Home რუბრიკები პოლიტიკა გერმანული არჩევნები და ქართული მარიხუანა

გერმანული არჩევნები და ქართული მარიხუანა

ანგელა მერკელის ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა

844
ანგელა მერკელი

საპრეზიდენტო მარათონით დაკავებულმა ქართველმა საზოგადოებამ ვერ შეამჩნია გერმანიაში გამართული არჩევნები, რომლის შემდეგ ექსპერტები მერკელის ეპოქის დასასრულზე ალაპარაკდნენ. იმ ცვლილებებს, რომლებიც ახლა გერმანიაში ხდება, ქართულ რეალობასთან გაცილებით მეტი აქვს საერთო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ჰესენში გამართული არჩევნების შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოდგა. მმართველმა “ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა” ხმათა 27% მიიღო, ანუ 11,4%-ით ნაკლები, ვიდრე წინა არჩევნებზე (38,4%). სოციალ-დემოკრატებმა თითქმის ამდენივე (10,8%) დაკარგეს და ხმების მხოლოდ 19,8% მიიღეს.

ტრიუმფალურ წარმატებას მიაწია მემარჯვენე-პოპულისტურმა “ალტერნატივამ გერმანიისთვის” _ 13,1% (წინა არჩევნებში _ 4,1%). ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან ეს პარტია, რომელიც, სულ რაღაც, 6 წლის წინათ შეიქმნა, წარმოდგენილი იქნება ყველა ფედერალური მიწის ლანდტაგში (ადგილობრივ პარლამენტში). ადრე ექსპერტების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევდა, რომ “ალტერნატივა” აქტუალური მხოლოდ აღმოსავლეთ გერმანიაში იქნება, იქ, სადაც ბევრი სოციალური პრობლემაა, მაგრამ ეს ვარაუდი არ გამართლდა. ჰესენი გერმანიის “ფინანსური გულია”, ერთ-ერთი “დალაგებული” მხარე, მიუხედავად ამისა, “ალტერნატივის” მომხრეთა რაოდენობა იქ სამჯერ გაიზარდა.

“დიდი პარტიების” მარცხის ფონზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს “მწვანეებმა” – 19,8% (11,1% წინა არჩევნებში). გაუმჯობესდა “თავისუფალი დემოკრატების” (7,5%, ნაცვლად 5 %-ისა) და “მემარცხენე პარტიის” (6,3%, ნაცვლად 5,2%-ისა) მაჩვენებლებიც.

ბავარიასა და ჰესენში გამართული არჩევნების შემდეგ, ცხადი შეიქნა, რომ ანგელა მერკელის მთავრობის ეკონომიკურმა კურსმა და საიმიგრაციო პოლიტიკამ საზოგადოების დამოკიდებულებაში მისი პარტიის მიმართ ძალიან დიდი ცვლილებები გამოიწვია. მერკელმა განაცხადა, რომ ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ყრილობაზე, რომელიც დეკემბერში უნდა გაიმართოს, თავის კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე არ წამოაყენებს. ეს კი, გერმანული პოლიტიკური ტრადიციების გათვალისწინებით, კანცლერის პოსტიდან მისი გადადგომის პროლოგი გახდება. დღეს ყველა გერმანული გამოცემა წერს, რომ მერკელის ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა.

ანგელა მერკელი “ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის” თავმჯდომარე 18 წლის განმავლობაში იყო, ხოლო კანცლერი _ 13 წლის განმავლობაში. 2015 წელს მან მიიღო, სავარაუდოდ, ყველაზე რთული გადაწყვეტილება თავის კარიერაში, როდესაც ლტოლვილთა უზარმაზარ ნაკადს საზღვრები გაუხსნა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში მერკელის კაბინეტმა პრობლემის ლოკალიზება მოახდინა, ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო პოლარიზაციას გერმანულ საზოგადოებაში და რადიკალური მემარჯვენეების პოპულარობის ზრდას.

2017 წლის არჩევნების შემდეგ ანგელა მერკელს ძალიან გაუჭირდა მთავრობის ფორმირება; კაბინეტში არაერთი კონფლიქტი მოხდა, მათ შორის კანცლერსა და შინაგან საქმეთა მინისტრ

ჰორსტ ზეეჰოფერს შორის, ისევ და ისევ ლტოლვილების პრობლემაზე. ახლა მან უარი თქვა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემცვლელი კანცლერი 2021 წელს გახდება, თუმცა ეს შეიძლება გაცილებით ადრე მოხდეს, თუ სოციალ-დემოკრატები მთავრობას დატოვებენ და დაინიშნება ბუნდესტაგის რიგგარეშე არჩევნები.

პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის სამი კონკურენტი იბრძვის. პირველი მერკელთან დაახლოებული ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერია. ამ ქალბატონს მოქმედ კანცლერთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და მას ზოგჯერ “მეორე მერკელსაც” უწოდებენ, რათა ხაზი გაუსვან იმას, რომ ეს კანდიდატი წინამორბედის პოლიტიკაში არსებით ცვლილებებს არ შეიტანს. კომენტატორების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარის, შემდეგ კი კანცლერის პოსტზე ანგელა მერკელს სწორედ მისი ხილვა სურს და ამ ეტაპზე ფავორიტად სწორედ ეს კანდიდატი განიხილება.

მეორე კანდიდატი არის ფრიდრიხ მერცი. ათი წლის წინათ მერკელმა, რომელიც მას რეალურ კონკურენტად განიხილავდა, აიძულა მერცი, “ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის” ხელმძღვანელი რგოლი დაეტოვებინა. დიდი იდეოლოგიური სხვაობა არც ამ შემთხვევაში შეინიშნება, მაგრამ მერცს გერმანიის ყველაზე პროამერიკულ პოლიტიკოსად თვლიან.

მესამე კანდიდატი ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი, 38 წლის იენს შპანია. იდეოლოგიურ საკითხებს ამ შემთხვევაში უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს _ მერკელს არ სურს, რომ მისი შემცვლელი გაცილებით კონსერვატიული შეხედულებების კანდიდატი გახდეს. ამ დამოკიდებულების უკან პრინციპული ხასიათის კონფლიქტი იმალება _ “ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი” ტრადიციულად კონსერვატიული პარტია იყო, რომლის პოლიტიკა და იდეოლოგიური ბაზისი თანდათან, განსაკუთრებით კი ანგელა მერკელის მმართველობის წლებში, სულ უფრო ლიბერალური ხდებოდა. ბოლო პერიოდში პარტიის ძველ ამომრჩევლებს უკვე უჭირდათ მისი გარჩევა “მწვანეებისგან” და “თავისუფალი დემოკრატებისგან”. იენს შპანს სურს, პარტია ძველ პოზიციებს დაუბრუნოს, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი კი მას, სავარაუდოდ, ლიბერალიზაციის გზით წაიყვანს. ეს დაპირისპირება ფრიდრიხ მერცს შესაძლებლობას აძლევს, თანაპარტიელებს “ოქროს შუალედის” პოლიტიკა შესთავაზოს და ძლიერი ლობის დახმარებით წარმატებას მიაღწიოს, თუმცა ამ ეტაპზე კრამპ-კარენბაუერის შანსი უფრო დამაჯერებლად გამოიყურება.

