Home რუბრიკები საზოგადოება INTELLIGENTIS

INTELLIGENTIS

1175
თეიმურაზ ქორიძე

ამ ლათინური ტერმინით საბჭოთა სინამდვილეში მოიხსენიებოდა საზოგადოების ნაწილი, რომლის პროფესიული საქმიანობაც დაკავშირებული იყო ინტენსიურ გონებრივ შრომასთან. ჩვეულებრივ, ამ ჯგუფში მოიაზრებოდნენ მწერლები, პოეტები, მხატვრები, რეჟისორები, მსახიობები, ექიმები, იურისტები, პედაგოგები, პუბლიცისტებისაერთოდ, მწერლობასთან, მეცნიერებასთან, ხელოვნებასთან დაკავშირებული ადამიანები. მოკლედ, საბჭოთა გაგებით, ინტელიგენტი გახლდათ ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი და არა პარტიული ბოსი.

დავეთანხმები ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ინტელიგენციის ამგვარი განმარტება, რბილად რომ ვთქვათ, მთლად ზუსტი არ არის. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ, უკვე დიდი ხანია, საზოგადოების ინტელექტუალური (მოაზროვნე) ნაწილის აღსანიშნავად ტერმინი “ინტელიგენცია” ცივილიზებულ სამყაროში ძალზე იშვიათად ან საერთოდ არ გამოიყენება.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში საზოგადოების მაღალინტელექტუალური, მოაზროვნე ნაწილი გათქვეფილიამასაში”, შეუმჩნეველია ან დაუფასებელია. პირიქით _ ხედავენ კიდეც, აფასებენ კიდეც, პრივილეგიებსაც ანიჭებენ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ეს არის ბუნებრივი მოვლენა და გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით საზოგადოების გრადაცია, შესაძლოა, განსხვავებული იდეოლოგიის მქონე საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის მწვავე დაპირისპირების საფუძვლად იქცეს.

ჩემი აზრით, საბჭოთა სინამდვილისას სავსებით შეგნებულად, ხელისუფლების დიდი მონდომებით “მასების” შემეცნებაში გაიგივდა ორი ცნება: “ინტელექტუალი” _ გონიერი, მოაზროვნე, შემოქმედი ადამიანი და “ინტელიგენტი” _ აგრეთვე გონიერი, მოაზროვნე, შემოქმედი და ამავე დროს პრინციპული, თავისი იდეების ერთგული, პატიოსანი, თავდადებული, მოუსყიდველი, დახვეწილი მანერებისა და შეუბღალავი ავტორიტეტის მქონე პიროვნება, ანუ ინტელექტუალი იქცა ინტელიგენტად.

ნებისმიერი ინტელექტუალი არ შეიძლება იყოს და არც არის ინტელიგენტი. ამის დასტურად მეთხუთმეტე საუკუნის გენიალური ფრანგი პოეტისა და მოაზროვნის, ამავე დროს მძარცველის, მკვლელისა და შარაგზის ყაჩაღის, ფრანსუა ვიიონის, მაგალითიც გამოდგება.

მართალია, ფრანსუას აზროვნების დონემდე ბევრი უკლიათ, მაგრამ თანამედროვე საქართველოში ინტელიგენტის სახელს ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერ დაიმკვიდრებენ ისეთი ამბიციური და ინტელექტუალობაზე არცთუ უსაფუძვლო პრეტენზიების მქონე პოლიტიკური “მოღვაწეები”, როგორებიც ბრძანდებიან გიგა ბოკერია, სერგო რატიანი, რომან გოცირიძე, სვიმონ მასხარაშვილი, ნიკა გვარამია და ბევრი სხვა. ამის მიზეზი ძალიან უბრალო და შთამბეჭდავია _ ისინი მკვლელების, მძარცველების, მოძალადეების, ავანტიურისტების, პროვოკატორების და საქართველოს მავნებლების პარტიის წევრები და მხარდამჭერები არიან.

მართალია, მკვლელების, მოძალადეების, ავანტიურისტების პარტიის არც წევრია და არც მხარდამჭერი, პროფესორის საპატიო ტიტულის მფლობელი, და, კაცმა რომ თქვას, ერთი უწყინარი ადამიანია, მაგრამ ინტელიგენტის სახელს ვერასოდეს დაიმსახურებს ქალბატონი გუგული მაღრაძე პარლამენტის ტრიბუნიდან მის მიერ გაკეთებული მოუფიქრებელი, უპასუხისმგებლო განცხადებების გამო.

