რისკის ფაქტორი

    რისკის ფაქტორი

    კავკასიაში მიმდინარე ურთულესი პროცესების ანალიზი იოლი არ არის. აქ იმდენი ფაქტორი იყრის თავს და იმდენი კომპონენტი შემოდის, რომ დაძაბულობის გამომწვევი ერთმნიშვნელოვანი მიზეზის დადგენა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე ძირითადი მომენტის გათვალისწინების გარეშე საკითხი მუდმივად გაგვისხლტება ხელიდან. ეს მომენტებია:

    * რეგიონის გეოპოლიტიკური მდებარეობა;
    * გარეშე ფაქტორები და პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესები;
    * მსოფლიოში შექმნილი ვითარება (არსებული მსოფლიო წესრიგის რღვევა და ახლის ინტენსიური ძიების პროცესი).

    კავკასია, რომელიც ევროპისა და აზიის კონტინენტებს (აგრეთვე, შავი და კასპიის ზღვებს) შორის მდებარეობს, სტრატეგიული თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი რეგიონია. იგი ყოველთვის იპყრობდა ზესახელმწიფოთა ყურადღებას. დღესაც სწორედ ამ რეგიონში იკვეთება დაპირისპირება რუსეთის, თურქეთისა და ირანის ინტერესებს შორის. დაძაბულობაა თვით რეგიონის შიგნით: ერთი მხრივ, მთიანი ყარაბაღის პრობლემა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის; მეორე მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა საქართველოში; მესამე მხრივ, კავკასიის ორგანული ნაწილის (იმიერკავკასიის) ყოფნა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, რაც ძაბავს კავკასიის, როგორც რეგიონის გეოპოლიტიკური კუთვნილების, საკითხს. აქვე უნდა ვახსენოთ უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ რეგიონი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულითა და ენერგომატარებლებით, მდიდარია ისტორიული და კულტურული ძეგლებით და გააჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი.

    გეოპოლიტიკური ვითარება

    რუსეთის გავლენა:

    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამიერკავკასიაში რუსეთის გავლენა შემცირდა. ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები თავისუფალ (გაეროს წევრ) სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას შეუდგნენ. მიუხედავად ამისა, რუსეთის გავლენა ამიერკავკასიის სახელმწიფოებზე ძალიან დიდი და უაღრესად მნიშვნელოვანია. რუსეთის სამხედრო ბაზა დღემდე ფუნქციონირებს სომხეთში. რუსეთის სამხედრო ბაზები დე ფაქტო ფუნქციონირებენ საქართველოსგან განდგომილ და რუსეთის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც. კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები, ვაჭრობა, ენერგომატარებლებით მომარაგება და სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტებით რუსეთის როლი და გავლენა ამიერკავკასიის ქვეყნებზე უდიდესია.

    თურქეთის გავლენა:

    თურქეთი, თავის მხრივ, დაინტერესებულია და მეტ-ნაკლებად ცდილობს კიდეც საკუთარი გავლენის გაზრდა-გაფართოებას სამხრეთ კავკასიაში. პირველ რიგში, იგი მუშაობს აზერბაიჯანთან. „ერთი ხალხი, ორი სახელმწიფო” – ასე წარმოადგენენ ისინი საკუთარ თავს. სადაც ერთი ხალხი და ორი სახელმწიფოა, იქ ყოველთვის იჩენს თავს ერთიანობისა და გაერთიანებისკენ მიდრეკილება, აქედან გამომდინარე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური შედეგებით. თურქეთი და საქართველო, რა თქმა უნდა, ერთი ხალხი არ არის და არც შეიძლება იყოს, პირიქით – ეს ისტორიულად დაპირისპირებული ხალხებია, მაგრამ ფიზიკური სიახლოვისა და საერთო საზღვრის არსებობა განაპირობებს ურთიერთგავლენას პოლიტიკურს, ეკონომიკურს, სავაჭროს, კულტურულს, ჰუმანიტარულს. თურქეთი, როგორც უზარმაზარი სახელმწიფო, გაცილებით მძლავრი ეკონომიკითა და ინფრასტრუქტურით, რა თქმა უნდა, გავლენის მეტ ბერკეტებს ფლობს, ვიდრე სუსტი და პატარა საქართველო. საქართველოში შემოსულია ძალიან დიდი რაოდენობა ეთნიკური თურქებისა მძლავრი ბიზნესპოტენციალით, თანხებით, ქონებით, ბინადრობის უფლებით, მიწის ნაკვეთებით, საცხოვრებელი ფართობით და ა.შ. საიდუმლოს არ წარმოადგენს ე.წ. დიდი თურქეთის იდეა, რომელიც ხან ფარულად, ხან ღიად ცოცხლობს, მოქმედებს და მიზნის რეალიზების მიმართულებით მიისწრაფვის. თურქეთისთვის ყველაზე განსმდგომი სომხეთიც კი ამ საქმეში ჩათრეული ჰყავთ სხვადასხვა ძაფით. ერთ-ერთი ასეთი ძაფია ე.წ. ზანგეზურის დერეფანი, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიები. ამ დერეფნის ერთი ნაწილი ხვდება სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელს მოკლებული და ჩიხში მყოფი ქვეყნისთვის მიმზიდველი იდეაა, რადგან სარფიანია. გარდა ამისა, აქ არის მიწისქვეშა დინებებიც. სომხეთში დასავლეთმა უკვე გააღვივა ანტირუსული (ზოგიერთ შემთხვევაში, რუსოფობიური) განწყობილებები, ანუ რეგიონში შემოდის დასავლეთის ინტერესებიც.

