Home რუბრიკები ისტორია საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებასა და ერთობას ქრისტიანული ზნეობა ედო მუდამ საფუძვლად!

საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებასა და ერთობას ქრისტიანული ზნეობა ედო მუდამ საფუძვლად!

“მკვდარ იყო სული ჩვენი და ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით”

4115

1987 წელს ილია ჭავჭავაძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა თავისი ღვაწლის, ერისა და ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურების გამო წმინდანად შერაცხა და წმიდა ილია მართალი უწოდა. რაში გამოიხატება ეს ღვაწლი და დამსახურება, ისევ და ისევ მის შემოქმედებიდან გამომდინარე შეიძლება დავინახოთ _ იმის მიხედვით, თუ რას და როგორ წერდა იგი ქართველთა რწმენის, სარწმუნოებრივი ერთგულების, ეკლესია-მონასტრების, ბერ-მონაზვნური ღვაწლის, მართლმადიდებელი წმინდანების, ქრისტიანული ზნეობის, რელიგიური დღესასწაულებისა და საკუთარი მრწამსის შესახებ; რომელი ზნეობრივი საზომით წყავდა თავის მხატვრულ პერსონაჟებს, რას ფიქრობდა ეროვნებასა და მეცნიერებასთან სარწმუნოების კავშირზე და როგორ აფასებდა ამ მხრივ ერის იმჟამინდელ სულიერ მდგომარეობას. 

მართლმადიდებლობა ილიასთვის არის “დიადი ხე ახალი ცხოვრებისა, რომელსაც ახალი აღთქმა, ქრისტიანობა ჰქვიან”.

ქართველობამ ძველს ახალი არჩია, ბნელს _ ნათელი, კერპთაყვანისმცემლობას _ ჭეშმარიტი ღმერთი. “ახალი აღთქმით” ჩვენ “მოგვენიჭა ცხოვრება”, რამეთუ “მკვდარ იყო სული ჩვენი და ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით” (ივერია 1887, #70).

ილია ჭავჭავაძე საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას “განვითარებით ლამპარს” უწოდებს: “როგორც მოგვითხრობს საქართველოს ეკლესიის ისტორია, ქრისტეს ძლევამოსილი მოძღვრება, იგი განვითარებითი ლამპარი პირველად მესხეთიდან მოეფინა მრავალტანჯულ საქართველოს. მოციქულნი მაცხოვრისა ანდრია და სვიმონ კანანელი ამ მხრიდან მოჰყვნენ ქრისტიანობის გავრცელებას”.

პუბლიცისტურ წერილში “ოსმალოს საქართველო” ვკითხულობთ, რომ ქრისტიანობას მოწინააღმდეგეებიც იმთავითვე მრავლად გასჩენია: “ქრისტეს აქედ პირველ საუკუნეში ადრეკი მეფეს უნდოდა, კერპთაყვანების სარწმუნოება მოეფინა და ამისათვის საშინელი ბრძოლა აუტეხა სამცხე-ჯავახეთს, მაგრამ სამცხე-კლარჯეთში ქრისტიანობა არამცთუ მოისპო, პირიქით, უფრო გავრცელდა და დამკვიდრდა ჯერ კიდევ წმინდა ნინოს მოსვლამდე”.

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიას ეძღვნება ილიას წერილი “წმინდა ნინოს დღესასწაული”, რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ მოევლინა ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანას გასანათლებლად ღვთისმშობლისავე ლოცვითა და კურთხევით წმიდა ქალწული; როგორ ქადაგებდა ის სიტყვითა თუ საქმით ქრისტეს რჯულს და მაცხოვრის მოძღვრებას ჭეშმარიტებაზე. წერილში გაცოცხლებულია მეფე მირიანის ნათელღების ისტორიაც _ ნადირობა, მზის დაბნელება, მეფის შეძრწუნება, კერპებისადმი ამაო თხოვნის შემდეგ “ნინას ღმერთის” საშველად ხმობა, რომლის შედეგად “მყის, სიტყვისათანა განათლდა ყოველი ქვეყანა და თვალნიცა მეფისანი”.