მართალია, “ნაცმოძრაობის”, “ევროპული საქართველოს”, “გირჩის”, ქართული ნაცისტური თუ სხვა აგრესიული პარტიების თუნდაც ყოვლად ინტელექტუალური წევრებისა თუ მხარდამჭერების მოღვაწეობა ქვეყნისთვის ფრიად არასასურველი მოვლენაა, მაგრამ, საბოლოოდ, დიდად საშიში მაინც არ არის _ ეს არ გახლავთ ინტელიგენცია და, შესაბამისად, მისი გავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე სიმბოლურია.

ყველა ეპოქაში და ყველა ქვეყანაში ინტელიგენციას უდიდესი გავლენა ჰქონდა და აქვს მთლიანად საზოგადოებაზე. ეს იცოდა და იცის ყველა ეპოქის ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ. კერძოდ, იცის, რომ ნამდვილი, ალალი ინტელიგენცია (საზოგადოების ყველაზე გავლენიანი ნაწილი!), მართალია, თვითონ არ ელტვის ძალაუფლებას, მაგრამ, შესაძლოა, არ იზიარებდეს ქვეყნის საშინაო, საგარეო თუ ეკონომიკურ პოლიტიკას და ერთ მშვენიერ დღეს დაუძლეველი პრობლემები შეუქმნას ხელისუფალთ: საზოგადოებას სიმართლე ხელისგულზე დაუდოს და გამოსავალიც დაანახვოს. ძალიან მოკლედ, ეს არის ისტორიის განვითარების გარდაუვალი კანონზომიერება და მის წინააღმდეგ წასვლა ნებისმიერი ძლიერი ხელისუფლების, სახელმწიფოს, მთლიანად ცივილიზაციის დაღუპვას მოასწავებს.

ამიტომაცაა, რომ ფარაონების ეგვიპტის, ნიკოლო მაკიაველის, ნაცისტური გერმანიის ხელისუფლებები ცდილობდნენ შეექმნათ ინტელექტუალების ერთობა, რომელიც ყველა მათ საეჭვო მოქმედებას გაამართლებდა; სამართლიანის, მზრუნველის სახელს მოუტანდა. არა აქვს მნიშვნელობა, რას დავარქმევთ ინტელექტუალთა ამ ერთობას: ქურუმებს, პროკურატორებს, ინკვიზიტორებს, ფიურერებს, თუ წითელ პროფესურას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების, უფრო პროზაულად, “მასებისთვისთავგზის აბნევის და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ხელისუფლებები ქმნიან არა ინტელიგენციას, არამედ მეტნაკლებად ინტელექტუალური ადამიანების ერთობას.

საბჭოთა მმართველობას, რომელმაც რუსეთის უზარმაზარ იმპერიაში პროლეტარიატის დიქტატურა გამოაცხადა, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლის ეკლიან გზაზე, ბუნებრივია, არსებული ინტელიგენცია არ გამოადგებოდა, ამიტომ მისი ერთი, ყველაზე შეურიგებელი და პრინციპული ნაწილი, სცენიდან მოაშორა; მეორე _ დააშინა და გადაიბირა; მესამეს, ყველაზე მრავალრიცხოვანს, “საბჭოთა წითელი ინტელიგენციის” საპატიო ტიტული უბოძა.

ამან, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე შედეგი გამოიღო _ პროლეტარიატი ფაბრიკა-ქარხნებსა თუ საკოლმეურნეო მინდვრებში სამუშაოდ დროშების ფრიალითა და “მარსელიოზას” სიმღერით დაიძრა, ბელადებსა და კომუნისტურ შრომას ლიტერატურული შედევრები (თავიდან მაინც დამსახურებული) უძღვნა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაფერი ლოგიკურად, საბჭოთა სისტემის ნგრევით დამთავრდა.

და ამაში გადამწყვეტი როლი სწორედ იტელიგენციამ შეასრულა.

