დასავლეთის რომელი ქმედებების წინააღმდეგ ემზადებიან მოსკოვში და რა პოლიტიკა შეიძლება დაუპირისპირონ მას? _ ამის შესახებ გამოცემა aif.ru–ს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ესაუბრა.
ტურბულენტური გარემო
ვიტალი ცეპლიაევი, aif.ru: _ ნიკოლაი პლატონოვიჩ, როგორ აფასებთ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას ახალი წლის დასაწყისისთვის?
ნიკოლაი პატრუშევი: _ ვითარება მსოფლიოში უკიდურესად რთულია და ტურბულენტური ხასიათისაა. სხვადასხვა რეგიონის ბევრი ქვეყანა ერთდროულად იმყოფება სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სულიერ კრიზისში. იმედი ვიქონიოთ, რომ წელს დადებითი ცვლილებები დაიწყება.
_ თქვენ ერთხელ თქვით, რომ დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელობა არაფერს აკეთებს ვითარების გასაუმჯობესებლად არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ თავიანთ ქვეყნებშიც კი. რაზეა საუბარი?
_ დასავლელ პოლიტიკოსებს არ აქვთ ძალა და უნარი, რომ უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი ქვეყნების ცხოვრება, ვინაიდან ისინი, დიდი ხანია, დამოუკიდებელი ფიგურები აღარ არიან. ყველას აქვს კავშირი მსხვილ ბიზნესთან, ლობისტებსა და ფონდებთან. ამ ფაქტებს არც მალავენ. არის უახლესი მაგალითები. როგორც გაირკვა, ათობით ევროპარლამენტარს აკონტროლებდნენ ჯორჯ სოროსის სტრუქტურები, ხოლო ევროკომისიამ მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის მითითებით შექმნა კორუფციული სქემები მილიარდობით ევროს ღირებულების ვაქცინების შესაძენად. ცხადია, რომ დასავლეთში რეალური ძალაუფლება რესურსების მქონე კლანებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელშია.
– როკფელერებსა და როტშილდებს ხომ არ გულისხმობთ?
— სინამდვილეში ასეთი კორპორაცია და კლანი გაცილებით მეტია. მაგალითად, მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა, არაოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს თითქმის 38 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ძირითადი წილი ტრანსნაციონალური კომპანიებისა მოდის კორპორაციებზე, რომელთა სათავო ოფისი მდებარეობს შეერთებულ შტატებში. მათი შემოსავალი დაახლოებით 16 ტრილიონი დოლარია, 1,8 ტრილიონი დოლარის წმინდა მოგებით.
ზოგიერთი ტრანსნაციონალური კომპანიის კაპიტალი აღემატება მსოფლიოს ეკონომიკების უმრავლესობის მშპ–ს და მათ მიერ შემდგომი გამდიდრებისთვის შექმნილი ფონდები პრეტენზიას აცხადებენ კაცობრიობის მართვის ზენაციონალური მექანიზმის როლზე. სოროსის ფონდი გახდა თითქმის მთავარი მსოფლიო ცენტრი „ფერადი რევოლუციების“ დასაგეგმად და განსახორციელებლად.
ორი მსახიობი ერთ სპექტაკლში
_ გინდათ, თქვათ, რომ ამერიკის ხელისუფლებაც კი ვერ ატარებს დამოუკიდებელ პოლიტიკას?