ილია ხშირად იმეორებს მაცხოვრის სიტყვებს: “ესე არს სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული მისატევებლად ცოდვათა. ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი”. იმის გამო, რომ უფალი ჩვენთვის ეწამა, ჩვენს გადასარჩენად, “მას აქეთ აღვიარეთ ჩვენ, ქართველებმა, იგი ჯვარცმული ღმერთი, ღმერთი ყოველთა ერთნაირად შემწყნარებელი, ღმერთი ყოვლად მხსნელი სიყვარულისა, ღმერთი შენდობისა და მიტევებისა, ღმერთი ნუგეშისცემისა, ღმერთი, რომელმაც შეგვიწყალა და გვითხრა: მოვედით ჩემთან, მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე განგისვენო თქვენ”.

რადგან ილია ქრისტეს შენდობისა და მიტევების ღმერთს უწოდებს. მისი აზრით, დიდი და უპირატესი მოძღვრება აირჩია ქართველობამ სულისა და ხორცის საზრდელად. მწერლის სიტყვით, მას შემდეგ ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენი დიდებული წინაპრების თავგანწირვა იმ ნათლითაა გასხივოსნებული, რომელიც წმინდა ნინოს მადლით აღმართულმა “ძელმა ჭეშმარიტებისამ” მოჰფინა ჩვენს ქვეყანას. ილია ჭავჭავაძე, სულიერი თვალსაზრისით, ქრისტიანობის მიღებას თავისთავად, მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს, მაგრამ ასევე ხედავს მის მნიშვნელობას ქვეყნის სიძლიერისთვის. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ერის განვითარებაში: “ქრისტიანობამ ქვითკირსავით შეგვკრა და გაგვამაგრა”, ქრისტიანობა გაგვიძღვა წინ “მამულისა და ეროვნობის შერჩენისა და ხსნისათვის” (ივერია 1888, #9).

საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებასა და ერთობას ქრისტიანული ზნეობა ედო მუდამ საფუძვლად, ამიტომ ილიამ მზერა ისტორიულ წარსულს მიაპყრო, რათა იქ ეპოვა ნათელი მაგალითები ქართული ეკლესიის სიმტკიცის, სიწმინდისა და ჭეშმარიტებისადმი ერთგული მსახურებისა.

ჩვენს წინაპრებს თხუთმეტი საუკუნის განმავლობაში მრავალჯერ დაუღვრიათ სისხლი სარწმუნოების დასაცავად; ქრისტეს რჯულის ერთგულებით გამოუმჟღავნებიათ ეროვნული ხასიათი და სიმტკიცე; ქრისტიანობაში ჩაკირულა ჩვენი ქვეყნის ისტორიის დედაძარღვი და ეს მოძღვრება კვებავდა და ასაზრდოებდა საქართველოს. ამის დასტურად მწერალი ქვეყნის ერთ-ერთ კუთხეს, სამხრეთ საქართველოს იხსენებს. ცნობილია, რომ საქართველოს გაქრისტიანების ისტორია სამხრეთ საქართველოდან, სამცხე-კლარჯეთიდან დაიწყო და რომ მოციქულთა თანასწორი ნინო წარმოშობით ამ მხარის მჭიდრო ეთნოგრაფიული და პოლიტიკური ნაწილიდან, კაბადოკიიდან (ჭანეთი) იყო. იგივე სამხრეთ საქართველო და მესხეთი ოდითგან ქვეყნის განვითარების ცენტრი იყო, მაგრამ ისტორიულმა და პოლიტიკურმა ქარტეხილებმა XVII საუკუნეში ეს მხარე მთლიანად მოსწყვიტა დედასამშობლოს. ეს ტკივილი გადმოცემულია წერილში “ოსმალოს საქართველო”, რომელიც 1877 წელს დაიწერა. მაშინ ძირძველი ქართული კუთხე, ქრისტიანობის გავრცელების კერა და “ჩვენი სულის აღმატებულების აკვანი” სარწმუნოებრივად შეცვლილი იყო და დაუდგრომელ დროთა ბრუნვის გამო სამშობლოსგანაც გაუცხოებული, ამიტომაც მიიჩნევდა ილია მესხეთს “სამარედ ჩვენის ყოფილი ადამიანობისა” და ცდილობდა, ისტორიის გახსენებით, წინაპართა გაცოცხლებით “წარსული სულიერი ერთობის” სურვილი აღედგინა თანამედროვეების გულში. იგი სამხრეთ საქართველოს “სულის აღმატებულების” აკვანს სწორედ იმიტომ უწოდებს, რომ ჩვენში ქრისტიანობის აკვანი პირველად იქ დაირწა, და ამდენად, მტკივნეულია იმავე მესხეთის ჩვენი “ყოფილი ადამიანობის” სამარედ მოხსენიება.

