Home ახალი ამბები საქართველო სანამ სახელმწიფო  სოფლის მეურნეობას  პრიორიტეტულ მიმართულებად  არ გამოაცხადებს და პროდუქტების წარმოებას ზურგს...

სანამ სახელმწიფო  სოფლის მეურნეობას  პრიორიტეტულ მიმართულებად  არ გამოაცხადებს და პროდუქტების წარმოებას ზურგს კანონებით არ გაუმაგრებს,  არაფერი გვეშველება!

193

საქართველოში, სამწუხაროდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკლებობაა და,  რამდენიც  უნდა ვიძახოთ, რომ დასავლეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და თან გვყვებაო, ფაქტია, – საქართველოში ევროპული თუ ამერიკული კომპანიები მსხვილ ინვესტიციას ერიდებიან. მეტიც, ისინი არც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობით იკლავენ თავს და ამიტომაა, სახელმწიფო დაკვეთებს, ძირითადად, ისეთი ქვეყნები რომ ასრულებენ, როგორიც არის  ჩინეთი, ირანი და თურქეთი.

 ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ინვესტიციები ხორციელდება, მაგრამ  ეს, ძირითადად,  შიდა ინვესტიციებია. მაგალითისთვის: ისეთი კომპანიები, როგორებიც „ენეგრო პრო ჯორჯია“, „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“, „სილქ როუდ გრუპი“, „ეპ ჯორჯია გენერაცია“ არიან,  ქვეყნის შიგნით ფართოვდებიან, ფულსაც ხარჯავენ და  მათი ხარჯები 250 მლნ დოლარს აჭარბებს, რაც ცოტა არაა, მაგრამ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად ვერ ჩაითვლება. ჰო, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ იგივე „ენერგო პრო ჯორჯია“ ჩეხურია ან „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ უკან ავსტრიელები დგანან, მაგრამ ეს კომპანიები, წლებია, საქართველოში ოპერირებენ.

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ 250 მლნ დოლარიდან ერთი ცენტიც არ დახარჯულა სოფლის მეურნეობაზე, ანუ ეს სექტორი საქართველოში მსხვილ ბიზნესს არ აინტერესებს, წვრილი ბიზნესის მიერ გაღებული ინვესტიცია კი ზღვაში წვეთია. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ყოველწლიურად  უკან მივდივართ და ქართულ პროდუქციას სულ უფრო მეტად ანაცვლებს შემოტანილი პროდუქტი. მოსახლეობა არ მალავს, რომ შემოტანილ პროდუქტს არ აქვს ის გემოვნური თვისებები, როგორიც ქართულს, მაგრამ გამოსავალი სად არის? საქართველოსთვის ლაკმუსის ქაღალდი პანდემიის პერიოდი იყო, როცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სოფელს მიაშურა, მამაპაპისეულ სახლ-კარს მიაკითხა, მიწა დაამუშავა და მაშინ, სწორედ პანდემიის პერიოდში, სოციალურ ქსელებში ხშირად ნახავდით ფოტოებს, რომლებზეც  კონკრეტული ადამიანები თავს იწონებდნენ თავიანთ  ეზოში მოყვანილი კიტრითა თუ პომიდვრით, მწვანილითა თუ კარტოფილით, ნესვითა თუ საზამთროთი…  და ეს ყველას უხაროდა, ყველას ახალისებდა, მაგრამ დასრულდა პანდემია და დასრულდა სოფლად ცხოვრებაც, ისევ ქალაქს მიაშურა ყველამ და ის მცირედიც კი, რომელიც მოჰყავდათ, ზუსტად ისე დაივიწყეს, როგორც მანამდე ჰქონდათ დავიწყებული.

რაჭა-ლეჩხუმში ბევრი სოფელია დაცლილი და თითო-ოროლა მოსახლეა შემორჩენილი. იქ არის სახლები, რომლებსაც თოვლმა სახურავი ჩაუქცია, გაანადგურა, ნასახლარად აქცია და არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ამ სახლებში ფული გადაიხადონ, ახალი ააშენონ და ზაფხულობით მაინც ჩავიდნენ, მაგრამ, თუ  ასეთ ადგილებს თავდაპირველად  3-დან 5 ათას დოლარამდე აფასებდნენ,  მოთხოვნა რომ გაიზარდა, 20 ათას დოლარზე ნაკლებს აღარ ამბობენ. გაყიდვებიც შეჩერდა და ნასახლარი თუ ნასოფლარი ისევ ცუდი შესახედია. სამწუხაროდ, ტურიზმის მიმართულებით სწორედ ეს რეგიონი დიდად ვერ თუ არ განვითარდა, თორემ სვანეთსა და მთა-თუშეთში მიწას სისხლის ფასი ადევს და იყიდება კიდეც. დანარჩენ საქართველოში კი ათწლეულობით უნახავ სახლებს მყიდველი თუ გამოუჩნდა, მეპატრონე უზარმაზარ თანხას ითხოვს და წარმოდგენაც არ აქვს, რომ სახლის ნაცვლად ნასახლარი აქვს, რომ ხეხილის ბაღი გამხმარია, რომ ჭიშკრიდან სახლამდე ქვით მოკირწყლული ბილიკი ბალახითაა დაფარული…

