Home ახალი ამბები საქართველო “პრემიერის მანქანის ფანჯრიდან არ ჩანს ხალხის გაჭირვება”

“პრემიერის მანქანის ფანჯრიდან არ ჩანს ხალხის გაჭირვება”

212

,,9 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის 10,2%. ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კიდევ უფრო კრიტიკული ვითარებაა, ვიდრე მანამდე იყო. იმიტომ, რომ, თუ აქამდე გარკვეული პრობლემები გვქონდა შედარებით დაბალ რანგზე, ვისაც პროდუქცია უნდა მიეტანა, ახლა უკვე საშუალო რანგის თანამშრომლების მიმართაც იგივე ვითარებაა. სამწუხაროდ, მაღალია მათი გადინება ქვეყნიდან. მე ამას ვერ დავუკავშირებ მხოლოდ სახელფასო პოლიტიკას, იმიტომ, რომ როდესაც მისი საშუალო ხელფასი 2500-დან 4000-5000 ლარამდე მერყეობს და მაინც გადაწყვეტს, რომ ქვეყანა დატოვოს, ვფიქრობ, ის არ არის მხოლოდ შემოსავალზე ორიენტირებული. აქ, ალბათ, უფრო მასშტაბური პრობლემაა, ის ვერ ხედავს პერსპექტივას და უიმედოდაა განწყობილი. მესმის, საუბარი იყოს თანამშრომელზე, რომელსაც ხელფასი აქვს 500-დან 1000 ლარამდე და ქვეყანა დატოვოს, მაგრამ, როდესაც 2000-დან 5000 ლარამდე ხელფასიან საშუალო რანგის თანამშრომელზეა საუბარი, რომელიც ქვეყანას ტოვებს ოჯახით, ეს ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის”, _ ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია.

სანამ მასალის წერას დავიწყებდი, სუპერმარკეტ “ორ ნაბიჯში” შევედი. ჩემ წინ ხანშიშესული ქალბატონი იდგა, პური იყიდა და, როცა შეტრიალდა, უცებ წამოიყვირა: “აქ, კალათაში, პროდუქტებით სავსე ჩანთა მედო და აღარ არის!” _ უცბად თვალები აუცრემლიანდა… პერსონალიცა და ხალხიც ძალიან შეწუხდა…

მოლარეს გამოველაპარაკე, ახალგაზრდა ქალ ნატო ქადარიას. მან მითხრა: “ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც პროდუქტს იპარავენ, გახშირდა ქურდობა. შია ხალხს, ნეტავ გაჩვენათ, რა მცირედს ყიდულობენ. სალაროსთან მოვლენ, ფასს ნახავენ და უკან აბრუნებენ პროდუქტს, გადახდას ვერ ახერხებენ. გული დაგეწვება ადამიანს, ისეთ სცენებს ნახავ მთელი დღის განმავლობაში. დღის ბოლოს მკვდარივით ვბრუნდები შინ. თავზე არც ჩემს ოჯახს გადასდის, ხელფასი მაღაზიაში ძალიან დაბალია, ვცდილობ, ფასდაკლებებზე შევიძინო ოჯახისთვის საჭირო პროდუქტები”.