ერთ-ერთ თავის სტატიაში ილია ჭავჭავაძე წერდა: “ადამიანი არის ღვიძლი შვილი ისტორიულ-ფიზიოლოგიური ვითარებისა, მისი გამოცვლა, გადასხვაფერება, გადაერება შეუძლებელია… რელიგია, როგორც ზნეობრივი ფილოსოფია, მესხელებზე ვერ იქონიებდა გასავითარებელს გავლენას, რადგან იგი არა თუ მესხელს, თვით ბუნებრივს კეთილ მორწმუნე მოსლემინსაც კი ძნელად ესმის, რადგან იგი მკვდარს ენაზე არის დაწერილი, არაბულ ენაზე”. მწერალს იმედი ჰქონდა, რომ ერთობა კვლავ აღდგებოდა, ქართველი კაცი ომებში მასთან ერთად სისხლდანთხეულ ძმას კვლავ შეითვისებდა და თანდათანობით ჭეშმარიტი ღვთის რწმენაც დაბრუნდებოდა. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა, ქრისტეს სჯული სარწმუნოებით აღსარებასთან ერთად ჩვენი ქვეყნის “პოლიტიკური ქვითკირიც იყო საქართველოს მრავალი ნაწილების გასაერთებლად და შემოსაკრებად… ქართველი ერი ამისათვის უფრთხილდებოდა თავის რჯულს, რომ თავის შინაგან ღირსების გარდა დუღაბობას უწევდა ერთობასა”. სარწმუნოება იყო ის სათაყვანო საიდუმლოება, რომლის მეოხებითაც წარიმართებოდა ქვეყნის ძლიერება, ერის კეთილდღეობა და ერთობის მთლიანობა. ქართველი ერის გზა ქრისტესათვის ჯვარცმული ერის გზაა, ის “ეკლის გვირგვინიც”, შუბლდაკაწრულმა რომ ატარა და “თვალმარგალიტებით მორთულს რომ არაფრით ჩამორჩება”, წამების გვირგვინია.

ქართველმა ერმა დასაბამიდან მიიღო და შეითვისა სარწმუნოება ქრისტესი, მისი გავრცელების დღიდან “გადიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი ჯვარ-ცმულის ღმერთისა და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი. მას აქეთ თხუთმეტი საუკუნეა და მთელი ეს თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვარით და ხელში ხმალით იბრძოდა, იღწვოდა, სისხლს ღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზე ვერავინ შეაცვლევინა”, _ ასე წერდა ილია ჭავჭავაძე 1888 წელს გაზეთ “ივერიაში” (#9) და ამ სტრიქონებში ჩანს ავტორის თაყვანისცემა ქართველთა წინაპრებისადმი, მათი რწმენის ერთგულებისა და თავდადებისადმი.

გაბრიელ ეპისკოპოსი
გაბრიელ ეპისკოპოსი

“მაშინდელის ქართველისათვის ორი გზა იყო _ ამბობს ილია, _ ან ქრისტიანობა, ან არა და ვაჟკაცური სიკვდილი იმავე ქრისტიანობისათვის; ან ქართველობა, ან არა და ხმლის პირზე გულის შეთლა… უბედურებს მარჯვენა ხელი მოცლილიც არ ჰქონდათ, რომ პირჯვარი რიგიანათ გადაეწერათ, იმ მარჯვენითა დღედაღამ ხმალი და თოფი ეჭირათ”.