_ ამერიკის სახელმწიფო, ფაქტობრივად, მხოლოდ გარსია იმ უზარმაზარი კორპორაციების კონგლომერატისა, რომლებიც მართავენ ქვეყანას და ცდილობენ დომინირებას მსოფლიოზე. ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის აშშ-ის პრეზიდენტებიც კი მხოლოდ სტატისტები არიან, რომლებსაც შეუძლიათ, ხმა გააკმენდინონ, მაგალითად, ტრამპს. ამერიკელი ლიდერების ოთხივე მკვლელობის კვალი კორპორაციებისკენ მიდის. შემთხვევითი არ არის, რომ, სულ უფრო მეტი ამერიკელის აზრით, რესპუბლიკელები და დემოკრატები ორი მსახიობია ერთ სპექტაკლში, რომელსაც საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან. მსხვილ ბიზნესთან შერწყმული ამერიკის ხელისუფლება ემსახურება ტრანსნაციონალური კორპორაციების, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ინტერესებს. კორპორაციული გავლენის შედეგია ასევე თეთრი სახლის თავდაჯერებული საგარეო პოლიტიკა, ნატოს აღვირახსნილი აგრესიულობა, სამხედრო ბლოკ AUKUS-ის (ავსტრალიიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ალიანსი _ გ.გ.) და სხვათა გაჩენა. ამერიკის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საუკეთესო მტკიცებულებაა ვაშინგტონის გეგმებისა, გააჩაღოს ახალი ომები საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობის საზიანოდ. ფედერალური მთავრობის მიერ დაგეგმილი 1,7 ტრილიონი დოლარის ხარჯებიდან ნახევარი განკუთვნილია თავდაცვისთვის _ 850 მილიარდ დოლარზე მეტი. უკრაინაში საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად და კონფლიქტის გასახანგრძლივებლად 45 მლრდ დოლარის გამოყოფა იგეგმება. ეს იმის მიუხედავად, რომ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი დამქაშები ვალების ორმოში არიან. აშშ-ის სახელმწიფო ვალი 21 ტრილიონ დოლარს აღემატება, ინგლისის ვალი _ 2,4 ტრილიონი გირვანქა სტერლინგი _ მაქსიმალურია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და 101%-ით აჭარბებს მშპ-ს. მსოფლიო რეკორდი ვალის თანაფარდობით მშპ-სთან (2,6-ჯერ მეტი) დაამყარა იაპონიამ, რომლის სახელმწიფო ვალმა თითქმის 10 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ოღონდ ეს ქვეყნები, რომლებიც თავს მსოფლიოს ბატონებად თვლიან, ვალების დაბრუნებას არ აპირებენ. დასავლეთმა, როცა აყვავდა, მსოფლიოზე ბატონობას კოლონიური დაპყრობებით მიაღწია. ასე იქცევიან დღეს ტრანსნაციონალური კომპანიებიც, რომლებიც კაპიტალის გაზრდას სხვა ქვეყნებიდან რესურსების ამოტუმბვის ხარჯზე ცდილობენ. ამასთანავე,ისინი იყენებენ მასების გამოთაყვანების სისტემას, რათა პლანეტის მოსახლეობას თავს მოახვიონ იდეა გარკვეული წესების შესახებ, რომლებიც თვითონ მოიფიქრეს და რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.
გლობალური ექსპლუატაცია
_ მართლა ფიქრობთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობისას ტრანსნაციონალური კომპანიები სერიოზულ გავლენას ახდენენ ადგილობრივ პოლიტიკურ და სოციალურ–ეკონომიკურ პროცესებზე?
_ დიახ. ერთი მხრივ, ისინი ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეშვეობით და ზრდიან შრომის ნაყოფიერებას. ოღონდ ამ შედეგებით მოსახლეობას არ შეუძლია ისარგებლოს, რადგან კომპანიები მუდმივად განდევნიან ხოლმე ადგილობრივ მწარმოებელს და ხდებიან მონოპოლისტები. მოგების ძირითადი მოცულობის საზღვარგარეთ გატანით ისინი ქვეყნებს ეროვნული კეთილდღეობის მატების შესაძლებლობას ართმევენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი არ არის ეროვნული სამართლებრივი რეგულაციები. ტრანსნაციონალური კომპანიების საქმიანობის მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციები კი ყალიბდება თვით კორპორაციების ინტერესებიდან გამომდინარე და მათი უშუალო მონაწილეობით. მისი ცვლილების მცდელობა ქვეყნების ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ ყოველთვის ტორპედირებას განიცდის. მსოფლიოში მიმდინარე კარდინალური ცვლილებების პირობებში კორპორაციების მიზანია გლობალური ექსპლუატაციის სისტემის შენარჩუნება. ამას ხელმძღვანელობს ელიტა ბიზნესმენებისა, რომლებიც არც ერთ სახელმწიფოსთან არ ასოცირდებიან. ამ ელიტის ქვემოთ არიან მსოფლიოს ე.წ. განვითარებული ქვეყნები, აგრეთვე, „ოქროს მილიარდი“; შემდეგ კი _ დანარჩენი კაცობრიობა, რომელსაც ზიზღით მოიხსენიებენ, როგორც “მესამე სამყაროს”.
_ ამ ლოგიკით, ჩანს, ამ იერარქიაში რუსეთს არც ისე შესაშური ადგილი აქვს მიკუთვნებული.
