Home ახალი ამბები საქართველო შეკითხვების დასმის პასუხისმგებლობას ვიღებ!

შეკითხვების დასმის პასუხისმგებლობას ვიღებ!

რაღაც რომ მოდის, ეჭვგარეშეა, მაგრამ გასარკვევია, რა მოდის და საიდან მოდის.

საიდან ვასკვნი, რომ რაღაც მოდის? სულ უფრო მზარდი დაძაბულობიდან, რომელსაც ყველა მხარე ამწვავებს, თანაც შეგნებულად, მიზანმიმართულად და შედეგზე ორიენტირებულად. ჯერ იმის შესახებ ჩამოვყალიბდეთ, ვინ არიან მხარეები: ქვეყნის შიგნითხელისუფლება და დასავლეთისმეხუთე კოლონა“, ქვეყნის გარეთ კიკოლექტიური დასავლეთი და რუსეთი. ამ დაძაბულობაში არის ერთი საგულისხმო მომენტი, რომელიც  ჩემ შეშფოთებას იწვევსხელისუფლების ის ენთუზიაზმი, რომლითაც იგი დაძაბულობის გამწვავებაშია ჩართული.

რა მაქვს მხედველობაში? შარშან, როდესაც პარლამენტში განსახილველად გამჭვირვალობის კანონპროექტის შეტანას დაძაბულობა მოჰყვა, ხელისუფლებამ სწრაფად დაიხია უკან და, მიუხედავად იმისა, რომ კანონი პირველი წაკითხვით უკვე მიღებული იყო, იგი განხილვიდან მოხსნა. ხელისუფლებამ კანონის მიღების აუცილებლობის ნაცვლად მიზანშეწონილობის პრინციპით იხელმძღვანელა და დაძაბულბის ესკალაციას მისი შერბილების გზა არჩია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მის რეპუტაციას და ავტორიტეტს ურტყამდა. ეს გასაგებია. როდესაც ქაოსისა და სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე რეალურია, გონიერი ხელისუფლება სტაბილურობის შენარჩუნებას ამჯობინებს, რომლითაც ქვეყანასაც განსაცდელს აარიდებს და მართვის სადავეებსაც შეინარჩუნებს, ამიტომ ხალხმა ხელისუფლებას ის ნაბიჯი არათუ გაუგო, მოუწონა კიდეც, ყველამ თუ არა, უმრავლესობამ მაინც. წელს კი ხელისუფლება, მიუხედავად დაძაბულობის მაღალი ხარისხისა, მიზანშეწონილობის პრინციპს გაემიჯნა და ჯიქურ მოქმედებაზე გადავიდა. კანონის მიღება აუცილებელია, მორჩა და გათავდა! – აცხადებს იგი. ეს ფაქტი დასაფიქრებელი არ არის? ამ ერთ წელიწადში რა მოხდა ან რა შეიცვალა ისეთი, რომ, შარშანდელისგან განსხვავებით, ხელისუფლება სრულიად საწინააღმდეგო ხასიათს ავლენს  და უჩვეულოდ მოქმედებს? იგი ან დარწმუნებულია გამარჯვებაში, ან შეგნებულად მიდის დესტაბილიზაციისა და ქაოსის გზით. გამარჯვებაში ხელისუფლების დარწმუნებულობაზე საუბარი იმ შემთხვევაში იქნებოდა საფუძვლიანი, ეს კანონი დასავლეთისგან რომ იყოს მხარდაჭერილი, მაგრამ ეს ასე არ არის. შარშან აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი ეღობებოდა კანონის მიღებას. კელი დეგნანი, მართალია, რობინ დანიგანმა ჩაანაცვლა, მაგრამ ამით არც აშშ-ის პოზიცია შეცვლილა და არც ევროკავშირის. აი რას აცხადებს აშშ-ის ახალი ელჩი: ეს შეშფოთება მხოლოდ აშშ არ აქვს, ევროკავშირმა, ნატო, ევროპულმა საბჭომ, ევროპარლამენტმა, მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ და პარლამენტმა, გაერო ასევე გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ამ კანონპროექტის მიმართ. მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს კანონპროექტი უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე“.

ამონარიდის პირველ ნაწილში სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებს ქალბატონი ელჩი. გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არამხოლოდ ევროპა და ამერიკა, არამედ ისეთი ორგანიზაციებიც აღდგნენ, როგორებიც არიან გაერო და ნატო. გაეროს განცხადებაში ნათქვამია: „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, იხსენებს რა 2023 წლის 26 თებერვლის განცხადებას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახლა შეტანის გამო. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში”.

