Home რუბრიკები ისტორია როგორი სკოლა გვჭირდება?

როგორი სკოლა გვჭირდება?

1008

“ჩვენო ქართველობავ, შეიყარენით ერთად და ამ სატკივარს ერთი წამალი დასდეთ, უებარი წამალი” _ ამ სიტყვებით მიმართა ილიამ თავის თანამედროვეთ და მაშინ, ღვთის წყალობითა და შეწევნით, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც უპირველესი მიზანი სამშობლოს, მშობელი ხალხის წინსვლა და კეთილდღეობა იყო. ფასდაუდებელია იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი ქართველი ერის განათლების საკითხში. რამდენი არ უტრიალეს და ვერაფერი დააკლეს მის გენიალურ “დედაენას”, რომელიც იყო, არის და იქნება შეუცვლელი სახელმძღვანელო პირველკლასელთათვის. 

როგორი სკოლა გვჭირდება დღეს?

ამ კითხვაზე სულმნათი ილია ჭავჭავაძის პასუხი ასეთია: “იგი სკოლაა ერისა, საცა ერის გონებამ და გრძნობამ ფეხი უნდა აიდგას”.

დღეს კი განათლების სფეროს მესვეურნი თავიანთი ექსპერიმენტებითა და პირადი შეხედულებებით ისეთ აბსურდულ იდეებსა და აზრებს აფრქვევენ (ამჯერად არც ჯეჯელავასა და არც მისი “მემკვიდრეების” შეხედულებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რადგან ეს დიდი პატივი იქნება მათთვის, თანაც თავის დროზე ამ საკითხზე საკმარისად ითქვა), რომ თავიანთი სისულელეებით საზოგადოების განცვიფრებასა და გაღიმებას ნამდვილად ახერხებენ, თუმცა სატირალია ეს ყველაფერი.

თანამედროვე ეროვნული სკოლის მიზნებსა და ამოცანებზე მსჯელობისას, ურიგო არ იქნება, თუ ისევ და ისევ დიდ ილიას მივუგდებთ ყურს და დავუჯერებთ, რადგან, როგორც ილია ამბობს, “თუ წვრთნა გინდა ბავშვისა, იგი შენ უნდა ჩაისო გულში და იმან შენ. ბევრში ეგ, ჩემის ფიქრით, შეუძლებელია, უმაგისოდ კი შესაძლოა _ სწავლა, ცოდნა მისცე და ადამიანობა კი არასდროს”.

ადამიანობა _ აი ის, რასაც დღეს განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი, რადგან სწორედ ადამიანობის, სინდისის დაკარგვამ დაავიწყა ბევრს “სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი”, საკუთარი ფესვების დაფასება და იმაზე ფიქრი, თუ როგორ, რა ღირებულებებზე უნდა გაიზრდოს საქართველოში მომავალი თაობები.

აი ეს არის საკითხავი!

მკითხველს ვთავაზობთ განათლების საკითხებზე ილიას ფრაზებს, რომლებიც ამოკრებილია სხვადასხვა დროს პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილი მისი წერილებიდან თუ მხატვრული ნაწარმოებებიდან.

* “ოცს საუკუნეზე მეტია, რაც ჩვენი ხალხი ისტორიულს ასპარეზზედ გამოსულა. ამ ხანგრძლივ დროთა მიმავლობაში, ჩვენს ხალხს ერთს ხელში თოფი და ხმალი სჭერია და მეორეში გუთანი და ამ ყოფით და ვაი-ვაგლახით გაუტარებია ეს აუარებელი დრო. თუ შიგა-და-შიგ, ჭრელად, რამდენიმე წელიწადი მოსვენება შეხვედრია, მაშინვე ის მოსვენების დრო შეუწირავს სწავლისა და განათლებისათვის. დავით აღმაშენებლისა და თამარ დედოფლის მეფობა ამ შემთხვევაში მეტად სანუგეშო მაგალითებს წარმოგვიდგენს. საქართველო ახლა ცოტად თუ ბევრად დამშვიდდა, მაგრამ ამ დამშვიდებას არ მოჰყვა ის ნაყოფი სწავლისა და განათლებისა, რომელიც უნდა მოჰყოლოდა” (“საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის”. 1877 წ. 10 ნოემბერი).