შესაძლოა, ბევრმა კლიმატს დააბრალოს, ბევრმა – ცუდ ამინდს, მაგრამ 21-ე საუკუნეში, ალბათ, პირველად მოხდა, რომ ადგილობრივი საზამთრო უფრო ნაკლები იყო ბაზარზე, ვიდრე შემოტანილი. ჰო, საზამთრო, რომელსაც სეზონზე მთელი საქართველო მიჰქონდა, საზამთრო, რომელიც ყველა ოჯახში იჭრებოდა და, რაც მთავარია, უდიდესი რაოდენობით მოგვყავდა, ახლა აღარ მოგვყავს და ბაზარი თურქულმა თუ ირანულმა საზამთრომ გააჯერა. საინტერესოა, რომ წელს ირანმა საზამთროს გატანა მას შემდეგ აკრძალა, რაც ქვეყნიდან ძალიან ბევრი გავიდა და ეს იმით ახსნეს, რომ აუტანელი სიცხეების გამო საზამთრო მოსახლეობისთვის აუცილებელი პროდუქტი იყო. ამან განაპირობა საზამთროს არარეალურად გაძვირება და, თუ შარშან ამ პროდუქტს 50-60 თეთრად ვყიდულობდით, წელს მისი ფასი ლარზე ნაკლები არსად  ყოფილა, ანუ გაორმაგდა…

„ერთი შეხედვით მარტივია – ირანიდან და თურქეთიდან შემოტანილი საზამთრო იაფია, ამიტომ  ბაზარს იპყრობს და ქართულ პროდუქციას დევნის. მერე კი, როცა ქართული პროდუქცია მინიმუმამდე დავა, ისინი ფასს გაზრდიან და იძულებული  ვიქნებით, გაძვირებული პროდუქტი გავუსაღოთ. რატომ? იმიტომ, რომ სხვა არჩევანი ფიზიკურად არ გვექნება. ასე იპყრობენ თურქეთი, ირანი და ჩინეთი პატარა ქვეყნებს, მცირედს იჭირვებენ, შემდეგ კი, როცა ბაზრიდან ადგილობრივ პროდუქციას განდევნიან, სრულ მონოპოლიას იღებენ ხელში“, -გვითხრა ამ სფეროს ექსპერტმა.

თუ გახსოვთ,  შარშან კარტოფილის დეფიციტი შეგვექმნა, იმის წინ – ხახვის, წელს საზამთროსა და ნესვის, ამას დაუმატეთ მწვანილიც, რომელმაც წელს შემოტანის მხრივ რეკორდი მოხსნა და სხვა კი არაფერია სოფლის მეურნეობა. მარცვლეული კულტურების მხვრივ მთლიანად სხვებზე რომ ვართ დამოკიდებული და ჩვენს სამყოფს 15%-საც ძლივს რომ ვაწარმოებთ, ყველამ იცის. ამას ემატება რძის პროდუქტები, რომლებსაც ასევე ირანიდან შემოტანილი რძის ფხვნილით ვანაცვლებთ; მეცხვარეობა, რომელსაც უკვე მთაში ნაკლებად მისდევენ და ძალიან ცოტა მეცხვარე შემოგვრჩა; დაამატეთ დენით და საწამლავით განადგურებული თევზი მდინარეებსა თუ ტბებში და მივიღებთ იმას, რომ ნელ-ნელა, მაგრამ მყარად ვხდებით დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე და ის „სხვა“ არ არიან ისეთი ქვეყნები, მეგობარი  რომ  დავუძახოთ.

