Home რუბრიკები ისტორია რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

რა გაუკეთა სტალინმა საქართველოს?

3086

რა წამს ომის ხმა გაისმა,
როგორც ძმამ ძმისა მშველელმა,
მთამ მთას გასძახა სალაშქროდ,
ველებს გასძახეს ველებმა”.
ეს სტროფი თავს დატეხილი უდიდესი უბედურების გადმოცემაა პოეტის სიტყვებით, მაგრამ, საუბედუროდ, ეს მოწოდება ყველგან ერთნაირად ვერც გაავრცელეს და ვერც გაიგეს ან არ გაიგეს ადამიანებმა. 

1922 ივნისს, გამთენიისას, ფაშისტური გერმანიის ვერაგული თავდახსმის გამო საერთო-სახალხო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ კრემლში დადგენილების ხელმოწერისთანავე ქართველი ხალხი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. აღდგა _ გაერთიანდა მთა და ბარი.

მტერთან საბრძოლველად სვანი ახალგაზრდობაც შეიკრიბა და ცხენისწყლის ვიწრო ხეობას ცხენებითა და ქვეითად, სოფელ-სოფელ, რახის სმით ქუთაისისკენ მიუყვებოდნენ, რათა შეერთებოდნენ სახალხო ლაშქარს. სვან მებრძოლებს ჯარისკაცები და შინაგან საქმეთა ორგანოების წარმომადგენლები მიაცილებდნენ.

ტროცკის-მენშევიკური ნარჩენების გარკვეული ნაწილი კვლავ მტრობდა საბჭოთა წყობილებასა და სტალინს. ფართო სააგიტაციო მუშაობამ, რომელიც გზად მიმავალ მებრძოლებში მიმდინარეობდა, თავისი შედეგი გამოიღო. შესაფერის ადგილამდე მისულმა ათასობით ახალგაზრდამ უცებ იბრუნა პირი ტყისკენ და ელვის სისწრაფით გაუჩინარდა. გამცილებლები უძლური აღმოჩნდნენ წესრიგის დასამყარებლად და დანიშნულების ადგილამდე მხოლოდ გამცილებლებიღა ჩავიდნენ. როგორც ჩანს, ეს მტრის მიერ წინასწარ მოფიქრებული ხერხი იყო. ასეთივე მასობრივი დეზერტირობა ჩაიდინეს საქართველოს მთიანეთში თითქმის ყველგან.

მდგომარეობა აშკარად დაიძაბა. მტერი ბომბავდა სოფლებსა და ქალაქებს, ხოცავდა ათიათასობით მშვიდობიან მოქალაქეს, ამ დროს კი ათასობით მებრძოლი ტყეს იყო შეფარებული და თავს არიდებდა სამშობლოს დაცვას. და, თუ ამას თავისი ნებით მტრის მხარეზე გადასულ ასიათასობით მეომარსაც დავუმატებთ, მივხვდებით, რომ საბჭოთა კავშირის მდგომარეობა კატასტროფული იყო. სტალინსა და მის ქვეყანას ებრძოდა, როგორც გარეშე მტერი _ ევროპის 18 სახელმწიფო გერმანული ფაშიზმის მეთაურიბით, აგრეთვე, ტროცკისტ-მენშევიკების მიერ ამხედრებული მოსახლეობის გარკვეული ნაწილიც.

სტალინის სიტყვამ 1941 წლის 3 ივლისს გაამხნევა არა მხოლოდ დედამიწის ერთ მეექვსედზე მცხოვრები მოსახლეობა, არამედ ყველა ქვეყნის მშვიდობისმოყვარე ხალხები. კაცობრიობას გულმა არ უმტყუნა _ კრემლში ომის ღმერთი ჩასახლდა, მას მიწაზე მეტი საქმე გაუჩნდა, ვიდრე გალაქტიკაში.