ჩვენს საუბარში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაერთო, ელექტრიკოსი ყოფილა, იაკობ ხურციძე: “ვმუშაობ, საქმე სულ მაქვს, მაგრამ ოჯახს ვარჩენ-მეთქი, მაინც ვერ ვიტყვი, რადგან არ მყოფნის შემოსავალი. დღის ბოლოს ოჯახში იმდენი საკვები მიმაქვს, მხოლოდ საღამოს რომ გვეყოს. ასე გაგვაქვს თავი დღიდან დღემდე, უფლის იმედად ვართ. დამდგარა ჩვენი ხელისუფლება და ეკონომიკური ზრდა არის ქვეყანაშიო, გაიძახის. სად არის ზრდა, მოვიდეს ჩემს ოჯახში, ჩვენისთანების ოჯახში და მაცივარი გამოაღოს; ნახოს, როგორ ვართ, რით ვიკვებებით. შრომა არ მეზარება, სულ ვწვალობ, რაც თავი მახსოვს, მაგრამ წინ ვერ მივდივარ. იმაზე ვფიქრობ, ორი კაპიკი შევაგროვო და ჩემი შვილი საზღვარგარეთ გავუშვა. ომი არ გვაქვს ქვეყანაში, სტაბილურობა არისო, გაიძახიან, ასეთ “სტაბილურობას” და სიმშვიდეს” ომი მირჩევნია. მშიერი მშვიდობა ვის რა ჯანდაბად უნდა?! უპატრონოა ჩვენი ხალხი ამათ ხელში!”

ქვეყანაში შექმნილ სოციალურეკონომიკურ ვითარებაზე მოქალაქეები გვესაუბრებიან:

არ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, ისეთი არაფერი კეთდება, რასაც მართლაც შეუძლია სოციალური ფონის გაუმჯობესება

არდალიონ ხააძე, სამოქალაქო აქტივისტი:

_ მახსოვს, ამ თემაზე ზაფხულშიც ვისაუბრეთ. მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, განსაკუთრებით სოციალური კუთხით. პირიქით, ვითარება გაუარესებულია. ფასები კატასტროფულად არის გაზრდილი, ხალხის ყოფა  გაუსაძლისია. არ ვიცი, ჩვენი ქვეყნის პრემიერი და ეკონომიკური გუნდი როგორ ითვლიან ეკონომიკური ზრდის პროცენტებს, მაგრამ ნუთუ ვერ ხედავენ, როგორ გარბის ხალხი ქვეყნიდან?! დაიცალა საქართველო, პერსპექტივას ვეღარ ხედავს ადამიანი.  არ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, ისეთი არაფერი კეთდება, რასაც მართლაც შეუძლია სოციალური ფონის გაუმჯობესება. გაჭირდა ცხოვრება, ძალიან გაჭირდა…

ღარიბაშვილი გვეტრაბახება _ სწორი გზით ვვითარდებითო, მაგრამ იმას არ ამბობს, თუ ყველაფერი სწორად არის, ხალხი უკმაყოფილო რატომაა

მერაბ ზურაბაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე ამბობდა, სწორი გზით ვითარდება ქვეყანაო, ახლა ღარიბაშვილი გვეტრაბახება, სწორი გზით ვვითარდებითო, მაგრამ იმას არ ამბობს, ყველაფერი სწორად თუ არის, ხალხი უკმაყოფილო რატომაა. თავის მართლებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. ეს მშვენივრად იცის, მაგრამ რა ქნას _ რასაც ეუბნებიან უცხოეთიდან, იმას ლაპარაკობს.

გახსოვთ, ივანიშვილმა რომ გამოგვიცხადა: ჩემს ხალხს საქმეს ჩავუწყობ და საზღვარგარეთ გავუშვებ სამუშაოდო? ქვეყანა დაქცეული გვაქვს და ამ დროს ქვეყნიდან ადამიანებს უშვებს უცხო ქვეყანაში დოვლათის შესაქმნელად. ესაა ქვეყნის მართვა? ივანიშვილი ახორციელებს პოლიტიკას _ საქართველო უქართველებოდ. ის ცდილობს, საქართველო ქართველებისგან დაიცალოს და აქ უცხოტომელები დამკვიდრდნენ. თუკი თურქებისთვის, არაბებისთვის, ირანელებისთვის არის ამ ქვეყანაში სამუშაო, ქართველებისთვის რატომ არ არის? ქართველების ადგილს სხვას უთმობს? ამაზე დიდი ეროვნული ღალატი არ არსებობს. უმუშევრობამ წალეკა ქვეყანა, ახალგაზრდები საზღვარგარეთ გარბიან უკეთესი მომავლის იმედით… აქ ხელფასი არაფერში ყოფნის ადამიანს, ფასები საშინლადაა გაზრდილი, პურის მეტს ვერაფერს ყიდულობს.