_ დასავლეთში ჩვენი ქვეყნის ადგილი არ არის. რუსეთი აღიზიანებს მსოფლიოს მბრძანებლების მცირე ჯგუფს, რადგან მდიდარია რესურსებით, აქვს უზარმაზარი ტერიტორია ჭკვიანი და თვითკმარი ხალხით. ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ანერვიულებს მსოფლმხედველობრივი და იდეური განსხვავება რუსეთსა და დასავლური კაპიტალის კონტროლს დაქვემდებარებულ ქვეყნებს შორის. კორპორაციები მიზნად ისახავენ მომხმარებელთა საზოგადოების გამდიდრებას და განვითარებას. მეორე მხრივ, რუსეთი ინარჩუნებს სულიერი და ზნეობრივი ღირებულებებისა და სოციალურ–ეკონომიკურ განვითარების გონივრულ შეფარდებას. ამის გამო დასავლელები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დასუსტებას, დანაწევრებას, რუსული ენისა და რუსული სამყაროს განადგურებას. მათ, დიდი ხანია, შეიმუშავეს თავიანთი მოწინააღმდეგეებისთვის შიგნიდან ძირის გამოთხრისა და პატარ-პატარა სახელმწიფოებად დაშლის ტექნოლოგია. ასე მოიქცნენ ადრე, როდესაც, მაგალითად, ლონდონმა პირველი მსოფლიო ომის შედეგების გათვალისწინებით დაანგრია იმპერიები და მათგან ათობით ქვეყანა დაშტამპა. ასე მოქმედებენ დღესაც. ნათელი მაგალითია იუგოსლავია. საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებელი ხმის მქონე სახელმწიფო ექვსად არის გაყოფილი.
რაზე მიუთითებს უკრაინის მოვლენები
_ დეკემბრის ბოლოს აღინიშნა სსრკ–ის დაარსებიდან 100 წლისთავი. თქვენი აზრით, როგორ იმოქმედა 1991 წელს კავშირის დაშლამ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების პოლიტიკაზე?
_ ამან მათ ფრთები შეასხა. ყოფილი კავშირის სივრცეში გაჩნდა საერთაშორისო სამართლის 15 ახალი სუბიექტი. რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანის შედარება არ შეიძლება სსრკ-თან გავლენის დონით, გარდა რუსეთის ფედერაციისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა საერთაშორისო ავტორიტეტს, არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიოში და იცავს ეროვნული ინტერესებს. დასავლელთა გეგმებში რჩება რუსეთის დაშლა და საბოლოოდ მისი წაშლა მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან. დღესაც საჯაროდ გაჰყვირიან, რომ რუსეთი ერთიანი არ უნდა დარჩეს, ის მე-15 საუკუნის მოსკოვიას ჩარჩოებში უნდა შევიდეს. ამისათვის ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის რუსეთის სრულიად ყალბი ისტორიის გამოგონებას, თავიანთი პასუხისმგებლობის გადატანას რუსეთზე სხვა ხალხების ჩაგვრის გამო, რაც რუსეთს არასოდეს ჩაუდენია. იმისთვის დაიწყო უკრაინის ამბავი ვაშინგტონში, რომ შეემუშავებინათ ტექნოლოგიები ერთი ხალხის გასაყოფად და დასაპირისპირებლად. მილიონობით ადამიანს აუკრძალეს დაბადებიდან მშობლიურ რუსულ ენაზე საუბარი; აიძულებენ, დაივიწყონ წარმომავლობა. დასავლეთი, თავისი ამბიციების გამო, პრაქტიკულად, ანადგურებს უკრაინელ ხალხს; აიძულებს აქტიურ თაობას, დაიღუპოს ბრძოლის ველზე, დანარჩენი მოსახლეობა კი სიღარიბისკენ მიჰყავს. უკრაინაში განვითარებული მოვლენები არ არის მოსკოვისა და კიევის შეტაკება, ეს არის ნატოს, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატებისა და ინგლისის სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან. პირდაპირი კონტაქტის შიშის გამო ნატოს ინსტრუქტორები უკრაინელ ბიჭებს სასიკვდილოდ ერეკებიან. რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დახმარებით ათავისუფლებს თავის რეგიონებს ოკუპაციისგან და ბოლო უნდა მოუღოს მოძმე უკრაინელი ხალხის განადგურების მიზნით დაწყებულ დასავლეთის სისხლიან ექსპერიმენტს.¬