* “თუ უწინ დღე ჩვენი ღამდებოდა და ღამე თენდებოდა მარტო იმის მეცადინეობაში, რომ მტერი მოგვეგერებინა, თუ უწინ ამის გამო სწავლისათვის მოცდა არა გვქონია, ეხლა ხომ უნდა გვქონოდა. ეხლა ხომ ეს მიზეზი არ გვიშლიდა და რატომ მოხდა, რომ სწავლის და განათლების ნაკლებულობაზედ ასეთი სამართლიანი სამდურავი მიგვიძღვის?” (“საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის”. 1877 წ. 10 ნოემბერი).

* “ვინც იცის, რა ძლიერი ფარ-ხმალია ცოდნა და განათლება, რა დიდი ღონეა ერის ბედნიერებისათვის საერთოდ და ცალკე კაცისათვის საკუთრივ ჭკუა-გახსნილი მოქმედება და ცნობიერად ხელის მოკიდება და გაძღოლა საქმისა, საქვეყნო იქნება, თუ საცალკეო, _ ის, რასაკვირველია, არ იკმარებს მაგ დღევანდელს სურვილს: მეტს ინდომებს, მეტს ინატრებს, და აქ გაუმაძღრობა, მეტის ნდომა _ სათაკილო კი არ არის, საქებურია და თავ-მოსაწონებელი. პატარა ბავშვიც კი, რომელსაც თავისის ასაკის შესაფერი ცოდნა აქვს, ძლიერია უცოდინარს გოლიათზედა და უფრო შემძლებელი ამ წუთის-სოფლის მოედანზედ, საცა დღეს იგი იმარჯვებს _ ვინც მცოდინარეა, იგი ჰთამამობს _ ვისაც ხელთ უპყრია ის უძლეველი იარაღი, რომელსაც ცოდნას ეძახიან” (“ქართველი სტუდენტობა რუსეთში”. 1886 წ. 4 თებერვალი).

* “მას აქეთ, რაც ქვეყნისათვის ჯვარცმულმა ღმერთმა ბრძანა: “მოდით, მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და განგისვენებთ თქვენ”, _ არა-რას ქვეყნიერობაზედ ისე სამართლიანად არ შეუძლიან თავის დროშაზედ დააწეროს ეს ნუგეშმცემელნი სიტყვანი, თუ არ იმ სალაროს ცოდნისას და სწავლისას, რომელსაც მეცნიერებას ეძახიან და რომელმაც ნადირკაცი ღვთის ხატად და მსგავსებად გარდაქმნა” (“ქართველი სტუდენტობა რუსეთში” 1886 წ. 4 თებერვალი).

* “სწავლა-განათლება საჭიროა ყველასათვის და ამ საჭიროებას თავად-აზნაურობა უფრო უნდა დიდის ტკივილითა ჰგრძნობდეს, ვიდრე სხვა ვინმე, იმიტომ _ რომ ამისი გემო თავად-აზნაურობას ყველაზედ უწინა აქვს გაგებული. რას ვხედავთ აქ? არც ერთი წოდება ჩვენში ისე გულგრილად არ ეკიდება ამ საქმეს, როგორც თავად-აზნაურობა. აქაო და მთავრობას სკოლები და სასწავლებელი აქვსო სხვათა შორის ჩვენთვისაცაო და იმას კი აღარა ჰფიქრობენ, რომ მთავრობა ვერ გასწვდება, ძალიანაც მოწადინებული რომ იყოს, მთელ იმ სიდიდე საჭიროებას, როგორც ქვეყნის სწავლა-განათლებაა. აქ უეჭველად თვითონ ერის, საზოგადოების თაოსნობა და შველაც უნდა. ეს იგრძნო ჩვენში თითქმის ყველა ცალკე წოდებამა. მოქალაქეებმა თავისი სკოლები აიჩინეს, გლეხობამ თავისი, სამღვდელოებამ თავისი და მარტო თავად-აზნაურობა დარჩა წრეს გარეთ და სხვის იმედზედ” (“თავად-აზნაურობის გულგრილობა სწავლა-განათლების საქმეში”, 1886 წ. 8 აპრილი).