მაჰმადიანთა მიერ გარშემორტყმულები, დღემუდამ უთანასწორო ომებში მტრებს იგერიებდნენ, გაწყდნენ, გაიჟლიტნენ, მაგრამ მამული, ჩვენი სამშობლო ქვეყანა, შეიმაგრეს, ქრისტიანობა, ჩვენი რჯული, ჩვენი სარწმუნოება დაგვიცვეს და ეს მაშინ, როცა თითქმის მთელი ქვეყნიერება ემტერებოდა რჯულსაც, “ჯვარცმული ქრისტესათვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლ-მთხეველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა?” _ კითხულობს მწერალი. მისი აზრით, ჩვენი უძლეველობის სიმაგრე და ფარ-ხმალი ის იყო, რომ “იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარცეცხლში გაფოლადებულნი… “სილბო გვქონდა ნაქსოვისა” _ ვითა ქრისტიანებს და სიმტკიცე ნაჭედისა _ ვით მეომრებსა და მამულიშვილებს”.

ჩვენი წინაპრებისაგან საუკუნეებს გამოტარებული “ეკლის გვირგვინი” იყო წამების გვირგვინი “…ჭეშმარიტებისათვის, კაცთმოყვარებისათვის, გვირგვინი წამებისა ერთმანეთის ძმურად და სიყვარულით განკითხვისათვის, მშიერთა, მწყურვალთა, სნეულთა, საპყართა და პატიმართა შველისა და ხსნისათვის” (ივერია, 1888 #9). ამ გვირგვინის ტარებას ერმა შესწირა ყოველივე საუკეთესო, რაც კი გააჩნდა საბედნიეროდ მოცემული; ამითაა დიდებული და გამორჩეული ჩვენი მამა-პაპათა ღვაწლი: “თუ ვისმე სამართლიანად ეთქმის, რომ თვით დაიწვნენ და სხვას კი გზა გაუნათესო, ეს ჩვენს მამა-პაპათა ეთქმის, და მადლობელნი შვილნი ლმობიერებით პირქვე უნდა დავემხოთ მათ საფლავთა წინაშე და ვუგალობოთ დიდება დიდებულთა და ქება ქებულთა”, _ ასე ფიქრობდა სულმნათი ილია.

რამდენადაც “ქრისტიანობა ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ნიშნავდა მთელს საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას”, მუდამ ტაძართა და ეკლესიათა მშენებლობითა და სარწმუნოების გაძლიერებით ქვეყანა თავის არსებობას იცავდა და განამტკიცებდა.

ის, რომ ქრისტიანობა ილია ჭავჭავაძეს მიაჩნია ქმედების და მორალური საქმიანობის სინთეზად, ასევე კარგად ჩანს მის გამოსათხოვარ წერილში “სიტყვა, თქმული გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს 1896 წელს”. ამ სიტყვით, ფაქტობრივად, ილიამ ახალი ეპოქის რელიგიური მოღვაწის სახე შექმნა. გაბრიელ ეპისკოპოსი იყო ადამიანი, რომელმაც შეაერთა მეცნიერება და სარწმუნოებაო, ამბობს ერის მამა.

“მე არ ვიცი იმისთანა სხვა კაცი, საერო თუ სამღვდელო, რომლის გულშიაც მომეტებულის მშვიდობისყოფით, მომეტებულის და-ძმობით ერთად დაბინავებულიყოს სამოქმედოდ მეცნიერება და სარწმუნოება”.

წმიდა ილია მართლის სიტყვებით, იდეალური მდგომარეობაა, როცა ადამიანს აქვს გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება. ცოდნა და რწმენა არ უპირისპირდება ერთმანეთს. მარტო ცოდნა რწმენის გარეშე ხშირად გამხდარა ამპარტავნების მიზეზი. რწმენაც საღმრთო ცოდნის გარეშე არაერთგზის გამხდარა ფანატიზმის მიზეზი. ძალზე საჭიროა მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესწავლა, მაგრამ ყველაფერს საფუძვლად მაცხოვნებელი რწმენა უნდა ედოს.

მეცნიერებისა და სარწმუნოების შერიგების, მორიგების და ასევე მათი სინთეზის ის ამოცანა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დაინახა გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში, რეალურად ის ამოცანაა, რომელიც დღესაც თანამედროვე დასავლური ცივილიზაციისთვის და თანამედროვე საზოგადოებისათვის არ არის ბოლომდე გადაჭრილი.

