Home რუბრიკები საზოგადოება ვინღა კითხულობს ახლა გაზეთებს!

ვინღა კითხულობს ახლა გაზეთებს!

638

ამის თქმა კატეგორიული ფორმით ზარის დარისხებასავითაა: დამთავრდა გაზეთების ეპოქა! უფრო ზუსტად, შეიცვალა მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ის ფორმულა, რომელიც XX საუკუნის მეორე ნახევარში და ცოტაც XXI საუკუნის პირველ დეკადაში, ასე თუ ისე, აწესრიგებდა ჟურნალისტების შრომას: რადიო _ გვაუწყებს, ტელევიზია _ გვიჩვენებს, გაზეთი _ გვიყვება. 

ჩვენთან, პროვინციაში

ამჟამად ტელევიზიამ წარმატებით შეითავსა დანარჩენი ორის ფუნქციები და… ის ორი მაინც არსებობს, შეიძლება შემცირებული მასშტაბით, მაგრამ მაინც მუშაობს.

თუ სულს ღაფავს?

გაზეთებს ტელევიზიამ მკითხველთა მასა წაართვა. ვინ კითხულობდა გაზეთებს? 30-40 წლის წინათ საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს თუ ვენდობით, გაზეთების მკითხველი საზოგადოება, ძირითადად, შედგებოდა უმაღლესი განათლების მქონე, დაღვინებული, მყარი სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეებისგან. რაც უფრო განათლებული იყო მასა, მით უფრო ერთგულებდა გაზეთებს.

იმდროინდელი მონაცემებით, გაზეთ “კომუნისტის” ტირაჟი მილიონს აღწევდა, “ახალგაზრდა კომუნისტის” _ 250 ათასს, დაახლოებით ამდენივე იბეჭდებოდა “სოფლის ცხოვრება”, ხოლო “ცისკრის”, “მნათობისა” და სხვა ლიტერატურული ჟურნალების ტირაჟი დღევანდელი ყველაზე პოპულარული გაზეთების ტირაჟს 4-5-ჯერ აღემატებოდა.

დღეს როგორი ვითარებაა საგაზეთო სივრცეში? _ სავალალო. უფრო ზუსტად, რაიმეს გადაჭრით თქმა, შეუძლებელია, რადგან ასე თუ ისე წარმატებული გაზეთების გამომცემლები არ ასაჯაროებენ თავიანთ კერძო ქონებას და არც არავინ ავალდებულებს, ხოლო პრინციპი _ “ასე ამბობენ” ან _ “როგორც ვიცით”, არა მხოლოდ ფუყე სიტყვებია, არა მხოლოდ დილეტანტური მიდგომა და შეურაცხმყოფელია, არამედ, გამორიცხული არ არის, სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზეზი გახდეს.

გიჩივლებენ!

ვინ აიტკივებს თავს?!

ამიტომაც არავინ არ ინტერესდება ამ პრობლემით. არც შეუსწავლია ვინმეს…

დღეს გაზეთებს იმ პრინციპით ყიდულობენ, როგორიც ერთ დროს საქართველოს ფეხბურთის მოყვარულებს სტადიონისკენ (დღეს “არენას” ხმარობენ) იზიდავდა.

ხალხი “დინამოს” მატჩებზე დასასწრებლად თავს იკლავდა, ძირითადად, იმიტომ, რომ მესხის, მეტრეველის, გუცაევის, ხურცილავას თამაში ენახა. ისევე, როგორც უწინ, ბორის პაიჭაძის დრიბლინგისა და გატანილი გოლების, მიხეილ ბერძენიშვილის პენალტების საცქერად და სიამოვნების მისაღებად. ინტერესი პერსონიფიცირებული იყო, ისევე, სხვათა შორის, როგორც რობერტ სტურუას სპექტაკლებში გენიალური რამაზ ჩხიკვაძის სანახავად დადიოდა ხალხი…

დღეს გარკვეული ავტორების პუბლიკაციების წასაკითხად ვყიდულობთ პრესას, ოღონდ არა მათი, ვინაც პუბლიცისტობა დაირქვა და ტელეშოუებში თვალებსა და სიტყვებს უაზროდ გვიჟუჟუნებს.