* “ამბობენ, ღარიბნი ვართო და წელი არ მოგვდევს, სწავლა-განათლებისათვის გამოვიღოთ რამეო. ჯერ ამას ვიტყვით, რომ ღარიბნი თუ ვართ, სწავლა-განათლების უქონლობის მიზეზია. სწავლა-განათლება თითონ არის სათავე სიმდიდრისა, მაშასადამე, აქ არაფრის დაზოგვა არ უნდა, რომ ამ სათავიდან სიმდიდრის წყარო მოვადინოთ. მერე ერთი ეს ვიკითხოთ: მართლა ისეთნი ღარიბნი არიან, რომ ამაზედ შესდგეს ჩვენი ლარი და ხაზი? გლეხები კი მდიდრები არიან რომ თავის სკოლებს თავისის საკუთარი ჯიბით უძღვებიან? ვთქვათ, აქაც სიტყვას შემოგვიბრუნებენ და გვეტყვიან: გლეხები ბევრნი არიან, იმათ სკოლებსაც ბევრი ხარჯი არა აქვთ და მსუბუქად უძღვებიანო. ჩვენს სამღვდელობაზე რაღას იტყვით, რომ მარტო ტფილისის გუბერნიაში შვიდს სასწავლებელს ინახავენ თავისის საკუთარის ხარჯით თავისი საკუთარი შვილებისათვის? ნუთუ ჩვენი თავად-აზნაურობა ჩვენს სამღვდელოებაზედ უფრო ღარიბი და შეუძლებელია? თავის დღეში ამას არ დავიჯერებთ და, მაშასადამე, სიღარიბის ხელზედ დახვევა სხვა არა არის-რა, რომ მიზეზს _ დოს მარილი აკლიაო” (“თავად-აზნაურობის გულგრილობა სწავლა-განათლების საქმეში”. 1886 წ. 8 აპრილი).

* “მიზეზი ძლევამოსილებისა იგივ სკოლის მასწავლებელია, იგივ სწავლა და განათლებაა” (“სატექნიკო და სახელოსნი სასწავლებელთა შესახებ”. 1889 წ. 25 ნოემბერი).

 * “ნურვინ იტყვის, რომ ამა თუ იმ ერსა ვაჭრობისა და მრეწველობის ნიჭი და ბუნება არა აქვსო. ამ ოცისა და ოც-და-ათის წლის წინედ გერმანიის ვაჭრობა და მრეწველობა თითქმის სახსენებელიც არ იყო. გავიდა ეს ხანი და დღეს გერმანიამ, ვხედავთ, მსოფლიო ბაზარში იმოდენა ადგილი დაიჭირა, რომ ინგლისსაც კი საფიქრებლად გაუხადა. ინგლისსაც, რომელსაც მსოფლიო ბაზარი თითქმის მთლად ხელთ ეპყრა უცილობლად. რამ მოახდინა ეს სასწაული? სასპეციალო და სატექნიკო სწავლა-ცოდნის მოფენამ და წარმატებამ. სჩანს, აქ ნიჭი ბევრს არაფერს შუაშია, საქმე სწავლა-ცოდნა ყოფილა. ან ვაჭრობა და მრეწველობა რა იმისთანა საქმეა, რომ განსაკუთრებული ნიჭი რამ უნდოდეს? ყოველ ორთა-შუა კაცს საკმაო ჭკუა და გონება აქვს, რომ ვაჭრობისა და მრეწველობის საქმეს მისწვდეს, თუ, რასაკვირველია, ამაების სწავლა-ცოდნაც ხელთ ექმნება. ხოლო გვეტყვიან: თუ ეგრეა და განსაკუთრებული ნიჭი არ სდომებია, ბევრნი უცოდინარნი და უსწავლელნი წინ რას მიჰყავს ვაჭრობასა და მრეწველობაში, თუ არ ნიჭსა? მართალია, ამის აშკარა მაგალითებს ბევრს ვხედავთ, ნამეტნავად ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში, და ამას არა ერთი და ორი იხვევს ხელზე იმის საბუთად, ვითომც აქ ერთი რაღაც განსაკუთრებული ნიჭიერება მოქმედებდეს იმ მოდგმისა, რომელსაც ჩვენში უფროსერთი ვაჭრები ეკუთვნიან. ამ სამოცისა თუ მეტის წლის წინად გერმანიის ებრაელნიც სწორედ ამასვე ამბობდნენ თავიანთ თავზე და აფოლებდნენ გერმანიას. დრომ და ჟამმა დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის და გერმანელმა ცოტა არ იყოს ფრთა შეაკვეცა ამ ტყუილად გაბერილს თავმოწონებას” (“სატექნიკო და სახელოსნი სასწავლებელთა შესახებ”. 1889 წ. 25 ნოემბერი).

