Home რუბრიკები ისტორია ბერია _ ფოლადში მოქცეული სიცოცხლე

ბერია _ ფოლადში მოქცეული სიცოცხლე

453

ჩემს საყვარელ შავიზღვისპირა კურორტ ურეკში, სადაც, ვფიქრობ, ჩემი სიცოცხლის ბოლო წლები გავატარო (ყველაფერზე შემიძლია ვწერო, გარდა იმ სასწაულისა, რომელიც ურეკისთვის ჯერ კიდევ შეუსწავლელ მიწის მცირე ფართობზე ბუნებას შემოუნახავს _ ადამიანის ჯანმრთელობისათვის ესოდენ ძვირფასი საჩუქარი. მდინარეებს _ ნატანებსა და სუფსას _ შორის მოქცეული ჯადოსნური სივრცე ჰაერიდან აფრქვევს იმ საიდუმლოებასა და არომატს, რომელიც ასე ძალიან აკლია პლანეტას და მასზე მცხოვრებ ადამიანებს). მოვისურვე, რომ 85 წლისთავს აქ შევხვდე, რაც მაძლევს იმის გარანტიას, რომ 100 წლის იუბილესაც ამ ფიჭვების ქვეშ შევხვდები, რომლებიც ასე მედიდურად დაჰყურებენ ზღვის სანაპიროზე დროებით გაშლილ ჩემს სამუშაო მაგიდას. იმ დღეს მეტისმეტი მომივიდა _ ორჯერ ჩავედი მაგნეტიტით გაჯერებული ჯადოსნური ქვიშისგან ჩემთვის განკუთვნილსამარხში”, ორჯერ მივიღე მზის აბაზანა, ხოლო შესვენების ხანმოკლე პერიოდებში კი ჩანაწერებს ვაკეთებდი

წლებმა ჯანი ვერ გამიტეხა, მაგრამ ყოფილ საკოლმეურნეო სანატორიუმ “ივერიის” კიბეებზე რომ ავდიოდი, ვიფიქრე, ან დაღლილობამ მძლია, ან სიბერემ-მეთქი. ვახშამზე არც მიფიქრია, ლოგინს მივაშურე და ყოველგვარი საძილე აბების გარეშე მკვდარივით ჩამეძინა. ახალგაზრდობაში სიზმარს ისე ცხადად ვხედავდი და ვიმახსოვრებდი, რომ მეორე დღეს ზოგიერთი საინტერესო ეპიზოდის ჩანახატიც კი გამიკეთებია რვეულში. დროთა განმავლობაში ტვინში მეხსიერების “ჩიპმა”, ალბათ, ნელ-ნელა დაკარგა აქტიურობა _ სიზმარი კი მესიზმრება, მაგრამ დილით სიზმრიდან არაფერი მახსენდება ხოლმე გარდა იმისა, რომ რაღაც ვნახე. და აი, სასწაულიც. 24 ივლისის ღამეს, დაბადების დღის წინა ღამეს, ჩემი გამზრდელი და გზაზე დამყენებელი ბიძა ვასილ ონიანი დამესიზმრა. როცა ფეხზე წამოვუდექი და მოკრძალებით მოვიკითხე, ბიძაჩემმა მარჯვენა ხელის ოდნავ დაქნევით მანიშნა, დაჯექიო. ჩვეულებრივი ტონით ჩემი ამბავი გამომკითხა და დიდად ნასიამოვნები დარჩა, როცა ვუთხარი, სტალინის ფენომენზე ვმუშაობ-მეთქი, მაგრამ შენიშვნა მაინც მომცა:

