Home რუბრიკები ისტორია ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნდეს თავისი ისტორიული მიწა-წყალი!

ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნდეს თავისი ისტორიული მიწა-წყალი!

“თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ”

667

ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ იგი დიდი სტალინის მშობელი ერია. ექვთიმე თაყაიშვილმა 1945 წლის აპრილში, თბილისში გამომგზავრების წინ, გამოსამშვიდობებელ ვახშამზე სადღეგრძელოში აღნიშნა: “მე ვამაყობ, რომ სტალინის მშობელი ერის წარმომადგენელი ვარ. როდესაც ფრანგებს ვეუბნები, რომ სტალინი ქართველია და საქართველოშია დაბადებული, ისინი ეჭვის თვალით მიყურებენ _ როგორ შეიძლება ამხელა ბუმბერაზი ადამიანი ამ პატარა ქვეყანამ წარმოშვასო. პარიზში, ცენტრალური ქუჩების გადაკვეთაზე სტალინის ოქროს ბიუსტები უნდა დავდგათო, _ მარწმუნებენ პარიზელები”. 

ექვთიმე თაყაიშვილის ფრაზის წაკითხვის ან მოსმენისას ზოგი ცხვირს აიბზუებს და იტყვის: “ვინ იყო სტალინი?! რა გაუკეთა მან საქართველოს? თუ საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია, არავინ და არაფერია სტალინი!” ამ სიტყვების მთქმელს ვეკითხები: სად ან რა წაიკითხე სტალინის შესახებ? შენ არაფერი წაგიკითხავს, არც არაფერი მოგისმენია “რადიო თავისუფლების” ბჟუტურის გარდა და არაფერი გინახავს ტელეეკრანზე გაურკვეველი სქესის არსებების ბღლარძუნის გარდა, რომლებმაც დოლარების გამო სული ეშმაკს მიჰყიდეს…

ახლახან ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისთვის ქუთაისში ჩავედი. ჩემ ნათქვამში ვინმეს ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა, დოკუმენტური მასალაც ჩავიტანე _ როგორი დასაბუთებული და მტკიცე უარით გამოისტუმრა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის იმჟამინდელი პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი და ზაქარია ჩხუბიანიშვილი სტალინმა, როდესაც მათ ნამოხვანჰესის აშენება სთხოვეს. მიტინგის წამყვანმა საზოგადოებას განუცხადა, რომ მათ პროტესტს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები. დროში განსხვავების გამო შეიძლება მათი აქცია ჩვენი აქციის ჩატარების დროს არ დაემთხვეს, მაგრამ ისინი ჩვენთან არიან და მიტინგი იქაც ტარდებაო. მეტი იქ არაფერი მომისმენია. სასწრაფოდ ჩავჯექი მანქანაში და თბილისში წამოვედი. გზაში კი ვფიქრობდი: ჩვენი ხელისუფლება და ოპოზიცია _ ყველა ერთ მატარებელში ზის და ყველა ნიუ-ორკისკენ მიემართება, ოღონდ ესაა, სხვადასხვა კუპეში სხედან და, ბესო ჟღენტისა არ იყოს, ზიანს აყენებენ საქართველოს.

უცბად გონებაში ამომიტივტივდა სტალინის ოცნება ტაო-კლარჯეთის შესახებ და მყისვე აღვიდგინე დიდი ქართველი მეცნიერების _ სიმონ ჯანაშიასა და ნიკოლოზ ბერძენიშვილის _ ცნობილი წერილი, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიოს პრესა მოიარა. იქვე ილიაც გამახსენდა თავისი ლექსით “ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?! მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი”…

ახლა კი გავეცნოთ ცნობილ წერილს, რომლის შინაარსიც, რა თქმა უნდა, სტალინს ეკუთვნის, მაგრამ ხელს დიდი ქართველი მეცნიერები აწერენ:

“განმათავისუფლებელი ომის წარმატებით დასრულების შემდეგ გამარჯვებული დემოკრატია ირაზმება, როგორც მშვიდობისა და უშიშროების დასაყრდენი. ამ ორგანიზაციაში თავისუფლების მოყვარე ხალხებს სურთ, დაიკავონ შესაფერისი ადგილი. ისინი ეძიებენ თავიანთ სანუკვარ მისწრაფებათა განხორციელებას. ქართველმა ხალხმაც, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაშიზმის განადგურების საქმეში, უფლება მოიპოვა, წარადგინოს თავისი კანონიერი მოთხოვნები. ჩვენ მივმართავთ მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს თურქეთის მიერ წართმეული ჩვენი ძველისძველი მიწა-წყლის შესახებ. საქმე ეხება არა უმნიშვნელო ტერიტორიულ შევიწროებას, არამედ ჩვენი ინდივიდუალობის აკვანს, ჩვენგან მიტაცებულს, დანაშაულს, რომელმაც ორად გაჰკვეთა ცოცხალი ეროვნული სხეული. საქმე ეხება ქართველი ხალხის საუკუნეობრივი ბრძოლის საგანს _ ჩვენი ძველის-ძველი მიწა-წყლის დაბრუნებას. ქართველი ხალხი ძველთაგანვე ცხოვრობდა, შრომობდა და იბრძოდა თავის ამ მკვიდრ ტერიტორიაზე _ დიდი ტავრიდან მოკიდებული კავკასიამდე, ჰქმნიდა რა თავისი ცივილიზაციისა და სახელმწიფოებრიობის ახალ-ახალ ცენტრებს, ქართველმა ხალხმა ცხადჰყო სიცოცხლისა და შემოქმედების იშვიათი უნარი, მშობლიური მიწა-წყლის მტკიცე სიყვარული, ურყევი ნებისყოფა _ დაეცვა ის, რაც მას ეკუთვნის. ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში ხეთები და სუბარები, ქართველი ხალხის უშუალო წინაპრები, პირველობენ წინა აზიაში. იმ მდინარის დიდ უბეში, რომელიც მთელი ძველი მსოფლიოსთვის ცნობილია თავისი ქართული სახელწოდებით _ ღალისი (ახლა ყიზილ-ირმაკი), მდინარეების _ ტიგროსისა და ევფრატის _ აუზების ზემო ნაწილში, ისინი ჰქმნიან სამიწათმოქმედო და მეტალურგიული კულტურის დიდებულ კერებს. ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის პირველ ნახევარში ურარტუს სახელმწიფოს ღირსეულად უჭირავს ხეთურ-სუბარული ცივილიზაციის დროშა და ავითარებს ამ ცივილიზაციას. მომთაბარე დამპყრობლებმა ბოლო მოუღეს ხალდთა სახელმწიფოს, მაგრამ ქართველი ხალხი პოულობს თავის თავში სასიცოცხლო ძალებს, რათა განუწყვეტლივ განავითაროს მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაცია ახალ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცენტრებში, რომლებიც თანდათანობით ჩრდილოეთისკენ გადადიან. ურარტუს ადგილს იკავებს ქართველი ხალხის ორი ახალი სახელმწიფო _ იბერია აღმოსავლეთით და კოლხეთი დასავლეთით. ამ ახალშექმნილ ანტიკურ ქართულ სახელმწიფოებს, რომლებიც ორგანულად არიან ამოსულნი საერთო-სახალხო ძირიდან, ჯერ კიდევ უკავიათ ძველი ნაციონალური ტერიტორიის ფრიად მნიშვნელოვანი ნაწილი. ძველ ბერძენ ავტორთა სარწმუნო ცნობებით, სასპერთა, ე.ი., იბერთა სახელმწიფო _ წინა აზიის ერთი ოთხ უდიდეს სახელმწიფოთაგანი, ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნის შუა წლებში ვრცელდება კალახენასა და ადიბენამდე (სტრაბონი, გეოგრაფია, წიგნი 11, თავი 14, && 12,13), ე.