 * “ამისთანა უნარი, რომლის ღონე მარტო სხვის უღონობაა, დიდი ბურჯი არ არის, რომ ამაზე დაებჯინოს იმედი რომელისამე ერის მერმისისა. ამით დაე თავი მოიწონონ და ქადილით ყური გამოგვიყრუონ იმათ, ვისაც ამისი ხალისი აქვს და ვისაც ამისთანა ფუყი უნარი დიდი განძი ჰგონია. ხოლო ჩვენ კი ჩვენი უღონობა უნდა გავითვალისწინოთ და სახსარს ჩვენის გაღონიერებისას ხელი მოვკიდოთ”. “საქმე ის არის, ის აზრი გამოინასკვოს ჩვენში, რომ სახელოსნო და სასპეციალოსატექნიკო სკოლები აუცილებელი საჭიროებაა და ცხოველმყოფელი სახსარია ჩვენის წასული საქმის ხელ-ახლად გამობრუნებისათვის და ჩვენის ღონე-მილეულ ქვეყნის გაღონიერებისათვის” (“სატექნიკო და სახელოსნი სასწავლებელთა შესახებ”. 1889 წ. 25 ნოემბერი).

* “ჩვენი სამშობლო ქვეყანა ყველა სხვა ქვეყანაზედ ჩვენთვის უფრო საფიქრებელი და საზრუნველია. აქ არავისის ძრახვას და საყვედურს არ ვერიდები. ჩემი მრწამსი ეს არის. ადამიანი ასეა გაჩენილი: თავისიანს უფრო ჰრჩეობს, ვიდრე სხვას. თქვენ ჩემზედ უკეთ მოგეხსენებათ, _ რა ხართ თქვენ, უმაღლესის სწავლისათვის გადახვეწილნი ქართველნი, ჩვენის შავბედიანის ქვეყნისათვის: მთელი სასოება ჩვენის ქვეყნისა თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენი ხვალე, ჩვენი მერმისი თქვენა ხართ. თქვენ რომ თქვენის პირდაპირი საქმე არ შეგესრულებინოთ და ამის გამო შესაფერისის სწავლა-ცოდნით და განათლებით არ მოუხვიდეთ თქვენს ქვეყანას, ვისისაღა იმედზედ დარჩეს? აშკარაა იგი რაც თქვენს პატიოსანს გულს მოუწადინებია, არ მოეწონება, ვისაც ჯერ არს და ვაი თუ გეზიანოთ რამე. თქვენი ზიანი, თქვენი შეფერხება, ჩვენი ქვეყნის ზიანი და შეფერხებაა” (“წერილი პეტერბურგის ქართველ სტუდენტებისადმი”. 1897 წ. აპრილი).

