Home რუბრიკები პოლიტიკა არც ევროპარლამენტარების, არც ამერიკის და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ელჩის საქმე არ...

არც ევროპარლამენტარების, არც ამერიკის და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ელჩის საქმე არ არის, რა ცვლილებები შევა ქართულ კანონმდებლობაში

238
არც ევროპარლამენტარების, არც ამერიკის და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ელჩის საქმე არ არის, რა ცვლილებები შევა ქართულ კანონმდებლობაში

ცვლილება #1 _ “წვრილმანი ხულიგნობა (საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვაგინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს) გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დან 15 დღემდე ვადით. ამასთანავე, ამ ტიპის სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით”. ცვლილება #2 _ “სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. დარღვევის განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 3500-დან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დან 15 დღემდე ვადით. ამ ტიპის დარღვევაზეც პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით”.

ეს ორი ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი რეალურად ყველაზე მსუბუქ დანაშაულზეა და სისხლისა თუ სამოქალაქო სამართლისგან განსხვავდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ორი მუხლის ცვლილება, წესითა და რიგით, საგანგაშო არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი, გამოვიდა და ქოში უკუღმა ყარა, მერე ევროპარლამენტში, ვისაც არ დაეზარა, ყველამ გააკრიტიკა, _ აქაოდა, ეს ცვლილებები ოპოზიციის წინააღმდეგ არის მიმართულიო.

დავიწყოთ იმით, რომ არც ევროპარლამენტარებს, არც ამერიკის და, საზოგადოდ, არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ელჩს არავინ ჰკითხავს, რა ცვლილებები შევა ქართულ კანონმდებლობაში. მაგალითისთვის გეტყვით: იმავე ამერიკაში, კონკრეტულად კი ჯორჯიის შტატში (ჯორჯიის შტატი შემთხვევით არ შეგვირჩევია) “თითების ლოკვის” რიტუალი არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულოა. 1961 წელს გამოცემული სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, არალეგალურია შემწვარი ქათმის ჩანგლით, დანით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით ჭამა, გარდა თითებისა. 2009 წელს ერთ-ერთი ტურისტი ამის გამო ცოტა ხნით დააკავეს კიდეც. როგორ ჰგონია ქალბატონ კელის, ეს (და არა მხოლოდ ეს, ამერიკა სავსეა უცნაური კანონებით) წესი ყველას ძალიან მოსწონს ან ის ტურისტი იქნებოდა კმაყოფილი დაკავებით? და რომ გამოვიდეს ახლა ნებისმიერი ქართველი პარლამენტარი და ამერიკას მოუწოდოს, _ სირცხვილია, ეს კანონი როგორ გაქვთ, შეცვალეთო, ხომ ხვდებით, რა მოხდება? ის პარლამენტარი პოლიტიკურ კარიერას კი დაასრულებს, მაგრამ კონგრესმენები წერილს წერილზე გამოაგზავნიან, _ როგორ გაბედეთ და ჩვენს შიდა საქმეებში ჩაერიეთო. მართლებიც იქნებიან, ვისაც რა უნდა, ის ლოკოს, მაგრამ თვითონ რომ ერევიან ჩვენს საქმეებში და ამ ყველაფერს, როგორც ჩვეულბრივ მოვლენას, ისე აღიქვამენ, ატყობთ? თუ უკვე ქართველი პოლიტიკოსებიც მიეჩვივნენ იმას, რომ ნებისმიერი რამ უნდა შეათანხმონ დასავლეთთან და ნებისმიერ ცვლილებაზე მათი ნებართვა უნდა მიიღონ?! ამერიკის ელჩმა ისიც კი გაბედა, რომ პრეზიდენტს მოუწოდა, კანონს ვეტო დაადეო. საბედნიეროდ, ქალბატონმა სალომემ არ დაუჯერა. საბედნიეროდ იმიტომ, რომ უკვე პრინციპის საკითხია დამოუკიდებლად რამე გადაწყვეტილების მიღება. ჯერ ის ვერ მოგვინელებია, დასავლეთის ზეწოლით, 43%-იანი ბარიერი რომ დაწესდა მმართველი გუნდისთვის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ალბათობა რომ გაჩნდა. ეს ამომრჩევლის ნების უპატივცემულობაა. თუ ასე არ არის, მაშინ საარჩევნო კოდექსში ოფიციალურად ჩავწეროთ: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამარჯვებული პარტია მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იან ბარიერს თუ ვერ გადალახავს, ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. არ გამოუვიდა დასავლეთს ხელისუფლების შეცვლა, ამას ვერ ინელებენ და იმასაც მიხვდნენ, მოსახლეობის მხარდაჭერა რომ არ აქვს ე.წ. ოპოზიციას, ამიტომ ეს მზაკვრული (დიახ, მზაკვრული) გეგმა მოიფიქრეს. ეჭვი გვაქვს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 43%-ზე გაცილებით მეტი ხმა რომ მიიღოს, დასავლეთი არ აღიარებს და გაყალბებაში დასდებს ბრალს. “საქართველოს მეგობრების” თვითმიზანი ხელისუფლების შეცვლაა და საამისოდ ყველაფერზე მიდიან.

ისევ ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილ ცვლილებებს დავუბრუნდეთ. კანონი გამკაცრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და ეს ლოგიკურიცაა. ოპოზიცია საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა: არღვევდა რეგულაციებს, კომენდანტის საათს და ამის გამო არავინ ისჯებოდა. ადამიანებს შინ ჯდომა რომ ბეზრდებოდათ, ქუჩაში გადიოდნენ, სამართალდამცველებს ეუხეშებოდნენ და ყველაფერს სწორედ ოპოზიციის სახელით “აპრავებდნენ”. ჰოდა, ეს ცვლილებები ერთგვარი მუხრუჭი იქნება მათთვის, რადგან მომატებული ჯარიმების ფონზე ცოტა დაფიქრდებიან, ცოტა მოერიდებიან და უფრო მეტი წესრიგი იქნება.

მაგრამ დასავლეთს ყველაზე ნაკლებად ახლა წესრიგი აინტერესებს საქართველოში. “ჩვენი მეგობრებიმაქსიმალურად შეუწყობენ ხელს არჩევნებამდე ვითარების რადიკალურად დაძაბვას, რადგან, სადაც ვიწრო იქნება, იქ გაწყდეს და ეგებ როგორმე ის ოპოზიცია მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელიც მათი მითითებების უსიტყვო შემსრულებელი იყო.

ერთი შეხედვით, დღევანდელი ხელისუფლებაც უსიტყვოდ ასრულებს დასავლეთის მითითებებს, გარდა ერთისა _ ამჟამინდელი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტს აარიდოს თავი. ღამდენიმეჯერ სცადა ოპოზიციამ, ხელისუფლება აეძულებინა, ომი დაეწყო, იყო პროვოკაციაც, გნებავთ, საზღვართან შარვალჩახდილი აქტივისტებისა და გნებავთ, პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის გინებისა. უფრო ზუსტად, მკვდრების გინებისა, რასაც ლოგიკურად ძალიან ცუდი გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, კონკრეტული ჟურნალისტის გამოხდომას ოფიციალურ დონეზე არავინ აჰყვა…

იმავე დასავლეთის გადაწყვეტილებით, ციხე დატოვა ჟორიკა რურუამ, ნიკა მელიას კი გირაო ევროკავშირმა გადაუხადა. ჯერ რურუაზე ვთქვათ. პოლიტპატიმრის სტატუსი ოპოზიციამ და კონკრეტულმა ტელევიზიამ რურუას ისე მიაწებეს, ვერავინ ააგლიჯა. არადა, ამერიკიდან თამარ თორაძე გაჰყვირის, _ მაგ კაცმა ოჯახის წევრები დამიხოცაო, მაგრამ ამერიკაში ნათქვამი ამერიკელებს არ ესმით და ევროპაში რას გაიგონებდნენ?! სოციალურ ქსელში ის ვიდეოც იძებნება, კონკრეტული ქალბატონი რომ საუბრობს: რურუა ციხიდან რომ გამოვიდეს, სიკვდილის მეშინიაო. რურუას “საგმირო საქმეებზე” ლამის ნახევარი თბილისი საუბრობს; ხელს ადებენ, მკვლელიაო, მაგრამ დასავლეთს ეს არ ესმის და ესმის მხოლოდ ის, რომ რურუა თურმე პოლიტპატიმარია. რით ჯობია ჟორიკა ბინის ქურდს, რომელიც სასჯელს იხდის? თუ ის გამოვიდა, მაშინ უფრო მსუბუქ დანაშაულზე ბრალდებულებიც უნდა გამოუშვან და დაიცალოს ციხეების ნახევარზე მეტი, მაგრამ არა _ ჟორიკას უკან დასავლეთი დგას!

ნიკა მელიამ, რომელმაც პირდაპირ ეთერში იხულიგნა, იმდენი ქნა, გირაო ევროკავშირმა გადაუხადა. მისი ხულიგნობა პირდაპირ ეთერში ვნახეთ და ამის მიუხედავად, ის, პრაქტიკულად, გამართლდა. არადა, ვიცი ადამიანები, რომლებმაც ქუჩაში ღირსების დასაცავად იჩხუბეს და ციხეში 3-4 წლით ჩასვეს.

“არ იქნება სამართალი _ არ იქნება მშვიდობა!” _ ეს დასავლეთში ძალიან კარგად იციან და სწორედ ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ უსამართლობის განცდა ჰქონდეს. ესეც ერთგვარი ტაქტიკაა _ თუ ოპოზიციას არ ჰყავს საჭირო რაოდენობის მხარდამჭერი, მაშინ ხელისუფლებას უნდა გამოაცალო მხარდამჭერები და ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომლებიც სწორედ მათ მხარდამჭერებს არ მოეწონებათ. გვეეჭვება, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას რურუასა და მელიას თავისუფლება სამართლიან გადაწყვეტილებად მიაჩნდეს და ეს სწორედ ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს.

წინ გველოდება არჩევნები, რომელზეც დასავლეთმა პროცენტი წინასწარ დადო _ არ იქნება 43%-ს პლუს ერთი ხმა და იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ეს კი ხელისუფლების ავტომატურად გადაბარებას ნიშნავს. კიდევ გავიმეორებთ: სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ დასავლეთი “ქართული ოცნებისთვის” დადებითი შედეგის შემთხვევაში არჩევნებს არ აღიარებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალი წლის გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ხელისუფლების სათავეში მოვიდეს ხალხი, რომელიც ხელის ერთ აქნევაზე იარაღს აისხამს და გაისვრის კიდეც. ჩვენ კი…

თუ ასე გაგრძელდება, კვებისა და მონელების რეჟიმსაც ჩაურთავენ ქართველ პოლიტიკოსებს და, თუ რომელიმეს ადრე მოუნდება ტუალეტში გასვლა, მოთმენა მოუწევს, დასავლეთის ნებას რომ დაჰყვეს. შესაძლოა, ეს სასაცილოდ ჩანს, მაგრამ ამასთან ძალიან ახლოს ვართ და, რაც მთავარია, ძალაუფლების სანაცვლოდ, მოვლენების ასეთ განვითარებას არა ერთი და ორი პოლიტიკოსი დათანხმდება.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here