ი., მთავარი (აღმოსავლეთი), ტავრის ქედამდე. ძველი წელთაღრიცხვის ჯერ კიდევ II საუკუნის დამდეგს იბერიას ეკუთვნის პარიადრის მთიანი ოლქი (სტრაბონი, იქვე, წიგნი 11, თავი 14, &5; პლინიუსი, ბუნების ისტორია, წ.VI, && 28,29), ახლანდელი სივასის ოლქის აღმოსავლეთი სექტორი, ხეთების ძველი სამეფოს ერთ-ერთი ძირითადი რაიონი. აქ იბერია გადიოდა შავ ზღვაზე, რასაც გვიჩვენებს ტიბარანიის სახელწოდება, რომელსაც ატარებდა ქვეყანა ღალისის შესართავის აღმოსავლეთით ჯერ კიდევ სტრაბონის დროს. ძველი წელთაღრიცხვის 66 წელს მითრიდატე პონტოელს, რომელიც პომპეუსს გამოექცა, ევფრატის ზემო წელში შეტაკება მოუწია ადგილობრივ იბერებთან, ძველი ქართული პროვინციის ხორძენე-ხოტენეს მკვიდრ მცხოვრებლებთან (ჰეროდოტე, IV 37, IV 40, I 104, I 110)… მეცნიერებას მოეპოვება სარწმუნო ცნობები კოლხეთის, ქართულად _ ეგრისის, სამეფოს საზღვრების შესახებაც. ცნობილი ბერძენი მწერალი-მხედართმთავარი ქსენოფონტე, რომელიც პირადად იყო კოლხეთში ძველი წელთაღრიცხვის 400 წელს, ამბობს, რომ ტრაპეზუნტი და კერასუნტი (ამჟამად გერესუნი) კოლხეთის ქალაქებია, რომ ტრაპეზუნტის გარშემო კოლხები ცხოვრობენო. თავისი 10 000-იანი რაზმით ქსენოფონტემ მთელი თვე დაჰყო კოლხთა სოფლებში ტრაპეზუნტის მახლობლად და აქედან ესხმოდა და აოხრებდა კოლხეთის სხვა ნაწილებს (“ანაბაზისი”, წ. IV,თ. 8, წ.V,თ.3). სამხრეთ, უფრო ზუსტად, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთელი ტერიტორია, ე.ი., კოლხეთი მდინარე ჭოროხის შესართავის დასავლეთით და იბერიის ტერიტორია მდინარე მტკვრის სათავისა და ჩილდირის ტბის სამხრეთით უძველესი დროიდანვე მთლიანად დასახლებული იყო ქართველი ტომებით, რომლებიც შემდგომ ქართველ ერად გაერთიანდნენ. ოცდაათი საუკუნე ებრძოდა ქართველი ხალხი თავისი საკუთრებისა და პოზიციების დასაცავად მტრულ ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ განედევნათ იგი მსოფლიო ისტორიული ასპარეზიდან, მაგრამ ქართველ ხალხს არასოდეს დაუკარგავს ეროვნული თვითშეგნება და ურღვევი კავშირი თავის დიად წარსულთან, უარი არ უთქვამს თავის წმიდათაწმიდა უფლებებზე, ჭარბი ძალებით გამოწვეული უკანდახევა დროებითი აღმოჩნდებოდა ხოლმე. ქართველი ხალხი კვლავ იკრებდა ძალას და იერიში მიჰქონდა მტერზე, ანადგურებდა დამპყრობლებს და იბრუნებდა თავის მიწა-წყალს. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში რომაელებმა მოახერხეს კოლხეთის დაპყრობა. უფრო გვიან, IV საუკუნეში, აღმოსავლეთ კოლხეთისაგან შეიქმნა ლაზთა სამეფო, რომელსაც ქართველები კვლავ უწოდებდნენ ძველ ეროვნულ სახელს _ ეგრისს. ლაზიკა რომ კოლხეთის მემკვიდრეა და თვითონ ლაზები კოლხთა პირდაპირი შთამომავალნი არიან, სადავოდ არავინ ხდის. ამას მოწმობს VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი.