სამწუხაროდ, ნგრევის ამ პროცესს შეეწირა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. სანამ ის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იატაკქვეშეთში იბრძოდა, აკრძალულ ლიტერატურას უშვებდა და დისიდენტურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა, იგი იყო კლასიკური ტიპის ინტელიგენტი. შესაბამისად, თანამოაზრეებთან ერთად ჰქონდა სერიოზული გავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. მისი პოპულარობა 80-იანი წლების ბოლოს ამითაც აიხსნება. ქვეყნის უპირველესი პოლიტიკური ფიგურის ვაკანსიაზე დათანხმების შემდეგ, იგი გავლენიანი ინტელიგენტიდან ერთბაშად იქცა ყოვლად ჩვეულებრივ, გამოუცდელ სახელმწიფო მოხელედ, მოპოლიტიკოსო ავანტიურისტების სათამაშოდ და, შესაბამისად, ინტელიგენციის მძაფრი კრიტიკის ობიექტად. მისი რეაქციაც იყო არა ინტელიგენტის მოზომილი პასუხები ოპონენტების კრიტიკაზე, არამედ შურისმგებლური განცხადებები და თავის მართლება “წითელი” თუ “შავი” “კრემლიდან მართული მოღალატე ინტელიგენციის ცილისწამებაზე”. მისი პოლიტიკური კარიერის ტრაგიკული დასასრულიც სავსებით კანონზომიერი მოვლენა იყო.

სხვათა შორის, ინტელიგენციის კრიტიკის საგნად ქცეულმა მსოფლიო დისიდენტური მოძრაობის აღიარებულმა ლიდერმა, ვაცლავ ჰაველმა, დროზე განჭვრიტა ამგვარი დასასრულის შესაძლებლობა, ჩეხეთის პრეზიდენტობიდან გადადგა და ამით სამუდამოდ შეინარჩუნა ინტელიგენტის, მოღვაწის, ქვეყნის უანგარო მსახურის სახელი.

ჩვენი, ევროპული ცივილიზაციისკენ ვითომც და თავგანწირვით მიმქროლავი თანამედროვე საქართველოს ერთი ტრაგედია ისიც არის, რომ ინტელიგენციის საბჭოთა გაგებას ვერაფრით შეველიეთ. გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან, ე.წ. ეროვნული მოძრაობისა და შემდეგ, ზვიად გამსახურდიას ხანმოკლე მმართველობის პერიოდში, ეს იყო მოღალატე, წითელი ინტელიგენცია; შევარდნაძის ეპოქაში _ ნამდვილი ინტელიგენცია; სააკაშვილის დიქტატურის ეპოქაში _ ჩარეცხილები. რაც მთავარია, ინტელიგენციას, საზოგადოების მოაზროვნე და გულშემატკივარ ნაწილს, მოღალატის, სამშობლოს გამყიდველის, უმაქნისის, ჩარეცხილის სახელს არქმევს ბრბო, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებაში მისვლის ეფემერული იმედით მუდამ მზად არის ასაჯანყებლად და შეუნიღბავი პოლიტიკური ავანტიურისტების: ნიკანორ მელიას, “გირჩი” ჯაფარიძის თუ კუპრავა “კააას” მითითებებით მოქმედებს.

როგორც უწინ, ისე დღესაც სწორედ ბრბოამტკიცებს”, რომ მე, უჩინო ინტელიგენტი, მოაზროვნე, შემოქმედი, ქვეყნის ერთგული მოჭირნახულე ვარ მოღალატე, გამყიდველი, ხალხის მტერი, კრემლის აგენტი; მოითხოვს ჩემნაირებისგან დღესვექვეყნის გაწმენდას”, რათა ხვალ ხელისუფლებაში თვითონ მოვიდეს, ქვეყანა ნარკობალაგანად და პროსტიტუციის სავანედ, საკუთარ ხელშეუხებელ საძოვრად აქციოს.

ბრბომ არ იცის, რომ ეს მისი აუხდენელი ოცნებაა; რომ მრავალთაგან კიდევ ერთი უჩინო ინტელიგენტი, ბადრი ცირამუა, ქვეყნის გასაგონად ასეთ სტრიქონებს წერს: “…ველი, რა იქნება ხვალე, იბრძვის, ესე იგი: მოწმობს, ცოცხლობს ამირანი, მარე, ცოცხლობს საქართველო, ცოცხლობს!”

დიახ, საქართველო ცოცხლობს და კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს იცოცხლებს, რადგან საქართველოს ჰყავს და მუდამ ეყოლება ალალი და გონიერი გულშემატკივარი _ ქართველი ინტელიგენცია!

თეიმურაზ ქორიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here