კავკასიის დამცველები
კავკასიის დამცველები

სხვა საშინელ ამბებთან ერთად, საქართველოს მთიანეთის ღალატის ამბავმა კრემლამდეც მიაღწია. სვანეთი, მთიანი აჭარა, ზემო აფხაზეთი, თუშეთი _ ეს მოსახლეობის რაოდენობით მცირე, მაგრამ პატარა საქართველოს ძირძველი მოსახლეობა დიდად აშფოთებდა ომის ღმერთს _ სტალინს, მისმა კომპიუტერული სისწრაფით მოაზროვნე ტვინმა შედეგები გაიანგარიშა და განკარგულება გასცა:

მთის ხალხი ბარში ნაკლებად იბრძვის, ვერ ეჩვევა თანამედროვე იარაღს. მებრძოლები გამოიყვანეთ ტყიდან და შექმენით ადგილობრივი ბატალიონები, ისინი იქ, ადგილზე, მთებში დაგვჭირდება”.

ასე გადარჩა ომის დაწყების პირველივე დღეებში არა მხოლოდ საქართველოს მთიანეთის ახალგაზრდობა, არამედ მთის მოსახლეობაც. საქართველოს მთიანეთის მოსახლეობამ, კერძოდ, სვანებმა შექმნეს საუკეთესო სამხედრო ბატალიონები, რომელთა ვაჟკაცობასა და სიმამაცეზეც გადაიარა, ძირითადად, კავკასიონის გადარჩენისთვის ბრძოლებმა. მათ გზა მოუჭრეს ჰიტლერს ბაქოს სანავთობო აუზისკენ, რომლის გარეშეც ფაშისტების სატანკო და საავიაციო ტექნიკა უწყლო წისქვილებად გადაიქცა.

სტალინის დავალება ლავრენტი ბერიას:

გაემგზავრე კავკასიაში, წაიყვანე შენი მცირეწლოვანი შვილი _ სერგო, რათა ხალხს იმედი ჩაუსახო უსაფრთხოებისა და იხსნა ამიერკავკასია. ეს შენი ვალდებულებაა. იცოდე, ბეჩოს აღება ჰიტლერის მიერ კრემლის აღების ტოლფასია!”

ბერიამ სამი თვე დაჰყო კავკასიონზე. ბეჩოს მყინვარებში სვანი ალპინისტებისა და მონადირეების მიერ ყინულისა და კლდის ნაპრალებში გამოკვეთილმა სასაწყობო თუ საცხოვრებელმა მღვიმეებმა განაცვიფრა არა მხოლოდ ჩევნი, არამედ ტყვედ ჩავარდნილი გერმანელი სამხედრო სპეციალისტებიც. სწორედ კავკასიონზე გადაუჭრეს სვანმა გმირმა ალპინისტებმა და მონადირეთა შენაერთებმა ჰიტლერელებს ფესვები და დაასამარეს ოპერაცია “ედელვაისი”. სტალინმა კი სიბრძნე გამოიჩინა და ომის პირველივე დღეებში არ მოსპო სვან დეზერტირთა მოღალატე შენაერთები.

უწყვეტ ნაკადად დაიწყო ქართველი ახალგაზრდების წასვლა ფრონტის ხაზზე. მობილიზაციას არ ელოდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ უნდა წასულიყვნენ ომში. კოლმეურნეობის თავმჯდომარეები, მეურნეობათა დირექტორები, შახტებისა და მაღაროების უფროსები, რაიკომის მდივნები, აღმასკომის თავმჯდომარეები ეშელონებს დარაჯობდნენ, რათა არალეგალურად მოხვედრილიყვნენ ფრონტის ხაზზე ან საწვრთნელ მოედნებზე. ამ საერთო აღტკინებას აჰყვა სტუდენტი ახალგაზრდობა განურჩევლად სქესისა. უნივერსიტეტებში იხურებოდა ფაკულტეტები და ჯგუფები. ათასობით გოგო-ბიჭი მოხალისედ მიდიოდა ბრძოლის ველზე. ქალიშვილების სწრაფვამ ფრონტზე წასვლისკენ მასობრივი ხასიათი შეიძინა. იმხანად კავკასიის ფრონტზე ჩემგან მრავალგზის ნახსენები ჩემი ნათესავი ევაკ ნიჟარაძე (ნამდვილ სახელსა და გვარს სხვადასხვა მიზეზის გამო ჯერჯერობით ვერ ვასახელებ) საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. ის ჩემი სტუდენტობის პერიოდში ბევრ რამეს მიყვებოდა საიდუმლოდ:

“ერთ დღეს სრულიად საიდუმლოდ სტალინის დეპეშა მივიღე, რომელშიც ეწერა: სასწრაფოდ გამოყავით მორიგე პატრულები, ყველა სარკინიგზო სადგურსა და პლატფორმაზე, არ დაუშვათ სარკინიგზო შემადგებლობაზე ქალიშვილების ასვლა და ფრონტზე გამგზავრება. სტალინი”.

