითია. ლოიდ ოსტინის “ახალი ინიციატივით” საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია კი არა, ამ დაუსრულებელ გზაზე თურმე “წინ წაწევა” მოხდება. იმას არავინ გვეუბნება, თუ რამდენით წაგვწევენ წინ და, საერთოდ, რას ნიშნავს ეს “წინ წაწევა”, მაგრამ “წინ წაწევა” რომ მოხდება, ამას გვპირდებიან, ოღონდ… უპირობოდ და ავტომატურ რეჟიმში კი არა, ამისთვის თურმე საჭირო ყოფილა, “საქართველომ გააძლიეროს დემოკრატია, გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია დასავლეთთან საქართველოს უფრო მჭიდროდ დასაკავშირებლად”. არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი, თუ რა ძღვენითაც წვევია საქართველოს ეს ყოველმხრივ (მხედველობაში მაქვს ფიზიკური და თანამდებობრივი) ბუმბერაზი კაცი.

ფრიად პატივცემულმა ბატონმა ლოიდ ოსტინმა, რომელიც თბილისიდან პირდაპირ კიევში ჩაფრინდა, იქაც ანალოგიური განცხადება გააკეთა: “მე აქ ვარ, რათა დავადასტურო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. აშშ მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, რათა შეაკავოს რუსეთის შემდგომი აგრესია”.

რაკი ამდენი ვდიე ბატონ ოსტინს, ბარემ რუმინეთშიც ჩავყვები, რამე რომ არ გამოგვრჩეს მისი ტურნედან. ოსტინმა ბუქარესტშიც მოკლედ ჩამოაყალიბა სათქმელი: რუსეთის მადესტაბილიზებელი მოქმედებები შავ ზღვაზე და მის ირგვლივ ასახავს ამ ქვეყნის ამბიციებს, აღიდგინოს დომინანტური მდგომარეობა რეგიონში და ხელი შეუშალოს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ჩამოყალიბებას”.

აი, რის სათქმელად უფრენია ამდენი ამ ყოველმხრივ ბუმბერაზ ლოიდ ოსტინს. ტყუილად რომ არ გარჯილა ეს ყოველმხრივ ბუმბერაზი კაცი, ნათელია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სიცრუისა და დემაგოგიის აბლაბუდაში ხვევენ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელშიც ვითომ კეთილისმყოფელებად და სტრატეგიულ პარტნიორებად შედიან, ხალხის დიდ ნაწილს მაინც სჯერა მათი. საქართველოში მოახერხეს, რომ ნატოს ფსიქოზი შეექმნათ. რამდენი ადამიანი დადის საქართველოში, რომელიც პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ თუ სამხედრო სტრატეგიულ საკითხებში ისევე ერკვევა, როგორც ჩინურ ლინგვისტიკაში, მაგრამ თავგამოდებული ამტკიცებს საქართველოს ნატოს წევრობის აუცილებლობას. რამდენი დოყლაპია უკრაინელი დადის უკრაინაში, რომელმაც, რომ ჰკითხო, რუსულუკრაინული ფესვების ერთიანობაზე არაფერი იცის, სამაგიეროდ, უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის ისტორიულ მტრობაშიღრმად განსწავლულია”. ეს ხალხისთვის ტვინის გამორეცხვის მიმართულებით ამერიკელთა ფილიგრანული ნამუშევარია. შეფასებებში ობიექტურობის შენარჩუნება თუ გვსურს, უნდა ვაღიაროთ, რომ ამერიკელები ხალხის ფსიქიკაზე ძალიან ძლიერ ზემოქმედებას ახდენენ. ისინი ამ საქმისთვის სამ რამეს არ იშურებენ _ თანხებს, შრომას, დროს:

* საქართველოში მოქმედი ყველა ტელეარხი აშშის პროპაგანდისტია;

* საქართველოში მოქმედი ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია აშშის პროპაგანდისტია;

* საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტია აშშის პროპაგანდისტია.