“ჯუჯუნა!” _ ჩხიკვაძის ექსპრომტია “კავკასიურის” (აზდაკის) სასამართლო სცენიდან…

ერთმა დაკვირვებულმა კაცმა ამას წინათ მითხრა, რომ ქუთაისში არ გამოდის არც ერთი გაზეთი _ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემა.

გავარკვიე. მერიაში დამიდასტურეს, რომ აქვთ გაზეთი “უქიმერიონი”, ლიტერატურულ-მხატვრული გამოცემა. აფინანსებს მერია. ჟურნალიც ჰქონიათ. ლიტერატურული.

თელავში?

თელავში გაზეთი არ აქვთ.

სამაგიეროდ აქვს საგარეჯოს მუნიციპალიტეტს: გაზეთი თვეში ერთხელ გამოდის. ახმეტის მუნიციპალიტეტიც გამოსცემს ერთს, რომლის პერიოდულობა თვეში ორჯერ გამოსვლით იფარგლება.

თუ ამას ჰქვია, რომ გაზეთები აქვთ, კი, ბატონო.

საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა.

თბილისში არ გვაქვს ქართული საქალაქო გაზეთი. პროვინციის გაგვკირვებია?!

დასავლეთ ევროპაში მიაჩნიათ, რომ “ქალაქი წმინდანის გარეშე არ დგას”, სხვათა შორის, არც გაზეთის გარეშე არსებობს ნამდვილი ქალაქი. შორს ნუ წავალთ, გავიხსენოთ: 30-40 წლის წინათ ყველა რაიონს თავისი გაზეთი გააჩნდა! ხარისხზე ნუ ვილაპარაკებთ (!). მაგრამ ნურც აგდებით მოვიხსენიებთ _ კარგი დონის იყო შიგადაშიგ, ზოგი _ სანიმუშოც.

მოკლედ, ცვლილებათა ქარმა და ქარაშოტმა მოხვეტა, სადმე თუ იყო დარჩენილი გაზეთები, ააფრიალა და წაიღო ქარის მოტანილივით.

იმათთან _ შეერთებულ შტატებში

ტენდენცია გარკვეულია და, როგორც ჩანს, შეუქცევადი.

მართლა შეუქცევადია? ამის გარკვევას შევეცადოთ, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე. რას წერენ ამ პრობლემაზე იქაური ექსპერტები?

იმ მონაცემებით, რომლებსაც აშშ-ის ახალი ამბების რედაქტორების საზოგადოება ფლობს, 1970-დან 2016 წლამდე პერიოდში არსებობა შეწყვიტა 500-მდე ყოველდღიურმა გაზეთმა, დანარჩენებმა ახალი ამბების გაშუქების მოცულობა მნიშვნელოვნად შეამცირეს.

და მაინცდამაინც თავს არ იკლავენ, თუმცა გული წყდებათ, რომ ხელიდან გამოეცალათ იდეური ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტი. იხსენებენ გაზეთების მუშაკების ამერიკული გილდიის დამაარსებლის _ ჰეივუდ ბრაუნის სიტყვებს, რომლებიც მან 1931 წელს გაზეთ New York World-ის გამოცემის შეწყვეტის გამო წარმოთქვა: “მე არ დავიტირებდი ფეხსაცმლის ფაბრიკის დახურვას ან რკინიგზის რომელიმე შტოს გაუქმებას, მაგრამ გაზეთი სხვაა”.

სხვაა მით უფრო, თუ გაზეთის დახურვა ტენდენციაში გადაიზრდება. აშშ-ში, მაგალითად, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის აპრილამდე თანამშრომელთა რაოდენობა შეკვეცა უმსხვილესი გაზეთების ერთმა მესამედმა. იგივე ტენდენციამ თავი იჩინა ახალი ამბების საიტების ეროვნულ სისტემაში.

