რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მოსკოვისა და ვატიკანის პოზიციები ერთმანეთს ეხმიანება ტრადიციული ფასეულობების დაცვისა და რელიგიათაშორისი დიალოგის დაწყების მხრივ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რომის პაპ ფრანცისკესთან იმსჯელა ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანული მოსახლეობის დაცვასა და სირიის ჰუმანიტარული დახმარების თაობაზე. ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა იტალიის პრემიერმინისტრ კონტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ შევეხეთ ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანი მოსახლეობის დაცვის თემას, სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისა და ვატიკანის პოზიციები თანხვედრილია ტრადიციული ფასეულობების დაცვის, რელიგიათაშორისი, ცივილიზაციათაშორისი დიალოგის საკითხებში”, _ განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
მან, აგრეთვე, თქვა, რომ პონტიფიკოსთან შეხვედრისას იმსჯელეს რუსეთისა და ვატიკანის ურთიერთობის განვითარებაზე. მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ თანამშრომლობას კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. ვლადიმერ პუტინმა დადებითად შეაფასა ვატიკანში გამართული მოლაპარაკებები. “ეს იყო ძალიან კეთილგანწყობილი საუბარი. შევეხეთ რამდენიმე საერთაშორისო საკითხს, აგრეთვე, რუსეთისა და ვატიკანის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის სულიერ და ჰუმანიტარულ კავშირს”, _ განაცხადა მან.
რუსეთის პრეზიდენტის ერთდღიანი ვიზიტი ვატიკანში მხოლოდ მსოფლიო პოლიტიკაზე მსჯელობით როდი იყო გამორჩეული: ვლადიმერ პუტინი რომის პაპ ფრანცისკეს მოციქულთა სასახლის ბიბლიოთეკაში შეხვდა, მაგრამ დარბაზში შესვლის წინ სტუმარიც და მასპინძელიც ერთმანეთისთვის გზის დათმობას შეეცადნენ.
რომის პაპმა თავიდანვე უკან დაიხია და წინ პუტინი გაატარა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტიც შეჩერდა და პაპს შესთავაზა შესვლა. მიუხედავად ამისა, ფრანცისკემ (ღიმილით) მაინც თავისი გაიტანა _ ზღურბლი პირველმა სტუმარმა გადაკვეთა. ეტიკეტის სპეციალისტთა აზრით, პაუზა პროტოკოლებში სხვაობის გამო წარმოიქმნა, რადგან სხვაა პოლიტიკოსთან შეხვედრა და სულ სხვა _ სასულიერო პირთან.
“ვატიკანს თავისი პროტოკოლი აქვს, _ განმარტავს მომხდარს ეტიკეტის სპეციალისტი ელია ბასმანოვა, _ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის საერთაშორისო პროტოკოლი, როგორც პირთა შორის ურთიერთობების ეტიკეტი, საშუალებას აძლევს სტუმარს, პირველმა გაიაროს. მართლმადიდებელი ეკლესიის წესებით კი, ქალისთვისაც დასაშვებია ღვთისმსახურისთვის ხელზე კოცნა, ლაპარაკი არ არის წინ გაშვებაზე, ამიტომაც შედგა ვლადიმერ პუტინი, რადგან პაპი ფრანცისკე სრულიად კათოლიკური სამყაროს პირველი პირია და მისი სტატუსისადმი ღრმა პატივისცემის გამო არ შეეძლო, პირველი გასულიყო. თავის მხრივ, რომის პაპს შეეძლო, ამ შეთავაზებით ესარგებლა, მაგრამ ეს არ გააკეთა. სხვათა შორის, ამ ჟესტით პაპმა გამოხატა პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანი პერსონისადმი, პრეზიდენტმა კი პროტოკოლის ცოდნაც გამოავლინა და ისიც, რომ კარგადაა აღზრდილი. ეს იყო შეხვედრა ორი მნიშვნელოვანი პირისა, რომლებიც ერთმანეთს პატივს სცემენ.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