რამდენი მომავალი ქართველი დედა გადარჩა სტალინის ამ ბრძანებით, რამდენი ვაჟი და ქალი შეუნარჩუნა ომის პირველ დღეებში სტალინმა საქართველოს! სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ, თუ 1940 წელს ზემო და ქვემო სვანეთის მოსახლეობა 22 000 მცხოვრებს არ აღემატებოდა, 1950 წელს 37 000 მცხოვრებს გადააჭარბა.

ომის დამთავრებიდან პირველივე წელს უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და საშუალო სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს იქვე უტარებდნენ გასაუბრებას და უმაღლეს სასწავლებლებში მიჰყავდათ სწავლის გასაგრძელებლად, სადაც ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებლით, უფასო სწავლით, კომუნალური მომსახურებითა და კვების პროდუქტებით (30%-იანი ფასდაკლებით). ეს ყველაფერი სტალინის სიბრძნის ნაყოფი იყო. რა იცოდა მაშინ ხალხმა, რომ მომავალში საზოგადოება სტალინის სულს დაუწყებდა მოხმობას, რასაც ლექსად გამოთქვამდა: “სტალინ, სტალინ, საყვარელო, შენ მოგძახის საუკუნე”…

ეგნატე გაბლიანი
ეგნატე გაბლიანი

ლეგენდარულმა ეგნატე გაბლიანმა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა სვანეთის ისტორიაში, როგორც მკვლევარმა, მახვშმა, მწერალმა, სახელმწიფო მოღვაწემ, თავისუფლებისათვის მებრძოლმა რაინდმა, თავის უკვდავ წიგნში “ძველი და ახალი სვანეთი”, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო და ცოტა ხნის წინათ აღმოაჩინა და გამოსცა უნიჭიერესმა სვანმა, სვანეთზე უზომოდ შეყვარებულმა იურისტმა _ კარლო ქოჩქიანმა, შემდეგი ჩანაწერი დაგვიტოვა:

“1917 წლის რევოლუციის შემდეგ, სვანეთი მოსწყდა ცენტრს და დიდხანს დარჩა უმთავრობოდ. ხალხისთვის არავის აუხსნია რევოლუციის მნიშვნელობა და უპატრონოდ მიტოვებული სვანეთი ანარქიის საშინელი ცეცხლის ალში გაეხვია. თავი იჩინა საგვარეულო კავშირის ფიცით დამყარებამ, ერთი სოფლის მეორე სოფლის წინააღმდეგ ამხედრებამ, ზოგან თავიანთი ციხეებიდანაც ვერ გამოდიოდნენ გარეთ, რომ დადარაჯებული მტრის ტყვიას მათთვის სიცოცხლე არ მოესპო. ატყდა შურისძიების ნიადაგზე საშინელი სისხლის ღვრა, ერთი მოკლულის გამო სიცოცხლეს ასალმებდნენ ორს… ამ ხანას სვანების მიერ ეწოდა სვანეთის სისხლიანი წლები, ანუ “შვანიობ” _ სვანობა. ფართო ხასიათი მიიღო, აგრეთვე, ურთიერთშორისა და მეზობელი კუთხეებიდან ცხოველთა ჯოგების მოტაცებამ. რა თქმა უნდა, ამ მოქმედებაში მონაწილეობას მთელი სვანეთი არამცთუ იღებდა, არამედ ხშირად ჰქონდა ადგილი დამნაშავეებისა და უდანაშაულო ჯგუფებს შორის დიდ სროლა-წინააღმდეგობას, რომლის დროსაც ზოგჯერ ხალხის უმრავლესობა იმარჯვებდა, ბოროტმოქმედებს ნაძარცვს ართმევდა და პატრონებს უბრუნებდა.

ერთი სიტყვით, სვანეთი ჩავარდა ისეთ მდგომარეობაში, რომ შურისძიების ნიადაგზე დაღვრილი საკუთარი სისხლის ნაკადულებში იხრჩობოდა. მეურნეობა ეცემოდა, მეზობლები ნადგურდებოდნენ და სიტყვა სვანის გაგონებაზე ტანის ცახცახი უტყდებოდათ”.

