Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე მსოფლიოს 7 საუკეთესო ბოტანიკური ბაღი

მსოფლიოს 7 საუკეთესო ბოტანიკური ბაღი

4764

თანამედროვე ადამიანისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი ბაღები და პარკებია. აქ შეიძლება მოდუნება, სუფთა ჰაერით სუნთქვა და ბუნების ლამაზი ხედებით ტკბობა. და, თუკი ეს ადგილი უნიკალური ბოტანიკური ბაღია ან დახვეწილი გემოვნებით შექმნილი კომპლექსი, რომელშიც თავმოყრილია იშვიათი და უჩვეულო მცენარეები, თანაც გაფორმებულია სურნელოვანი ყვავილებისა და ბუჩქების ექსპოზიციებით, აგრეთვე, შადრევნებითა და ტბებით, მაშინ იქ გასეირნება დაუვიწყარი მოვლენაა, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი სიამოვნება განგაცდევინოთ. გაეცანით გასაოცარ და ულამაზეს ოაზისებს, რომლებშიც, როცა მოხვდებით, წამოსვლა აღარ მოგინდებათ. 

ბოტანიკური ბაღი რიო-დე-ჟანეიროში

ბოტანიკური ბაღი (Jardim Botânico Fanchette Rischbieter) რიო-დე ჟანეიროში 1808 წელს დააარსა პორტუგალიის მეფე იოანე VI-მ მიწის შედარებით პატარა ნაკვეთზე _ 100 ჰა-ზე. თავდაპირველად ამ ბაღის ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, აკლიმატიზაცია გაიარა ინდიელთა ძალიან სასარგებლო და პოპულარულმა მცენარეებმა, როგორიც არის მუსკატის კაკალი, დარიჩინი და წიწაკა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ადგილი ეგზოტიკური მცენარეების ნამდვილ ოაზისად გადაიქცა და ამჟამად იქ ხარობს ფლორის 6500-მდე სახეობა. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არის ბრომელიებისა და ორქიდეების კოლექციები, აგრეთვე, წიწვოვანი მცენარეები და ეგზოტიკური კაქტუსები. ამას გარდა, ამ განსაცვიფრებელ კომპლექსში არის უზარმაზარი ბოტანიკური ბიბლიოთეკა, რომელშიც ინახება… გამხმარი ხილი და კენკრა, იშვიათი ბრაზილიური მცენარეების ჰერბარიუმი და ფოტოები.
აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ ფანტასტიკურ ბაღებში, მათ შორის, კაქტუსისა და იაპონურ ბაღში, “გრძნობების ბაღში”, ეწვიოთ მეთევზის ტბას, რომელიც ზუსტად ქმნის ამაზონის პეიზაჟს. ხოლო ცნობილ ტბორ ლაგო ფრეი ლეანდროს ზედაპირზე ტურისტებს შეუძლიათ ნახონ წყლის შროშანები “ვიქტორია”. ნაკრძალს ამშვენებს არა მხოლოდ შადრევნები, სკულპტურები და ისტორიული ძეგლები, არამედ მაიმუნი კაპუცინები, 140 სახეობის ფრინველი, ამფიბიების იშვიათი სახეობები. ეს მშვენიერი და შესანიშნავი ადგილი ჯერ კიდევ 1992 წელს გამოაცხადა იუნესკომ ნაკრძალად და ახლა მას კანონი იცავს.

