
უკრაინაში გარდაიცვალა ქართველი კაცი ვანო ნადირაძე, რომელიც, როგორც ამბობენ, უკრაინელთა მხარეს იბრძოდა. „უკრაინაში დაღუპული სხვა არაერთი მებრძოლის ჩამოსვენების შემთხვევისგან განსხვავებით, ვანო ნადირაძის ცხედარს თბილისის აეროპორტში საპატიო ყარაული არ დახვედრია”, – ასე წერს მრავალი საინფორმაციო საშუალება, ასე მსჯელობენ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები და დასავლეთის აგენტურის კუთვნილი ტელეარხები. ნოდარ მელაძემ კი შეუფერებლად გრძელი სიუჟეტი მიუძღვნა ამ მოვლენას, თუმცა საქმე მხოლოდ ქრონომეტრაჟში არ არის, მთელი სიუჟეტი გარდაცვლილის დედის ემოციაზე და ხელისუფლების კრიტიკაზე იყო აგებული.
შვილმკვდარი დედის უბედურება ვის არ შეძრავს ან ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებაზე გული ვის არ დასწყდება, მაგრამ ერთია ემოცია, მეორეა ემოციით სპეკულაცია და მესამე – ობიექტური რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით. სამხედრო პატივით დაკრძალვას აქვს დადგენილი წესი, რომლის დარღვევის უფლება არავის აქვს. სამხედრო პატივით დაკრძალვა ეკუთვნით იმ პირებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ მათთვის დაკისრებული სამხედრო დავალების შესრულების დროს იღუპებიან. ნადირაძისთვის არავის დაუვალებია, უკრაინაში იბრძოლეო. იგი მოხალისე იყო და გადაწყვეტილებასაც თვითონ იღებდა, სად, ვისი დავალებით და რა საკონტრაქტო პირობებით იომებდა ვინმეს მხარეს ან ვინმეს წინააღმდეგ, ამიტომ მოთხოვნა იმისა, რომ ვანო ნადირაძე სამხედრო პატივით დაკრძალულიყო, არამხოლოდ არასწორია, არამედ აბსურდულიცაა და, რაც მთავარია, იმ ულამაზესი რიტუალის გაუფასურების მცდელობაცაა, რომლის ფუნქციაც გმირულად დაღუპულთა პატივისცემის გარდა ქვეყანაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაა.

საიდან იღებს სათავეს ეს უსაფუძვლო თხოვნა, მოთხოვნა თუ პრეტენზია?
2023-24 წლებში თითქმის ყველას, ვინც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და იღუპებოდა, საქართველოში ჩამოსვენების შემდეგ სამხედრო პატივით კრძალავდნენ. ახლა კი ერთბაშად რაღაც შეიცვალა. ნათქვამია: „მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ, მიჩვეულს ნუ დაუშლიო”. მიჩვეულებმა კვლავ მოითხოვეს ძველი „წესის” გაგრძელება და შესრულება, მაგრამ ამჯერად უარი მიიღეს. საქმე ის არის, რომ ევროპისა და აშშ-ის მიერ მრავალჯერ შეურაცხყოფილ ჩვენს ხელისუფლებას აღარც დასავლეთის სჯერა, აღარც უკრაინისა და აღარც უკრაინაში მებრძოლი ქართველების პატრიოტობის. ისინი საკითხს ასე აყენებენ: ვიღაც, სადღაც სხვა სახელმწიფოში საქართველოს ხელისუფლებისა და სამხედრო უწყების გვერდის ავლით თუ იბრძვის, საქართველომ სამხედრო პატივით რატომ უნდა დაკრძალოს?! – ეს ლოგიკური შეკითხვაა, რომელიც პასუხს საკუთარ თავშივე შეიცავს. სახელმწიფო ემოციებით ვერ იხელმძღვანელებს. ერთადერთი, რითაც სახელმწიფომ უნდა იხელმძღვანელოს, კანონები და მათგან გამომდინარე წესებია, რომლებიც განუხრელად უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქაოსი და განუკითხაობა იწყება, მაგრამ აქ ერთი შეკითხვა ჩნდება: სახელმწიფო წინა პერიოდში რატომ არღვევდა კანონს და სამხედრო პატივს რატომ მიაგებდა