_კაცი გაბერილი გუდაა, არავინ იცის, როდის ჩაიჩუტება, _ გახსოვს, ალბათ, რომ გეუბნებოდი და გიმეორებდი. ჩემი ცხოვრების გარკვეული საიდუმლო დაგიტოვე, შენ კი სახელი და გვარი შემიცვალე, სხვისი სახელითა და გვარით მომიხსენიებ ხოლმე. გაბედული ბიჭი იყავი, სიბერემ ხომ არ შეგაშინა? როცა სხვა თემაზე წერ, ნაწერს ცეცხლი უკიდია, ხოლო, როცა ლავრენტი პავლოვიჩზე წერ, ნაწერს თითქოს კვამლი ასდის, ხრჩოლავს, სხივი არ აქვს. შენ ხომ საკუთარ აზრებს არ გადმოსცემ, ისინი ხომ მე გითხარი, მხოლოდ შენ გაგანდე ჩემი და ლავრენტი პავლოვიჩის ურთიერთობის ნიუანსები და, რადგან მე ცოცხალი აღარ ვარ და გუდასავით ჩავიჩუტე, ახლა შენ უნდა წერო ჩემ მაგივარად იმ გენიოს კაცზე.

_ ვასო ბიძია, საყვედური მეკუთვნის, მაგრამ მხოლოდ მე არ ვარ ამაში დამნაშავე. შენი საყვარელი ქალიშვილი ესმა ონიანი საქართველოში და არა მხოლოდ, დიდი მხატვრების კოჰორტაში შედის. კარგი შვილები გაგიზრდია, ვასო ბიძია. არ არსებობს ქალი, რომელსაც გარდაცვლილ დაზე იმდენი ამაგი გაეწიოს, რამდენიც ჟოზიკომ გასწია თავის ლამაზ ესმაზე. ესმამ ხომ ჩვენ თვალწინ შექმნა ის ნახატები და ლექსები, რომლებიც ჩვენ უბრალო გვეგონა. ვასო ბიძია, ესმას ყველა ლექსი და ფერწერული ტილო, თურმე, გენიალური ყოფილა. ესმას გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო პრემია მიანიჭეს და დღეს დედაქალაქში მისი სახელობის ქუჩა არსებობს. ახლა რაც შეეხება თქვენს მოხსენიებას ნიჟარაძედ. როდესაც თქვენზე წერას ვიწყებდი, თავი მოვალედ ჩავთვალე, ჟოზესგან მიმეღო თანხმობა. საღამო იყო, როცა ვეწვიე. ჟოზიკოს ჩემი წინადადება ისე გაუხარდა, მითხრა, ამაღამ სიხარულისგან არ დამეძინებაო. მე თემა უკვე დამუშავებული მქონდა, მაგრამ, რადგან ნებართვა არ მქონდა, წერისგან თავს ვიკავებდი. მეორე დღეს, დილაუთენია ჟოზიკომ დამირეკა და მადლობა გადამიხადა, შეკითხვის ღირსად რომ ჩამთვალეო, მაგრამ, თუ ბიძაშენს პატივს სცემ, თუ ესმას სული შენთვის ძვირფასია, მამაჩემის სახელი არ ახსენო შენს წიგნებში და, მით უმეტეს, ესმას სახელი. ჩემი და ხომ უცხოეთშია უფრო აღიარებული, ვიდრე აქ და, რომ გაიგებენ, წითელი კომისრის შვილი იყო, ვინღა ახსენებს მას გენიოსებშიო… გული ჩამწყდა.

ჟოზიკოს სიმართლე ჩემთვის, რა თქმა უნდა, უბრალო ახირებას ნიშნავდა, მაგრამ თქვენს სახელს და თქვენი შვილების პატივისცემას ჩემში ყველაზე მაღალი ადგილი უკავია-მეთქი, ვუთხარი ბიძაჩემს… დილამდე ვისაუბრეთ მე და ვასილ ონიანმა. ყველა სიტყვა და მოძრაობა სარკისებურად მაქვს აღქმული. სიმართლის თქმის უფლებაც მაქვს მოცემული, როგორც ბიძაჩემისგან, ისე “ნანატრი” “გამოხატვის თავისუფლებისგანაც”. და აი, მეც ვწერ იმას, რაც ჩემმა გამზრდელმა მიამბო, რაც დავიმახსოვრე და რაც საარქივო მასალებიდან მოვიძიე.

მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან,

ტანიც გახდეს გასაბერად,

ვინც არა ჰგავს კახაბერსა,

მე ვერ ვიტყვი კახაბერად”.