_ მაგრამ მსოფლიოში, პირიქით, რუსეთს ადანაშაულებენ უკრაინის ტერიტორიის მიტაცებაში, მის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაში…
_ ჩვენ არ ვეომებით უკრაინას, იმიტომ, რომ რიგითი უკრაინელების მიმართ არ შეიძლება გვქონდეს სიძულვილი. უკრაინული ტრადიციები ახლოსაა რუსეთის მცხოვრებლებთან, ისევე, როგორც რუსი ხალხის მემკვიდრეობა განუყოფელია უკრაინელების კულტურისგან. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყირიმში უკრაინული შენარჩუნებულია, როგორც ერთ-ერთი სახელმწიფო ენა. უკრაინული კულტურული ცენტრები, უკრაინული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები განაგრძობენ მუშაობას ბევრ ქალაქში. შორეული აღმოსავლეთის სამხრეთით სტოლიპინის დროს გადასახლებულების დიდი წილის გათვალისწინებით, მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინელი ხალხის კულტურას მშობლიურად მიიჩნევს. რაც უფრო მალე გააცნობიერებენ უკრაინის მოქალაქეები, რომ დასავლეთი მათი ხელით ებრძვის რუსეთს, მით მეტი სიცოცხლე გადარჩება. ბევრმა, დიდი ხანია, გააცნობიერა ეს, მაგრამ ვერ ამბობს რეპრესიების შიშით. დასავლეთის გეგმებში არ შედის ვინმეს სიცოცხლის გადარჩენა თავისი გამდიდრებისა და სხვა ამბიციების ხარჯზე. ამასთანავე, ამერიკელები, ბრიტანელები და სხვა ევროპელები ხშირად ქმნიან ილუზიას, რომ ისინი იცავენ ცივილიზაციას ბარბოსებისგან.
_ ავღანეთში განვითარებულ მოვლენებზე მიანიშნებთ, სადაც შეერთებულმა შტატებმა ტერორიზმთან ბრძოლა გამოაცხადა, შემდეგ კი იქიდან სამარცხვინოდ გაიქცა?
_ არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ სხვა რეგიონებშიც. ისინი მიზნების მისაღწევად თვითონ ქმნიდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, ისეთებს როგორებიცაა “ალ-ქაიდა”, “თალიბანი” თუ “ისლამური სახელმწიფო” და თვითონვე იბრძოდნენ მათ წინააღმდეგ. აწყობდნენ ტერორისტთა ლიდერების საჩვენებელ ლიკვიდაციას, მაგალითად, ოსამა ბინ ლადენის, მაგრამ პარალელურად ას ახალ ლიდერს წვრთნიდნენ და აიარაღებდნენ. ავღანეთში აშშ-ის ყოფნამ გამოიწვია არა ტერორიზმთან ბრძოლა, არამედ მრავალმილიონიანი კორუფციული სქემების შექმნა და ნარკოტიკების წარმოების მრავალჯერადი ზრდა. ამერიკელების უეცარი წასვლა ავღანეთიდან, როგორც გაირკვა, დიდწილად განპირობებული იყო იმით, რომ მთელი ყურადღება გადაიტანეს უკრაინაზე, სადაც, მათი შეფასებით, კიევის მარიონეტული რეჟიმის მზადება ანტირუსული შეტევითი მოქმედებებისთვის წარმატებით მიმდინარეობდა. სხვათა შორის, ეს დაადასტურა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმაც, რომელმაც განაცხადა, _ ამერიკელ სამხედროებს ავღანეთი რომ არ დაეტოვებინათ, ვაშინგტონი უკრაინისთვის ამხელა თანხის გამოყოფას ვერ შეძლებდაო. გარდა ამისა, ავღანეთიდან გატანილი ტექნიკის ნაწილი ევროპაში, ძირითადად, პოლონეთში გადაიტანეს. ამან ევროპელებს კიევის რეჟიმის მილიტარიზაციის საშუალება მისცა.
_ გასული წლის 24 თებერვალს რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს უკრაინის “დემილიტარიზაცია” და “დენაციფიკაცია” უწოდა. კვლავინდებრად დარწმუნებული ხართ, რომ ამ მიზნებს მიაღწევთ?
