Home რუბრიკები პოლიტიკა ამჯერად კოაბიტაცია არ მოხდება, ნაციონალები დაუნდობლად გაუსწორდებიან “ოცნებას” და, პირველ რიგში, ივანიშვილს

ამჯერად კოაბიტაცია არ მოხდება, ნაციონალები დაუნდობლად გაუსწორდებიან “ოცნებას” და, პირველ რიგში, ივანიშვილს

4522
ბიძინა ივანიშვილი

საპრეზიდენტო არჩევნები არც ისე დიდი ხნის წინათ ჩატარდა და, ალბათ, გახსოვთ, პირველი ტურის შემდეგ როგორი პანიკა დაიწყო მმართველ გუნდში. ბიძინა ივანიშვილი იძულებული შეიქნა, წაშლილი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) სახით დამდგარიყო კამერების წინ და მხარდაჭერა ეთხოვა. მიმართვაში ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ მიხვდა თავის შეცდომებს: ეს რა დამემართა და როგორ დამემართა, ყველაფერს გამოვასწორებ, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებო. ამომრჩეველმაც სწორედ ივანიშვილს დაუჯერა, თორემ რეალურად, სალომე ზურაბიშვილი 5%-იან ბარიერსაც რომ ვერ გადასცდებოდა, ყველაზე კარგად სწორედ მან უნდა იცოდეს. დაუჯერა და სათვალავიც აგვერია, მერამდენედ მოგვატყუეს.

დავიწყოთ იმით, რომ მოსვლის დღიდან ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი ნაწილი უმაქნისი ტიპებით არის დაკავებული. ისინი, უბრალოდ, კაიტიპობენ და მეტს არაფერს არ აკეთებენ. მარტივ კითხვას დავსვამთ _ სად არის დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც თურმე, საერთოდ, არაფერი გააკეთა (ივანიშვილის შეფასებაა)? ეს არაფრისმკეთებელი ჯერ ეკონომიკის მინისტრი იყო, მერე _ ფინანსთა მინისტრი, მერე ისევ ეკონომიკაში დააბრუნეს, პირველ ჯერზე არაფერი გამოუვიდა და ეგებ მეორეზე ქნას რამეო. წავიდა ეს კაცი შინ, ზის მშვიდად და ითვლის იმ ბღუჯა ლარებს, რომლებიც წაიღო.

ზურაბ ალავიძე სად არის, ბატონო ბიძინა? ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც რომ გადააბარეთ, კარგად ჩაატარებსო… მერე გაირკვა, რომ თურმე ისიც არაფრის მაქნისი ყოფილა. უფრო ზუსტად, კი არ გაირკვა, ივანიშვილმა თვითონ გაარკვია, თორემ რამდენჯერაც დავწერეთ, რომ უსაქმურები გყავს-თქო, იმდენჯერ ერთი ყურიდან მეორეში გაატარა. პარალელურად, “ნაციონალურ მოძრაობას” შეუქმნა სასათბურე პირობები და მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ნაციონალები არიან მისთვის მაშველი რგოლი. რომ არანაციონალური მოძრაობა”, აქამდექართული ოცნებისხსენებაც აღარ იქნებოდა. არ იქნებოდა, იმიტომ, რომ ნაციონალებში იდეისა და თავისი ბინძური საქმეების გარშემო მაინც არიან გაერთიანებული, მეგობრობენ კიდეც, “ოცნებისლიდერებს შორის კი არც მეგობრობაა, არც იდეის გარშემო გაერთიანება და ყველა პირდაღებული იმას უყურებს, რას და როდის გადმოაგდებს ივანიშვილი. და ეს ადამიანები იმისთვის ჰყავს მხოლოდ, რომ პერიოდულად ხელი შეაწმინდოს, თანამდებობიდან გაუშვას დადაივიწყოს. არაფრისმომცემი სახელები და სახეები, არსაიდან მოსული ხალხი ისევ არაფრისმომცემად რჩება და ყველას ავიწყდება. სამაგიეროდ, ივანიშვილი მარტივად “აპრავებს” თავის ცრუდაპირებებს და ხელს სწორედ მათკენ იშვერს: მე კი არა, მათ არ შეასრულეს და ამიტომ მოვხსენიო.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ყველაფერი ხელს აძლევთ; იმიტომ, რომ მიწაში ჩადებული რეჟიმი ივანიშვილმა ამოიღო, გარეცხა, გაასუფთავა და ისევ იქ დასვა, საიდანაც ხალხმა გაუშვა. ნაცებმაც მშვენივრად მოირგეს მთავარი ოპოზიციური ძალის სახელი და მშვიდად ელოდებიან მომენტს, როცა ხელისუფლებაში დაბრუნებას მოახერხებენ. აი, მაშინ მართლა რევანში იქნება და არანაირი კოაბიტაცია არ მოხდება, ნაციონალები დაუნდობლად გაუსწორდებიან “ოცნებას” და, უწინარესად, ივანიშვილს.