არაფერი გამოსწორდება და ციფრები მხოლოდ სტატისტიკა იქნება, თუ ეკონომიკურ პოლიტიკას არ შეცვლიან. გლეხებს მისცენ ბაზა, ხელი შეუწყონ, რასაც დაჰპირდნენ, ქალაქელებს აუშენონ ფაბრიკა-ქარხნები, დაამზადებინონ ის ხელსაწყოები, რომლებიც გლეხს სჭირდება. ქალაქმა ინვენტარი მოგვაწოდოს სოფლად და გლეხი თავის საქმეს გააკეთებს. დიდი ფილოსოფია არ სჭირდება ამას, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო და სამშობლოს სიყვარული.

წინსვლა გვექნება ეკონომიკაში, გამოსწორდება სოციალური მდგომარეობა, თუ რუსეთთან ვიქნებით ახლოს. ამას ყოველთვის ვამბობ, როცა საუბრის საშუალება მომეცემა. რუსეთი დიდი ქვეყანაა და მისი ბაზარი პატარა საქართველოსთვის მისწრებაა. გარდა ამისა, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, მასთან ალიანსში ყოფნა გააიაფებს ენერგომატარებლებს. ჩვენი ენერგომატარებლები ისედაც რუსეთის ხელშია, მაგრამ მტრულ ურთიერთობაში ყოფნა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ფასები ჩვენთანაც ისეთივე იყოს, როგორც რუსეთის მეგობარ ქვეყნებში. საქართველოს ხელისუფლებამაც და ე.წ. ოპოზიციამაც კარგად იციან, რომ რუსეთი თავის მეგობარ ქვეყნებს ნავთობს, ბუნებრივ აირსა და ა.შ. ნახევარ ფასად აძლევს, ეს კი საუკეთესო გამოსავალია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, რომელიც უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ამერიკას მსოფლიოზე ბატონობა სურს, ამ გზაზე ხელს რუსეთი უშლის, ჩვენ კი, როგორც რუსეთის მეზობელი ქვეყანა, მათ მეტოქეობას ვეწირებით. ამერიკას მხოლოდ პლაცდარმად ვჭირდებით და სხვა ჩვენგან არაფერი აინტერესებს. ის პირდაპირ ვერ ეომება რუსეთს, რადგან დიდ ზარალს ნახავს, ამიტომ სხვადასხვა ხერხით ცდილობს მოქმედებას, რისთვისაც საქართველოში (და არა მხოლოდ) ჰყავს თავისი გოშიები, ნაძირალები, გახრწნილი ადამიანები, რომლებიც სულსა და სამშობლოს ფულზე ყიდიან.

ამერიკელები და საქართველოში მცხოვრები მათი გოშიები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა დაგვეძაბოს, ამისთვის ყველას და ყველაფერს გაწირავენ და წირავენ კიდეც.

თქვენს გაზეთთან ხშირად მითქვამს, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ჩვენ არც შრომა გვეზარებოდა და არც ფული გვაკლდა, ღირსებააყრილები არ ვიყავით. ახლა ყოველდღე უკან მივდივართ, წინ ერთი ნაბიჯიც ვერ გადაგვიდგამს. ყველაფერი იკარგება და ინგრევა. გვესმის, რომ ეს პატარა ქვეყანა დიდი პოლიტიკის მსხვერპლია, იმ პოლიტიკოსების, რომლებიც გაიყიდნენ. ამერიკას საქართველოში ჰყავს თავისი აგენტურა, რომელმაც გაანადგურა ჩვენი სამშობლო.