როგორც აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, საქმეში გაეროს პარალელურად ნატოც ჩაერია და მისმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა არანაკლებ მძიმე განცხადება გააკეთა: „ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა… ასე რომ, ვშიშობ, ნებისმიერი კანონს, რომელსაც ეს „უცხოური აგენტების” იდეა შემოაქვს, გავლენა ექნება ბევრ მედიასაშუალებაზე, რომლებიც მუშაობს საერთაშორისო დონეზე და ასევე, ძირს გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს”.

ბრძოლა და დაპირისპირება ამას ჰქვია, მაგრამ ხელისუფლება შეუვალია. პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პირდაპირ აცხადებს: როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს გაურბიხარ და წლიური ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებაც კი არ გსურს, აშკარაა, რომ რაღაცას აფუჭებ და ეს რაღაც გაქვს დასამალი. დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი დონორებს  დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან, ომლები მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებასთან, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასთან, საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან, ომის პროპაგანდასთან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასთან, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან და დეზინფორმაციის ხარჯზე სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობასთან არის დაკავშირებული“.

როგორც ვხედავთ, პრემიერმინისტრის პოზიცია მტკიცე და ურყევია, მაგრამ, მოდი, ბატონ ირაკლი კობახიძის ზუსტად ერთი წლის წინანდელი პოზიციაც გავიხსენოთ, როცა ის მმართველი პარტიის (“ქართული ოცნება”) თავმჯდომარე იყო: „კანონი, რომელიც მოაწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს, ჩვენი დღის წესრიგიდან არის მოხსნილი. თუ ვინმე სხვას ენდომება, მაგალითად, თვითონ „ენჯეოებს”, რომლებიც აპროტესტებდნენ, შეუძლიათ ნებისმიერი ინიციატივა წარმოადგინონ, მაგრამ ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის. ეს არის ჩვენი მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელზეც დღეს დილით ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არის პირობა, რომელიც არის მიცემული ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის. ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვართ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საზოგადოების წინაშე. ეს არის მყარი პირობა, რომელიც, ბუნებრივია, არ გადაიხედება”.

განსხვავებას ხედავთ? შარშან – მიზანშეწონილობის პრინციპი, წელს კი – ბოლომდე ბრძოლა და, რადაც უნდა დაჯდეს, კანონის მიღება. ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: რამ გამოიწვია მიდგომებში ისეთი რადიკალური ცვლილება, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე გაეროსა და ნატოს წინააღმდეგ გამოსვლასაც არ ერიდება? კი, ამ ისტორიაში ხელისუფლება ცამდე მართალია, გაერო, ნატო და მთელი დასავლეთი კი უსინდისოდ და უნამუსოდ ტყუიან, მაგრამ ისინი ხომ შარშანაც ტყუოდნენ, ხელისუფლება კი მართალი იყო, მაგრამ შარშან  ვითარება არ გაამწვავ და კანონპროექტი გაიწვი, წელს კი არაფრის გაგონება არ სურდავაბანკზემიდი. რატომ?