ნაციონალების რეინკარნაციის გარდა, სწორედ ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ თითქმის ყველა მედიასაშუალება (1-2 გამონაკლისის გარდა) რუსეთის გინების პოლიგონად აქცია. ეს იმ დროს, როცა ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთ-ერთ მთავარ დაპირებად რუსული ბაზრის გახსნა ჰქონდა დაანონსებული. ის არ მალავდა საკუთარ კავშირებს რუსეთთან და ამბობდა, რომ შეუძლია სწორედ ამ კავშირების წყალობით მოახერხოს და მსოფლიოში უდიდესი რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის კვლავ ღია იყოს. ივანიშვილი არც ახლაა წინააღმდეგი, რომ რუსულ ბაზარზე შეგვიშვან და ზუსტად იცის, რომ ეს შეშვება საქართველოს ეკონომიკის მაშველი რგოლი იქნება, ამოგვასუნთქებს, მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა უცნაურად უნდა _ რუსეთის გინების ფონზე, კრიტიკის ფონზე, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ძაგებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მხარდაჭერის ფონზე, ანუ გვინდა ყველა სიკეთე და სანაცვლოდ მაგრად უნდა ვაგინოთ. ვერ გეტყვით, ასეთ მიდგომას რა ჰქვია: პოლიტიკური სიბეცე თუ სიბრიყვე, მაგრამ ფაქტია, რომ მას, რუსეთი კი არა, მსოფლიოს ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანაც არ ჭამს.

ისე, ძალიან გვაინტერესებს, როგორ ესმის სიტყვა პასუხისმგებლობა ივანიშვილს. როგორც კი გაუჭირდება, მაშინვე დაგვენახვება ხოლმე და ამბობს: “პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებო”. ერთხელ მაინც გაგვახსენეთ ეს აღებული პასუხისმგებლობა. თუ იმას გულისხმობს, რომ ვიღაცეებს (სწორედ რომ ვიღაცეებს) თანამდებობიდან ათავისუფლებს, ეს პასუხისმგებლობის აღება არ არის. ის, რომ 8 ივლისიდან რუსეთის მიმრთულებით ავიაგადაზიდვები შეწყდება, სწორედ ივანიშვილის დამსახურებაა და სასაცილოც აღარ არის იმის თქმა, რომ თურმე რუს ტურისტებს მოსკოვიერევანითბილისის ავიარეისით ჩამოიყვანენ. როგორ გგონიათ, ერთ დღეში რომ დაიცალა რუსი ტურისტებისგან საქართველო, ისინი აღარ დაუჯერებენ ვლადიმერ პუტინს და მაინც ჩამოვლენ საქართველოში? თუ იმის სანახავად ჩამოვლენ, მაღაზიებმა რომ დაიწყეს სარეკლამო განათებებზერუსეთი ოკუპანტია”- ანთება? როგორ გგონიათ, რუს ტურისტებს არ უყვართ თავიანთი ქვეყანა და მის შეურაცხყოფას მშვიდად აიტანენ? გულუბრყვილობად ჩავთვლიდით ამ ყველაფერს, მაგრამ პოლიტიკური სიბეცე, იმავე ივანიშვილის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ვირეშმაკობას ჰგავს.