* “სასწავლებლად წასულხართ, ისწავლეთ, ცოდნა შეიძინეთ, ჯერ ხანად ნურც იქით გადიხედავთ, ნურც აქეთ, მარტო სწავლა-ცოდნას შეალიეთ თქვენი დღენი და ამ ორის უუძლიერესის ფარ-ხმლით მოდით და დაეპატრონეთ თქვენდა მოსავს ქვეყანასა, რომელსაც ჯერ სხვა სავედრებელი თქვენს წინაშე არა აქვს-რა და რომელიც ამ გზით მოელის თქვენგან ხსნასა და ბედნიერებას” (“წერილი პეტერბურგის ქართველ სტუდენტებისადმი”. 1897 წ. აპრილი).

* “იქნება დამძრახოთ და მაინც კი ვიტყვი, რომ იქ, საცა ერთი მხრით სამშობლო და მეორე მხრით სხვაა, სხვას მარტო ნამეტანობისაგან უნდა მიეცეს. ნამეტანობაზე, ჩვენდა საუბედუროდ, ჯერ შორსა ვართ, და რაც ჩვენთვის საკმარო არ არის და თვით ჩვენ გვჭირია, იგი მარტო ჩვენს სამშობლოს უნდა გამოვუზოგოთ და შევწიროთ. აქ დიდად მოსარიდებელია მცირეოდენი განსაცდელიც-კი, რაც თქვენს სწავლა-ცოდნის წყურვილს წყაროს დაუშრობს” (“წერილი პეტერბურგის ქართველ სტუდენტებისადმი”. 1897 წ. აპრილი).

* “თუ აქ ჩემი წინასწარხედვა განსაცდელისა ცდომაა, ისევ სჯობია კაცი განსაცდელის ხედვაში შესცდეს, ოღონდ მოერიდოს-კი, იმიტომ რომ თვალწინ მიდგა ჩვენი საწყალი ქვეყანა, უკაცურობით ღონემიხდილი და ჯანგამოცლილი” (“წერილი პეტერბურგის ქართველ სტუდენტებისადმი”. 1897 წ. აპრილი).

“განათლება პატიოსანს კაცს “სილბოს აძლევს ნაქსოვისას”, როცა სხვას უნდა “გული მისცეს გულისათვის” და საშველად ხელი მიაწოდოს და “სიმტკიცეს ნაჭედისას”, როცა თავისს საკუთარს ვინაობას ჰპატრონობს. იქ “სილბო” ღირსებაა, აქ კი _ ლაჩრობა, იქ “სიმტკიცე ნაჭედისა” გულქვაობაა, აქ კი _ ღირსება” (“ქვათა ღაღადი”. 1899 წ.).

* “სწავლა, ცოდნა და მეცნიერება _ აი წამწყმედელი ყოველის უთანხმოებისა, დამადგინებელი ყოველის ერთობისა, ამამაღლებელი ადამიანისა! აი ჭირთა ამხდელი სახსარი, კეთილდღეობის მომფენი ღონისძიება” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. იანვარი).

* “სწავლა, ცოდნა, მეცნიერება _ ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვერ უდგება: ვერც მუშტი, ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმრავლე. ცოდნა უძლეველი ფარია არსებობისათვის, ბასრი ხმალი მოგერიებისათვის. თუ მაგაში ფეხი გავიდგით, თუ მაგაში წინ წავდექით, ჩვენი ეხლა დაუძლურებული ღონე ამოხეთქს მაგარ ფესვებს. ტყუილად კი არ ანაცვალეს ცნობადის ხეს თითონ სამოთხეც კი პირველ კაცთა, ადამმა და ევამ. იგი ის ხეა, რომელსაც გამოაქვს მშვენიერი ნაყოფი თვითოეულისათვის ცალკე და ხალხისათვის საერთოდ; ეგ ის ხეა, საიდამაც ეჩოს ტარიც გაითლება და ხერხისაც; ეგ ის ხეა, რომელიც ყველას იწვევს ერთნაირის გულის-ტკივილითა და ეუბნება: “მოდით, მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე განგისვენებთ თქვენ”; ეგ ის ხეა, რომელ-ქვეშაც ჩვენ უნდა დავდგათ ოქროს აკვანი ჩვენის ერთობისა” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. იანვარი).

