იური როსტი _ პოპულარული რუსი ფოტოგრაფი, ჟურნალისტი, მწერალი, ტელეწამყვანი, საქართველოს ერთგული მეგობარი და თაყვანისმცემელი, 27 იანვარს თბილისში იყო ჩამოსული რუსეთის სახელოვანი ბარდის, თეატრისა და კინოს მსახიობის ვლადიმერ ვისოცკის დაბადების 80 წლის იუბილის აღსანიშნავ თბილისურ საღამოში მონაწილეობის მისაღებად.
ჩამოსვლისთანავე ანჩისხატის უბანში, მარიონეტების თეატრში მივიდა და რეზო გაბრიაძეს შეხვდა.
ჩვენი საუბარიც იქ შედგა.
_ ძალიან მიხარია, რომ ვისოცკის საღამო საქართველოში ეწყობა. ხელისუფლებას თავისი კურსი აქვს, ადამიანები კი ერთმანეთისკენ ისწრაფვიან
_ ჩვენებს უყვართ საქართველო და საპასუხო გამოძახილსაც იღებენ.
უმსგავსობაა, როცა ჩვენ შორის სავიზო დაბრკოლება ძნელად გადასალახი ბარიერის სახით არსებობს. უნდა გითხრათ, რომ ჩვენი გაზეთი “ნოვაია გაზეტა” და მისი მთავარი რედაქტორი დიმიტრი მურატოვი აქტიურ ღონისძიებებს განახორციელებს ამ საკითხის მოსაგვარებლად.
თქვენთან აღმოჩნდა ვისოცკის შემოქმედებით გატაცებული ადამიანი _ ვადიმ პანიუტა, რომელმაც საქართველოში შეაგროვა ძალიან საინტერესო მასალა და გამოსცა წიგნი “ვისოცკი საქართველოს შესახებ”. ბიზნესმენია, ძირითადი საქმე გერმანიაში აქვს, საქართველოშიც რაღაც წამოიწყო. ამ საღამოში მონაწილეობის მისაღებად მოგვიწვიეს წიგნის მაღაზია “მოსკვას” დირექტორი მარინა კამენევა, რობერტ როჟდესტვენსკის ქალიშვილი ეკატერინა; თემურ შაოკი, კავკასიელი მომღერალი და კიდევ რამდენიმე ღირსეული ადამიანი.
ეს არ არის “სახალხო დიპლომატია”, იგი სულების ურთიერთშეღწევაა. ჩემი აზრით, საქართველო რუსეთისთვის უახლოესი ქვეყანა იყო, უფრო ახლობელი, ვიდრე ბელარუსი და უკრაინა, შესანიშნავად ვიცნობდით ქართულ კულტურას, ხელოვნებას, პოეზიას. მართალია, თარგმანში, მაგრამ _ ვინ თარგმნიდა! _ პასტერნაკი, მანდელშტამი, ახმატოვა, ახმადულინა და ასე შემდეგ. საუკეთესო პოეტები.
ქართულ კინოზე რა უნდა ვთქვა!
ჩვენ ახლა ვსხედვართ რეზო გაბრიაძის სამფლობელოში, რომელმაც სრულიად უნიკალური ხიდი გადო ჩვენი კულტურების, ჩვენი ხალხების დამაკავშირებელი. მისი სცენარით გია დანელიას მიერ გადაღებული ფილმი “არ იდარდო!” ჩემი უსაყვარლესი სურათია!
ოთარ იოსელიანი, თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია!ესენი საქართველოა! ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ ვერანაირი სახელმწიფო აქტით ვერ ამოგლეჯ საქართველოს რუსი ადამიანის გულიდან. უფრო ზუსტად, რუსეთელის გულიდან.
_ საქართველოსა და რუსეთის რეალური სახელმწიფოებრივი ურთიერთობის პერსპექტივა როგორ გესახებათ?
_ ადრე თუ გვიან ნორმაში ჩადგება. მე მგონი, ამას თაობებისა და ხელისუფლებების არაერთხელ შეცვლაც დასჭირდეს.
ყოველ რუსს თავისი ქართველი ჰყავს.
საქართველოს რუსი ადამიანი არ დაუკარგავს.
მე ტელეპროგრამა მიმყავს _ “რეკტაიმი”. ქართველებიდან წარმოვადგინე გია დანელია (დავუშვათ, “მოსკოველი ქართველი”), ოთარ იოსელიანი, გოგი ხარაბაძე, სვანების ისტორია დიდთოვლობის დროს (მაშინ აქ ვიყავი ჩამოსული), ესე იგი ოთხ სერიაში პრაქტიკულად თითო ქართველი არის.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე