Home ახალი ამბები საქართველო რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი II მსოფლიო ომის პერიოდში ვირეშმაკა ანგლოსაქსი ყაჩაღების ცხოვრებიდან

რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი II მსოფლიო ომის პერიოდში ვირეშმაკა ანგლოსაქსი ყაჩაღების ცხოვრებიდან

522
ჩერჩილი , რუზველტი და სტალინი იალტის კონფერენციაზე. 1945 წ

„თუ დავინახავთ, რომ იმარჯვებენ რუსები, უნდა დავეხმაროთ გერმანელებს; თუ პირიქით –  გერმანელები იმარჯვებენ, უნდა დავეხმაროთ რუსებს;  რაც  მეტს დახოცავენ ერთმანეთს, მით უფრო კარგი ამერიკისთვის“… მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ  წერილის სათაური დიდი ილიას ცნობილი პოემა „კაკო ყაჩაღის“ სათაურის პერიფრაზია. რაც შეეხება იმას, ვის და როდის უნდა დაეხმარო, ეს ფრაზა იმხანად სენატორმა ჰარი ტრუმენმა (შემდეგ აშშ-ის 33-ე პრეზიდენტმა) წარმოთქვა სენატში გამოსვლისას 1941 წლის დეკემბერში.

აშშ-ის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე გამოჩენილი პრეზიდენტის, ფრანკლინ დელანო რუზველტის,  უეცარი გარდაცვალების შემდეგ   ჰარი ტრუმენი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა და მისი ბრძანებით დაიბომბა ჰიროსიმა და ნაგასაკი. ამ ბარბაროსული აქტით დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, რომელსაც დაახლოებით 70 მლნ ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არადა, თანამედროვე (და არა მხოლოდ) ისტორიკოს-ანალიტიკოსთა ობიექტური კვლევების მიხედვით, II მსოფლიო ომი შეიძლება არც მომხდარიყო, რომ არა იმჟამინდელ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ გეოპოლიტიკური სიბეცე, ანგლოსაქსთა ვირეშმაკობებთან შეზავებული სიხარბე, მათივე იგავმიუწვდომელი ამპარტავნება და სხვა ფაქტორები, რომელთა გარკვევა-ანალიზს ჩემი მოკრძალებული ცოდნის ფარგლებში იმჟამინდელი მთავარი პოლიტიკური აქტორების გამონათქვამების  მოშველიებით შევეცდები…

დავიწყოთ უმთავრესით: ე.წ. დიდი სამეული, ანუ  სტალინის, რუზველტისა და  ჩერჩილის კავშირი- ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სამი სხვადასხვა იდეოლოგიის, სხვადასხვა გეოპოლიტიკური მისწრაფების ლიდერი  საერთო მტრის – ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ  გაერთიანდა. დიდი სამეულის წევრები, ამასთანავე, თავიანთ ეროვნულ ინტერესებს, დღეს უფრო მოდურად თუ ვიტყვით, დემოკრატიულ ღირებულებებს იცავდნენ.

უინსტონ ჩერჩილი ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი დიდი მხედართმთავრის, ანგლოსაქსების ეროვნული გმირის, ჰერცოგ მალბოროს, შთამომავალი იყო, რითაც ამპარტავნობამდე მისული სიამაყით ბავშვობიდანვე ყელყელაობდა ჭაბუკი უინსტონ ჩერჩილი. მან  მიზნად დაისახა, დიდი წინაპარივით სახელმოხვეჭილი  მხედართმთავარი გამხდარიყო, ამიტომაც აირჩია სამხედრო კარიერა: ჯერ კუბაში იბრძოდა აჯანყებულთა წინააღმდეგ, შემდეგ  ე.წ. ბურების (სამხრეთ აფრიკაში გადასახლებული ნიდერლანდელები, რომლებიც შავკანიან აბორიგენებთან ერთად ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად იბრძოდნენ) ომში „ისახელა“ თავი, რა თქმა უნდა, იქაც აჯანყებულთა წინააღმდეგ.  ბურების ომში  კაცობრიობის პროგრესული ნაწილი ბურებს უჭერდა მხარს, რომელთა შორის „შემთხვევით“ ერთი ქართველიც აღმოჩნდა, რომელმაც  თავი ისე ისახელა, რომ ომის ერთ-ერთი  გმირი გახდა და ამ  „ტიტულით“ დაივანა თავი  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ისტორიაში… მეფური სისხლის ჭაბუკი, პრინცი ნიკო ბაგრატიონი (ნიკო ბური) დღევანდელ სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებოდა ლომებზე სანადიროდ და სწორედ ამ მომენტში იფეთქა „ბურების ომმა“.

კლემენტინა ჩერჩილი საბჭოთა კავშირში  1945 წ

ყმაწვილმა პრინცმა, ალბათ, იფიქრა: რაღა ჩემი  „ნათესავები“ (ნიკო ბაგრატიონი პრინცი ბრძანდებოდა, ლომები კი ცხოველთა მეფენი იყვნენ) ვხოცო, მაგას არ სჯობია, ბრიტანელი ლიბერასტი მონათმფლობელები გავჟუჟოო,  და მოხალისედ ჩაეწერა ბურების არმიაში  ( ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით).

სერიოზულად კი ანგლოსაქსებსა და ბურებს შორის მეორე ომში, რომელიც  1899-1902 წლებში მიმდინარეობდა, ბურები დამარცხდნენ, მაგრამ ნიკო ბაგრატიონს პარტიზანულ ბრძოლებშიც არ მიუტოვებია ბრძოლის ველი. ის ტყვედ ჩავარდა, მაგრამ  დახვრეტას მისმა სამეფო წარმომავლობამ გადაარჩინა…

კალამი, მგონი,  შორს გამექცა.. მთავარი  არის ის, რომ  XIX საუკუნიდან მოყოლებული,  II მსოფლიო ომამდე ბრიტანეთის, ანუ ანგლოსაქსების იმპერია  ევროპის უპირობო ჰეგემონი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ბრიტანელ ანგლოსაქსებს უკვე აშშ-ის ანგლოსაქსებმა ჩამოართვეს ჰეგემონობა  და აშშ არა მხოლოდ ევროპის, არამედ   მსოფლიოს ჰეგემონი ხდება.

ბევრი წელიწადია, რაც მსოფლიოს ანგლოსაქსები მართავენ, მაგრამ აბსოლუტურ ჰეგემონიას ვერ მიაღწიეს, რადგან წინ ყოველთვის ერთი გადაულახავი წინაღობა ხვდებათ, არცთუ უცოდველი, მაგრამ ამ გარყვნილ-გათახსირებულ ანგლოსაქსებთან შედარებით ანგელოზი, რაც მთავრია, მართლმადიდებელი რუსეთი.

რაც შეეხება ფრანკლინ დელანო რუზველტს, მას,  მართალია, ჩერჩილივით სახელგანთქმული წინაპარი არ ჰყოლია, მაგრამ არც  მდაბიო წარმოშობისა გახლდათ – ელიტური არისტოკრატული ფესვები ჰქონდა და მისი გვარის წარმომადგენლები XVII საუკუნიდან  ცნობილნი იყვნენ, როგორც  გემთმშენებლობის  ბიზნესის მფლობელნი.

და ბოლოს, დიდი სამეულის, მართალია, არა არისტოკრატული  წარმოშობის, მაგრამ უდავოდ ცენტრალური  ფიგურა იოსებ ჯუღაშვილია, რომლის მამა  ლოთი “საპოჟნიკი“ გახლდათ, ხოლო დედა უბრალო გლეხის  ქალი იყო. ის, რომ იტყვიან, წელებზე ფეხს იდგამდა, რათა ერთადერთი შვილისთვის სასულიერო განათლება მიეცა,  შვილისთვის, რომელმაც მოგვიანებით  სტალინი, ანუ „ფოლადი“ დაირქვა და ამ სახელით 1925-დან  1953 წლამდე ერთპიროვნულად მართავდა რუსეთის უზარმაზარ   წითელ იმპერიას.

რა გასაკვირია, რომ დიდი სამეულის ორი წევრი თავდაპირველად ქედმაღლურად უყურებდა სტალინს, როგორც მდაბიო წრიდან გამოსულს, ციხეებსა და გადასახლებებში მრავალგზის ნამყოფს, მაგრამ ცხოვრების ცოდნისა და  მაღალი ინტელექტის წყალობით მეწაღის შვილი, პატარა სოსო, ნახევარი მსოფლის მბრძანებელი  დიდი სტალინი გახდა. რაც შეეხება სტალინის „ნაკლს“- სიღარიბეში გაზრდას, ციხეებს, გადასახლებებს, იქიდან გაქცევებს,  ეს ინტელექტით დაჯილდოებული ხალხისთვის „ცხოვრების სკოლაა“… სწორედ ამ „ნაკლის“ მეშვეობით იქცა სტალინი დიდი სამეულის უდავო ლიდერად, რადგან, თუ მის პოლიტიკურ ვიზავებს, ოქფორდ-კემბრიჯები არ აკლდათ, კობას „ქუჩის აკადემია“ ჰქონდა დამთავრებული, რომლის დიპლომსაც ვერსად იყიდი – „რომ იყო ქუჩის ბიჭი, მაგასაც უნდა ნიჭი“…

სოსელომ კარგად იცოდა, რა იყო შიმშილი და ნიორწასმული შავი პურის ქერქის გემო, რაც კრუასანებსა და „კოკა-კოლაზე“ გაზრდილი დიდი სამეულის ორი წევრისთვის აბსოლუტურად გაუგებარი რამ იყო. ამ „ნაკლით“, გურულები რომ იტყვიან, ჯერ ჩერჩილსა და რუზველტს მოაკაკვინა თითი, შემდეგ კი  ჰიტლერი მისივე ბუნაგში მოახრჩო.

ერთი სახალისო პარალელი დღევანდელობასთან:  ალბათ, გახსოვთ ვლადიმერ პუტინის „ბლატნოი“ ნათქვამი: „ლენინგრადის ეზო-ქუჩაბანდებმა მასწავლეს, რომ, თუ ჩხუბი გარდაუვალია, პირველმა უნდა დაარტყა“.  ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ლენინგრადის „ქუჩის აკადემია“ აქვს დამთავრებული, ანუ პიტერის ქუჩებში უმამოდ გაზრდილმა იცის, რა არის ცხოვრება.

მაღალ ინტელექტს პლუს „ქუჩის აკადემიამ“ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად და მსოფლიოში პირველ პოლიტიკოსად აქცია და, თუ იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს ბანდერელმა ფაშისტებმა, რომ ჩხუბი გარდაუვალია, არც პირველ დარტყმას დაამადლის კრუასანებზე გაზრდილ კოლექტიურ დასავლეთს.                                        

დავით მხეიძე                                                                              

P.S.  1945 წლის 31 მარტს ბრიტანეთის სამეფო ავიაციის თვითმფრინავი ყირიმში სამხედრო აეროდრომზე დაეშვა. ძვირფასი სტუმარი, ინგლისის პრემიერმინისტრ უინსტონ ჩერჩილის საყვარელი მეუღლე, კლემენტინა ჩერჩილი, ფაშისტური გერმანიის ოკუპაციისგან  ცოტა ხნის წინათ  გათავისუფლებულ ყირიმში მეგობრული ვიზიტით ჩავიდა. ეს ვიზიტი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უპრეცედენტოდ დიდხანს, 42 დღეს გაგრძელდა, პრემიერმა ჩერჩილმა, „უსახსოვრა“ კლემენტინას, რომელსაც მეორე დღეს, 1 აპრილს  60 წელი უსრულდებოდა. თუნდაც მხოლოდ ამიტომ შეიძლებოდა ვიზიტისთვის ისტორიული გვეწოდებინა, მაგრამ ეს ისეთი იშვიათი შემთხვევა იყო, რომ საპატიო, ძვირფასი და ა.შ. მსგავსი სიტყვები, მხოლოდ მშრალი პროტოკოლით კი არ იყო ნაკარნახევი, არამედ გულიდან ამოხეთქილი (თუ ასე თქმა ამ შემთხვევისთვის უპრიანია) ემოციების შედეგი გახლდათ. ქალბატონმა კლემენტინამ, მიუხედავად იმისა, რომ მისი სამშობლოც ომის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული,  სსრკ-ში ფაშისტების  შეჭრისთანავე დააარსა რუსეთის დახმარების ფონდი, რომელმაც 9 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი (იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა) შეაგროვა. რატომ? იმიტომ, რომ ლედი კლემენტინას კარგად ესმოდა, რომ  მოსკოვთან, სტალინგრადთან და კურსკში წითელი არმია არა მხოლოდ რუსეთს, არამედ  მთელ მსოფლიოს იცავდა ყავისფერი ჭირის გავრცელებისგან. და, საერთოდაც, ქალბატონი კლემენტინა რუსული კულტურის დიდი თაყვანისმცემელი იყო. კლემენტინა ჩერჩილმა 42 დღის განმავლობაში ლამის მთელი საბჭოეთი მოიარა და საკუთარი თვალით იხილა ფაშისტების ჩადენილი საშინელებები. მან მოსკოვშიც დააარსა რუსეთის დახმარების ფონდი, რომელშიც პირველი თანხა თვითონ შეიტანა. სულ კი ფონდში 7 მლნ-ზე მეტი თანხა შეგროვდა. 7 მაისს, ანუ ფაშისტური გერმანიის  კაპიტულაციამდე 2 დღით ადრე, კლემენტინა ჩერჩილი სტალინმა მიიღო და მან ქალბატონს დიდი მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის. კლემენტინა გამარჯვების  დღეს, 9 მაისს, მოსკოვში შეხვდა და საბჭოთა ხალხს რადიოთი საზეიმო სიტყვით მიმართა…  ამ დროს კი თურმე წარმოუდგენელი რამ ხდებოდა: უინსტონ ჩერჩილმა, როდესაც  ცოლი  საბჭოეთში მშვიდობის მტრედად აფრინა, იქვე დაავალა  შესაბამის სამსახურებს  ახალი ომისთვის მომზადება, რომლის სცენარის მიხედვით, აშშ-დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ ჯარს ვერმახტის გადარჩენილ 12 დივიზიასთან ერთად 1945 წლის 1 ივლისს სსრკ-ის ჯარისთვის უნდა დაერტყა. ეს განზრახვა თუ გეგმა შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელი აღმოჩნდა ანგლოსაქსების სამხედრო ხელმძღვანელობისთვისაც კი, ამიტომ შესაძლო ოპერაციას კოდურ  სახელად „წარმოუდგენელი“ შეურჩიეს… მაგრამ, რომ იტყვიან, არ ეძინა ლავრენტი ბერიას და სტალინმა ჯარები სასწრაფოდ დასავლეთისკენ შეაბრუნა, რითაც მოულოდნელობის ეფექტი გამორიცხა და ანგლოსაქსები იძულებულნი შეიქნენ, განზრახვაზე ხელი აეღოთ…

 მე კი თავსატეხი გამიჩნდა – რა დავარქვა წერილს, რომლის დაწერასაც, როგორც ამ თემის  მეორე სერიას, 9 მაისისთვის ვაპირებ;  რა სათაური მოვუფიქრო, რადგან ის, რაც ზემოთ მოგითხრეთ, ვირეშმაკობაზე გაცილებით მეტია, ისეთი ვერაგობაა, რომ შეიძლება სახელიც არ ჰქონდეს…

დ.მ.                                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here