* “ხალხის სწავლების და განათლების საქმე ჩვენში ამ უკანასკნელ დრომდე იმაზედ იყო მიმდგარი, რომ მთავრობა მარტო საშუალო სასწავლებელთათვის ზრუნავდა მხოლოდ და მარტო მათს, ასე თუ ისე, გავრცელებას ცდილობდა. საშუალო სასწავლებელნი მარტო შემძლებელთათვის არის მისაღწევი, ესე იგი _ თავადაზნაურობისათვის და მოქალაქობისათვის. ამის გამო მთავრობის მზრუნველობა განათლების შესახებ დღეს-აქამომდე მარტო წოდებათა განათლების მზრუნველობას მოასწავებდა და სხვას არაფერს. სხვა დანარჩენი, ფრიად დიდძალი ხალხი კი, რომელიც ქვეყნის ჭეშმარიტს ღონეს შეადგენს, ამ მზრუნველობიდამ გამოკლებული იყო. მარტო ამ უკანასკნელ დროს _ ყველამ, თუ არა სცნა, ცნობილი მაინც აღიარა, რომ ესეთი განსაკუთრებული მზრუნველობა მარტო ერთის წოდებისათვის დიდი შეცდომაა წინაშე საერთოდ ხალხის განათლების მოთხოვნილებისა; რომ სწავლა და განათლება უფესვოა იქ, საცა უდიდესი ნაწილი ხალხისა კარდახშულია, მოკლებულია სწავლის სახსარსა. 87 ამიტომაც, დიდი თუ პატარა, ყველა მოიმართა ამ ბოლო დროს იმაზედ, რომ სახალხო შკოლები დაიმართოს” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. იანვარი).

* “ჩვენდა სანუგეშოდ, იმას შევნიშნავთ, რომ სწავლის გავრცელების და სახსრების მოპოვებისათვის თითონ ჩვენმა დაბალმა ხალხმა დიდი თვითმოქმედება გამოიჩინა და არც უმაღლესი საზოგადოება დარჩა უგულმოდგინოდ” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. იანვარი).

* “ღმერთმა გვიხსნას ჩვენც და ისინიც იმისთანა შკოლებისაგან, რომელიც განათლებისა და სწავლის მოფენის გარდა, სხვა რასმე დაუნიშნავენ მისაღწევად და ამ აკვანს ადამიანის გონების და ზნეობის აღზრდისას წაბილწვენ სხვადასხვა ბიწიერ მოსაზრებით. შორს ჩვენგან ამისთანა შკოლები! შორს ჩვენგან იმისთანა ტაშკენტელნი, რომელნიც არცხვენენ თავის ხალხს სხვის თვალში, და საცა მოქმედობენ _ მარტო მტერს უჩენენ თავის ქვეყანას და თავის ერს” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. იანვარი).

* “საჭიროა სახალხო შკოლების დირექტორებად მოწვეულ იყვნენ უსათუოდ ქართულის ენის მცოდნენი, საჭიროა საყოველთაოდ ჩვენთვის, და ახლად შემოერთებულ საქართველოსათვის ხომ აუცილებელია და აუცილებელი” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. იანვარი).