_ ნეონაცისტი დამნაშავეები, რომლებიც პარპაშებენ უკრაინაში, აუცილებლად დაისჯებიან, თუმცა შესაძლოა, მათი კურატორები შეეცადონ, გადაარჩინონ ყველაზე ოდიოზურები, რათა ისინი სხვა ქვეყნებში გამოიყენონ, მათ შორის სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად და დივერსიული ამოცანების შესასრულებლად. ასეთი სქემა შემუშავებული იყო ფაშისტური გერმანიის განადგურების პერიოდში. 1945 წლის შემდეგ ამერიკელებმა, ბრიტანელებმა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულმა დასავლეთ გერმანიის ხელისუფლებამ გერმანიის თავიანთ საოკუპაციო ზონაში დენაციფიკაციის შესახებ განაცხადეს, ხოლო სასჯელს გადარჩენილი ნაცისტები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შესაქმნელად გამოიყენეს, ისევე, როგორც ამერიკისა და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების აგენტურული ქსელი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციებისთვის. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, რომელსაც 1948 წლამდე აშშ-ის სტრატეგიული სამსახურების სამმართველო ეწოდებოდა, აქტიურად იყენებდა “აბვერისა” (ფაშისტური გერმანიის სამხედრო დაზვერვა და კონტრდაზვერვა _ გ.გ.) და ჰიტლერული რაიხის იმპერიული უსაფრთხოების სამმართველოს ყოფილ თანამშრომლებს ახალი გერმანული სადაზვერვო სამსახურების შესაქმნელად. ომის შემდგომ წლებში ამერიკელებმა აქტიურად ჩართეს ნაცისტი კრიმინალები ახალი ტიპის იარაღის, მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღის, და მათი მიწოდების საშუალებების შემუშავებაში. ანალოგიურად იყენებდნენ ამერიკელები იაპონელ სამხედრო დამნაშავეებს, რომლებმაც შექმნეს ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღი.
“კაცობრიობის პოტენციალი შორს არის ამოწურვისაგან”
_ დავუბრუნდეთ ტრანსნაციონალური კორპორაციების გავლენის თემას სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკაზე. თქვენ ამტკიცებთ, რომ ეს, პრაქტიკულად, შეუზღუდავია. როგორ ფიქრობთ, რა მეთოდები აქვთ აღნიშნულ კორპორაციებს თავიანთ არსენალში?
_ ეს მეთოდები ცინიკურია. ერთ-ერთი მათგანია ექსპერიმენტები საშიში პათოგენებითა და ვირუსებით სამხედრო-ბიოლოგიურ ლაბორატორიებში, რომლებსაც პენტაგონი აკონტროლებს. უცერემონიოდ ეწევიან საზოგადოების ზნეობრივ გახრწნას. დასავლეთმა აითვისა ხალხის ზომბირება მასობრივი პროპაგანდის დახმარებით და ახლა ცდილობს, გამოიყენოს კოგნიტური იარაღი, წერტილოვანი გავლენა მოახდინოს თითოეულ ადამიანზე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ნეიროფსიქოლოგიური მეთოდების დახმარებით; ცდილობს, დაამკვიდროს ნეოლიბერალური და სხვა ღირებულებები, რომელთაგან ზოგიერთი არსით პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას. ისინი შეგნებულად მოქმედებენ და თავიანთ წრეში არ მალავენ, რომ ლგბტ დღის წესრიგი არის იარაღი „ზედმეტი ადამიანების“ რაოდენობის თანდათანობით შესამცირებლად, რომლებიც არ ჯდებიან ყბადაღებული „ოქროს მილიარდის“ ჩარჩოებში. ჯერ კიდევ გუშინ ისინი რეკლამას უწევდნენ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, ისე, რომ არ აინტერესებდათ, რა გავლენას იქონიებდა ასეთი პროდუქტები ჯანმრთელობაზე; დღეს კი ქალებს მოუწოდებენ, არ გააჩინონ შვილი, რათა იბრძოლონ კლიმატის ცვლილებასთან. ოკეანისგაღმელი მეცნიერები გვთავაზობენ, ადამიანები შევაფასოთ მათ მიერ გამოყოფილი ნახშირბადის რაოდენობის მიხედვით. კაცობრიობას ზომავენ და თვლიან ისე, როგორც ნაცისტი მეცნიერები თავის დროზე ზომავდნენ თავის ქალებს „უმაღლეს“ და „დაბალ რასებად“ დაყოფის კრიტერიუმის ძიებაში.