IV-V საუკუნეებში საქართველოს პოლიტიკური და კულტურული გაერთიანების ბირთვად იქცა ქართლი _ იბერიის ძირითადი ნაწილი. ამ მხრივ დიდი ღვაწლი მიუძღვის აღმოსავლეთ საქართველოს სახელგანთქმულ მეფეს _ ვახტან გორგასალს (გარდაიცვალა 502 წელს), მაგრამ მისი ცდები გააქარწყლა სპარსთა გაბატონებამ VI საუკუნეში. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღორძინება, უკვე ფეოდალურ საფუძველზე (VI საუკუნის დამლევს) და მისი პირველი წარმატებანი მდინარე მტკვრის ხეობაში შეაფერხა არაბთა მიერ დაპყრობამ. დამპყრობლებისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და ეროვნულ ძალთა ორგანიზაციის მთავარი ცენტრი სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე გადავიდა.

საყურადღებოა, რომ სწორედ სამხრეთ საქართველოს პროვინციის სპერის (ამჟამად ისპირი) მფლობელმა ბაგრატიონებმა, რომელთა მამული მდინარე ჭოროხის ზემო წელში, ქალაქ ბაიბურთის რაიონში იყო, საფუძველი დაუდეს ეროვნულ დინასტიას, X საუკუნის დამლევს მთელი საქართველო რომ გააერთიანა… სამხრეთ საქართველოს სამთავროებში IX-X საუკუნეებში გაიფურჩქნა ქართული კულტურა, ჭოროხის აუზის მთელ ტერიტორიაზე, მტკვრისა და ევფრატის ზემო წელში აგებულ იქნა მონუმენტური შენობები თავისთავადი ქართული არქიტექტურის ბრწყინვალე ძეგლები _ ბანა (ოლთისის, ამჟამად ოლთის რაიონში), ხახული (თორთუმის ახლოს), ოშკი (იქვე), იშხანი, წყაროს-თავი, ტბეთი, ხანძთა, ანჩა თავისი 12 სავანით (“ქართული სინა”), ოპიზარი, დოლისყანა, შატბერდი, ფანასკერტი და სხვ. ტაო-კლარჯეთში შესანიშნავად განვითარდა ქართული სალიტერატურო ენა, რომლის წარმომადგენლები არიან ისეთი გამოჩენილი მოღვაწეები, როგორებიც არიან გიორგი მერჩულე, მიქაელ მოდრეკილი (ჰიმნოგრაფი და კომპოზიტორი), იოანე და ექვთიმე მთაწმინდელები და სხვ. სწორედ აქ მიიღო დამთავრებული ფორმა ფეოდალური ეპოქის საქართველოს ერთიანობის შეგნებამ. ქართველი ხალხის კულტურული შემოქმედებითი ძალების დიად გამოვლინებაში XI-XIII საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ საქართველოს გამორჩეული ადგილი უჭირავს. საკმარისია, დავასახელოთ დიდი რუსთაველი, შეუდარებელი ოსტატები _ ბექა და ბეშქენ ოპიზრები, ქართული ფილოსოფიური აზროვნების სიამაყე იოანე პეტრიწი, გამოჩენილი ფილოლოგები და ისტორიკოსები _ გიორგი მთაწმინდელი და ეფრემ მცირე, რათა გავიგოთ, რა შვილები მისცა დედასამშობლოს სამხრეთ საქართველომ. საქართველოს ბუნებრივი განვითარება შეწყვიტა მონღოლთა შემოსევამ. თითქმის ორი საუკუნე თავდადებულად იბრძოდა ქართველი ხალხი, რათა დაეცვა თავისი კულტურა და თავისუფლება.

ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია
ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია

დასავლეთს უნდა ახსოვდეს, რომ ჩრდილოეთით დიდი რუსეთი და სამხრეთით იმ დროს ძლიერი საქართველო იქცნენ ძირითად ბარიერად, რომელმაც შეასუსტა მომთაბარე დამპყრობთა საშინელი ტალღა, მაგრამ ამან ქართველ ხალხს აუნაზღაურებელი ზარალი მოუტანა. XV საუკუნეს, რომელიც კაცობრიობის ისტორიას დიდმნიშვნელოვანი ამბებით ახსოვს, საქართველო აოხრებული და სისხლით დაცლილი შეხვდა. ეს იყო მომენტი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში თათრების ნაცვლად გადმოდიან ახალი მომთაბარე დამპყრობლები _ ოსმალო თურქები.