დავით გურამიშვილი

ლავრენტი ბერიას ბიოგრაფი წერს: რაც დრო გადიოდა, მით უფრო მწვავედ გრძნობდა ბერია, რომ სამუშაომ იგი საბოლოოდ ჩაითრია; სულ უფრო და უფრო მეტად აშორებდა იმისგან, რისკენაც ასე მიისწრაფვოდა მთელი ძალ-ღონით, მას შემდეგ, რაც რვა წლის ბიჭუნამ ფეხი შეადგა სასწავლებლის ზღურბლზე. 1923 წელს ბერია წერს: ჩემი პარტიული და საბჭოთა მუშაობის პერიოდში, განსაკუთრებით საგანგებო კომისიაში (ЧК), ძალიან ჩამოვრჩი არა მხოლოდ ზოგადი განვითარების თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ ვერ დავასრულე უმაღლესი განათლება სპეციალობით და მიუხედავად ამ სპეციალობის დიდი მოწოდებისა, დავხარჯე რა ბევრი დრო და ძალა, ვთხოვდი ცენტრალურ კომიტეტს, მოეცა ჩემთვის განათლების დასრულების საშუალება და მიღებული ცოდნა მომცემდა საშუალებას, მოვახმარო ჩემი სწავლა და გამოცდილება ამ დარგში საბჭოთა მშენებლობას, პარტიას კი _ გამომიყენოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის”. ორგანოებში მუშაობისას იგი მაინც ახერხებდა სწავლას, თუმცა სრულიად გაუგებარია, საიდან პოულობდა ამისთვის დროსა და ძალას. 1922 წელს, როცა საქართველოში გადაიყვანეს, ბერია მე-3 კურსის სტუდენტი იყო და იძულებული შეიქნა, შეეწყვიტა სწავლა. არავინ იცის, რამდენჯერ ითხოვა, გაეშვათ სწავლის გასაგრძელებლად, და 1930 წლის მაისში ამ თემამ კვლავ წამოიწია.

 ბერიას წერილი ორჯონიკიძისადმი: ძვირფასო სერგო, მე არაერთხელ დავსვი თქვენ წინაშე საკითხი ჩემს სწავლაზე. დრო მიდის. ჩემ გარშემო ყველა იზრდება, ვითარდება. ისინიც კი, ვინც ჯერ კიდევ გუშინ ჩამომრჩებოდნენ და ძალიან შორს იყვნენ ჩემგან, დღეს წინ არიან. ფაქტია, ჩამოვრჩი. ჩვენი ჩეკისტური საქმიანობის გამო გაზეთის წაკითხვის დროც არ გვრჩება, არათუ განათლებისძვირფასო სერგო! ვიცი, თქვენ იტყვით, რომ ახლა სწავლის საკითხის წამოწევის დრო არ არის, მაგრამ რა ვქნა?! ვგრძნობ, რომ მეტი აღარ შემიძლია…”