უკრაინაში დაღუპულ იმ ქართველ მეომრებს, რომლებიც იქ საქართველოს მიერ ოფიციალურად არ იყვნენ წარგზავნილნი და, აქედან გამომდინარე, ამ წესით გაცილება არ ეკუთვნოდათ? საქმე ის არის, რომ დასავლეთისა და მათი აქაური აგენტურის მიერ ხელისუფლებაზე წნეხი ხორციელდებოდა. ეს ერთადერთ მიზანს ისახავდა – უკრაინის კრიზისი საქართველოზეც გავრცელებულიყო, ანუ საქართველოში დაწყებულიყო და განვითარებულიყო უკრაინიზაციის პროცესი. უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების სამხედრო პატივით დაკრძალვის რიტუალები, რომლებსაც ხელისუფლებას იძულებით აკეთებინებდნენ, არა მხოლოდ პროპაგანდისტულ ეფექტზე იყო გათვლილი, არამედ მას უკრაინისთვის სამხედრო სოლიდარობისა და რუსეთისთვის ომის გამოცხადების მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ნათქვამია, ცოდვა გამხელილი სჯობსო. რაკი ამ თემას მივადექით, ისიც უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნება” უკრაინის საკითხში მთლად უცოდველიც არ არის. ამას მოწმობდა უკრაინის მხარდამჭერი საპარლამენტო და სამთავრობო განცხადებები და უკრაინული დროშების ფრიალი სახელმწიფო დაწესებულებების სახურავებსა და აივნებზე, თუმცა დღეს მათ შეუძლიათ თქვან, რომ ეს წნეხის შედეგი იყო და არა გულწრფელი სურვილი. ახლა საბოლოოდ გავთავისუფლდებით ზეწოლისა და გავლენებისგან. ამის დასტური არის ის ფაქტი, რომ, თუ ადრე მიუღებელი გამონაკლისების დაშვება გვიწევდა ამა თუ იმ დაღუპულის სამხედრო პატივით დაკრძალვის გამო, დღეს ამგვარ უხერხულ მდგომარეობაში არც თავს ვიყენებთ და არც სახელმწიფოს ვაყენებთო, – გვეტყვიან ისინი. მოკლედ, სახელმწიფო სახელმწიფოს უნდა დავამსგავსოთ, ამიტომ განგაში იმის გამო, რომ რომელიღაც მოხალისე „ბოევიკი“ სამხედრო პატივით არ დაკრძალეს, სრულიად უადგილო და უსაფუძვლოა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ეს „ბოევიკები“ (ვანო ნადირაძე და მისი მეგობრები)კორექტული საქციელით არ გამოირჩეოდნენ არც ხელისუფლებისა და არც ქართველი ხალხის მიმართ. ინტერნეტში იძებნება ამისი დამადასტურებელი მასალები (როგორც ვიდეო, ასევე ბეჭდური). აი ერთი კონკრეტული მაგალითი: „საქართველოში შემოვალ ტანკებით, აფხაზეთის მხრიდან შემოვალ, გადაგივლით“, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ნოდარ ყარალაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს. ყარალაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერია. გარდა ამისა, იგი სხვა შეურაცხმყოფელი განცხადებებით მიმართავს მოსახლეობას. ასევე იქცეოდა ვანო ნადირაძეც, ამიტომ მოთხოვნა იმისა, რომ სხვის ომში დაქირავებული მებრძოლი აქ სამხედრო პატივით დაიკრძალოს, გაუგებარია; გაუგებარია ზნეობრივი თვალსაზრისით, თორემ პოლიტიკური და აგენტურული საქმიანობის თვალსაზრისით სრულიად გასაგებია. ეს არის ვითარების არევის, დესტაბილიზაციის შექმნისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობის ერთი პროპაგანდისტული ეპიზოდი, რაც არ უნდა იკადრონ, მაგრამ კადრულობენ. მეორე მხრივ, რას ნიშნავს, რომ არ უნდა კადრულობდნენ? ადამიანები საკუთარი ქვეყნის საზიანოდ აგენტურულ საქმიანობას კადრულობენ და ამ საქმიანობისთვის პროპაგანდის გაწევას არ იკადრებენ?!