აი რას ამბობდნენ მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები რელიგიის შესახებ:

კაროლინა ლუკრეცია გერშელი: “რაც უფრო ვითარდება მეცნიერება, მით მეტი დამამტკიცებელი საბუთი ჩნდება იმისა, რომ არსებობს მარადიული, შემომქმედი და ყოვლისშემძლე გონება”.

არტურ კომპტონი: “რწმენა იწყება იმის ცოდნით, რომ სამყარო და ადამიანი უმაღლესმა გონმა შექმნა. ჩემთვის ძნელი არ არის ამის დაჯერება, იმიტომ, რომ გეგმის არსებობის ფაქტი და, აქედან გამომდინარე, გონების არსებობა უდავოა. სამყაროს წესრიგი, რომელიც თვალწინ გვეშლება, თავად ადასტურებს ყველაზე დიდი და უზენაესი მტკიცების ჭეშმარიტებას: “ყველაფრის საწყისი ღმერთია”.

კარლ ლინეი კი სიყვარულსა და მოკრძალებას გამოხატავს ღვთის მიმართ, რომელსაც უწოდებს “პირველ მიუწვდომელ მამოძრავებელ ძალას, არსებას არსებათა, მიზეზს მიზეზთა, წინამძღოლსა და მფარველს სამყაროსი, უფალსა და შემოქმედს ყოველივესას! ამგვარად, სამართლიანია, გვწამდეს, რომ არსებობს ღმერთი: დიდი, მარადიული და დაუსაბამო, რომელმაც შექმნა ქვეყანა და ყოველივე რაი არს მას შინა და მოაწესრიგა იგი. უფალი მიეფარება (ქრება) ჩვენს თვალთაგან, თუმცაღა აღავსებს მათ ნათელით. ერთი მხოლოდ აზრი სწვდება მას, მხოლოდ ამ უღრმეს ტაძარშია დაფარული მისი სიდიადე (დიდებულება)”.

მიხეილ ლომონოსოვი: “შემოქმედმა ადამიანთა მოდგმას ორი წიგნი მიანიჭა: ერთში თავისი სიდიადე აჩვენა; მეორეში _ თავისი ნება გაუმჟღავნა. პირველი წიგნი _ ეს არის ხილული ქვეყანა, რომელიც უფალმა იმისათვის შექმნა, რომ ადამიანს, შეხედავდა რა ამ უზარმაზარ, მშვენიერ და გამართულ შენობას, მისთვის მინიჭებული შემეცნების უნარის წყალობით, ეღიარებინა ღვთის ყოვლადძლიერება. მეორე წიგნი _ წმინდა წერილია. მასში შემოქმედი გვაკურთხებს სულის ცხონებისაკენ. წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ამ ღვთივსულიერ წიგნებში განმმარტებლები არიან ეკლესიის დიდი მოძღვრები. ხოლო პირველად ნახსენები წიგნის განმმარტებლები, რომელშიც მოცემულია ხილული სამყაროს აგებულება, არიან ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ასტრონომები და ბუნებაში გამოვლენილ სხვა ღვთიურ მოქმედებათა ამხსნელნი”.

ანდრე მარი ამპერი: “ბუნებაში შეგვიძლია ვჭვრიტოთ შემოქმედის საქმეები და მათი საშუალებით მივიდეთ შემოქმედის შეცნობამდე”.

ლუი აგასისი: “ქვეყანა ყველაზე თვალსაჩინო დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ არსებობს პიროვნული ღმერთი, შემოქმედი ყოველივე საგნისა და გამააზრებელი სამყაროსი. მეცნიერება კი შემოქმედის აზრების თარგმნაა ადამიანთა ენაზე”.

ოგიუსტენ ლუი კოში: “მე ქრისტიანი ვარ, ანუ მწამს, რომ იესუ ქრისტე არის ღმერთი, ისევე, როგორც ეს სწამთ ტიხო დე ბრაჰეს, კოპერნიკს, დეკარტს, ნიუტონს, ფერმას, ლაიბნიცს, პასკალს, გრიმალდის, ეილერსა და სხვებს, როგორც გასული საუკუნეების ყველა დიდ ასტრონომს, ფიზიკოსსა და მათემატიკოსს… ყველაფერ ამაში (სარწმუნოებრივ მოძღვრებაში) ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც თავგზას ამიბნევდა (როგორც მეცნიერს). პირიქით, ნაბოძები რომ არ მქონდეს ეს წმინდა სარწმუნოება, რომ არ მცოდნოდა, რა მელის მომავალში ან რაზე უნდა ვამყარებდე იმედს, ჩემი მერყევი და მშფოთვარე სული ხან ერთ საგანს მიაწყდებოდა (მიეხეთქებოდა), ხან მეორეს…”