სახალხო მეურნეობა მიზანმიმართულად დაგვინგრიეს, მრეწველობა გაანადგურეს, ქარხნები და ფაბრიკები ჯართად გაყიდეს, სოფელი მოსპეს, მეურნეობებისგან აღარაფერი დარჩა. განადგურებულს, სრულად თუ ვერა, ნაწილობრივ რუსეთთან ურთიერთობა აღგვიდგენს. თუმცა, რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ხელისუფლება, რომელიც არჩევნების ანგარიშს ამერიკის ელჩს აბარებს, ვერასოდეს გაბედავს რუსეთთან დალაპარაკებას.

ქართველმა ღირსება დაკარგა

ბორის კაკაბაძე, სამოქალაქო აქტივისტი:

_ ქართველმა ღირსება დაკარგა, უცხო ქვეყანაში მონად მუშაობს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას სურს, აქ დარჩენილი ქართველებიც იქით გაგვრეკოს. სამუშაო ადგილებს ვერ შევქმნი, მაგრამ ისე გავაკეთებ, ჩვენმა ხალხმა ლეგალურად იმუშაოს ევროპაში და ღირსებას ასე დავიბრუნებთო, გვითხრა თავის დროზე ივანიშვილმა და ასეც მიდის ჩვენი ქვეყნის საქმე.

საქართველოდან ხალხის წასვლას ხელს უწყობენ და აქ უცხოტომელებს ასაქმებენ, ასახლებენ, აცხოვრებენ და ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობენ. ნეტავ სად არის ის საქართველო, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მთავრობები საუბრობენ-ხოლმე?!

ეს რა მშვიდობაა, მშიერია ხალხი!”

ნონა გურაბანიძე, დიასახლისი:

_ დიაბეტი აქვს ჩემს შვილს, სპეციალურ პროგრამაში მყავს ჩასმული, ვითომ სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს, მაგრამ მაინც ჩვენი საყიდელია საჭირო წამალი. ამ ქვეყნიდან წასვლაზე ვფიქრობ, საფრანგეთში მყავს ახლობელი და მეუბნება: ჩამოდი და ხელს შეგიწყობო. იქ ჯანდაცვა მოწესრიგებულია და ჩემს შვილს არაფერი გაუჭირდება. მძულს აქაურობა, აღარ მინდა ტელევიზორის ჩართვა და თბილ სკამებში მოკალათებული, ხელისუფლების გაბღენძილი წარმომადგენლების დანახვა. ხალხზე არ ზრუნავენ, დიდი ამბავი, თუ ომი არ დაიწყეს და ვითომ მშვიდობა აქვთ. ეს რა მშვიდობაა, მშიერია ხალხი! ვნახავ, ცოტა ხანში ამ “მშვიდობას” როგორ შეინარჩუნებენ. ზამთარი მოდის, გაორმაგებულ გადასახადებს რომ ვერ გადაიხდის ეს შიმშილისგან გამოფიტული ხალხი, მერე ილაპარაკონმშვიდობასადასტაბილურობაზე”.

ორი ადამიანი რომ დგას და საუბრობს, მიუახლოვდეს მათ ჩვენი პრემიერი და გაიგებს, რაზე საუბრობენ. ნაცნობებს ერთმანეთთან სხვა სალაპარაკო არ აქვთ, გარდა იმისა, როგორი გაუსაძლისი ყოფაა ქვეყანაში. პრემიერის მანქანის ფანჯრიდან არ ჩანს ხალხის გაჭირვება…

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

P.S. ყველამ იცის, რომ, თუ ხელოსანი ან მუშა გჭირდება, ელიავას ბაზრობასთან უნდა მიხვიდე, მაგრამ იცით, რამდენს ითხოვენ მუშები და ხელოსნები ერთდღიან მომსახურებაში?  150 ლარზე ნაკლებად არავინ წამოგყვება, თუნდაც იმ დღეს სამუშაო სულაც არ გაუჩნდეს

გამოდის, ერთი დღის სამყოფი ფული 150 ლარია, ჩვენი ხელისუფლება კი გვეუბნება, რომ ყოველთვიური საარსებო მინიმუმი 247   ლარიაო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here