ტრამპის დაბანილი ხელები

    ტრამპის დაბანილი ხელები

    აშშმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უშუალოდ ხელმომწერი პირები, აშშის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი და უკრაინის პირველი ვიცეპრემიერი იულია სვირიდენკო, აცხადებენ.

    სკოტ ბესენტი: „30 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის შექმნას. პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავი ძალისხმევის წყალობით, რომელიც მიმართულია ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მოხარული ვარ, განვაცხადო დღევანდელი ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის, რომელიც აფუძნებს საინვესტიციო ფონდს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები ვალდებულებას იღებს, ხელი შეუწყოს ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას. ეს შეთანხმება მკაფიოდ მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს, მშვიდობის პროცესი დაფუძნებული იყოს თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერიოდში. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა ეს პარტნიორობა ამერიკელ ხალხსა და უკრაინელ ხალხს შორის, რათა ნაჩვენები იყოს ორივე მხარის ვალდებულება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ“.

    იულია სვირიდენკო: „აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ სკოტ ბესენტთან ერთად ხელი მოვაწერე შეთანხმებას აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ. ამ შეთანხმების მთავარი პუნქტებია:

    1. სრული საკუთრება და კონტროლი რჩება უკრაინას. სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა უნდა მოიპოვოს. წიაღისეული რჩება უკრაინის საკუთრებაში;

    2. აშშ-ისა და უკრაინის თანასწორუფლებიანი პარტნიორობა. ფონდი იქმნება 50/50 პრინციპით;

    3. ეროვნული საკუთრება დაცულია. ხელმოწერილი შეთანხმება არ ითვალისწინებს ცვლილებებს პრივატიზაციის პროცესებში ან სახელმწიფო კომპანიების მართვაში. ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „უკრნაფტა“ ან „ენერგოატომი“, რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში;

    4. არანაირი ვალები. ხელმოწერილ შეთანხმებაში არ არის ნახსენები უკრაინის რაიმე ვალდებულებები აშშ-ის მიმართ.

    შეთანხმება, რომელიც საშუალებას მისცემს ორივე ქვეყანას, გაზარდოს თავისი ეკონომიკური პოტენციალი თანასწორუფლებიანი თანამშრომლობისა და ინვესტიციების წყალობით, შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და არ ცვლის უკრაინის ევროინტეგრაციის კურსს. ასევე, ეს იქნება სიგნალი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობა საიმედოა“.

    ასეთია მხარეების ზოგადი ფრაზეოლოგია ამ ფაქტზე.

    ამას მოჰყვა პრეზიდენტ ტრამპის განცხადება NewsNation-ის ეთერში: „ამ შეთანხმებით აშშ მიიღებს 350 მილიარდზე გაცილებით მეტს (ეს ის თანხაა, რომელიც, ტრამპის განმარტებით, მისმა წინამორბედმა ბაიდენმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით გამოუყო – ვ.კ.). ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება, რომლის ჩარჩოებშიც ჩვენს თანხას საფრთხე არ ემუქრება და შეგვიძლია ნედლეულის მოპოვების დაწყება. ეს უკრაინისთვისაც კარგია, ვინაიდან მოპოვების ადგილებზე ამერიკელთა დასწრება დაიცავს ქვეყანას ბოროტმოქმედთა ჩარევისგან იმ რაიონებში, რომლებშიც სამუშაოები იწარმოება”.

    სკოტ ბესენტმა ტრამპის ამ ნათქვამს, თავის მხრივ, დაამატა: „ეს შეთანხმება ნათელი სიგნალია რუსეთისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია მშვიდობიანი პროცესისა, რომელიც ფოკუსირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ვერც ერთი ის სახელმწიფო და ის პირი, რომლებიც აფინანსებდნენ და აიარაღებდნენ რუსეთის სამხედრო მანქანას, არ დაიშვებიან უკრაინის აღდგენის პროცესიდან რამე სახის სარგებლის მისაღებად”.

    ეს იყო 30 აპრილს. ორი დღის შემდეგ (2 მაისს) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა: აშშ აღარ იქნება შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში: „ჩვენ არ ვაპირებთ მსოფლიოს გარშემო ფრენას შეხვედრების შუამავლობისთვის. ეს ახლა ორი მხარის ხელშია და დროა, რომ მათ წარმოადგინონ და შეიმუშაონ კონკრეტული გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი“.