სასახლე და პარკი ვერსალი (პარიზი, საფრანგეთი)

ვერსალის ბაღები პარიზში _ ეს არის თვით დედაბუნების ბრწყინვალება და ფუფუნება, რომელიც შექმნილია შემოქმედი ადამიანის გონებითა და ხელით. მეფე ლუდოვიკო XIII-ის პერიოდში აშენებული მონადირეთა დასასვენებელი სახლი, შთამომავლების მიერ ნამდვილ სასახლედ გადაკეთებული, გარშემო შესანიშნავი, მდიდრული ბაღით, საფრანგეთის ღირსშესანიშნაობად იქცა.
ტერიტორიაზე 1400 შადრევანია, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
ეს ადგილი შესანიშნავ პარკად ლუდოვიკო XIV-მ გარდაქმნა. მას მიაჩნდა, რომ ამით ამტკიცებს ხელმწიფის სიდიადესა და ძლიერებას. მას შემდეგ ვერსალის სასახლე და პარკი, რომელსაც 900 ჰა ფართობი უჭირავს, მოირთო არა მხოლოდ ბუნების ექსპონატებით, არამედ სკულპტურებითა და შადრევნებით. ამჟამად ის ტურისტების მრავალმილიონიან არმიას მასპინძლობს და შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

სინგაპურის ბოტანიკური ბაღი (სინგაპური)

თანამედროვე მეგაპოლისის, პრაქტიკულად, ცენტრში მდებარეობს ნამდვილი სამოთხე _ სინგაპურის ბოტანიკური ბაღი (Singapare Botanic Gardens) ორქიდეების ნაციონალურ პარკსა და სუპერთანამედროვე “ყურესთან მდებარე ბაღთან” ერთად. ეს ეგზოტიკური ოაზისი ჰგავს ფანტასტიკურ პარკს, გაფორმებულს ფუტურისტულ სტილში, და მოქმედებს უკვე 150 წელზე მეტია. იქ მნახველებს შეუძლიათ დაათვალიერონ არა მხოლოდ უცნაური ხეები და მცენარეები, არამედ სუპერხეებისგან შექმნილი უამრავი ხიდი. თითოეული ასეთი ფანტასტიკური ქმნილება წარმოადგენს სპეციალურ კარკასს, რომელშიც დარგულია ტროპიკული ყვავილები.
ამ უნიკალური ბუნებრივი კომპლექსის ტერიტორიაზე, გაშენებულია ორქიდეების ნაციონალური ბაღი, რომელშიც არის ამ ჯადოსნური მცენარეების ყველაზე დიდი კოლექცია. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 3 ჰა მიწის ფართობზე მოჰყავთ მსოფლიოში ცნობილი და სასურველი ყვავილის 60 ათასზე მეტი სახეობა. ეს ტროპიკული ოაზისი მნახველებისთვის ღიაა დილის 5-დან ღამის 12 საათამდე.

ტროპიკული ბაღი ნონგ ნუჩი (ტაილანდი)

ტროპიკული ბაღი Nong Nooch Tropical Garden-ი უდიდესი ბოტანიკური ბაღია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მასში იპოვა თავიანთი ადგილი ყველაზე ეგზოტიკურმა მცენარეებმა, მათ შორის არის ისეთებიც, რომლებიც გადაშენების პირასაა. ეს ნაკრძალი შედგება სადემონსტრაციო ბაღებისგან, რომლებსაც ამშვენებს სხვადასხვა სტილში შესრულებული ცოცხალი კომპოზიციები, აგრეთვე ორქიდეებისა და კაქტუსების პარკისგან. ამ ყველაფერთან ერთად ნაკრძალში შექმნილია პეპლების პარკი, ორი უზარმაზარი ხელოვნური ტბორი, თეატრი, ზოობაღი და ლანდშაფტის არქიტექტურის კოლეჯიც კი, აგრეთვე, მინიატურული რკინიგზის ხაზი.