ლუი პასტერი: “რაც უფრო ღრმად შევისწავლი ბუნებას, მით მეტად მაოცებს შემოქმედის საქმეები და მოწიწება მიპყრობს. ლაბორატორიაში მუშაობისას ყოველთვის ვლოცულობ”.

უილიამ რამზაი: “ჩემი აზრით, მეცნიერულ ფაქტებსა და ქრისტიანობის არსებით სწავლებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს”.

რენე დეკარტი: “ყოველთვის ვთვლიდი, რომ ღმერთისა და სულის არსებობის საკითხები უმთავრესია იმ საკითხებთან ერთად, რომელთა გადაწყვეტაც უფრო ფილოსოფიის საქმეა, ვიდრე თეოლოგიის; რადგან ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, საკმარისია, გვწამდეს ღმერთი და ის, რომ სული არ კვდება სხეულთან ერთად. მაგრამ ურწმუნოებს, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ ვაიძულებთ, აღიარონ რომელიმე რელიგია ან თუნდაც სათნოება (ზნეობრიობა) სხვაგვარად, თუ არა გონებით”.

ბლეზ პასკალი: “ადამიანები სამგვარად შეგვიძლია დავყოთ: პირველთ იპოვეს ღმერთი და მისი მსახურნი გახდნენ. ესენი გონიერი და ბედნიერი ადამიანები არიან. მეორეთ ღმერთი არ უპოვიათ და არც ეძებენ. ესენი უგუნურები და უბედურები არიან. მესამეთ ღმერთი არ უპოვნიათ, მაგრამ ეძებენ. ასეთი ადამიანები გონიერნი, მაგრამ ჯერ კიდევ უბედურნი არიან”.

გალილეო გალილეი: “ბუნებრივ მოვლენებში (მოქმედებებში) ჩვენ ვხედავთ უფალ ღმერთს და იგი ამ დროს ისეთივე აღმაფრთოვანებელია, როგორიც ღვთიურ წერილში”.

ივანე პავლოვი: “მე შევისწავლი ნერვული სისტემის მოქმედებებს და ვიცი, რომ ყველა ადამიანური გრძნობა _ სიხარული, მწუხარება, ნაღველი, მრისხანება, სიძულვილი, ადამიანის აზრები, თვით აზროვნებისა და განსჯის უნარი (თითოეული მათგანი) დაკავშირებულია ადამიანის ტვინისა და მისი ნერვების გარკვეულ უჯრედებთან. ხოლო როცა სხეული კვდება, ყველა ეს გრძნობა და აზრი თითქოს წყდება უკვე მკვდარი ტვინის უჯრედებს და, საერთო კანონის თანახმად, რომლის მიხედვითაც არც ენერგია, არც მატერია უკვალოდ არ ქრება, შეადგენს იმ სულს, უკვდავ სულს, რომლის არსებობასაც ქრისტიანობა ქადაგებს”.

ალექსანდრე პუშკინი: “არსებობს წიგნი, რომლის ყოველი სიტყვა გამარჯვებულია, ახსნილია, ნაქადაგებია მთელ მსოფლიოში; შედარებულია, შეჯერებულია ცხოვრების ყოველგვარ შესაძლებელ შემთხვევასთან და მსოფლიო მოვლენებთან; რომლის ნებისმიერი ფრაზა იციან ყველგან.

ეს წიგნი სახარებაა… მისი მარადიული ხიბლი იმდენად დიდია, რომ თუ ყოველდღიურობით გადაღლილნი, მოწყინებით შეპყრობილნი შემთხვევით გადავშლით, თავს ვერ დავაღწევთ მის ტკბილ გავლენას”.

თეოდორ დოსტოევსკი: “მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც”.