    ჩნდება შეკითხვა: ეს ორი მოვლენა (მინერალების საკითხზე აშშ-სა და უკარაინას შორის შეთანხმების გაფორმება და აშშ-ის მიერ უკრაინასა და რუსეთს შორის მომრიგებელ ფუნქციაზე უარის თქმა) ერთმანეთთან კავშირშია? შეკითხვის ასე დასმის საფუძველს, სხვა რომ არაფერი, ისიც გვაძლევს, რომ მოვლენები ერთმანეთს დაემთხვა, მათ შორის ინტერვალი მხოლოდ ერთი დღეა. დროში ასე საოცარი დამთხვევის გარდა, თავისთავად, ხომ ჩნდება ეჭვი იმისა, რომ აშშ-მა მომრიგებლის ფუნქცია იმიტომ დატოვა, რომ ბოლო სამწლიანი ბატალიების უკრაინის ერთ–ერთი უმთავრესი მიზანი უკრაინული ნედლეულის (სტრატეგიული) ხელში ჩაგდება ყოფილა და ახლა, რაკი ეს შეთანხმება მიღწეულია, ტრამპს უკრაინაში სხვა ეკონომიკური ინტერესი არ აქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ და სამხედრო ინტერესს, ეს, რა თქმა უნდა, რჩება, ომლის დასტურიც არის ტრამპის მიერ, როგორც გარკვეული წყაროები იუწყებიან, კიევისთვის იარაღის მიწოდების პირველი რაუნდის განხორციელება, რაც დროში ასევე საოცრად დაემთხვა ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.

    გამოდის, რომ ტრამპმა თავისი გაინაღდა და ხელებიც დაიბანა.

    რა უნდა ვთქვათ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იმას ხომ არა, რომ ტრამპის მოსვლით აშშის პოლიტიკაში საქმე კვლავ ფასადის შელამაზების მცდელობასთან გვაქვს და რეალურად არაფერი იცვლება? .. დიფ სტეიტთან ბრძოლა, ომელი ტრამპს პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული, შესაძლებელია, სულაც არ ნიშნავს მის გასანადგურებლად ბრძოლას. ტრამპის მიზანი იქნებ დიფ სტეიტის დამორჩილება და დაქვემდებარებაა და არა მისი მოპობა და განადგურება. აქ, იქნებ, ქართული ანალოგიაც გამოგვადგეს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მთლად ზუსტი ვერ იქნება, საქმის არსს, ვფიქრობ, სწორად წარმოაჩენს. საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში ლიდერები იცვლებოდნენ, მაგრამ ახალდაბადებული ქართული სახელმწიფოს საგარეო (დასავლური) ორიენტაცია, რომელიც რუსოფობიით იყო გაჯერებული, მუდმივად ხელშეუხებელი რჩებოდა. არადა, ლიდერები კი არა, პირველ რიგში, სწორედ ეს ორიენტაცია და ეს სამარცხვინო რუსოფობია იყო შესაცვლელი. ყოველ მომდევნო ლიდერს წინამორბედი სძულდა, მაგრამ დასავლურ ორიენტაციას და რუსოფობიას ზუსტად ისევე აფეტიშებდა, როგორც მისთვის საძულველი წინამორბედი. ასე მოიქცა გამსახურდიას შემდეგ მოსული შევარდნაძე; ასე მოიქცა შევარდნაძის შემდეგ მოსული სააკაშვილი; ასე იქცევა სააკაშვილის შემდეგ მოსული ივანიშვილი. საქართველოსთვის დასავლური ორიენტაცია იგივეა, რაც აშშ-ისთვის დიფ სტეიტი – დამღუპველი და დამანგრეველი მოვლენა, მაგრამ დღესაც კი, როდესაც დასავლეთმა ისტორიულად შეურაცხგვყო და, პრაქტიკულად, წიხლი გვკრა, ხელისუფლება კვლავ დასავლურ მომავალზე ლაპარაკობს. საქართველო ხან არჩევნების, ხან სახელმწიფო გადატრიალების მეშვეობით ახერხებდა მართვის სადავეებიდან ლიდერების ჩამოშორებას, მაგრამ მისთვის თავსმოხვეულ დასავლურ ორიენტაციას დღემდე ვერაფერს უხერხებს. ანალოგიაც ამაშია. დიფ სტეიტმა პირველი პრეზიდენტობის შემდეგ ტრამპი ისტორიის სანაგვეზე მოისროლა და მის წინააღმდეგ რამდენიმე მიმართულებით აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რაც მას სამუდამო პატიმრობით ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა და დიფ სტეიტსაც სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა, მაგრამ, როგორც ჩანს, დიფ სტეიტური განწყობილებები, არათუ გარეთ ვერ დაამარცხა, საკუთარ თავშიც ვერ დაძლია; დიფ სტეიტურია რუსეთთან სანქციების ენაზე საუბარი; დიფ სტეიტურია კიევისთვის შეიარაღების მიწოდების განახლება; დიფ სტეიტურია სხვებთან ურთიერთობაში ამპარტავნული მანერა და მრავალი სხვა, რა გზასაც ტრამპი ადგას. ეს კი, როგორც უკვე ვთქვი, იმას ნიშნავს, რომ მისთვის დიფ სტეიტთან ბრძოლა ამ მოვლენის განადგურებას კი არა, მის დამორჩილებას და საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამხედრო ინტერესების სამსახურში ჩაყენების მცდელობას ნიშნავს.