ბრუკლინის ბოტანიკური ბაღი (ნიუ-იორკი აშშ)

ბრუკლინის ბოტანიკური ბაღი (Brooklyn Botanic Garden) _ ეს არის თვალწარმტაცი და ყვავილების სურნელით გაჟღენთილი ადგილი სუპერთანამედროვე მეგაპოლისის შუაგულში, თუმცა მისი ფართობი არც ისე დიდია, სულ 100 ჰექტარი, მაგრამ მასზე ხარობს მილიონამდე სახეობის მცენარე. ეს ყველაფერი გაერთიანებულია 50 კოლექციაში, რომელშიც შეკრებილია ფლორის წარმომადგენლები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. ზოგიერთი პარკისთვის შექმნილია განსაკუთრებული პირობები, იქ ხომ ხარობს ტროპიკული წვიმიანი ტყეებისა და, აგრეთვე, ნახევრად უდაბნოს მცენარეები.
ბრუკლინის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე ორანჟერეა, ალპინარიუმი, წყალსატევი შროშნებითა და ლოტოსებით, ორქიდეის ბაღები და ყვავილების პერიოდში თვალწარმტაცი ალუბლის ბაღი. ეს კომპლექსი ღიაა მთელი წლის განმავლობაში _ ის ხომ ქალაქის ყველაზე მშვენიერი ღირსშესანიშნაობაა, თანაც ასრულებს დიდი სამეცნიერო-საკვლევი ბაზის როლს.

 

მონრეალის ბოტანიკური ბაღი (კანადა)

მონრეალის ბოტანიკური ბაღი (Botanical garden Montreal) _ ეს არის შესანიშნავი ოაზისი მონრეალის ცენტრში, ღირსშესანიშნაობა, რომელიც სარგებლობს უდიდესი პოპულარობით, როგორც მონრეალელთა, ისე მილიონობით მოგზაურთა შორის. ეს უნიკალური მცენარეული საფარის ტერიტორია კანადის მკაცრ კლიმატში მსოფლიოს ერთ-ერთ ლამაზ ბოტანიკურ ბაღად ითვლება.
ბაღის უზარმაზარი ტერიტორია დაყოფილია 30 თემატურ ზონად, რომლებშიც ხარობს ფლორის 26 ათასი წარმომადგენელი. აქ, აგრეთვე, არის 10 ორანჟერეა. ცალკეული ზონების ექსპოზიციები წარმოაჩენს არა მხოლოდ ამა თუ იმ რეგიონის ან ქვეყნის მცენარეულ საფარს, არამედ მათ ტრადიციებსაც.
მონრეალის ბოტანიკურ ბაღში ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს შხამიანი მცენარეების ზონა, როზარიუმი და ალპური მცენარეების პარკი. ყველა ეს უნიკალური ორანჟერეა და ზონა მნახველებისთვის ღიაა მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე ცხელია თებერვალ-აპრილის პერიოდში, როცა მონრეალის ბოტანიკურ ბაღში ტარდება პეპლების შოუ-გამოფენა Bუტტერფლიეს Gო Fრეე.

პოლარულ-ალპური ბოტანიკური ბაღი-ინსტიტუტი (რუსეთი)

ეს არის ერთ-ერთი გასაოცარი ბოტანიკური ბაღი, რომელიც მნახველებს აოცებს არა ადამიანის ხელით შექმნილი ექსპოზიციებით, არამედ თავისი ექსპონატებით, რომლებიც ცოცხლობენ მკაცრ პოლარულ პირობებში. ამ უნიკალურ ობიექტს საფუძველი ჩაეყარა 1931 წელს, რათა მეცნიერ-ნატურალისტებს საშუალება ჰქონოდათ, შეესწავლათ სხვადასხვა კლიმატური ზონის მცენარეების არსებობის შესაძლებლობა კოლის ნახევარკუნძულის მკაცრ პირობებში.
პოლარული წრის შიგნით მდებარე დენდრონიუმის არსებობის განმავლობაში აქ 30 ათასი სახეობის მცენარის გახარებას ცდილობდნენ, მაგრამ მხოლოდ 3500-მა შეძლო მკაცრ კლიმატურ პირობებთან შეგუება. ნაკრძალის უნიკალურ კოლექციაში განსაკუთრებით გამოირჩევა და ტურისტების დიდი მოწონებით სარგებლობს ქვებიანი ბაღი, ენძელების ბაღი და ჰერბარიუმი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here