    დასავლეთის გავლენა:

    დასავლეთის გავლენას ამიერკავკასიის რესპუბლიკებზე დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებამდე არსებობდა. საბჭოთა პერიოდში ამ გავლენამ სპეციფიკური ხასიათი მიიღო. დასავლურმა პროპაგანდამ შეძლო საბჭოთა რესპუბლიკებში კარჩაკეტილობის, დათრგუნვილობისა და თავისუფლებადაკარგულობის განწყობის შემოტანა, ხოლო თვითონ დასავლეთის წარმოჩენა საპირისპირო თვისებებით. დასავლეთის ამგვარმა გავლენამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ იჩინა თავი და სულ რაღაც ოცდაათ წელიწადში სახელმწიფოც და სოციალისტური სისტემაც კრახამდე მიიყვანა. ის, რაც საბჭოთა პერიოდში ანტისაბჭოური იყო, კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთის მეცადინეობით ანტირუსულ ფაქტორად ჩამოყალიბდა. ასეთი განწყობილება მეტ-ნაკლებად ყველა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში გავრცელდა. პარალელურად დასავლეთმა ამ რესპუბლიკებში გაავრცელა ნატოსა და ევროკავშირის წევრობის, როგორც რუსეთის გავლენის, ალტერნატიული იდეა და პროპაგანდისტულ ფალას-ფულასში გაახვია, „სანატრელი მომავლის” სახე მისცა. ეს სატყუარა დღემდე მოქმედებს. აშშ-ში ახლა უკვე აკრძალული „იუსაიდის” მსგავსი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, პოლიტიკური ორგანიზაციებისა და დასავლური სპეცსამსახურების მუშაობის შედეგად, ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, ამიერკავკასიის სახელმწიფოებიც გავსებულია დასავლეთის აგენტებითა და პროპაგანდისტებით, რომლებიც ცდილობენ, ადამიანებს თავ-გზა აუბნიონ და ხშირად უბნევენ კიდეც.

    ირანის გავლენა და ინტერესები:

    ირანი, როგორც დასავლური სანქციებით დამძიმებული დიდი სახელმწიფო, რომელიც მუდმივი თავდასხმის ობიექტია, ბუნებრივია, გამოსავალს ეძებს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად მეზობელ სახელმწიფოებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების სურვილშიც გამოიხატება. იგი რეგიონული მასშტაბის სერიოზული მოთამაშეა, რასაც მისი სრულიად განსხვავებული ინტერესები შემოაქვს. ირანი კასპიისპირა სახელმწიფოა, რომელიც ენერგომატარებლების უმდიდრეს მარაგს ფლობს, რომლის გამოც ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მიმზიდველი პარტნიორია.

    გასათვალისწინებელია ერთი სერიოზული ფაქტორიც: თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, მაგრამ მისი ინტერესები რეგიონში ხშირად არ ემთხვევა დასავლეთის ინტერესებს. მაგალითად, თურქეთი დაპირისპირებულია ისრაელთან, რომელიც აშშ-ის უპირველესი პარტნიორია მთელ ახლო აღმოსავლეთში. იგივე თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ ირანის პარტნიორს ვერ ვუწოდებთ, მრავალი ძაფითა და ინტერესით არის დაკავშირებული ამ ქვეყანასთან, რომელიც აშშ-ის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეა ახლო აღმოსავლეთში.

    ამგვარ აბურდულ ვითარებაში, როდესაც ამიერკავკასიაში მრავალი ურთიერთგამომრიცხავი ინტერესი იკვეთება, რომლებსაც რეგიონის სახელმწიფოთა შორის არსებული წინააღმდეგობები და დაპირისპირებები ართულებს, ვერც ერთი პოლიტიკოსი თუ ანალიტიკოსი ვერ მისცემს თავს უფლებას, ერთმნიშვნელოვანი პროგნოზი გააკეთოს, როგორ და რა სცენარით განვითარდება მოვლენები.