* “არ უნდა დაივიწყონ, რომ პირველდაწყებითს სახალხო შკოლას მარტო ერთი წადილი უნდა ჰქონდეს, მარტო ერთი საგანი: მოზარდს თაობას მიანიჭოს ცოდნა იმ პატარა საწყაოთი, რომლის აუვსებლადაც შემდეგი განათლება და განვითარება შეუძლებელია. აი ამაშია სული და გული პირველდაწყებითის შკოლისა. “ამ გზაზედ მას შეუძლიანო, _ ამბობს ერთი მწერალი, _ ყოველმხრივი განვითარება მისცეს მოზარდსაო, შეუძლიან გაუმაგროს, გაუღონიეროს და გაუხსნას სულიერი და ხორციელი ძალნი მოზარდსაო. თუ ეს ჩემი ნათქვამი მეტად აზვიადებს პირველდაწყებითის შკოლის მნიშვნელობასა და მეტის-მეტად ეჩვენება ვისმეო, მე იმათ აი რასა ვკითხავო: იცით თუ არაო, რა არის ყრმისათვის, რომ რამდენიმე წელიწადი ზნეობით და გონებით განვითარებულ კაცის ხელში იყოს? იცით, რა არის, რომ რამდენიმე წელიწადს გაუწყვეტლად ყრმა ემორჩილებოდეს გონიერს დისციპლინას შკოლისას, საცა გონივრულად დადგენილ წესსა და რიგსა წარბშეუხრელად და გულის-ტკივილითაც მუდამ უნდა ამოქმედებდეს შკოლის ოსტატიო? ცხადი არ არის აქედამაო, მით რომ ყრმა შკოლაშია, მით რომ მოზარდი ნერგი მუდამ თვალქვეშა ჰყავს გულშემატკივარს, განვითარებულს, ზნეობიანს ოსტატს და მის წინ როგორც კოკორი იშლება, სულიერად და ხორციელად დღე-და-დღე იმართება, _ ნუთუ ცხადი არ არისო, რომ ამით ყრმას ენერგება გულში პატივისცემა სხვისა და საკუთარის თავისა, პატივისცემა კანონიერობისა და სიმართლისა, გრძნობა ადამიანის ღირსებისა, მართებულობისა, რიგიანობისა, პატივისცემა სხვის საკუთრებისა, სიყვარული, ხალისი შრომისა, გაფრთხილებისა, ზოგვისა, სიყვარული ოჯახისა, თვისტომისა, ქვეყნისა” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. იანვარი).

* “პირველდაწყებითს შკოლაშიაც კი შესაძლოა იხეიროს ყოველ იმ მოზარდმა ნერგმა კაცის ბუნებისამ, რომელიც ერთად გამოიტანს ხოლმე ნაყოფს კაიკაცობისას, ადამიანობისას. ამ წრის გარეთ შკოლას საერთოდ და სახალხოს საკუთრივ საქმე არა აქვს, და თუ ვინმე ზახაროვისა და კუვშინსკისთანა შკოლას ზურგზედ სხვას რასმე აჰკიდებს, იმას არა სწამს შკოლის უწმინდაესი მადლი, ის უარ-ჰყოფს მის სანატრელს მნიშვნელობას, ის წმინდა საგანს _ შკოლას _ სახედრადა ხდის და ზედ ჰკიდებს თავის დახშულის გულის ღვარძლსა და ნაგავსა” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. იანვარი).

* “მადლობა ღმერთს, ეს შკოლის მნიშვნელობის წაბილწების და წარყვნის შიში ჩვენში ეხლა არამც თუ შეფერხდა, არამედ სანუგეშო იმედად შეიცვალა” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. იანვარი).

“საერო სკოლა, საზოგადოდ, სკოლაა ერისა, ესე იგი იმ უმრავლეობისა, რომელსაც არც დრო აქვს, არც მოცალეობა, არც შეძლება უმაღლესის სწავლის შეძენისათვის. ჩვენდა სამწუხაროდ ამასაც ვიტყვით, რომ არც დიდი საჭიროება მიუძღვის, ჯერ ხანად მაინც, რადგანაც სხვადასხვა ხელმოკლეობის გამო შინიდამ გარეთ ფეხის გამოდგმის ილაჯს მოწყვეტილია” (“ბ-ნი იანოვსკის წერილისა გამო”. 1881 წ.).

* “საერო სკოლა ერის შინაური სკოლაა, ის მოედანია, საცა ერის გონებამ და გრძნობამ პირველ ფეხი უნდა აიდგას, ის გამზრდელია ერისა, რომელმაც უნდა აძლიოს ერს საზრდოებელი სულისა და ხორცისა იმ პატარა საწყაოთი, რომელიც ზედ-გამოჭრილია უმეტნაკლოდ ერის მოკლედ შემოხაზულ შინაურს ყოფა-ცხოვრებაზედ, მის სულიერ და ხორციელ მოთხოვნილობაზედ” (“ბ-ნი იანოვსკის წერილისა გამო”. 1881 წ.).

