Home ახალი ამბები მსოფლიო ვლადიმერ პუტინის სტატია „ჟენმინ ჟიბაოში“: „რუსეთი და ჩინეთი – პარტნიორობა, რომელიც მიისწრაფვის...

ვლადიმერ პუტინის სტატია „ჟენმინ ჟიბაოში“: „რუსეთი და ჩინეთი – პარტნიორობა, რომელიც მიისწრაფვის მომავლისკენ”

176

გამოცემა rg.ru-მ გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა, რომელიც ჩინურ გაზეთ „ჟენმინ ჟიბაოში“ დაიბეჭდა რუსეთში ჩინეთის ლიდერ  სი ძინპინის  ვიზიტის წინ:

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მივმართო მეგობარ ჩინელ ხალხს მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი და ყველაზე ავტორიტეტული  გამოცემის ფურცლებიდან  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის, რუსეთში სახელმწიფო ვიზიტის წინა დღეს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთსა და ჩინეთს შორის პარტნიორობის განსაკუთრებულ ხასიათს, რომელიც ყოველთვის აგებული იყო ურთიერთნდობაზე, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ინტერესების პატივისცემაზე.

ჩვენ დიდ იმედს ვამყარებთ მომავალ მოლაპარაკებებზე.  ეჭვი არ გვეპარება, რომ ის   ახალ, ძლიერ იმპულსს მისცემს ორმხრივი თანამშრომლობის მთელ კომპლექსს. ჩემთვის ეს ასევე მშვენიერი შესაძლებლობაა, ვნახო  ძველი  კეთილი მეგობარი, რომელთანაც ყველაზე თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ამხანაგ სი ძინპინი გავიცანი 2010 წლის მარტში, როდესაც ის მოსკოვში ჩამოვიდა ჩინეთის წარმომადგენლობითი დელეგაციის სათავეში. ჩვენი პირველი შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, ამასთანავე, გულწრფელი და კეთილგანწყობილი. ურთიერთობის ეს სტილი  ძალიან მომწონს. ვიცი, რომ ჩინეთში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ  მეგობრობასა და ადამიანურ ურთიერთობებს.  ბრძენ კონფუცის შემთხვევით არ უთქვამს: “განა სასიხარულო არ არის, როცა მეგობარი  შორიდან მოდის”. რუსეთშიც ძალიან ვაფასებთ ამ თვისებებს. ჩვენთვის ნამდვილი მეგობარი ძმასავითაა. ამაში ჩვენი ხალხები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.  სამი წლის შემდეგ,  მარტის  დაახლოებით იმავე დღეებში, კვლავ შევხვდით რუსეთის დედაქალაქში. სი ძინპინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში პირველი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა. ამ შეხვედრამ მრავალი წლის განმავლობაში მისცა ტონი და დინამიკა  რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებს, იქცა  რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათის ნათელ მტკიცებულებად  და განსაზღვრა ამ ურთიერთობების  დაჩქარებული და მდგრადი განვითარების ვექტორი. გავიდა ათწლეული, რომელიც კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით დაკავშირებული ჩვენი ქვეყნების ისტორიის საზომით მხოლოდ წამია. ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა და ხშირად არა უკეთესობისკენ, მაგრამ მთავარი უცვლელი დარჩა – ძლიერი მეგობრობა რუსეთსა და ჩინეთს შორის,  რომელიც თანამიმდევრულად მტკიცდება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ და ინტერესების შესაბამისად. ორმხრივი კავშირით მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია. რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობამ მიაღწია უმაღლეს დონეს ამ ქვეყნების ისტორიაში და განაგრძობს განმტკიცებას. ის ხარისხით აღემატება ცივი ომის სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებს, ამ ურთიერთობაში არ არსებობს წამყვანი და მიმყოლი, არანაირი შეზღუდვა და აკრძალული თემა.  

ჩვენი პოლიტიკური დიალოგი გახდა უკიდურესად სანდო, სტრატეგიული ურთიერთქმედება –   ყოვლისმომცველი და გადადის ახალ ეპოქაში. მე და თავმჯდომარე  სი ძინპინი დაახლოებით 40-ჯერ შევხვდით ერთმანეთს და ყოველთვის ვპოულობდით დროსა და შესაძლებლობას ურთიერთობისთვის, როგორც სხვადასხვა ოფიციალურ ფორმატში, ისე „უჰალსტუხო“ გარემოში.

ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობაა. 2022 წლის ბოლოსთვის ისედაც სოლიდური  ორმხრივი ვაჭრობა გაორმაგდა და 185 მლრდ დოლარს მიაღწია. ეს ახალი რეკორდია.  ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ვაჭრობის მოცულობა 200 მლრდ დოლარის თამასას, რომელიც ჩვენ თავმჯდომარე სი ძინპინთან ერთად დავაწესეთ, გადააჭარბებს არა 2024 წელს, არამედ  მიმდინარე წელს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნული ვალუტებით ანგარიშსწორების წილი იზრდება და ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო სუვერენული ხდება.  

წარმატებით მიმდინარეობს გრძელვადიანი ერთობლივი გეგმებისა და პროგრამების რეალიზაცია. მაგალითად, რუსეთ-ჩინეთის მაგისტრალური გაზსადენი „ციმბირის ძალა“ თავისი მასშტაბებით, გადაჭარბების გარეშე, „საუკუნის გარიგებად“ იქცა. საგრძნობლად გაიზარდა სამამულო ნავთობისა და ქვანახშირის მიწოდების მოცულობა. ჩვენი სპეციალისტების მონაწილეობით ჩინეთში შენდება ახალი ატომური ელექტროსადგურები, ჩინური კომპანიები აქტიურად  ჩაერთნენ თხევადი ბუნებრივი აირის პროექტებში, მყარდება სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობა. ჩვენ ერთად ვიკვლევთ კოსმოსს და ვვზრუნავთ ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე.

რუსეთი და ჩინეთი  სახელმწიფოებია უძველესი თვითმყოფადი ტრადიციებითა და კოლოსალური კულტურული მემკვიდრეობით. ახლა კი, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოხსნილია, ორმხრივ კონტაქტებზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოიმატოს ჰუმანიტარულმა და ტურისტულმა გაცვლებმა. ეს ხელს შეუწყობს რუსეთსა და ჩინეთს შორის  პარტნიორობის სოციალური ბაზის გაძლიერებას. ამაში განსაკუთრებულ როლს  თამაშობს სახელმწიფოთაშორისი თემატური წლების გამართვა. მაგალითად, 2022-2023 წლები ეძღვნება ჩვენი მოქალაქეების მიერ მოთხოვნილ თანამშრომლობას ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროში.

ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ ჰეგემონობაზე და უთანხმოება შეაქვთ  ქვეყნების ჰარმონიულ ურთიერთობებში, რუსეთი და ჩინეთი პირდაპირი  და გადატანითი მნიშვნელობით აშენებენ ხიდებს. მაგალითად, გასულ წელს ჩვენი სასაზღვრო რეგიონები ერთმანეთს  დაუკავშირდა ორი ხიდის გადებით მდინარე ამურზე, რომელიც, დიდი ხანია, „მეგობრობის მდინარედ“ იქცა.

პლანეტაზე წარმოქმნილ „ტალღებსა და ქარებს“ შორის  ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო საქმეებში და  მხარდამხარ ვდგავართ, „როგორც კლდე მღელვარე ტალღებში“, ჩვენ საგარეო პოლიტიკური  პოზიციების ეფექტიან  კოორდინაციას ვეწევით, ვიბრძვით საერთო საფრთხეების წინააღმდეგ და ვპასუხობთ თანამედროვე გამოწვევებს.  აქტიურად ვუჭერთ მხარს ისეთ დემოკრატიულ მრავალმხრივ სტრუქტურებს, როგორებიცაა თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია  და  ბრიჩსი, რომლებიც უფრო და უფრო ავტორიტეტული და გავლენიანი ხდებიან, იძენენ ახალ პარტნიორებსა და მეგობრებს. ამავე მიზანს ემსახურება მუშაობა ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა  და ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“  შესაერთებლად.  ჩვენი ქვეყნები თანამოაზრეებთან ერთად ემხრობიან უფრო სამართლიანი მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, დაფუძნებულს საერთაშორისო სამართალზე და არა გარკვეულ „წესებზე“, რომლებიც ემსახურება „ოქროს მილიარდის“ ინტერესებს.

რუსეთი და ჩინეთი თანმიმდევრულად  მუშაობენ თანაბარი, ღია, ინკლუზიური უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად,  რომელიც არ არის მიმართული რეგიონისა და მთლიანად მსოფლიოს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. ამ კუთხით აღვნიშნავთ ჩინეთის „გლობალური უსაფრთხოების სფეროში ინიციატივების“ კონსტრუქციულ როლს, რომელიც შეესაბამება რუსეთის მიდგომებს ამ მიმართულებით.