შემცირება-შეკვეცით გამოწვეული კრიზისით შეშფოთებულები არიან პატივმიგებული და ჯერ კიდევ კეთილდღეობაში მყოფი ვეტერანები: მათი აღელვების მიზეზი ყალბი ახალი ამბების მოძალებაა. ალან რუსბრიჯერი, რომელიც 20 წლის განმავლობაში Guadrian-ის მთავარი რედაქტორი იყო, წერს: “თანამედროვე ჟურნალისტიკაში პირველად ჩვენ აღმოვჩნდით სანდო ახალი ამბების გარეშე დარჩენილი საზოგადოების პირისპირ”.

ამავე პოზიციაზე დგას გავლენიანი გაზეთების რეპორტიორებისა და რედაქტორების უმრავლესობა, რომლებიც ჟურნალისტიკის კრიზისზე წერენ.

გაზეთების რაოდენობის შემცირება ჟურნალისტიკის სერიოზული კრიზისის ერთი მხარეა. მეორე (და მთავარი) მხარე არის ის, რომ ბოლო 50 წლის, განსაკუთრებით კი, ბოლო 20 წლის განმავლობაში შეიცვალა თვით ჟურნალისტიკა. ექსპერტები და, საერთოდ, მასმედიაში მოღვაწე სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ახალი ამბების გაშუქების, რედაქტირებისა და გამოქვეყნების პრაქტიკაში ფეხმოკიდებულმა “საყოველთაო თავისუფლების” ყბადაღებულმა პრინციპმა  შესაძლებელი გახადა ისეთი მასალების მოძალება, რომლებიც ამახინჯებს სინამდვილეს. ამის მიზეზი მხოლოდ არაკვალიფიციური კადრები კი არ არის, არამედ, უმეტესად, ინტერესი ხელისუფლებაში მყოფი ჯგუფების, პიროვნებების ან იმ ძალების, რომლებიც ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვიან და ოპოზიციად იწოდებიან. მიკერძოებული სიმახინჯეა. ადამიანზე ერთი ნათქვამისა არ იყოს, “ისეთი მახინჯია, პლასტიკურ ოპერაციაზე იაფი დაუჯდებოდა, კუდი რომ გადაენერგა”.

უგაზეთო ჟურნალისტიკა

მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ ასეთი სიმახინჯე იზიდავს მკითხველს. არა მხოლოდ ჩვენს “მეორადობის ვითარებაში” (მეორადი ტანსაცმელი), არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ე.წ. ახალი ჟურნალისტიკის სანიმუშო მაგალითად ითვლება. სწორედ ასეთი ფერისცვალება ხელს უწყობს ისეთი საგაზეთო (და საერთოდ მედიის) პრინციპის ჩამოყალიბებას, როცა ახალი ამბების ფაქტობრივ მაუწყებლობას ჩაენაცვლება ფაქტების ინტერპრეტაცია. ჟურნალისტიკის მკვლევარების აზრით, ინტერპრეტაციამ შეცვალა ახალი ამბების მაუწყებლობა და მოკრძალების ადგილი მეტოქეობამ დაიკავა”. თუ 1960 წელს “თაიმსში” პრეზიდენტის არჩევის თემაზე გამოქვეყნებული 10 სტატიიდან ცხრა აღწერითი ხასიათის იყო, 1976 წელს ნახევარზე მეტი განმარტავდა ფაქტებს, ე.ი., ვიღაცის “გონების ქურაში” (ილია) იყო გადახარშული და მზამზარეული დასკვნებით შეკაზმული მიაწოდეს მკითხველს.

რამ გამოიწვია ასეთი პრინციპული გადახვევა ტრადიციული მეთოდიდან? ამერიკელი ექსპერტები ამას ჩვეული სიმარტივით აგვიხსნიან _ რაც იოლი გასაგებია, თუმცა, ცოტა არ იყოს, პრიმიტიული: “ეს ნაწილობრივ ტელევიზიის გავრცელების შედეგიც იყო _ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ, სცოდნოდათ, რა ხდება მსოფლიოში, საკმარისი იყო, ჩაერთოთ ტელევიზორი (და შეიტყობდნენ, რაც აინტერესებდათ), ამიტომ გაზეთებს (მკითვხელებისთვის) რაღაც ახალი უნდა შეეთავაზებინათ”.