ერთ-ერთ ინტერვიუში ლავრენტი ბერიას შვილი, სერგო ბერია, ამბობს: “გაგიკვირდებათ, როცა ვიტყვი, რომ მამას ყოველთვის უნდოდა წასვლა საგანგებო კომისიიდან და ცენტრალური კომიტეტიდანაც კი. იგი ოცნებობდა სწავლის დასრულებაზე, ინჟინრობაზე და ამ დარგში მიეღწია წარმატებისთვის. მან ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და ბაქოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის სამი კურსი დაამთავრა… მამა იყო ძალიან ინტერესიანი ადამიანი _ იგი ცდილობდა, საფუძვლიანად ჩასწვდომოდა ყველაფერს, რასაც ხელს მოჰკიდებდა. მაგალითად, როცა საქართველოში დაიწყო კოლხეთის ჭაობების ამოშრობა და იქ სუბტროპიკული მცენარეების კულტივირება, მან სპეციალურად შეისწავლა ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო სუბტროპიკული მცენარეების განაშენიანებასთან; თვითგანათლებისკენ მისი დაუოკებელი სწრაფვის კიდევ ერთი ჩინებული მაგალითია, ის ცოდნა, რომელიც შეიძინა სარაკეტო მშენებლობაში, ატომურ და წყალბადის ბომბების წარმოების სფეროებში და აკადემიურ დონეზე კამათობდა იგი სახელოვან მეცნიერებთან, რომ გარკვეულიყო ამა თუ იმ საკითხის ტექნიკურ დეტალებში. მამამ თვითონ შეისწავლა ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები. ამ ენებზე მას შეეძლო წაეკითხა ნებისმიერი ლიტერატურა. მართალია, რუსულად ქართული აქცენტით ლაპარაკობდა, მაგრამ წერდა გრამატიკულად და უშეცდომოდ. დილიდან 2-3 საათის განმავლობაში ყოველთვის მუშაობდა _ კითხულობდა სხვადასხვა მასალას, არა საწერ, არამედ ჩვეულებრივ მაგიდასთან, მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი კაბინეტი ჰქონდა შინ მოწყობილი. როგორც წესი, ხელში ფანქარი ჰქონდა მომარჯვებული და ამონაწერებსა და შენიშვნებს აკეთებდა მუდამ. დღეში 300-400 გვერდს კითხულობდა _ დაწყებული უშიშროების მასალებით და დასრულებული საკავშირო სააგენტოების ინფორმაციების ჩათვლით. მკითხველი, ალბათ, იფიქრებს _ რა თქმა უნდა, შვილი მამის უნიკალურ და გამორჩეულ ნიჭზე წერს და ინტელექტუალური ადამიანის პორტრეტს გვიხატავსო. გიპასუხებთ: ჩვეულებრივი ადამიანი მხოლოდ რევოლვერით ხელში ვერ შეძლებდა ღატაკი საქართველოს გადაქცევას სსრკ-ის ერთ-ერთ მდიდარ რესპუბლიკად, სულ რაღაც, უმოკლეს დროში. ჩვეულებრივ ადამიანი, თუნდაც რევოლვერით ხელში, ვერ განახორციელებდა ატომურ პროექტს… და არ დაგავიწყდეთ, რომ ბერიას უმაღლესი განათლება დასრულებული არ ჰქონდა, რაზეც ესოდენ შესტკიოდა გული.

“ვფიქრობ, ჩემი წასვლა ამიერკავკასიიდან უკეთესი იქნება, _ წერდა ბერია ორჯონიკიძეს, _ მე 10 წლის განმავლობაში სახელმწიფოს პოლიტიკურ ორგანოებში (ГПУ) მუშაობით თვალში ვეჩხირები არამხოლოდ ანტისაბჭოთა და კონტრრევოლუციურ ელემენტებს, არამედ ზოგიერთ ჩვენს ამხანაგსაც კი. რამდენი ადამიანი მიესალმება ტაშით ჩემს წასვლას, რამდენს მოვაბეზრე თავი მუდმივი კონტროლითა და ნაკლოვანებების გამოაშკარავებით. მათ უნდოდათ, რომ ნაკლი დაფარული ყოფილიყო. აქ, ირგვლივ იმდენი დეფექტი და ლაფსუსია”.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყოველთვის იყო ახლობლური ურთიერთობა და რევოლუციის შემდეგაც ასე მოხდა. რას ვგულისხმობ? იმას, რომ ბატონები კი შეცვალეს პარტიულმა მუშაკებმა, მაგრამ ნათესავები ხომ კვლავ დარჩნენ ნათესავებად, ურთიერთობები _ ურთიერთობებად, რომლებიც რეგულირდებოდა მეგობრობით, ნათესაობით, ჯგუფური ინტერესებით, სხვადასხვა კავშირით და მხოლოდ ბოლოს(!) _ საქმით. ბევრ ეპიზოდში ლავრენტი ბერია სწორედ მაშინ ამბობდა სიმართლეს, როცა, გუნდური კანონის თანახმად, უნდა გაჩუმებულიყო. და, როგორც ვიცით, არ ჩუმდებოდა… ბერიას სიტყვებს მოვიშველიებ: იწყებენ ყველა ისტორიის ჩემთან დაკავშირებას, რაც კი ოდესმე მომხდარა საქართველოსა თუ ამიერკავკასიაში. წავიდა ამხანაგი ქართველიშვილი (საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი), მბრალდება მე. წავიდა ამხანაგი მამია (კავკასიის საოლქო კომიტეტის 1 მდივანი), უთითებენ ჩემზე. მოხსნეს ბაქოელი ამხანაგები _ ესეც მე ვარ. მრავალი ამხანაგის აზრით, მე ვარ ყველა იმ უბედურების თავიდათავი, რაც ბოლო ხანს დაატყდათ თავს. გამოდის, მე ვარ დამსმენი”. მაგრამ, იქნებ ამხანაგი ბერია ეშმაკობს და იქნებ მართლა დამსმენია? ის ხომ გამუდმებით ამბობდა სიმართლეს სწორედ მაშინ, როცა, გუნდური კანონის თანახმად, უნდა გაჩუმებულიყო?! ის ხომ ააშკარავებდა ნაკლოვანებებს რესპუბლიკაში?! მაგრამ იცით, როგორ იქცევიან ნამდვილი დამსმენები? ჩუმად, შეუმჩნევლად და “კეთილი ზრახვებით” და, როცა მის სახელს შეიტყობენ გარშემომყოფები, როგოც წესი, გაკვირვებას ვერ მალავენ _ “ვერასდროს ვიფიქრებდით”… აბა, ჰგავს ბერია ასეთ ადამიანს?! რა თქმა უნდა, არა!