XV საუკუნეში თურქები უშუალოდ მოადგნენ საქართველოს. ამ პერიოდში საქართველო, გარეშე და საშინაო არახელსაყრელი პირობების შედეგად, მთელ რიგ ცალკეულ ფეოდალურ სამეფოებსა და სამთავროებს წარმოადგენდა. მაგრამ ამ მდგომარეობაში სამხრეთ საქართველოს სამთავრო სამცხე, რომლის სამფლობელო ჯერ კიდევ ვრცელდებოდა ერზინჯანამდე და ტრაპეზუნტის მისადგომებამდე, გმირულად იგერიებს შემომტევ მოსისხლე მტერს. კიდევ მეტიც: იმ საფრთხის შეგნება, რომელიც მთელ კულტურულ სამეფოს დაემუქრა, ქმნის ერთიან საგარეო პოლიტიკურ ხაზს ქართველი მეფეებისა და მთავრებისას, რომელნიც ორჯერ შეეცადნენ, მოეწყოთ ოსმალო-თურქთა წინააღმდეგ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა ფართო კოალიცია. ამ ცდის მარცხით დამთავრებას არ შეუსუსტებია ქართველთა ენერგია; ქართლის, იმერეთის და სამხრეთ საქართველოს შეერთებული ძალებით მათ არაერთხელ აგემეს დამპყრობლებს მწარე გაკვეთილი. მაგალითად, 1545 წელს ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს თურქების შემოსეულ დიდ ლაშქარზე ბასიანში (არზრუნის ახლოს). თურქებს, რომლებმაც ამ დროისთვის დაიპყრეს ახლო აღმოსავლეთის დიდი ნაწილი და ბალკანეთის დიდი ნაწილი, განზრახული ჰქონდათ, მთელი საქართველოს ოკუპაცია, მაგრამ ქართველი ხალხი უმაგალითო თავდადებით უწევდა წინააღმდეგობას მათ ამ განზრახვას. საქართველოს ცენტრალური და დასავლეთი რაიონებიდან განდევნილმა თურქებმა მაინც შეძლეს გამაგრება სამხრეთ საქართველოში, რომელიც მოსწყვიტეს დედასამშობლოს, მაგრამ ბრძოლა შემდეგაც არ შეწყვეტილა. საქართველოს მთლიანობის შეგნება არასდროს არ ჩამქრალა. XVII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი გორგიჯანიძე თავის თანამემამულეთა განწყობას გამოხატავს, როდესაც ამბობს, რომ ქართველები, რომელთაც “ქრისტეს რჯული ეჭირათ” და რომლებიც მომწყვდეული იყვნენ ორ დიდ მაჰმადიანურ სახელმწიფოს _ თურქეთსა და ირანს _ შორის, “ბევრს ეცადნენ: აქეთ იქნიეს ხმალი და იქით, მრავალი ნაქნეშიც ქნეს, მაგრამ არ იქნა და ვერცა რას თავს გაუვიდნენ. ხონთქარმა და ყაენმა საქართველო შუაზე გაიყვეს (ავტორს მხედველობაში აქვს 1555 წლის ირან-თურქეთის ხელშეკრულება) _ სამცხე, ქართლი და კახეთი ყაენს (დარჩა), იმერეთი, ოდიში, აფხაზეთი, გურია და ლაზის ქვეყანა _ ხონთქარსა”. მაგრამ საქართველოს არასოდეს უცვნია მტაცებელთა ეს აქტი, მას არასოდეს აუღია ხელი თავის ძველისძველ სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ მიწებზე. რუსეთ-საქართველოს მეგობრობის 1783 წლის ტრაქტატის IV სეპარატულ არტიკულში ნათქვამია: იმპერატორი “პირობას იძლევა, რომ ომის შემთხვევაში ყოველგვარ საშუალებას იხმარს იარაღის შემწეობით, ხოლო ზავის შემთხვევაში _ დაჟნებითი მოთხოვნით, რომ ქართლის სამეფოს დაუბრუნდეს მისი ოდითვე კუთვნილი მიწები და ადგილები”. ქართველები აქტიურად მონაწილეობენ რუსეთის მიერ XIX-XX სააუკუნეებში გამართულ ყველა ომში თურქეთის წინააღმდეგ და ამ ომებზე გაერთიანების შესაძლებლობის იმედს ამყარებდნენ. ქართველი ხალხის საუკეთესო შვილები ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, გ.წერეთელი, გრ. ორბელიანი, დ. ყიფიანი აღტაცებით მიესალმებოდნენ თურქეთის მიერ დაპყრობილი ქართული მიწა-წყლიდან ყოველი ახალი რაიონის დაბრუნებას. საერთო-სახალხო ზეიმით აღინიშნა ბათუმის, არტაანის (არდაგანის) და ართვინის ოლქების დაბრუნება, არზრუმის, ლაზისტანისა და ტრაპეზუნტის დაკავება. ხალხი ამაში თავისი საუკუნეობრივი ოცნების განხორციელებას ხედავდა.