“აი ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მისაშველებლად წასვლა და სამსხვერპლოზე ასვლა ძალაუნებურად მხვდა წილად 1918 წლის ბოლო ხანებში და მეც ქუთაისიდან სვანეთში გავემგზავრე. დავიწყე მუშაობა თავისუფალი სვანეთის პირველი თემიდან, სახელდობრ, უშგულიდან, მაგრამ, რადგან წესიერების დამყარების უბრალო ხსენებაც კი აბრაზებდა ზემოთ აღნიშნულ დანაშაულთა ჩამდენ ჯგუფებს, ისინიც შეუდგნენ ჩემს მოსაკლავად მზადებას და, როდესაც იფარის თემში მიტინგზე გამოვედი, ჩემ პირდაპირ ციხიდან გავარდა თოფები, მაგრამ მუშაობაზე ხელი მაინც არ ავიღე და უფსკრულისაკენ დაქანებული სვანეთის მდგომარეობის ერთადერთ გამოსაკეთებელ გზად ჩავთვალე სვანური ჩვეულებითი უფლებების საშუალებით და თვით ხალხის დახმარებით მუშაობის წარმოება. მოვიწვიე ყველა თემში ყრილობები, დავნიშნე მეთაურები ხევისთავებად, დავაარსე ნაძარცვთა სალიკვიდაციო კომისიები და, როცა ასეთი წინასწარი მუშაობით ნიადაგი მზად იყო, მოწვეულ იქნა სრულიად სვანეთის თემთა საკავშირო ყრილობა სოფელ ბეჩოში, რომელმაც დაადგინა არამცთუ მარტო ძარცვა-გლეჯის მოსპობა მომავალში, არამედ ვისაც ამ სახით წარსულ წლებში რამე ჰქონდა შეძენილი, იმისი ჩამორთმევაც და ამიერიდან ამისთანა დანაშაულების ჩამდენი ჯგუფების ასალაგმავად სასტიკი ზომების მიღება. მუშაობის ასეთმა წარმოებამ იმ ფაქტის წინაშე დაგვაყენა, რომ სვანური ჩვეულებითი უფლებებით მოქმედება დაგვირგვინდა ყოველ თემში ნაძარცვის აღმოჩენითა და ჩამორთმევით კუთვნილებისამებრ ჩასაბარებლად და მომავალში მეზობელი ხალხების ამგვარი უბედური მოვლენისაგან გათავისუფლებით”.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებას მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერის შანსი არ ჰქონდა, ბოლშევიკები ხალხის ნდობით არ სარგებლობდნენ, ცდილობდნენ გაემყარებინათ თავიანთი პოზიციები და ამიტომ ჯიუტ მთიელებთან შემრიგებლური პოლიტიკა არჩიეს. ბოლშევიკებს ინფორმაცია ჰქონდათ ეგნატე გაბლიანის პოლიტიკური მრწამსის შესახებ, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ სვანებს იგი ძლიერ უყვარდათ და წინამძღოლადაც აღიარებდნენ. ბოლშევიკებმა ეს გამოიყენეს და ეგნატე ზემო სვანეთის გამგებლის მოადგილედ დანიშნეს. ამას ადასტურებს სილიბისტრო ნავერიანის განცხადება საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში:

“საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს, ასლი საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარეს!

სვანეთის მაზრის პასუხისმგებელი თანამშრომლის

სილიბისტრო ნავერიანის

იმის გამო, რომ ეგნატე გაბლიანი (სვან აჯანყებულთა ერთ-ერთი მეთაური) საბჭოთა ხელისუფლების მხარეზე გადავიდა; ვითვალისწინებთ რა იმ გარემოებასაც, რომ მას სისხლის სამართლის დანაშაულებანი, როგორც მაგ. ბიძინა პირველს, არ ჩაუდენია, არ უღალატია ჩვენთვის, რომ იგი არის შორსმჭვრეტელი და ჩვენთვის სასარგებლო ადამიანი, ფრთხილი და ჭკვიანი, გლეხური წარმომავლობის, ბევრი რამ აქვს გადატანილი.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, მე არა ვარ წინააღმდეგი ეგნატე გაბლიანის სვანეთში, საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში ჩადგომისა.