ვფიქრობ, ამდენი ტკეპნის შემდეგ სათქმელის ჩამოყალიბების დროც დადგა, მაგრამ იგი ისე  მძიმეა, რომ, სანამ ბოლომდე გახსნილად ვიტყოდე, მირჩევნია, კვლავ შეკითხვები დავსვა: ხელისუფლება თვითონ ხომ არ მიდის დესტაბილიზაციის გზით? ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით მიმავალი ხელისუფლება, ამ ორგანიზაციებში წევრობის პერსპექტივის კონსტიტუციაში შემტანი და ჩამწერი ხელისუფლება ახლა რატომ იგიჟებს თავს და რატომ უპირისპირდება აშშ-ს, რომელიც დეკლარაციის დონეზე კვლავ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, ევროკავშირს, რომელმაც, როგორც იქნა, გვაღირსა კანდიდატის სტასუსი, ნატოს, რომელიც “აღთქმულ მიწად” გამოვაცხადეთ და ახალ რელიგიად ვაღიარეთ, ანუ მთელ დასავლეთს რატომ ეკვეთა ასე ხმალამოღებული? იმიტომ ხომ არა, რომ ვიღაცამ, ვის ინტერესებშიც დესტაბილიზაცია შედის, მას ასეთი დავალება მისცა? სხვა რა ახსნა აქვს იმ ფაქტს, რომ კანონპროექტს, რომელიც შარშან უკან წაიღო და გამოაცხადა, რომ მას აღარასოდეს მიუბრუნდებოდა, უცებ ახალ სიცოცხლეს ანიჭებს? ეს შეკითხვები ლოგიკურია, მაგრამ თუკი ვივარაუდებთ, რომ ქვეყნის გარეთ რომელიღაც დაინტერესებულმა ძალამ ხელისუფლებას დესტაბილიზაცია შეუკვეთა, ასეთ შემთხვევაში ისიც უნდა ვივარაუდოთ,  ვინ შეიძლება იყოს ის, ვისგანაც ხელისუფლებამ ასეთი საგანგებო და საიდუმლო დავალება მიიღო.  ვისგან მიიღებდა ეს ხელისუფლება ასე საბედისწერო დავალებას თუ არა აშშისგან და ევროკავშირისგან, რომლებსაც საქართველოში დესტაბილიზაცია იმისთვის სჭირდებათ, რომ იგი თანდათან   გადაიზარდოს რუსეთთან მეორე ფრონტში, ომელსაც აქამდე ვერ მიაღწიეს? პოულობთ ამ შეკითხვაში ლოგიკის მარცვალს თუ ვერა? ვფიქრობ,  ამაში არის რაღაცა, რაც ღირს დაფიქრებად.

ახლა სხვა ვარიანტიც განვიხილოთ: იქნებ სწორედ რუსეთს სჭირდება აქ დესტაბილიზაცია და ქაოსი, რათა უკრაინას, რომელსაც ვეღარაფერი გადაარჩენს, რაღაც საბაბით, რომელიც ქაოსის შემთხვევაში აუცილებლად გამოინახება, საქართველოც მიაყოლოს? ეს შეკითხვაც ლოგიკურია, რადგან დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში ნატოს შემოსვლას არ დაუშვებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ახალი შეკითხვაც იბადება: საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან იმ დონეზე თანამშრომლობს, რომ მასთან ამგვარ გარიგებებში შედის? ძნელი წარმოსადგენი კი არის, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დასავლეთი აშკარად დაუპირისპირდა საქართველოს ხელისუფლებას და აქ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს, ესენი გულხელდაკრეფილნი ხომ არ დაელოდებიან, როდის ინებებენ სინდისისგან მთლიანად გარეცხილი და ბოლომდე გაშიფრული ევროპა და ამერიკა მათ დამხობას? საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს საკუთარი ძალით რომ ვერ აღუდგება, ფაქტია, ამიტომ მის შემჩერებელ მოკავშირედ იქნებ რუსეთი აღიარა და მასთან რაღაც ფარულ გარიგებაში მართლა შედის? ლოგიკას მთლიანად მოკლებული არც ეს შეკითხვაა, ალბათ, მაგრამ სად არის მტკიცებულებები? – მკითხავთ თქვენ. ძალიან ბევრი ხომ არ მომთხოვეთ? მტკიცებულებები იმ ვარაუდისა, რომელიც ეს წუთია გაგიმხილეთ, მე კი არა, შესაძლებელია, აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსაც არ ჰქონდეს, მაგრამ დაეჭვებასა და შეკითხვის გაჩენას მტკიცებულებები არ სჭირდება. ეს შემდეგი ეტაპია. ჩემი სპეციალობა შეკითხვის დასმაა და არა მათზე პასუხების გაცემა. ზოგჯერ შეკითხვის დასმა პასუხის გაცემაზე რთულიცაა და საპასუხისმგებლოც. ამ ურთულეს შეკითხვებზე, რომლებიც დღეს ამ სტატიაში დავსვი, პასუხის გაცემის პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, მაგრამ შეკითხვების დასმაზე პასუხისმგებლობა, როგორც ხედავთ, ავიღე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეკითხვებს ახლო მომავალში თვითონ ცხოვრება გასცემს პასუხებს, მე კი მხოლოდ მათი დასმით შემოვიფარგლები, რომლებითაც, დარწმუნებული ვარ, მძიმე საფიქრალი გაგიჩინეთ; საფიქრალი, რომ რაღაც მოდის და გვიახლოვდება. ეს რაღაც შეიძლება მძიმე, საბედისწერო და ისტორიული მოვლენა აღმოჩნდეს. სხვას ვერაფერს მოგახსენებთ, დანარჩენი დროს უნდა მივანდოთ…

ვალერი კვარაცხელია

                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here