    და მაინც… უნდა დავფიქრდეთ, არის თუ არა რამე ისეთი, რაც გადაჭრით შეიძლება ითქვას? ვფიქრობ, კი. პირველ რიგში, ეს არის ის, რომ ამიერკავკასიაში დაწყებული პროცესები რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს არის დასავლეთის ბრძოლა კავკასიიდან რუსეთის გასაძევებლად. შესაძლებელია, ამის უკან მოხერხებულად იყოს ამოფარებული „დიდი თურანის “ იდეა და მრავალი სხვა რამეც, მაგრამ, რაც ნამდვილად და გადაჭრით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ დასავლეთმა დაიწყო ბრძოლა ამიერკავკასიაში რუსეთის საბოლოო შეზღუდვის მიმართულებით. ამას შორს მიმავალი მიზნები აქვს. ამირკავკასია რუსეთის საწინააღმდეგო ბრძოლის ფორპოსტად თუ იქცევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოეთი კავკასიაც აირევა და რუსეთის რღვევაც დაიწყება. აი, ეს არის ის, რაც დაბეჯითებით შეიძლება ითქვას იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც რეგიონში დაიწყო.

    რისი თქმა შეიძლება ამის იქით ან შეიძლება კი რამის თქმა? ვფიქრობ, ამ მსჯელობის გაგრძელება შეიძლება. კერძოდ: ამიერკავკასიაში რუსეთის დამარცხება შეუძლებელია! საიდან მოდის და რას ეფუძნება ჩემი ეს კატეგორიულობა? გავყვეთ ლოგიკას: რუსეთს უკან დასახევი როდესაც არ დაუტოვეს, ჯერ საქართველოში, შემდეგ უკრაინაში სამხედრო ძალა გამოიყენა. როდესაც რუსეთის უსაფრთხოებას დარტყმის ქვეშ აყენებენ და მის ფიზიკურ არსებობას ემუქრებიან, იგი საქმეში სამხედრო ძალას რთავს. რაკი იგი ასე მოიქცა ერთხელ, მეორედ, მაშასადამე ასე მოიქცევა მესამედ და მეოთხედ. შევთანხმდეთ, რომ ეს დებულება ეჭვს არ იწვევს. თუკი ვიცით, რომ რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მის არსებობას საფრთხე ემუქრება, სამხედრო ძალას მიმართავს, ასეთ ვითარებაში მეორე მხარეს რისი იმედი რჩება რუსეთის სამხედრო ძალაზე გამარჯვების? ეს ხომ სრული აბსურდია! რუსეთმა მის ხელთ არსებული ბირთვული არსენალი არსადაც რომ არ გაისროლოს და საკუთარ ტერიტორიაზე ააფეთქოს, დედამიწაზე სიცოცხლე დასრულდება. წამსვლელია რუსეთი ამაზე? არ ვიცი, მაგრამ პუტინის ნათქვამი მახსოვს: „ეს კატასტროფას გამოიწვევს მსოფლიოსთვის, მაგრამ რად გვინდა ისეთი მსოფლიო, სადაც რუსეთი არ იქნება?!” ქართველებმა ანალოგიურ ვითარებაში და ანალოგიური შესაძლებლობებით რომ წარმოვიდგინოთ თავი, იმავეს არ გავაკეთებთ?! საკვირველი ამგვარი განწყობის არსებობა კი არ არის, ამგვარი ვითარების შექმნაა. რა საჭიროა ეს? ამ დაპირისპირებას თანამშრომლობა და პრობლემების გადაწყვეტის გზათა ერთობლივი ძიება არ სჯობს? რა თქმა უნდა, სჯობს. ზესახელმწიფოთა შორის დიალოგი და ახალი მსოფლიო წესრიგის ერთობლივი ძალებით ძიება სჯობს, მაგრამ გონების მწვავე დეფიციტია მსოფლიოში. კიდევ ბევრი რამის დეფიციტია მსოფლიოში – სიყვარულის, სიკეთის, სიმართლის, სამართლიანობის, ჰუმანიზმის, განათლების, ზნეობის… შესაბამისად გვაქვს სიჭარბეც სიძულვილის, ბოროტების, სიცრუის, უსამართლობის, გულქვაობის, უვიცობის, უზნეობის…

    სხვა მიმართულებით გამექცა სიტყვა, ამიტომ დროზე შევჩერდები…

    აშშ-მა, ევროკავშირმა და ნატომ ვერ დაამარცხეს რუსეთი. მათ სამარცხვინო მარცხი იწვნიეს უკრაინაში. ვინც ფიქრობს, რომ ამიერკავკასიაში რუსეთი დამარცხდება, მწარედ ცდება. ალიევისა და ფაშინიანის კოალიცია ვერ დაამარცხებს რუსეთს, თუნდაც თურქეთ-ირანის ტანდემი ამოუდგეს მხარში, მაგრამ ამ საქმეში ცუდია ის, რომ მეორე ფრონტის სისხლიანი იდეის განხორციელებას, რომელშიც ივანიშვილი ვერ ჩაითრიეს, ახლა ამიერკავკასიის ამ ორი ავანტიურისტის ხელით ცდილობენ. რუსეთის დამარცხება შეუძლებელია, მაგრამ სისხლისღვრის გამოწვევა, სამწუხაროდ, შესაძლებელია. საქართველოს მშვიდობისმოყვარე ლიდერი ჰყავს, მაგრამ, როდესაც ომის ხაზი ასე ახლოვდება, რისკის ფაქტორი შემაშფოთებლად იზრდება…

    ვალერი კვარაცხლია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here