ლუი პასტერი: “ერთ მშვენიერ დღეს მომავალ თაობას გაეცინება თანამედროვე მეცნიერ-მატერიალისტთა სისულელეზე. რაც უფრო ღრმად ვეცნობი ბუნებას, მით უფრო ვიხიბლები შემოქმედის სწორუპოვარი საქმეებით. ლაბორატორიაში მუშაობისას ღმერთს ვევედრებით, კეთილად წარმართოს ჩვენი მოღვაწეობა”.

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე: “ვისაც მომავალი სიცოცხლის არ სწამს, ამ ცხოვრებაშიც მკვდარია”.

დენი დიდრო: “პეპელას თვალები და ფრთებიც კი საკმარისია, რათა უღმერთო გაანადგურო”.

მაქს პლანკი: “რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს”.

“ორივენი _ რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება _ თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) _ მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის _ მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს”.

ილიასათვის კი რელიგიასა და მეცნიერებას შორის შემაერთებელი ხიდის გადება უკავშირდება სიბრძნეს, მეცნიერების დაუფლებას და ასევე მორალური ქმედების გაძლიერებას საკუთარ თავში, რომლის მაგალითადაც მას სწორედ გაბრიელ ეპისკოპოსი ესახებოდა, რომელიც “სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა, თუ ასე ითქმის და მთელი სიბრძნეც სწორედ ამაშია გამოსახული”. ამით ილია ჭავჭავაძე არა მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს, არამედ XXI საუკუნის დასაწყისში მედგარ აქტუალურ პრობლემასაც ეხმიანება: ეს არის საკუთარი თავის მართვა და ისეთი ქმედებები, რომლებითაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს “მე ვინმეს რამე ვარგე”.

“ქართველმა სარწმუნოებაში ჩასახა თავისი სული და გული და ქრისტეს ჯვარი სისხლისღვრით შეუმწიკვლოდ და წმინდად მოიტანა მეცხრამეტე საუკუნემდე”, _ აღნიშნავდა ილია; მაგრამ ის, თუ რისი ბრალია რწმენის შესუსტება და ქვეყნის დაცემა, მხოლოდ მიწიერი საზომებით და თუნდაც ისტორიული მოვლენებით არ აიხსნება. ესაა ღვთის განგება და განჩინება ჩვენზედ მოწეული წინაპართა ღვაწლის დავიწყების, რწენაზე გულაცრუებისა და მისგან დაშორებისთვის. იოანე ოქროპირი ისაიას წინასწარმეტყველების განმარტებაში წერს: “მოაზროვნედ (გამგებად) ითვლება ის ადამიანი, ვინც მომავალს ჭვრეტს თავისი მაღალი გონიერებით და გამოცდილებით. თუმცა ერთია – მოაზროვნეობა, მეორე კი წინასწარმეტყველება: ეს უკანასკნელი სული წმინდის მადლით ლაპარაკობს და თავის მხრიდან არაფერს ამატებს, პირველი კი საფუძვლად უკვე მომხდარ მოვლენას იღებს და საკუთარი გონიერებით შეუძლია მომავალი განჭვრიტოს, როგორც ამას ჭეშმარიტად გონიერი ადამიანი აკეთებს. ამ ორ მოვლენას შორის დიდი განსხვავებაა, ისევე როგორც განსხვავებულია ადამიანური გონება და ღვთიური მადლი”. დღეს, როგორც ჩანს, გონიერი ადამიანების სინაკლულეა… ადამიანისა, რომელიც რეალურად შეაფასებს მომხდარს და განჭვრეტს მომავალს, ანუ დაშვებული შეცდომების გაანალიზებით უკეთესი მერმისის წინაპირობას შექმნის ნიკოლოზ ბარათაშვილისეული რწმენით, რომ “ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის, ეს განწირულის სულის კვეთება”, რათა მის შემდგომ თაობებს სიძნელე გზისა გაუადვილდეთ.

უფალი დიდია და მოწყალე, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი.

ამიტომ უფლის მგმობელთა ხელში ნუ ჩავაგდებთ დედასამშობლოს, “ბილწთ ნუ შევეკვრით ზავითა”, თორემ ღვთის რისხვა ნამდვილად არ აგვცდება. გვახსოვდეს: საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებასა და ერთობას ქრისტიანული ზნეობა ედო მუდამ საფუძვლად!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here