ერთ მაგალითს გეტყვით: როცა ევროპამ და ამერიკამ რუსეთს სანქციები დაუწესეს, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მოსახლეობა თავად აუჯანყდებოდა ხელისუფლებას, მაგრამ რუსეთს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ისე ჰქონდა მოგვარებული  ყველაფერი, რომ გაძლო, ერი არ დაიმშა და დასავლეთის მიერ გათვლილი სოციალური აფეთქება არ მოხდა. ადამიანები ძლებენ თანამედროვე ტექნიკის ბოლო მოდელების გარეშე, ძველითაც იოლად გადიან, „აიფონ14“-ის ნაცვლად, „აიფონ-10“-თაც მარტივად რეკავენ, მაგრამ  საკვების  არქონა პრობლემაა და ამ პრობლემასთან  კი არ მივდივართ, უკვე მივედით და არ ვაღიარებთ.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ბიუჯეტით ერთ-ერთი გამორჩეულია და, ერთი შეხედვით, ხელისუფლების მიმართ საყვედური არ გვეთქმის – სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხებს არ იშურებენ, მაგრამ საინტერესოა, სად მიდის ეს თანხები და იხარჯება თუ არა მიზანმიმართულად. კი გვიმტკიცებენ, სამინისტროს არაერთი პროგრამა აქვს, რომლითაც საქართველოს ათასობით მოქალაქემ ისარგებლა, სული მოითქვა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება დაიწყოო და იქნებ ვინმემ გვითხრას, აგვიხსნას, გვანახოს, სად არის ეს ხალხი, სად მიდის ნაწარმოები პროდუქცია. მწვანილი რომ გაგვიჭირდება და სეზონზე ერთ კონას, ანუ 25-30 გრამს 50 თეთრი რომ ადევს ფასი, ეს არის სოფლის მეურნეობის წინსვლა? მხოლოდ ქვემო ქართლში მოყვანილი ხახვი რომ ჰყოფნიდა საქართველოს და ახლა ყოველწლიურად რეკორდს ვხსნით და შემოგვაქვს, ეს არის განვითარება? სახელმწიფო აუდიტმა ერთხელ მაინც შეაფასა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა? დაუთვალეს, სად წავიდა მილიარდობით ლარი და, რაც მთავარია, რატომ არ გვაქვს შედეგი?! გარემოს დაცვის დეპარტამენტს ვინმემ ჰკითხა, რატომ იკლებს ყოველწლიურად მდინარეში თევზი და ტყეში ცხოველი?

ახლა ის პერიოდია, მინდვრები დახნული უნდა იყოს და ხორბალი ითესებოდეს. გინახავთ სადმე დიდ ტერიტორიაზე მოხნული მიწა? არა, იმიტომ, რომ ამაზეც ხელი გვაქვს ჩაქნეული და მერე, როცა ვამბობთ, რატომ ღირს ხორბალი ძვირი, მიზეზი სწორედ ესაა – ახლა არ ვთესავთ და გაზაფხულზე რა უნდა ავიღოთ? გაგეცინებათ და, მონადირეები იმასაც ამბობენ, მწყერი  ნელ-ნელა ქრება, იმიტომ, რომ მარცვლეული აღარ არის და აქ რის საჭმელად უნდა ჩამოვიდესო? სამაგიეროდ, იგივე მწყერი არნახულად გამრავლდა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსა და თურქეთში და… აზერბაიჯანსა და თურქეთში სოფლის მეურნეობა, მესამე წელია, პრიორიტეტად გამოაცხადეს, ოღონდ მხოლოდ ქაღალდზე კი არა, საკანონმდებლო ცვლილებიც მიაყოლეს –  სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს გადასახადებზე შეღავათი მისცეს; ვისაც ქვეყნიდან ჭარბი პროდუქცია გააქვს, ბაჟი გაუნახევრეს და იქაურები ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან სოფლის მეურნეობის  ინვესტირებაში, რადგან საკანონმდებლო ცვლილებებმა პროდუქცია კი გააიაფა, მაგრამ მოგება გაზარდა. არ შეიძლება, ფერმერი, რომელიც  მინდორს რწყავს და რესტორნის მეპატრონე, რომელიც წყლით თეფშებს რეცხავს, ერთსა და იმავე გადასახადს იხდიდნენ. მელიორაციამაც რომ გაზარდა წყლის გადასახადი „უმნიშვნელოდ“, დიდ ფართობებზე ეს „უმნიშვნელო“ ზრდა, ათასობით ლარზე ადის და საბოლოოდ პროდუქტი ძვირდება.

სანამ სახელმწიფო არ გამოაცხადებს პრიორიტეტად სწორედ სოფლის მეურნეობას  და პროდუქტების წარმოებას ზურგს კანონით არ გაუმაგრებს,  არაფერი გვეშველება!

ლევან გაბაშვილი

                                                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here