საქართველოს ბევრი დამპყრობელი უნახავს. თურქებმა სამართლიანად დაიმსხურეს მათ შორის უარესთა სახელი. მხოლოდ სიკვდილი, აოხრება და გაველურება მიჰქონდათ მათ ყველგან, სადაც კი გამოჩნდებოდნენ. მათ მიერ დაპყრობილ ქართულ ოლქებში მატერიალური ქართული კულტურა რამდენიმე საფეხურით ჩამოქვეითდა. ქალაქთა ცხოვრება მთლიანად ჩაკვდა იქ, სადაც იგი წინათ დუღდა და გადმოდიოდა. გაჰქრა ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მეღვინეობა, მეაბრეშუმეობა. მოსახლეობა გაღატაკდა. მხეცურად, არაადამაინურად დევნიდნენ ქართველი ხალხის წმიდათაწმიდას _ ენას, მის კანონებსა და ტრადიციებს, მამა-პაპათა კულტურასა და სარწმუნოებას. ცეცხლითა და მახვილით ავრცელებდნენ თურქულ ენასა და ისლამს. ურჩ მოსახლეობას მასობრივად ერეკებოდნენ მამაპაპეული ადგილებიდან. იქ, სადაც VIII საუკუნეში აგებულ იქნა ბანას ტაძარი, მსოფლიო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი, იქ, სადაც XII საუკუნეში გაისმა რუსთაველის უკვდავი ხმა, სადაც XIV საუკუნეშიაც აშენებული იყო ჭულესა და საფარის დიდებული ტაძრები, თურქების შემოსევის შემდეგ და მათი ბატონობის წლებში არაფერი დადებითი არ შექმნილა. მეჩეთებადაც კი ქართულ ეკლესიებს იყენებდნენ; ჯერ კიდევ XX საუკუნის დამდეგს მოსახლეობა მხოლოდ იმ ხიდებით სარგებლობდა, რომლებიც თამარ მეფის დროს იყო აგებული. მაგრამ თურქთა ბატონობის ქვეშ მოხვედრილი ქართველი მოსახლეობა მუდამ განაგრძობდა მჩაგვრელთა წინააღმდეგ ბრძოლას. თურქებმა ვერ შეძლეს, რამდენსაც არ ეცადნენ, აღმოეფხვრათ მათ მიერ მოწყვეტილი სამხრეთის რაიონების ორგანული კავშირი საქართველოსთან. ამ ერთიანობას ადასტურებდა და ადასტურებს ყველა ფაქტი, მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი, მეცნიერება. თვითონ თურქებიც იძულებულნი არიან, აღიარონ ეს. თურქეთმა 1578 წელს დაიპყრო სამხრეთ საქართველოს სამთავრო სამცხე და მას გურჯისტანი, ე.ი., საქართველოს ვილაიეთი უწოდა. დაცულია და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ გამოსცა 1595 წლის თურქული ოფიციალური დოკუნემტი “საქართველოს ვილაიეთის ვრცელი დავთარი” (“დევთერი მუფასალ ვილაიეთი გურჯისტან”), რომლის ერთ ნაწილში, სხვა რაიონებს შორის აღწერილია ჩილდირის, ფოცხორის, პანიაკის (ბანას), არტაანის რაიონები. მეორე ვილაიეთი ტრაპეზუნტისა წარსული საუკუნის სამოციან წლებში შეიცავდა მთელ ტერიტორიას მდინარე ყიზილ-ირმაკამდე (ძველი ღალისი) და გაყოფილი იყო ოთხ სანჯაყად: 1. ლაზისტანი რუსეთის საზღვრიდან ქ. რიზემდე; 2. ტრაპეზუნტის სანჯაყი რიზედან ქ. ორდუმდე; 3. ჯანიკი, ორდუდან მდინარე ყიზილ-ირმაკამდე ცენტრით ქ. სამსუნში და 4. გიუმიშხანა (ინგლისის კონსულ ვ. ჯიფორდ პალგრევის ანგარიში. ÈʭέÈÐÃÎ, ტ. 7, დამატება).