თუ მხოლოდ მკითხველის მიზიდვას დავსახავთ მთავარ მიზნად, ეს მათ შეძლეს. მაგრამ, როგორც პრაქტიკამ დაგვანახვა, ამას სხვა ნეგატიური შედეგი მოჰყვა.

აქ, ალბათ, უპრიანი იქნება, სრულად გადმოგცეთ “ვეჩერნი ნიუ იორკის” წლევანდელ მე-13 ნომერში გამოქვეყნებული წერილის “აქვს თუ არა ჟურნალისტიკას მომავალი?” ერთი აბზაცი, რომელშიც შეხედულების დინამიკა სრულად არის გადმოცემული.

“…ეს ცვლილებები იდეოლოგიური მიზეზებით არ იყო გამოწვეული, მაგრამ იდეოლოგიური შედეგები მოჰყვა. თავიდან მოიწონეს წამყვანმა კონსერვატორებმა. “თუ რეპორტიორი თავის ცრურწმენას შეელევა და სტატიის მიღმა დატოვებს, ქების ღირსი იქნება, _ წერდა ირვინგ კრისტოლი 1967 წელს, _ პირადი განსჯისგან სტატიის დაცვა საჭიროა იმისთვის, რომ გამოვკვეთოთ სიმართლე”. მას შემდეგ, რაც “თაიმსმა” და “პოსტმა” გამოაქვეყნეს პენტაგონის დოკუმენტები, ირვინგ კრისტოლმა მკვეთრად შეცვალა თავისი შეხედულება, დაიჩივლა, რომ ჟურნალისტები ამჟამად “მუდმივ კონფრონტრაციაში არიან ჩათრეული სოციალური და პოლიტიკური წესრიგის წინააღმდეგ, რომელსაც ისინი “ისტებლიშმენტს” უწოდებენ…” უოტერგეიტის შემდეგ ეს ავტორი ამტკიცებდა, რომ “ამჟამად ჟურნალისტების უმრავლესობა “ლიბერალი” გახდა, გაძლიერდა კონსერვატორების შეტევები ჟურნალისტების წინააღმდეგ და გაგრძელდა “ტრამპიზმების” წარმოშობამდე _ “ნიუ იორკ თაიმსი” გაკოტრების ზღვარზეა”, “CNN ყალბი ახალი ამბებია”, პრესა “ხალხის ნამდვილი მტერია” და ა.შ.

ამტკიცებენ, რომ ის, რაც 1950-იან წლებში ჟურნალისტიკისთვის იყო მაკარტი და ტელევიზია, 2010 წელს არის ტრამპი და სოციალური ქსელები. “ჟურნალისტიკის აპოგეა” დაახლოებით 1980 წელს დამთავრდა. უმდაბლეს წერტილამდე დაეცა ერთი წლის შემდეგ, როცა “ყველაფრის დაშლა” დაიწყო.

დასასრულ, უგაზეთო ჟურნალისტიკის შესახებ.

ექსპერტების აზრით: “თუ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჟურნალისტიკა თავიდან იქნა აღმოჩენილი, ეს მოხდა არა რეპორტიორებისა და რედაქტორების წყალობით, არამედ ტექნიკური კომპანიების მეშვეობით, რომელთა საქმიანობა უფრო ბავშვების ანცობას გვაგონებს, ვიდრე საზოგადოებრიობისთვის უშურველ სამსახურს”.

ხოლო, ვინც კარგ გაზეთებს არ კითხულობს (სააკაშვილის ხელისუფლების ყველა რანგის მოხელეებს კი აკრძალული ჰქონდათ გაზეთების კითხვა), ვინც გინდა იყოს იგი, ვერაფრით ჯობნის წერა-კითხვის უცოდინარ ადამიანს. იმავეს ამბობდა მარკ ტვენი, ოღონდ იმათზე, ვინც კარგ წიგნებს არ კითხულობდა.

არმაზ სანებლიძე

P.S. ვინღა კითხულობს ახლა გაზეთებს? გაზეთს გააჩნია!
ა.ს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here