ისე, გასული კვარტლის მონაცემებით, ივანიშვილის ქონებამ 270 მილიონი დოლარით მოიმატა, ანუ თვეში დაახლოებით 90 მილიონით, რაც დღეში 3 მილიონს ნიშნავს. გამოდის, რომ, როცა ხალხი ყოველდღიურად ღარიბდება, ივანიშვილის ქონება 3 მილიონით მატულობს? ვის და რის ხარჯზე? იმის ხარჯზე ხომ არა, რომ სრულიად საქართველო მის ბიზნესად იქცა და მთელი პოლიტიკური სპექტრი მისი წისქვილის დოლაბს აბრუნებს? ხომ არ აქვს ივანიშვილს პოლიტიკური ტყუილების ტაქტიკა ხელოვნების რანგში აყვანილი?!

რეალურად, ივანიშვილმა რუსეთიდან საქართველოში გადმოსახლების შემდეგ აქტივები დასავლურ ბანკებში წაიღო, დასავლური გიგანტების აქციები შეიძინა და ახლა სწორედ ამ აქტივების ტყვეა. ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ დასავლეთის საამებელს თუ არ გააკეთებს, მის აქტივებს გაანულებენ და მას ზუსტად ისეთივე ფასი და გავლენა ექნება საქართველოში, როგორიც დღეს ქუმსიშვილსა და ალავიძეს აქვთ. ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ფულზე დგას და ზუსტად იცის, რომ ფულის გარეშე არაფერს წარმოადგენს. შესაბამიად, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს გავლენა და ფული გაზარდოს, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს არასდროს საკუთარი ბიუჯეტი და მერე რა, თუ ერთი კაცის ამბიციებს ერი და ქვეყანა ეწირება.

მისი შემხედვარე პოლიტიკოსები ხვდებიან, რომ დროზე უნდა მოასწრონ ფულის შოვნა, რადგან არ იციან, როდის აღარ დასჭირდება ისინი ივანიშვილს, როდის მოისვრის სანაგვეზე; იმ სანაგვეზე, რომლიდანაც ამოიყვანა და ხელისუფლებაში დადო. ამიტომ, ისინიც ყვლეფენ ხალხს და მერე მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას. ასე, ხალხის ხარჯზე, ოპოზიცია და ხელისუფლება შეხმატკბილებულად მოქმედებენ და სულ არ აინტერესებთ, რა დაემართება ხალხს ხვალ _ გაიხსნება თუ არა რუსული ბაზარი, ჩამოვლენ თუ არა საქართველოში რუსი ტურისტები, ექნება თუ არა მოსახლეობას შემოსავალი? მთავარია, რომ საძოვარზე მიშვებულმა ნახირმა მშვიდად ძოვოს და ისინი კიდევ მუდმივად სათავეში, მწყემსის როლში მოგვევლინონ. მერე გაცვლიან როლებს, ოპოზიცია პოზიცია გახდება და პირიქით _ ისევ დაიწყებენ თამაშს, დადგამენ სანახაობას და არ აინტერესებთ, რომ სანახაობის შემხედვარეთ პური აღარ აქვთ.

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდემდე გაგრძელდება ასე და როდემდე ვიქნებით იმის იმედად, რომ სასწაული მოხდება და გვეშველება. სასწაული ჩვენ უნდა მოვახდინოთ და ამ მატყუარებს ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ “არა”. ამის გაკეთება იმაზე ძნელი იქნება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად აშკარად ღირს. მანამდე კი ისევ მოვისმენთ ტელევიზიით პასუხისმგებლობის აღების ზღაპრებს, ისევ წავლენ და მოვლენ უსახური სახეები თანამდებობებზე, შეცვლით კი არაფერი შეიცვლება, რადგან დასავლეთში დაბანდებული კაპიტალი ხელშეუხებელი უნდა იყოს.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. ეს რაც ხდება საქართველოში არის პოლიტიკური სიბეცე!ხალხი გაწირეს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here