ჩვენ ვხედავთ, რომ გარე გეოპოლიტიკური ლანდშაფტი მკვეთრ ცვლილებებს განიცდის. „კოლექტიური დასავლეთი“ სულ უფრო  მეტი სასოწარკვეთით ებღაუჭება არქაულ დოგმებს, დომინაციას, რომელიც ხელიდან უსხლტება, რაც სასწორზე დებს  სახელმწიფოებისა და ხალხების ბედს. აშშ-ის  მიერ რუსეთისა და ჩინეთის ორმაგი შეკავების კურსი, ისევე როგორც ყველას შეკავების, ვინც არ ემორჩილება ამერიკულ დიქტატს, სულ უფრო მწვავე და შეუპოვარი ხდება. საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის არქიტექტურა იშლება. რუსეთი “უშუალო საფრთხედ” გამოცხადდა, ჩინეთი კი – “სტრატეგიულ კონკურენტად”.

 ჩვენ მადლობელი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაბალანსებული ხაზისთვის უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მათი წარმოშობისა და ნამდვილი მიზეზების გაგებისთვის.  მივესალმებით ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს კონსტრუქციული როლი კრიზისის მოგვარებაში. როგორც ჩვენი ჩინელი მეგობრები,  ჩვენც მხარს ვუჭერთ გაეროს წესდების მკაცრ დაცვას და საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ჰუმანიტარული სამართლის ნორმების, პატივისცემას. ჩვენ ერთგული ვართ უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპისა, რომელსაც ნატოს ბლოკი უხეშად არღვევს. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული უპასუხისმგებლო და, უბრალოდ, საშიში ქმედებებით, რომლებმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს გლობალურ ბირთვულ უსაფრთხოებას. არალეგიტიმური ცალმხრივი სანქციები, რომლებიც უნდა გაუქმდეს, მიუღებელია ჩვენთვის.

რუსეთი ღიაა უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად. ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩვენ არ  შეგვიწყვეტია. სამშვიდობო პროცესის მომავალი დამოკიდებულია მხოლოდ სერიოზული საუბრისთვის მზადყოფნაზე შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, რუსეთის მიმართ წამოყენებული ულტიმატუმური მოთხოვნები მხოლოდ ასეთი რეალობისგან მოწყვეტასა და შექმნილი  ვითარებიდან  გამოსავლის პოვნის ინტერესის უქონლობაზე  მიუთითებს.

ამასთანავე, დასავლეთის მიერ პროვოცირებული და გულმოდგინედ გაღვივებული უკრაინის კრიზისი დომინირებისა და ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის შენარჩუნების  ყველაზე ნათელი მაგალითია, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ამ  განზრახვის ერთადერთი გამოვლინება არ არის. შეუძლებელია,  არ გვესმოდეს, რომ ნატო ცდილობს, თავის  საქმიანობას გლობალური მასშტაბი მიანიჭოს და  აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შეაღწიოს; შეუძლებელია,  არ გვესმოდეს, რომ ზოგიერთი ძალა დაჟინებით ცდილობს საერთო ევრაზიული სივრცის დანაწევრებას „ექსკლუზიური კლუბებისა“ და სამხედრო ბლოკების ქსელად, რომელიც მიზნად დაისახავს ჩვენი ქვეყნების განვითარების შეჩერებასა და ინტერესების შელახვას, მაგრამ ამას ვერავინ მიაღწევს.

სახელდობრ, რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობები, რომლებიც დღეს რეგიონული და გლობალური სტაბილურობის ქვაკუთხედია, წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის სტიმულს და საერთაშორისო საქმეებში პოზიტიური დღის წესრიგის გარანტს. ისინი დიდ სახელმწიფოებს შორის ჰარმონიული შემოქმედებითი თანამშრომლობის მაგალითია.

დარწმუნებული ვარ,  ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა, ორი ქვეყნის ხალხების სტრატეგიულ არჩევანზე დაფუძნებული, გაგრძელდება და განმტკიცდება რუსეთისა და ჩინეთის კეთილდღეობისა და აყვავებისთვის. და ამას, უდავოდ, ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის რუსეთში  ვიზიტი’’.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://rg.ru/2023/03/19/statia-vladimira-putina-v-zhenmin-zhibao-rossiia-i-kitaj-partnyorstvo-ustremlyonnoe-v-budushchee.html

                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here