ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, საზოგადოდ, ბევრ ციფრსა და შედეგს მოიცავს, მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის, რომ, გამოკითხულთა (საერთო ჯამში, 2493 ადამიანი გამოიკითხა) 42%-ის აზრით, საქართველოსთვის საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო. დემოკრატიული ინსტიტუტის მკვლევარები ამბობენ, რომ ასეთი თვალსაზრისი, ძირითადად, სოფლისა და დაბის ტიპის დასახლებებში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ. გამოკითხულთა 84% ფიქრობს, რომ საქართველოს სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირისკენ კარგია.
სანამ ძირითად საკითხზე გადავალთ, გეტყვით, რომ, 2012 წლისა და იმის შემდგომ არჩევნებზეც 30-40%-იანი ცდომილებების მიუხედავად, NDI-ის ხელმძღვანელობა ჯიუტად ამტკიცებს, რომ ამ გამოკითხვებში ცდომილება +-2.7%-ია.
არადა, ლოგიკას რომ მივყვეთ, ის ადამიანი, რომელიც ამბობს, საბჭოთა კავშირის დანგრევა ცუდი იყოო, პრაქტიკულად, გამორიცხულია, ნატოს წევრობაზე ფიქრობდეს. პირიქით _ მათი თხოვნაც, მოთხოვნაც და ფიქრიც არის ის, რომ, როგორმე ისევ რუსეთისკენ აიღოს კურსი ქვეყანამ, რომ მეზობელთან თბილი ურთიერთობები დამყარდეს და ქართული პროდუქციისთვის მსოფლიოს უდიდესი ბაზარი ისევ ხელმისაწვდომი გახდეს. ანუ თუ 42 პროცენტი მიიჩნევს რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი იყო, შესაბამისად არ ემხრობა ნატოსკენ სწრაფვას, 84 პროცენტი როგორღა იქნება ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვის მომხრე, 42+84 ხომ 126 პროცენტია? ენდიამ სოციაოლოგიური კვლევა ჩატაარა თუ “სოცშეჯიბრი” სიცრუის ტირაჟირებაში და კვარტლის გეგმა 126 პროცენტით შეასრულა?
NDI-ის კვლევების მიხედვით ან ნატოს მოსურნე ადამიანების პროცენტული რაოდენობა არის ხელოვნურად გაზრდილი ან იმ ადამიანების რაოდენობაა მომატებული, რომლებისთვისაც საქართველოსთვის საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო (ჯამში, ორივე კატეგორიის ადამიანების პროცენტული რაოდენობა 126%-ია). და ამას ის +-2.7%-იც რომ ჩამოვაკლოთ თუ მივუმატოთ, მაინც არაფერი ეშველება. თავისივე ციფრებში ახლართული NDI-ის დირექტორი ამაზე დუმს, მაგრამ ფაქტია, რომ წლების განმავლობაში ეს ინსტიტუტი ვიღაცის და რაღაცის ინტერესებს ემსახურება და, წლებია, ხელისუფლება გაიძახის, მათი კვლევების არ გვჯერაო. თუ არ გჯერათ, საერთოდ აკრძალეთ, თქვე კაი ხალხო, მაგრამ… NDI-ის რა მოვთხოვოთ, როცა ციფრებში უკვე “ქართული ოცნებაც” აიხლართა და, ახალი კონსტიტუციის პროექტს თუ დავუჯერებთ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში შეიძლება ისე მოხდეს, რომ პირველ ადგილზე პარტია 30 მანდატით გავიდეს, საბოლოო ჯამში კი საკონსტიტუციო უმრავლესობა ერგოს, ამიტომ ხელისუფლებასაც სჭირდება ერთი ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ციფრებს არასწორად დაითვლის და 100%-იან ზღვარს გასცდება. რისთვის? იმისთვის, რომ ხალხის აზრი არაფრად ჩააგდონ და ყველას დაანახვონ, რომ ნატო გვინდა, ევროკავშირი გვინდა და…
მერე რა, თუ დაბებსა და სოფლებში, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ხალხი სხვანაირად ფიქრობს. არადა, ამბობენ, ციფრები არასდროს ტყუისო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს NDI-ის ოფისზე არ ვრცელდება.
ბესო ბარბაქაძე