    რაც შეეხება ხელების დაბანას, ტრამპი აქაც ცრუობს. ერთი შეხედვით ხელებს იბანს და, როგორც გინდათ, ისე მორიგდითო, აცხადებს, მაგრამ, ამასთანავე, უკრაინის შეიარაღების გზას ადგას და თვითმარქვია პრეზიდენტთან, მისი აზრით, სარფიანი შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია, უკრაინის ხელით რუსეთის წინააღმდეგ ომს განაგრძობს. სამწუხაროდ, ასეთი შედეგით დასრულდა მისი წინასაარჩევნო დაპირება არჩევიდან ერთ დღეში საომარი მოქმედებების შეჩერებაზე.

    დასანანია! დასანანია, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება აშშ-ის მოპოვებულია: ჩვენი მრავალი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს ზეიმობს, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის. ჩვენ ვერავინ შეგვედრებოდა ძალით, სიმამაცითა თუ სამხედრო ბრწყინვალებით, – განაცხადა მან. ამერიკელთა სამხედრო ბრწყინვალებაზე ტრამპს, რა თქმა უნდა, უფლება აქვს, საკუთარი თვალსაზრისი გამოთქვას, მაგრამ იმ სახელმწიფოს ლიდერი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში სულ რაღაც სამასი ათასი ჯარისკაცი დაკარგა, გამარჯვებას არ უნდა ეცილებოდეს სახელმწიფოს, რომელმაც გამარჯვებისთვის ოცდაშვიდი მილიონი ადამიანის სიცოცხლე გაიღო. დღევანდელი პრეზიდენტი მით უფრო არ უნდა კადრულობდეს ასეთ განცხადებას, თუკი აშშ-ის იმდროინდელ პრეზიდენტს (რუზველტს) ჯერ კიდევ 1942 წელს ნათქვამი აქვს შემდეგი: ევროპის ფრონტზე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თავბრუდამხვევი კონტრშეტევა დიდი რუსული არმიისა გერმანელებზე. რუსულმა არმიამ გაანადგურა და განაგრძობს განადგურებას ჩვენი საერთო მოწინააღმდეგის ყველაზე მეტი ცოცხალი ძალისა, თვითმფრინავებისა, ტანკებისა და ქვემეხებისა, ვიდრე ამას ვახერხებთ ყველა დანარჩენი, ერთად აღებული”.

    ამის შემდეგ ტრამპის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მითვისებაც დიფ სტეიტური განწყობილებაა. ეს კი იმისი მაუწყებელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი იმ საშინელი მოვლენის წინაშე, რომელსაც დიფ სტეიტი ჰქვია, კაპიტულაციას აცხადებს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას ამაოდ აქვს იმედი, რომ რუსოფობიური და პროდასავლური ორიენტაციით სამშვიდობოს გავა. ბატონ ივანიშვილს, დასავლური ილუზიის ტყვეობაში თუ დარჩება, უკეთეს შემთხვევაში, გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის, უარეს შემთხვევაში კი (ღმერთმა დაგვიფაროს!) ზელენსკის ხვედრის გაზიარება მოუწევს.

    იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ მომაკვდინებელ შეცდომას არ დაუშვებს.

    ამ საკითხებზე ხშირად იმიტომ ვსაუბრობ, რომ ახლოვდება ჟამი პასუხისგებისა და ჟამი განკითხვისა.

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here