საზოგადად, სახელმწიფო აპარატში, მით უმეტეს კავკასიაში, ყველაზე დიდ გაღიზიანებას სწორედ ისეთი ქმედებები იწვევს, როგორიც არის ნაკლოვანებების გამოაშკარავება, ახლობლისთვის “ხელის შეწყობაზე” უარის თქმა, ხელის არდაფარება. და, თუ გავიხსენებთ ქართველების ბუნებას, ნათელი შეიქნება, რატომ ითხოვდა ბერია, რომ, “თუ ვერანაირად ვერ ხერხდება მისი სასწავლებლად გაშვება, რაიმე სხვა სამუშაოზე მაინც გადაიყვანონ სსრკ-ის რომელიმე სხვა რაიონში”.

ლავრენტი ბერის ბლოკნოტი, რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი ჩაის და სხვა სუბტროპიკული მცენარეების მონაცემები (ექსპონატი გრიგოლ ონიანის მუზეუმიდან)

1930 წელს ვსევოლოდ მერკულოვმა (სახელმწიფო უშიშროების 1-ლი რანგის კომისარი, საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე 1921-1938 წწ.) ბერიას წერილი მისწერა: “აქ ვრცელდება ხმები თქვენი ტფილისიდან წასვლის შესახებ… თხოვნით მოგმართავთ: არ დამივიწყოთ. იმ შემთხვევაში, თუ მართლა გადაწყვიტთ ამიერკავკასიის დატოვებას, ძალიან გთხოვთ, წამიყვანოთ თქვენთან, იქ, სადაც იქნებით. ქალაქი და სამსახურეობრივი მდგომარეობა არ მაინტერესებს _ მზად ვარ, ვიმუშაო თქვენ გვერდით”.

წერილის შინაარსი უფრო მარტივად რომ გავიგოთ, ცოტა ხნით დავივიწყოთ ბერიას მომავალი დაწინაურებები და რჩება ერთი ფაქტი: მერკულოვს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რა დაწინაურებები ელოდებოდა ლავრენტი ბერიას მომავალში, ასე რომ, აქ არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ის ცდილობს, მიეტმასნოს პერსპექტიულ მუშაკს, რომელსაც წინ ელოდება დიდი კარიერა. ის, უბრალოდ, ხედავდა იმას, რაც ხდებოდა იმხანად ბერიას გარშემო _ ბერია უსიამოვნებებშია, მასზე კბილებს ილესავს გავლენიანი ადამიანების უმეტესობა და იწყება მისი დევნა (როგორც რუსები იტყვიან, травля). ასე რომ, გამორიცხულია, მერკულოვს სცოდნოდა, რომ მოსკოვში ბერიას საქმე სასიკეთოდ წავიდოდა.