* “საერო სკოლის უმთავრესი საგანი და საქმე საზოგადოდ ის არის, რომ ერის მოზარდს თაობას აუხილოს გონების თვალი, გაუჩარხოს გულის-ყური, გაუწურთნოს და კეთილად მოუმართოს გრძნობა, შეაჩვიოს მოზარდის ჭკუა-გონება მართლმსჯელობასა და თვითმსჯელობასა” (“ბ-ნი იანოვსკის წერილისა გამო”. 1881 წ.).

* “საერო სკოლამ უნდა მოუმზადოს ერს გონებით და გულით გაღვიძებული კაცი იმოდენად, რომ იგი საკუთარის ჭკუით და გულით გაუჭირვებლივ გაუძღვეს იმ სულიერს და ხორციელს პატარა მოედანს, საცა ერის უმრავლესობა სულს იბრუნებს, სულითა და ხორცით იღწვის და მოქმედებს” (“ბ-ნი იანოვსკის წერილისა გამო”. 1881 წ.).

* “მეორე აუცილებელი ღონე და საგანი საერო სკოლისა ადგილობრივი, ერობრივი ელემენტი არის, ესე იგი _ ის ბუნება, ის ერი, ის ყოფა-ცხოვრება, რომელიც გარს არტყვია მოზარდს და რომელთ შორისაც ბავში ტრიალებს და სცხოვრობს სულითა და ხორცითა დაბადების დღიდამვე. მაშასადამე, ყოველ ამის შესწავლა და ცოდნა არის მეორე განსაკუთრებული საგანი საერო სკოლისა. ამას არაფერი არ უნდა დააკლოს საერო სკოლამ და გადამეტება ხომ ძნელია და ძნელი” (“ბ-ნი იანოვსკის წერილისა გამო”. 1881 წ.).

* “საერო სკოლა, როგორც პირველ-დაწყებითი სკოლა ერისა, სხვა არა უნდა იყოს-რა, გარდა დედა-ენისა და სამშობლო ქვეყნის მასწავლებელ სკოლისა, იმისდა მიუხედავად _ განგრძობილი იქნება მას შემდეგაც სწავლა, თუ არა. ამ სკოლას თავისი საკუთარი მოედანი აქვს, რომლის თავი და ბოლო იქავე, სკოლაშია. მართალია, პატარა მოედანია, მაგრამ ყოველი ჰხედავს, რა მძიმე და რა ძნელი გასავლელია. ნურავის ნუ ჰგონია, საერო სკოლის საკუთარი ტვირთი ისე მსუბუქი იყოს, რომ განიზრახოს სხვა საპალნეც აჰკიდოს რამე” (“ბ-ნი იანოვსკის წერილისა გამო”. 1881 წ.).

“სკოლამ უნდა მოჰფინოს ხალხს განათლება; განათლებამ უნდა განფანტოს მისი გონებითი სიბნელე, განათლებამ უნდა მისცეს მას ძალა ცხოვრებაში საბრძოლველად” (“ჩვენი ხალხი და განათლება”. 1886 წ. 2 მაისი).

“აქედამ აშკარაა, რას უნდა ეტანებოდეს ჩვენი ქართველობა, თუ სურს, რომ ჯანი მიეცეს მის სულსა და ხორცს ცხოვრების მოედანზედ საჭიდაოდ და გასამარჯვებლად. იგი უნდა ეტანებოდეს სკოლებს, სასწავლებლებს, ამ სწავლა-ცოდნის მომფენელთ და მომავლინებელთ. მაგრამ, აბა ერთი უყურეთ, ან ამ მხრივ რა ყოფაში ვართ. აქაც, ჩვენდა საუბედუროთ, სხვებზედ უკანა ვართ დარჩენილნი” (“ისევ განათლების საკითხებზე”. 1889 წ. 26 ოქტომბერი).

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here