ამრიგად, XIX საუკუნის დამლევს თურქეთის ოფიციალური ნომეკლატურა მოწმობდა, რომ ქალაქ სამსუნის ოლქიც კი, თვით ყიზილ-ირმაკამდე, არის ჯანიკი-ჭანების, ე.ი. იმავე ლაზების ქვეყანა. თურქულ ენციკლოპედია “ჰაამუსულ-ალამ”-ში ნათვამია: “ლაზები ცხოვრობენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ტრაპეზუნტის ვილაიეთში… ითვლებიან კავკასიელ ხალხად და ქართველებთან ნათესაური კავშირი აქვთ. მათი გარეგნობაც კი მოწმობს მათ კავკასიურ წარმოშობას და რასას”. სამხრეთ საქართველომ XX საუკუნემდე შეინარჩუნა დიდი რაოდენობით ქართული გეოგრაფიული სახელწოდებანი. XIX და XX საუკუნის დამდეგის რუკებზე აღნიშნულია მრავალი წმინდა ქართული სახელწოდება, როგორიცაა იმერა (გიუმიშხანეს ჩრდილო-აღმოსავლეთით), ძარა, გორიანა, მაჭარა, შუვა, მირზანი, მოხორა, ლორი, ბორშიანი, ნატეხილები, ქსანთა, კიტრა, ჭოროღმა, ხართი, ჩუმოვანი, ორწვერი და სხვ. ახლა თურქი ხელისუფლები გამალებით შლიან ქართულ გეოგრაფიულ სახელწოდებებს, ანგრევენ ქართულ ისტორიულ ძეგლებს _ არქიტექტურის შედევრებს. ისინი კვლავ მასობრივად ერეკებიან ქართველ მოსახლეობას შორეულ რაიონებში, აძევებენ მათ ჩვენი წინაპრების ასეულ თაობათა სისხლითა და ოფლით უხვად მორწყული მშობლიური ადგილებიდან.

ქართველი ხალხისთვის მძიმე პერიოდში _ 1920 წლის და 1921 წლის დასაწყისში _ თურქები შემოიჭრნენ საქართველოს ტერიორიაზე და დაიპყრეს არტაანის, ოლთისისა და ართვინის ოლქები, აგრეთვე, ბათუმის ოლქის სამხრეთი, რათა ისინიც მიემატებინათ წინათ დაპყრობილი ძველისძველი ქართული მიწა-წყლისთვის.

დიდი სამამულო ომის პერიოდში თურქეთი, რომელიც გერმანელ დამპყრობთა მხარეზე რჩებოდა, კვლავ შურის თვალით შემოჰყურებდა ჩვენს ტერიტორიებს. ამის შესახებ აშკარად წერდა თურქული პრესა. თურქეთი ერთხელ კიდევ ნებაყოფლობით დადგა იმპერიალისტური გერმანიის სამსახურში და აზიანებდა ანტიჰიტლერულ კოალიციას. ჩვენ კი? განა საჭიროა, გავახსენოთ მსოფლიოს, თუ რა წვლილი შეიტანა ქართველმა ხალხმა გაერთიანებული ერების წმიდათაწმიდა საქმეში?

ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნდეს თავისი მიწა-წყალი, რომელზეც არასოდეს უთქვამს უარი და ვერც იტყვის. ჩვენ მხედველობაში გვაქვს არტაანის (არდაგანის), ართვინის, ოლთისის, თორთუმის, ისპირის, ბაიბურთის, გიუმუშხანსეს რაიონები აღმოსავლეთ ლაზისტანის, ტრაბზონისა და გირესუნის რაიონების ჩათვლით, ე.ი., საქართველოსთვის წართმეული ტერიტორიების მხოლოდ ნაწილი”.

ს. ჯანაშია,
პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა ნამდვილი წევრი.

ნ. ბერძენიშვილი, პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა ნამდვილი წევრი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here