1931 წელს ლავრენტი ბერია ერთდროულად ხდება საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი და ბოლშევიკების საკავშირო კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი, ხოლო ერთი წლის შემდეგ _ ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი. მოგეხსენებათ, სტალინი კარგად იმახსოვრებდა საქმიან და ნიჭიერ პოლიტიკურ ორგანიზატორებს, მაგრამ არც ისე კარგად იცნობდა ბერიას, თვითონ რომ მიეღო ასეთი გადაწყვეტილება _ სპეცსამსახურის უფროსი რესპუბლიკის ხელმძღვანელად დაენიშნა. პოლიტბიუროს წევრებიდან ბერიას იცნობდნენ მხოლოდ ორჯონიკიძე და კიროვი, თუმცა კიროვი 1926 წლიდან ლენინგრადში მსახურობდა და შორს იყო კავკასიის საქმეებისგან; ასე რომ, ბერიას კანდიდატურა სტალინს უეჭველად ორჯონიკიძემ წარუდგინა. მეორე მხრივ, ვითარება საქართველოში საგანგაშო იყო. ამბობენ, ბერიამ ინტრიგების მეშვეობით ჩააჩოჩა “ძველი ბოლშევიკები” და დამსახურებული რევოლუციონერებიო. შეიძლება ასეც იყო და “ჩააჩოჩა”, მაგრამ არა ინტრიგებით, არამედ საქმეებით და ის გარემოება, რომ ბერია იყო ერთგული სტალინელი, ესეც გასათვალისწინებელია და ეჭვს არც იწვევს. დიახ, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, საჭირო იყო ერთგული სტალინელის დაყენება რესპუბლიკის სათავეში, დაე, თუნდაც ჩეკისტის. საბოლოო ჯამში, არაფერი რომ არ გაეკეთებინა ბერიას საქართველოს ეკონომიკისთვის, საქართველოს რუსეთი როგორმე გამოკვებავდა, მაგრამ ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, პირველ რიგში, სტრატეგიულად… და ეს ყველაფერი გაკეთდა 1918 წელს.

2021 წლის 25 ივლისს ჩემს ძმას, გრიშა ონიანს 85 შეუსრულდა!

კიდევ თხუთმეტ ლექსს მოგიძღვნი

ვერ ისვენებს, ბორგავს ქარი,

გულზე მძიმე დარდი აწევს,

ჩამოსულა სვანეთიდან

და ურეკში ტალღას არწევს

ეხეთქება სადღაც კლდეებს

გეძებს მთაში, გეძებს ბარად,

შენი სულის ნაწილია.

სურს, რომ შენთან იყოს მარად.

აფრა ჩამოფხრიწა ყველას _

გემია თუ ბორანია,

თეთნულდიდან დაძრულია,

უშბას ნაამბორალია

წამო, ავყვეთ სვანეთისკენ,

თოფით დავერიოთ ვერძებს,

დაგვეკარგე, ვერ გპოულობთ,

მე და ქარი ერთად გეძებთ.

განმარტოვდი ყველასაგან,

შემდგარი ხარ თითქოს ბერად,

თუმც მუმლივით დაგსევია,

წლებმაც ვეღარ დაგაბერა.

ამ თაობამ შენგან იცის

ბორგვა ბნელის და უკუნის,

მაჯებზე გაქვს დახვული

მატიანე საუკუნის.

შეეყარა ეს თაობა

სენს მძიმეს და განუკურნებს

შენთან ერთად მოაბიჯებს

ორი დიდი საუკუნე.

ახლა შენს წინ ზღვა ლივლივებს

შავად, ვერცხლისფრად და ლურჯად,

შენ იმ კაცის გახდი ბურჯი,

მსოფლიოს რომ ედგა ბურჯად.

სათქმელს მარილს ვინ მოაყრის,

ვინ შეკაზმავს გრიშასავით,

ფოლადი გაქვს გარეული

მაგ ურეკის ქვიშასავით.

ბრძოლა იმას ჰქვია, ძმაო,

შენ რომ შრომობ, შენ რომ იბრძვი,

ვიდრე ასის მოიყრები,

კიდევ თხუთმეტ ლექსს მოგიძღვნი

ვალერი კვარაცხელია

2021 წლის 25 ივლისი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here