_ საკმაოდ პირქუშ სურათს ხატავთ. თითქოს შორს არ არის კაცობრიობის აღსასრული…
_ კაცობრიობის პოტენციალი შორს არის ამოწურვისაგან. არის სტრუქტურები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ ამ ვითარებაზე დადებითი გავლენა მოახდინოს. ეს არის გაერო და გაეროს უშიშროების საბჭო. სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს ისეთი გაერთიანებები, როგორიცაა თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია, ბრიჩსი, ასეანი და სხვ., მაგრამ დასავლეთი არ არის დაინტერესებული მათი მუშაობის ეფექტიანობით. ანგლოსაქსები აკვიატებით ცდილობენ, მსოფლიო საზოგადოებას უბიძგონ იმ თვალსაზრისისკენ, რომ ამ ინსტიტუტებმა სრულიად ამოწურეს თავიანთი თავი და ამიტომ ჩვენ მათ მიერ გამოგონილი წესებით უნდა ვიცხოვროთ. მათ, ვინც არ ეთანხმება მათ ჰეგემონიას, აწებებენ „გარიყული სახელმწიფოს“, „ტერორისტების ქვეყნის“ იარლიყს ან უწოდებენ სახელმწიფოს, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამასთანავე, დასავლური ქვეყნები ვერ ამჩნევენ, რომ ისინი თანდათან რჩებიან უმცირესობაში, რადგან მსოფლიო უკვე დაიღალა მათ მიერ გამოყენებული ძალისა და მუქარის სტრატეგიით.
ძალა ადამიანებშია
_ როგორ აპირებს რუსეთის ხელმძღვანელობა სტრატეგიის აგებას ზემოაღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით?
_ ჩვენი ქვეყანა ძლიერი, თანამედროვე, დამოუკიდებელი ეკონომიკის შექმნის გზაზეა, რათა მიაღწიოს ეკონომიკურ სუვერენიტეტს. რუსეთს ამისთვის ყველა რესურსი აქვს. ჩვენ გვჭირდება მათი გამოყენების კულტურა, ფრთხილი დამოკიდებულება ჩვენი საგანძურის მიმართ _ არა მხოლოდ ბუნებრივის, არამედ არამატერიალურის. რუსული ბიზნესი ეროვნული ორიენტაციის უნდა იყოს. კერძო კაპიტალმა, ისევე როგორც ხელისუფლებამ, ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე უნდა იფიქროს. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური დამოუკიდებლობა, აგრეთვე, ტექნოლოგიური სუვერენიტეტი. ჩვენ უამრავი ლომონოსოვი და კულიბინი გვყავს. პრობლემა არის მათი დროულად შემჩნევა. საჭიროა არა მხოლოდ მეცნიერებისა და განათლების განვითარება, არამედ მეცნიერის, ინჟინრის, მშრომელის კულტის აღორძინება. ახალგაზრდა თაობა შთაგონებული უნდა იყოს შემოქმედებითი შრომის იდეებით ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ და არ უნდა იჯდეს დასავლური კორპორაციების ოფისებში. რუსეთის ძალა ჩვენს შრომისმოყვარე ხალხშია, რომელთა უპირატესობა, სხვა საკითხებთან ერთად, მდგომარეობს ცხოვრების სხვადასხვანაირ ხედვაში, მრავალეროვნებასა და მრავალკონფესიურობაში. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური და თვითმყოფადი კულტურა, რომ რუსეთი არ არის ევროპა, არც აზია და, მით უმეტეს, არც „ანტიდასავლური“. სხვათა შორის, ეს არის ჩვენი ფუნდამენტური განსხვავება. რუსი ადამიანისთვის სიძულვილი არ შეიძლება იყოს გამაერთიანებელი. სიძულვილით სავსე არიან მხოლოდ დასავლელები, რომლებიც დაუფარავად გვეძახიან მოწინააღმდეგეებს. მაგრამ მათ უნდა შევახსენოთ წარუმატებელი სამხედრო ოპერაციები ვიეტნამში, ავღანეთსა და სხვა ქვეყნებში… ჩვენთვის კი, ახალი სამხედრო საფრთხეების გაჩენის პირობებში, მნიშვნელოვანია ისეთი შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები, რომ რუსეთის მოწინააღმდეგეებმა აზრადაც არ გაივლონ ჩვენთან ბრძოლა.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
*მოსკოვია _ დასავლურ წყაროებში რუსული სახელმწიფოს პოლიტიკური და გეოგრაფიული სახელწოდება, რომელსაც იყენებდნენ ეთნოგრაფიულ სახელწოდება „რუსიას“ (ლათ.Russia) პარალელურად მე-15-დან მე-18 საუკუნის დასაწყისამდე. თავდაპირველად ეს იყო მოსკოვისა და მოსკოვის სამთავროს ლათინური სახელწოდება, მოგვიანებით დასავლეთ და ცენტრალური ევროპის რიგ ქვეყნებში უწოდეს რუსეთის სახელმწიფოს, რომელიც ჩამოყალიბდა მოსკოვის გარშემო ივანე III-ის პერიოდში.