* აშშ ყველა მათგანს აფინანსებს, პატრონობს, იცავს. შეადარეთ ამას რუსეთის მოქმედება, გნებავთ, საქართველოში და, გნებავთ, უკრაინაში. რუსეთს არ აქვს თავისი პოზიციის გამხმოვანებელი არც ტელეარხი, არც არასამთავრობო ორგანიზცია, არც პოლიტიკური პარტია. სამაგიეროდ, ყველა ტელევიზია, არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია ერთხმად გაჰყვირის, რომ საქართველო წალეკა რუსულმა პროპაგანდამ. ვიღაც, ალბათ, ფიქრობს, საქართველოში ყველა და ყველაფერი რუსეთს აგინებს და ყველაზე ვერაგ, ისტორიულ მტრად წარმოაჩენს, სად არის აქ რუსული პროპაგანდაო, მაგრამ, როდესაც მის ირგვლივ ერთხმად ამტკიცებენ, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა ისე ბობოქრობს, ყველას და ყველაფერს ფარავსო, თანდათანობით თვითონაც იჯერებს ამ აბსურდს. ამერიკელებს შესანიშნავად აქვთ შესწავლილი ადამიანის ქცევებიც, სოციალური ფსიქოლოგიაც და, რაც მთავარია, ამ ცოდნას იყენებენ პრაქტიკაში, იმ ქვეყნების საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების საქმეში, რომელ ქვეყანაშიც მუშაობენ, ამიტომ ეს საქმე (საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედება) ძალიან კარგად გამოსდით, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უჭირთ. პუტინმა ერთხელ ასეთი რამ თქვა: რუსებზე ამბობენ, რა საქმესაც უნდა მოჰკიდონ ხელი, ყოველთვის კალაშნიკოვის ავტომატი გამოსდითო, მაგრამ ამერიკელებს რომ ვაკვირდები, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, მათ ყველგან ლიბია ან ერაყი გამოსდით”. ზუსტი ნათქვამია. ამერიკელები მთელ მსოფლიოში ხელებს აფათურებენ, მაგრამ ჯერ არავის უნახავს, მათ სადმე კარგი საქმე გამოსვლოდეთ. ამჯერადაც ასე იქნება, საქართველოსაც და უკრაინასაც ამერიკელები საბოლოო დაშლამდე მიიყვანენ, შესაძლებელია, რომ შავი ზღვა, სადაც ახლა ხელებს აფათურებენ, ისე შეღებონ სისხლით, როგორც გერმანელმა ფაშისტებმა 1942 წელს ქერჩის სრუტე შეღებეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრ ანეგრეტ კრამპკარენბაუერს, რომელმაც თავს უფლება მისცა, განეცხადებინა, რუსეთის შესაკავებლად ნატომ ბირთვული იარაღი უნდა გამოიყენოსო, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სწორედ დიდი სამამულო ომის მაგალითი შეახსენა, რომლითაც ყველაფერი იყო ნათქვამი: “მსგავსი ისტორია როგორც სრულდებოდა გერმანიისა და ევროპისთვის, გერმანიის თავდაცვის მინისტრს კარგად უნდა მოეხსენებოდეს”. შოიგუს ნათქვამს ბისმარკის იმ ბრძნული სენტენციით გავაძლიერებდი, ამ წერილს ეპიგრაფად რომ წარვუმძღვარე: “შეჰკარით კავშირი, ვისთანაც გსურთ, წამოიწყეთ ნებისმიერი ომი, ოღონდ არასოდეს შეეხოთ რუსეთს!”

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. „ძნელი სათქმელია, რა გათვლებს ეყრდნობა ამერიკელთა რწმენა, რომ რუსეთი სწორედ ამ გზას აირჩევს“-ო. იგულისხმება თავის დადრეკა. ამერიკელებს სწორედ იმის იმედი აქვთ, რომ რუსეთის ოლიგარქიული ხელისუფლება (პუტინის ჩათვლით, ეგეც ილიგარქია) არ წავა ატომურ ომზე, რადგან მათ არც ამერიკის დამხობა სურთ, არც რუსეთის, რადგან თავიანთი ტრილიონები ამერიკაში აქვთ, ტრილიონების საწველი ძროხა კი – რუსეთში. თუ თავის დადრეკა გაოლიგარქების მოსურნე კორუმპირებული კომუნისტების მიერ მოხდა, რატომ არ შეიძლება ეს გაოლიგარქებული ანტიკომუნისტების (პუტინის ჩათვლით) მიერ მოხდეს?! ატომურ ცეცხლში დამწვარი რუსეთი არც ამერიკელებს უნდათ, მით უმეტეს თავიანთი თავის რისკის ფასად. მათ სურთ რუსეთის სიმდიდრეების ხელში ჩაგდება, როგორც ეს ელცინის იყო. მაგრამ რუსეთში არიან პატრიოტული ძალებიც, რომლებსაც არ სურთ თავის დადრეკა. ამერიკელები მათ მიმართ მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას იყენებენ: ერთი ხელით აშინებენ მათ „ნატოს ალყით“ და „ატომური დაბომბვის“ მუქარით, მეორე ხელით აფხაზებს, ს.ოსეთს, ყირიმსა და დნრ-ლნრ-ს უგდებენ დასაშოშმინებლად… არაფერი საშინელი არ მოხდება, იმაზე უარესი, რაც ხდება.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here