ამ სიტუაციამ, მნიშვნელოვანი სხვაობის მიუხედავად, შეიძლება საქართველოში შექმნილი სიტუაცია გაგვახსენოს. 2012 წელს “ქართული ოცნების” ამომრჩეველთა ძირითად ბირთვს კონსერვატორები წარმოადგენდნენ, რომლებიც ბრძოლას სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ აღიქვამდნენ, როგორც ბრძოლას ლიბერალებისა და მათი იდეების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ “ნაცმოძრაობას” ლიბერალიზმთან საერთო ძალიან ცოტა ჰქონდა. ივანიშვილის ბლოკში, შემდგომ კი მმართველ კოალიციაში ლიბერალებიც შედიოდნენ და “ქართული ოცნება” ცდილობდა, თავის ლოზუნგებსა და საპროგრამო დოკუმენტებში აშკარად ანტილიბერალური იდეები არ შეეტანა, მაგრამ ის უფრთხილდებოდა კონსერვატორებს, ტრადიციონალისტებს, ზომიერ ნაციონალისტებს და პირველ ეტაპზე მთელ რიგ საკითხებში მათთვის სასურველი ინიციატივები გამოჰქონდა _ მაგალითად, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა. შემდგომ ყოველივე ეს სადღაც გაქრა და დარჩა მხოლოდ ცარიელი დეკლარაციები, მაგალითად, კონსტიტუციაში “ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის” განსაზღვრის დაპირება, ხოლო რეალური პოლიტიკა (ნარკოპოლიტიკა, პოლიტიკა მიგრაციის საკითხებში და სხვ.) სულ უფრო ლიბერალური ხდებოდა. ბოლოს საქმე მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტამდე მივიდა, რამაც ამომრჩეველთა ნაწილი გააცოფა. ამის შედეგად, კონსერვატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული ამომრჩევლების ნაწილი, “ნაცმოძრაობის” რევანშის საფრთხის მიუხედავად, 28 ოქტომბერს სახლში დარჩა და “ქართულმა ოცნებამ” მიიღო არასასურველი შედეგი.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები პატრიარქს შეხვდნენ და განაცხადეს, რომ მთავრობა პარლამენტიდან სკანდალურ კანონპროექტს გაიწვევს, მაგრამ მოხდებოდა ეს, თუ პირველ ტურში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი გაიმარჯვებდა? საერთოდ, ამ კანონპროექტს ძალიან უცნაური ისტორია აქვს _ იმის პროგნოზირება, რა რეაქციას გამოიწვევდა მისი განხილვა საზოგადოებაში, ძალიან მარტივი იყო, მიუხედავად ამისა, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი მაინც არჩევნების წინ მოამზადა და ამ ინიციატივის ერთ-ერთი და, ალბათ, მთავარი სულისჩამდგმელი ბიძინა ივანიშვილი გახლდათ (მან ეს დაადასტურა). ეს პოლიტიკურად ძალიან წამგებიანი ნაბიჯი იყო. შესაძლოა, იმის იმედი ჰქონდათ, რომ კონსერვატორები ამასაც გადაყლაპავდნენ; ან მარიხუანას ექსპორტისგან ზემოგების მიღების პერსპექტივამ იმდენად მოხიბლა, რომ არჩევნების დასრულებამდე ვერ მოითმინეს. ახლა ამის გამო სწრაფი და, ალბათ, სამარცხვინო უკან დახევა უწევთ.

პრობლემა მხოლოდ განსხვავებულ იდეოლოგიაში როდია, მით უმეტეს რომ იდეოლოგიური დაპირისპირება საქართველოში მეორეხარისხოვანია. თუ წარმოვიდგენთ, რომ ივანიშვილი 2011-ში ღიად გამოაცხადებდა, _ ლიბერალი ვარო და, ფართო კოალიციის შექმნის ნაცვლად, მაგალითად, “თავისუფალ დემოკრატებს” ან სულაც “რესპუბლიკელებს” დაეყრდნობოდა, ის, სავარაუდოდ, მაინც მიიღებდა გარკვეული რაოდენობის ხმებს კონსერვატორთა ბანაკიდან, რადგან იდეოლოგიურ სხვაობაზე მაღლა იმ პერიოდში საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სხვა პრობლემა იდგა _ მას სააკაშვილის სადისტური რეჟიმის დასამარება სურდა. შემდეგ კი ეს ამომრჩეველი, ალბათ, თავისი გზით წავიდოდა და მომავალში ხმას სხვა პარტიებს მისცემდა. მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოების გააზრება _ კონსერვატორი ამომრჩევლები იმის გამო კი არ არიან შეურაცხყოფილნი, რომ “ქართული ოცნება” ლიბერალების ჭკუაზე დადის, არამედ იმიტომ, რომ მმართველმა პარტიამ მათი მოტყუება სცადა _ ჯერ თანამოაზრის როლში მოევლინა, შემდეგ კი, როგორც ისინი თვლიან, მოატყუა. ლიბერალიზმი დანაშაული არაა, მაგრამ სიცრუე დიდი ცოდვაა.

ანალოგიური პროცესი, ცხადია, გაცილებით რბილ და დახვეწილ ფორმებში სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის გერმანიაშიც, მიმდინარეობს. იქაც ამომრჩეველთა ნაწილმა აღმოაჩინა, რომ თავის დროზე ხმა სულ სხვა იდეებს და პოლიტიკას მისცა, მაგრამ მის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ კურსი თანდათან შეცვალა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ის 180 გრადუსით განსხვავებულია. ელექტორატს კი ძალიან არ მოსწონს, როდესაც ასე ექცევიან და ეს გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმაც და ანგელა მერკელმაც იგრძნეს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here