1925 წ. 22 აპრილი.
/ს.ს. ნავერიანი/
თფილისი”.

1921 წლის მაისში სვანეთსა და ხევსურეთში თავი იჩინა ბოლშევიკების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის პირველმა ნიშნებმა. სვანეთის აჯანყებას სათავეში ედგნენ მოსესტრო დადეშქელიანი, ნესტორ გარდაფხაძე და ბიძინა პირველი. აჯანყებულმა სვანებმა მისასვლელი გზები გადაუკეტეს წითელი არმიის ნაწილებს, მიმდინარეობდა მოსახლეობის შეიარაღება და მზადება ქუთაისზე გასალაშქრებლად. სექტემბერში სვანთა შეიარაღებულმა რაზმებმა დაამარცხეს და განაიარაღეს სვანეთში მდგარი რუსული სამხედრო ნაწილები და ექვსი თვის განმავლობაში უმკლავდებოდნენ განიარაღებულთა დასახმარებლად ქუთაისიდან დაძრულ ახალ სამხედრო ნაწილებს. ბუნებრივია, სვანების ეს ბრძოლა საბოლოოდ მარცხით დასრულდა. ამ აჯანყების ხმა გასცდა საქართველოს საზღვრებსაც.

1921-1922 წლების აჯანყება სვანეთსა და კახეთ-ხევსურეთში საყოველთაო ორგანიზირებულ მოძრაობაში ვერ გადაიზარდა. 1921 წელს პარიზიდან საქართველოში არალეგალურად ჩამოვიდნენ ვალიკო ჯუღელი და ბენიამინ ჩხიკვიშვილი, რომლებიც აჯანყების მოთავეებს საერთაშორისო ვითარების ხელსაყრელობით ამშვიდებდნენ.

საქართველოს სახალხო კომისართა საბჭომ, რომელმაც 1922 წლის თებერვლიდან საქართველოს რევკომის ადგილი დაიკავა, სვანეთში სამთავრობო კომისია გაგზავნა ცნობილი კომუნისტების _ ტ. დუმბაძის, გ. ბახტაძისა და სხვათა შემადგენლობით. კომისიამ მოიარა ზემო სვანეთის სოფლები ბეჩო, კალა, უშგული და სხვ. უშგულში კომისიის წინაშე მთელი სოფელი იარაღასხმული გამოცხადდა. აღმოჩნდა, რომ ყველა მამაკაცი, რომლებსაც იარაღის ტარება შეეძლოთ, შეიარაღებული იყვნენ.

მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას იარაღის ჩაბარება, მეთაურთა გაცემა და საბჭოთა ხელისუფლების ცნობა შესთავაზეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სვანებს ჯარების შეყვანითა და განადგურებით დაემუქრნენ.

12-13 აპრილს ლაშხეთში, სოფელ სასაში გაიმართა ზემო სვანეთის დელეგატთა შეხვედრა სამთავრობო კომისიასთან. გაფორმდა შეთანხმება, რომლის ძალითაც სვანებმა ხელისუფლების პირობების შესრულება იკისრეს. მთავრობამ აჯანყების ყველა მონაწილეს, მეთაურთა გარდა, სრული ამნისტია აღუთქვა. ასევე გათვალისწინებული იქნა მოსახლეობის თხოვნა ზემო სვანეთში საბჭოთა ხელისუფლების რწმუნებულად ნესტორ გარდაფხაძის დანიშვნაზე.

ხელისუფლებამ აჯანყების ყველა მეთაური: მალაქია ონიანი, გრიშა ონიანი, გიორგი ფოჩიანი, ბიძინა პირველი, ბიძინა გვიშიანი, ბიძინა ნიჟარაძე, სამსონ ქალდანი, ალექსანდრე წერეთელი, ილია ფალიანი და ბესარიონ ხერგიანი შეიწყალა, მიუტევა “დანაშაული საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ” და უფლება მისცა, დაბრუნებულიყვნენ თავიანთ კუთხეში.

1924 წლის ივნისში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყრილობამ მოისმინა თავმჯდომარის მოადგილის, იასონ ჯავახიშვილის, მოხსენება აჯანყების თაობის შესახებ. საყოველთაო გამოსვლა დაიწყება 1924 წლის 17 აგვისტოს. გადაწყდა, აჯანყების მთავარსარდლად დანიშნულიყო გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე.

აჯანყებულთა გეგმებზე სადამსჯელო ორგანოებს საკმაო ინფორმაცია დაუგროვდათ. 6 აგვისტოს დააპატიმრეს ვალიკო ჯუღელი და ჩხიკვიშვილი. 24 აგვისტოს სხდომა კვლავ ჩატარდა. გადაწყდა, აჯანყება დაეწყოთ 29 აგვისტოს, განთიადზე, გამოსვლის ცენტრი თბილისი იყო.

აჯანყების მეთაურები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბათუმს. აჯანყების წინა დღეებში ბათუმის სააჯანყებო შტაბი მთლიანი შემადგენლობით დააპატიმრეს. მთავრობამ თბილისსა და ბათუმში საგანგებო დაცვა აამოქმედა. 1924 წლის სექტემბრის დასაწყისში დააპატიმრეს კომიტეტის თავმჯდომარე კ. ანდრონიკაშვილი და მდივანი ი. ჯავახიშვილი. აჯანყების მეთაურების საქმის გამოძიება ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 1925 წელს შედგა სასამართლო პროცესი.

დოკუმენტი #34. 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა საქმეზე

საქართველოს სსრ უზენაესი სამართლოს

განაჩენი

1925 წლის 5 აგვისტო

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური

რესპუბლიკის სახელით

უზენაესმა სასამრთლომ თავის სამსჯავრო სხდომაზე 1925 წლის 15 ივლისიდან 2/3 მარიამობის თვემდე, შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ამხანაგი გ. ს. ვაშაძე

და სახალხო მსაჯულნი: ამხანაგები: ი. თ. სტურუა

ი. ა. ცინცაძე.

დაადგინა: პასუხისგებაში მიცემულ 47 კაციდან 6 კაცს მიესაჯოს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა.

ბრალდება მიმართული: კონსტანტინე ემანუელის-ძე ანდრონიკაშვილის, იასონ ვლადიმერის-ძე ჯავახიშვილის, გრიგოლ ევგენის-ძე ჯინორიას, მიხეილ ნიკოლოზის-ძე ბოჭორიშვილის და მიხეილ ნიკოლოზის-ძე იშხნელის მიმართ, რომელთაგან პირველ ოთხს ბრალდებად კოდექსის 55-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანაშული და უკანასკნელს კოდექსის 60, 16, 64, 66 (მუხლებით) ჩაითვალოს დამტკიცებულად და მიესაჯოთ მათ სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა. უზენაესი სასამართლო იღებს რა მხედველობაში საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებას და აგრეთვე ზემოაღნიშნული ბრალდებულების სამსჯავრო სხდომაზე განცხადებას, რითაც ისინი მოუწოდებენ ქართველ პოლიტიკურ პარტიებს, დაადგნენ მშვიდობიან გზას და საბჭოთა კონსტიტუციის ფარგლებში საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოებრივ, ეკონომიურ და კულტურულ აღმშენებლობაში, სასჯელის უმაღლეს ზომას დახვრეტას ცვლის 10 წლით თავისუფლების აღკვეთით, სასტიკი იზოლაციით და წინასწარი პატიმრობის ჩათვლით. ეს საბოლოოა და არ შეიძლება იქნას გასაჩივრებული.

ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთები გადაეცეს რევოლუციურ მუზეუმს.

თავმჯდომარე: გალაკტიონ ვაშაძე.

წევრები: ვანო სტურუა, ი. ცინცაძე”.

(საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი: ფონდი 14 აღწერა 2. საქმე 40, ფურცელი 766-779).

მკითხველი მიხვდება იმ ჰუმანურ დამოკიდებულებას, რომელიც სტალინურმა ეპოქამ გამოიჩინა 1921-1924 წლებში აჯანყების მონაწილეთა სასამართლო პროცესზე.

მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ 1921-1924 წლების აჯანყებას არანაირი სისხლის კალო არ მოჰყოლია მთავრობის მხრიდან. და ესეც სტალინური ხელმძღვანელობის ჰუმანურ აქტად შეიძლება ჩაითვალოს.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here