Home ახალი ამბები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის, სკანდალური დეტალები – რა ვერსიაზე საუბრობს მაია ნიკოლეიშვილი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის, სკანდალური დეტალები – რა ვერსიაზე საუბრობს მაია ნიკოლეიშვილი

გაზეთი “ვერსია” ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გარშემო  ჟურნალისტურ გამოძიებას აგრძელებს და მორიგ სტატიაში სკანდალურ ფაქტებს ახმაურებს.

“ვერსიის” კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, იმ ეზოსთან, სადაც მოზარდების ჩხუბს ორი არასრულწლოვანის მკვლელობა მოჰყვა, იდგა წითელი „ჯიპი“, საიდანაც ვიღაც პიროვნება მათ თვალს ადევნებდა.

ერთი ვერსიით, ეს პიროვნება იყო ერთ-ერთი მოზარდის მშობელი, სავარაუდოდ, სუბელიანი ან კალანდია, მეორე ვერსიით – ვიღაც უცნობი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პროკურორს ეს კითხვაც დაუსვეს, ვერც უარყოფითი და ვერც დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ – არადა, საინტერესოა, ჰყავს თუ არა გამოძიებას აღნიშნული პიროვნება იდენტიფიცირებული? _ როგორც წყარო იუწყება, მეზობლებს არც მანქანა ეცნობათ და არც მისი პატრონი. თუმცა, შემთხვევის ადგილთან არაერთი ვიდეოკამერაა და წესით, მისი მფლობელის დადგენა არ უნდა გაჭირდეს.

შესაძლებელია, გამოძიებას დადგენილიც ჰქონდეს მისი ვინაობა – თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გამოძიებას დაკავებული ჰყავს ერთ-ერთი მოზარდის მამა დანაშაულის დაფარვის მუხლით, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს პიროვნება იჯდა „ჯიპში“ და, შესაბამისად, მომხდარი მკვლელობის შემდეგ, სწორედ მან „მოახერხა“ შემთხვევის ადგილიდან მტკიცებულებების გადამალვა და ბრალდებულების „გაპარება“… მითუმეტეს, ეს საკითხი ლოგიკურ ბმაშია როგორც დაზარალებულთა, ასევე ბრალდებულთა ადვოკატების პოზიციასთან, რომლებიც არ იზიარებენ პროკურატურის ვერსიას და სვამენ კითხვას – ხომ არ მოხდა საქმის შეგნებული ფაბრიკაცია და სხვა შესაძლო დამნაშავეთა საქმიდან გაქრობა? შესაბამისად, ლოგიკურად ჩნდება კითხვა – ვის შეეძლო ამის ბერკეტები ჰქონოდა? კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზისა და ამჟამად მოწმის სტატუსის მქონე ა.ს.-ს მამა მირზა სუბელიანი სწორედ იმ დროისთვის პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო, ასევე, ლოგიკურად ჩნდება ვარაუდიც… მით უმეტეს, რომ მირზა სუბელიანმა თანამდებობა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც მოწმეთა და ბრალდებულთა უმეტესობა დაკითხული იყო და გამოძიება იმ არასწორ გზაზე იდგა, რაზეც დღეს მხარეები აპელირებენ.

„ვერსია“ ექსპერტ-კრიმინალისტს, მაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ბ-ს მხრიდან ჩაერთო და საქმის დეტალებსაც გაეცნო.

ექსპერტი ინტერვიუში მტკიცებულებათა შესაძლო გაყალბების შესახებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

,,საინტერესო ისაა, რომ იმავე საღამოს ჩხუბში ძალიან ბევრ მონაწილეს უკვე ადვოკატი ჰყავდა და მათი თანდასწრებითაა მოზარდების ტანსაცმელი ამოღებული. ეს ძალიან საინტერესო დეტალია იმ ფონზე, რომ საუბარი უფრო მეტ დაჭრილზეა. ეს კი სწორედ იმ ტანსაცმლით უნდა დადგინდეს, გამოძიებამ რომ ამოიღო.

მნიშვნელოვანია, წარდგენილი ტანსაცმელი ნამდვილად ისაა, რომელიც შემთხვევის დღეს, იმ ინციდენტის დროს ეცვათ ახლაგაზრდებს თუ არა? შეიძლება დაზიანება იყოს ტანსაცმელზე და არ იყოს სხეულზე, ეს ხომ დანების შესახებ ილაპარაკებდა? _ ეჭვი მაქვს, რომ ზოგიერთი ტანსაცმელი არაა სეზონის შესაბამისი. იმ სეზონზე მოზარდი იმ ტანსაცმელს ვერ ატარებდა.

ტანსაცმელი, რომელიც მშობლებმა მიიტანეს, ოჯახებიდან ამოიღეს, ზაფხულისაა და არა დეკემბრისთვის შესაბამისი. წარმოიდგინეთ, ამის უკან რამხელა რამ დგას! ვიმეორებ, მათ უკვე ადვოკატები ჰყავდათ მაშინ, როცა ბრალდებულს ლამის სახაზინო ადვოკატი ჰყავდა პირველ დღეს, ამიტომაც მიჩნდება ეჭვი, ხომ არ არის ბევრი რაღაც გადამალული? ხაზს ვუსვამ, რომ თითქმის ყველა მოზარდს ჰყავდა ადვოკატი და ტანსაცმელი გამოძიებას წარუდგინეს ოჯახის წევრებმა.

თუმცა არაერთი ვიდეოთვალია ირგვლივ და ჩანაწერებიც ამოღებულია, ამიტომაც მნიშვნელოვანია გაირკვეს, იყო კი იმის დრო, გადამოწმებულიყო ჩაბარებული ტანსაცმელი ნამდვილად ეცვა თუ არა მოზარდს ინციდენტის დროს“, – აცხადებს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.  

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს ორი არასრულწლოვანი მოკლეს. საქმეზე ორი მოზარდია დაკავებული, რომლებსაც ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.

1 COMMENT

  1. ვინც ამ დანაშავეების დანაშაულს დაფარავს, ან ხელს შეუწყობს,მათი შვილებიც გაუყვებიან ამ ბავშვების გზას,ღმერთი დიდია და სამართლიანი! გეშინოდეთ!!!!! არავის არ შერჩება აუცილებლად დაისჯება ღვთისგან!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here