დასავლეთის „მეხუთე კოლონის” წევრებმა პარლამენტის შენობასთან შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილეებთან პირველსავე დღეს გამოცხადდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, რომელიც დაინტერესდა, რატომ მიმართეს ოპოზიციონერებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას. მოშიმშილე გედევან ფოფხაძე აცხადებს: „ელჩმა, პირველ რიგში, გამოგვიცხადა სოლიდარობა. მისი მადლობლები ვართ. დიპლომატიური კორპუსი რომ ასეთ მხარდაჭერას გვიცხადებს, ეს ჩვენთვის თავისთავად ბევრს ნიშნავს იმიტომ, რომ ევროპისთვის ბრძოლის გამოა ის, რაც საქართველოში ხდება. იყო კითხვები თვითონ აქციის თაობაზე, ასევე შიმშილობაზე და ჩვენ ავუხსენით, რომ პროტესტის ეს ფორმა განპირობებულია იმ რეალობით, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა”. ეს რა არის? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მათ კონკრეტული არც მოთხოვნა აქვთ და არც სათქმელი? მათ აქვთ მხოლოდ მიზანი – დესტაბილიზაციის გზით სახელმწიფო გადატრიალება. სხვა არანაირი მოთხოვნა მათ არ აქვთ. მოშიმშილე ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მათ არავითარი მოთხოვნები არ აქვთ: “რაც შეეხება ჩემს მოთხოვნებს, თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი, პირველ რიგში, მე არანაირი მოთხოვნა „ქართულ ოცნებასთან” არ მაქვს”. სადმე ოდესმე ვინმეს სმენია, რომ პოლიტიკოსი შიმშილს აცხადებდეს და მას მოთხოვნები არ ჰქონდეს? ეს ხომ სრული აბსურდია! ამიტომაც ვამბობ, რომ მათ, მოთხოვნები კი არა, მიზნები ამოძრავებთ – უბინძურესი მიზნები. სადმე ოდესმე ვინმეს სმენია, რომ უცხო ქვეყნის ელჩები მოშიმშილე პოლიტიკოსებთან დარბოდნენ და მათ აქეზებდნენ? თანაც ამას, შიმშილობის მეოცე ამ ოცდამეათე დღეს კი არა, პირველსავე დღეს აკეთებდნენ? შეიძლება სადმე ოდესმე ასეთი პრეცედენტი მომხდარა კიდეც, მაგრამ მე ვერ ვიხსენებ.
ეს ყველაფერი, ერთად აღებული, ხომ იმაზე მეტყველებს (ღაღადებს), რომ დასალეთის ბნელ ძალას, დიფ სთეითად წოდებულს, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების იდეაზე ხელი ჯერ კიდევ არ აუღია. სხვა ბევრი არგუმენტი არსებობს იმისა, რომ დიფ სთეითი გვებრძვის. ერთიც უნდა ითქვას: ის, რაც მათთვის (დასავლეთისთვის) დიფ სთეითია, ჩვენთვის (საქართველოსთვის) დასავლეთია. როგორც დასავლეთმა გვასწავლა, არავითარი ორი რუსეთი არ არსებობსო, არავითარი ორი დასავლეთი არ არსებობს, არსებობს ერთი, კრიზისში მყოფი, ზნეობისგან დაცლილი და დამპალი დასავლეთი, რომლის კლანჭებისგანაც საქართველო დასახსნელია.
ვალერი კვარაცხელია